USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
ტყუილია, რომ დღეს ტყუილების დღეა
Date:  1716

დღეს 1 აპრილია და პირველი აპრილი ის დღეა, როცა საზოგადოების უმრავლესობა მაქსიმალურად ბევრი, ძირითადად, უწყინარი ტყუილის თქმას ცდილობს. ეს არის დღე, როცა თითქმის მთელი მსოფლიოს მოსახლეობა ერთი და იგივე საქმითაა დაკავებული – ისინი იტყუებიან. ზოგს ეს მოსწონს, ზოგს არა, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთისთვის 1 აპრილი აბსოლუტურად ჩვეულებრივი დღეა, იგი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოშიც, მაინც რჩება უწყინარი ტყუილების დღედ. დღედ, როცა ადამიანმა ეჭვის თვალით უნდა შეხედოს ყველა სენსაციურ ცნობას, მიუხედავად იმისა, რამდენად კომპეტენტური და ავტორიტეტული წყარო ავრცელებს მას...

 თუმცა ბევრი ადამიანი ასე არ ფიქრობს და არც ეკლესიის პოზიციაა ამ მხრივ საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებასთან თანხვედრაში.

 სასულიერო მამებს მიაჩნიათ, რომ პირველი აპრილის უწყინარი ტყუილების დღედ გამოცხადება, სულაც არ არის "უწყინარი ჩვეულება"

 პირველი აპრილის სიცრუის დღედ დადგინებაქრისტეს აღდგომის უარყოფის ნიშანია!

ტყუილი ბოროტმა სულმა – ეშმაკმა დაჰბადა ამქვეყნად, როცა პირველი ადამიანები აცთუნა, მოტყუებით დაარღვევინა საღმრთო მცნება და ამით ცოდვასა და სიკვდილს დაუქვემდებარა. მას შემდეგ სატანა უმთავრესად სულ ტყუილით მოქმედებს – აცთუნებს ადამიანს, ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილ გონიერ არსებას და ამ გზით სურს მისი დაღუპვა.

ჩვენს სინამდვილეში არსებობს, თითქოსდა ყველასთვის უწყინარი, სახუმარო და ლამის აუცილებელი ტყუილი, რომელიც ბავშვობიდანვე ჩაგვინერგეს. ეს არის საპირველაპრილო ტყუილი: დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია!

ამ უცნაურ ტყუილებს ჩვენშიც ბევრი ამბობს და, ამასთან, წარმოდგენაც არა აქვს, თუ საიდან იღებს დასაბამს იგი და რა მკრეხელობის თანამონაწილე ხდება ყველა, ვინც ასე იქცევა!

დიახ, ეს „უწყინარი“ ჩვეულება – საპირველაპრილო ტყუილი ღმერთის უარყოფიდან და გმობიდან იღებს სათავეს!

როგორც მოგეხსენებათ, გაზაფხული და, განსაკუთრებით აპრილის თვე, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის დროა. საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანთა ეს უნათლესი დღესასწაულთა დღესასწაული, რომელიც გარდამავალია, ანუ მოძრავია, უმეტესწილად სწორედ აპრილის თვეზე მოდიოდა. არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე სწორედ პირველ აპრილს აღდგა მკვდრეთით. ისიც ყველამ კარგად ვიცით, თუ რა საზიზღარი ტყუილი მოიგონეს მაშინ უფლის ჯვარმცმელმა და უარმყოფელმა ფარისევლებმა – იესო ნაზარეველის სხეული ღამით ფარულად მოიპარეს მისმა მოწაფეებმა და ახლა გაიძახიან მკვდრეთით აღდგაო! – აი, სწორედ ამ ყოვლადმკრეხელურმა სიცრუემ დაუდო დასაბამი საპირველაპრილო ტყუილებს, რადგან ვინც ეს ჩვეულება მოიგონა და დაამკვიდრა, მისთვის ქრისტეს აღდგომაც ტყუილია, ღმერთის ამქვეყნად ხორციელი შობაც და მისი ყოვლადმხსნელი საზოგადო მსახურებაც! ამიტომ ქრისტეს მოწინააღმდეგენი აღდგომის წმიდა თვესაც – აპრილსაც, მისი პირველივე დღის საგანგებო გამასხარავებითა და აბუჩად აგდებით შეურაცხყოფენ და დააკნინებენ ტყუილის – ღმერთისთვის ამ უსაძაგლესი მოვლენის გავრცელებით! წყარო: orthodoxy.ge

