USD 2.7067
EUR 3.1230
RUB 3.3103
თბილისი
„ტყვიები დაფრინავდა ქუჩაში“ - ვის სდებენ ბრალს ვაკეში მომხდარ მკვლელობაში, რა ვერსიები აქვს გამოძიებას? - "რადიო თავისუფლება"
თარიღი:  709

58 წლის ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს პატიმრობა შეეფარდა. ის დუმილის უფლებას იყენებს. პროკურორი არ პასუხობს კითხვას, რა მიაჩნია გამოძიებას მკვლელობის მოტივად. საქმეში ბევრი საინტერესო გარემოებაა.

„მაქვს უმაღლესი განათლება... დავიბადე კახეთის რაიონში, ყვარელში... დაკავების დროს ვცხოვრობდი თბილისში“, - 50 წლის გელა უძილაურმა მოკლედ წარუდგინა თავი მოსამართლეს. დარბაზში ის რვა პოლიციელმა შემოიყვანა.

სხდომას მხოლოდ ჟურნალისტები ესწრებოდნენ. ცარიელი სკამები სასამართლოს დარბაზში ბრალდებულის თანმხლებმა პოლიციელებმა დაიკავეს.

გელა უძილაური სასამართლო სხდომათა დარბაზში, 2025 წლის 19 მარტი
გელა უძილაური სასამართლო სხდომათა დარბაზში, 2025 წლის 19 მარტი

ბრალდებულის ადვოკატმა მარიამ ტაბატაძემ სასამართლო საქმის კურსში ჩააყენა, რომ დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. ამიტომ, უცნობი დარჩა ეთანხმება თუ უარყოფს იგი წაყენებულ ბრალდებას.

გელა უძილაურს ორ დანაშაულში სდებენ ბრალს:

  • ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობა, „ისეთი საშუალებით ჩადენილი“, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას;
  • ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება.

 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ სწორედ გელა უძილაურმა მოკლა ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე და დაჭრა მისი მძღოლი გია ჩადუნელი, რომელიც ავტომობილიდან მას შემდეგ გადმოვიდა, რაც სროლის ხმა გაიგო.

რა მოხდა - საქმის მასალები

საქმის მასალების მიხედვით, მკვლელობა 14 მარტს 23:30 წუთზე ჭავჭავაძის გამზირის 7-9 ნომრების სიახლოვეს მოხდა.

„გელა უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან 14-ჯერ გაისროლა ლევან ჯანგველაძისა და მისი პირადი მძღოლის გია ჩადუნელის მიმართულებით. სროლების დროს ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხე შეექმნათ იქ მყოფ სხვა მოქალაქეებს. გია ჩადუნელი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მისი სიცოცხლე გადაარჩინეს“, - თქვა საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა სასამართლო პროცესზე.

პროკურორი გია შაიშმელაშვილი კოლეგებთან ერთად სასამართლოს სხდომათა დარბაზში
პროკურორი გია შაიშმელაშვილი კოლეგებთან ერთად სასამართლოს სხდომათა დარბაზში

მეორე დღეს „ტელეკომპანია ფორმულამ“ გაავრცელა სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები ჭავჭავაძის გამზირიდან, სადაც ჩანს, რომ სათვალეში, შავ ქუდსა და ლურჯ ქურთუკში ჩაცმული კაცი ბოლთას სცემს.

როდესაც შენობიდან ორი კაცი გამოდის, ის მათ აედევნება და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ მოულოდნელად ერთ-ერთ მათგანს თავს ესხმის.

 

მომხდარს ჰყავს თვითმხილველები, მათგან სამი სათვალთვალო კამერებში ჩანს, არცერთი მათგანი არ დაზარალებულა, თუმცა მკვლელობისას ნასროლი ბრმა ტყვია მოხვდა პიცერია „დომინოს“ შენობას.

„სროლის დროს პიცერიის შენობაში სამი ადამიანი იყო, გარეთ სკამებზე კი ოთხი იჯდა. ასევე მიმდებარედ მიტანის სერვისის თანამშრომლებიც იდგნენ, გადავრჩით“, - უთხრეს „დომინოს“ თანამშრომლებმა ჟურნალისტებს მომხდარიდან მეორე დღეს.

ვინ მოკლეს?

ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე სოხუმში გაიზარდა და დაიბადა. მას ახლობლები და მეგობრები სამძიმრის ტექსტებში „მეცენატს“ უწოდებენ. ოჯახის ახლობლების ცნობით, ის რუსეთში ცხოვრობდა, არის ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა. ლევან ჯანგველაძე თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული.

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე ჯანგველაძე იმ სახლიდან გამოვიდა, სადაც სამძიმარზე იყო მისული და თანმხლებთან ერთად იქვე გაჩერებული ავტომობილისკენ გაემართა.

მანქნაში მისი მძღოლი, სროლისას დაჭრილი გია ჩადუნელი იჯდა.

„ბრალდებულმა სისხლიანი კალო დაატრიალა ჭავჭავაძის ქუჩაზე“, - თქვა პროკურორმა და დაამატა: „14-ჯერ გაისროლა, ნაწილს დამიზნებით მოხვდა, დანარჩენი ტყვიები დაფრინავდა ქუჩაში“.

კადრებში ჩანს ისიც, თუ როგორ გადარბის მკვლელი ჭავჭავაძეზე სროლის შემდეგ.

მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ 17 მარტს, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავა ვაკეში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული გია უძილაური.

სასამართლოში ნათქვამ ვერსიაზე, რომ ბრალდებული ისანი-სამგორის ტერიტორიაზე დამპალოს დასახლებაში სასაფლაოზე იმალებოდა, პროკურორი გამოძიების ამ ეტაპზე კონკრეტულ პასუხს არ სცემს.

ლევან ჯანგველაძე, მოკლული ბიზნესმენი
ლევან ჯანგველაძე, მოკლული ბიზნესმენი

დაისვა კითხვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზეც, რომ თითქოს თავდამსხმელი სახეს სილიკონის ნიღბით იფარავდა.

„ნიღაბთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია“, - თქვა პროკურორმა.

რა მოტივი ამოძრავებდა მკვლელს?

გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. მომხდარი ან პირადი ანგარიშსწორებით შეიძლება აიხსნას ან შეკვეთილი მკვლელობით. მეორე ვერსიას ზურგს მოკლულის ძმის ქურდულ სამყაროსთან კავშირები უმაგრებს. პირველს - მოკლულის საქართველოში არსებული ბიზნესები.

კითხვებს ნათელი გამოძიებამ უნდა მოჰფინოს, რისთვისაც პროკურატურას ორი თვე აქვს.

კითხვაზე,იყო თ არა ეს „შეკვეთილი მკვლელობა“ და არის თუ არა ბრალდებული დაქირავებული მკვლელი, პროკურორი ამბობს, რომ მათ ეს ჯერ დანამდვილებით არ იციან:

„რა ვითარებაში, ვისთან ერთად [დაგეგმა მკვლელობა], არსებობდა თუ არა დამხმარე, ან თანამზრახველი - [ამის დასადგენად] მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ გვაქვს. როდესაც გვექნება წარმოვადგენთ. ბრალდებულს ჩვენება არ მიუცია, დღემდე იყენებს დუმილის უფლებას“.

მხარეები არც იმას პასუხობენ, იცნობდნენ თუ არა ბრალდებული და მოკლული ერთმანეთს.

„ვერ ვიტყვი, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან საუბარი კონფიდენციალურია“- თქვა ბრალდებულის ადვოკატმა მარიამ ტაბატაძემ.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ თქვა, რომ დაკავებული უძილაური წარსულში ძალადობრივი დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. მას პირობითი მსჯავრი ჰქონდა.

გამოძიებას ამ დრომდე არ უპოვია მკვლელობის იარაღი და ვადაუდობს რომ ის მკვლელმა გადამალა. ამის თქმის საფუძველს პროკურორ გია შაიშმელაშვილს აძლევს ფაქტი, რომ უძილაური ფლობდა ორ ცეცხლსასროლ იარაღს, აქედან ერთი გამოძიებამ ბრალდებულის სახლში ჩხრეკის დროს დალუქა, მეორე იარაღს გამომძიებლებმა ვერ მიაგნეს.

უძილაურის ადვოკატი, მარიამ ტაბატაძე მკაფიოდ არ პასუხობს შეკითხვას, სად არის მისი დაცვის ქვეშ მყოფის სახელზე რეგისტრირებული კიდევ ერთი იარაღი, რომელსაც გამოძიებამ ამ დრომდე ვერ მიაგნო.

„გამოძიების ვალდებულებაა, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივად, ობიექტურად. რაც პროკურორმა თქვა, პროკურორმა უნდა დაასაბუთოს.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს... 17-ში დააკავეს, ამ დრომდე ის მოქმედებები, რაც ბრალდების მხარემ შესთავაზა, ყველაში ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა", - განაცხადა ტაბატაძემ.

ჭავჭავაძის გამზირზე, ლევან ჯანგველაძის მკვლელობასა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა თქვა, რომ მიუხედავად დუმილის უფლების გამოყენებისა, გამოძიება სიმართლის დასადგენად „ძალისხმევას არ დაიშურებს“.

არ არის გამორიცხული გაიზარდოს მკვლელობაში ბრალდებულთა წრე, საქმეში ბევრ სხვა საკითხთან ერთად ღიაა კიდევ ერთი კითხვა - ვის სწერდა მესიჯებს ტელეფონიდან თავდამსხმელი მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, რაც სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს.

"რადიო თავისუფლება"

ანალიტიკა
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.