თუმცა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ მოტყუების ტრადიცია ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული. ეს არის დღე, როცა ტყუილების გარემოცვაში ადამიანი თავს მოტყუებულად არ გრძნობს.  „სულელების დღის“ წარმოშობის დრო და ადგილი უცნობია. ზოგადად კი „კეთილი ტყუილების“ დღე ბევრ ისტორიულ წყაროშია მოხსენიებული.

ვარაუდობენ, რომ თანამედროვე პირველ აპრილს საფუძვლად ძველი ტრადიციული ფესტივალები დაედო, რომელიც ძველებურ ახალ წელს, გაზაფხულის ბუნიაობისას იმართებოდა. დიდ ბრიტანეთში, უძველესი დროიდან პირველი აპრილი დღესასწაულად ითვლებოდა და მე–18 საუკუნემდე ამ დღეს ოინების მოწყობის ტრადიცია არ არსებობდა.

ევროპაში პირველი აპრილის ტრადიცია საფრანგეთიდან გავრცელდა, ამ ცნობას კი 1508 და 1539 წლების სხვადასხვა ფრანგული და დანიური წყაროები ადასტურებენ.
საფრანგეთმა ახალი წლის პირველ იანვარს აღნიშვნა დააკანონა. ჩარლზ მეცხრემ ეს ბრძანება 1564 წელს, გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლამდე რამდენიმე წლით ადრე გასცა. აქედან გამომდინარე, ახალი წლის აღნიშვნა პირველი იანვრის წესად გადაიქცა, რაც მანამდე პირველი აპრილის „მოვალეობა“ იყო. აღნიშნული ცვლილება მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გააპროტესტა და ამის გამო, პირველ აპრილს ერთმანეთს „ყალბ“ საჩუქრებს უგზავნიდნენ.

მეოცე საუკუნის ტექნოლოგიურმა მიღწევებმა კი ამ ტრადიციას უფრო ფართო მასშტაბის სახე მისცა. ტელევიზიისა და ინტერნეტის საშუალებით, შესაძლებელი გახდა მთელი მსოფლიოს მოსახლეობის „გაბითურება“ ერთი „უწყინარი“ ხუმრობით. ასეთ „მედია ტყუილებს“ კი საფუძველი BBC– მ ჩაუყარა.

1957 წელს ავტორიტეტულმა სატელევიზიო შოუმ “Panorama” გამოაცხადა, რომ თბილი ზამთრის წყალობით, შვეიცარიის ფერმერები სპაგეტის ორჯერ გაზრდილ მოსავალს იღებდნენ. ტექსტს ფოტო მასალაც ახლდა და სწორედ ამან განაპირობა ინფორმაციის სისწორეში საზოგადოების დარწმუნება. BBC – ის ოფისში ზარები არ წყდებოდა – ხალხს სპაგეტის საკუთარი ხე მოუნდა. ოფისიდან კი სრულიად დამაჯერებლად პასუხობდნენ: „ერთი ღერი სპაგეტი პომიდვრის საწებელში მოათავსეთ და უკეთეს მოსავალს აიღებთ“.

1976 წელს BBC– ის Radio-2 – ის პირდაპირ ეთერში მიწვეული იყო ასტრონომი პატრიკ მური. მან ბრიტანეთის მოსახლეობას პირდაპირ ეთერში აცნობა, რომ ზუსტად 21:47 წუთზე მოხდებოდა უნიკალური ასტრონომიული მოვლენა, რომლის განცდა სახლიდან გაუსვლელად იყო შესაძლებელი. მითითებული დროისათვის პლანეტა პლუტონი იუპიტერის უკან ჩაივლიდა, რაც დროებით გრავიტაციულ სწორებას გამოიწვევდა და დედამიწის მიზიდულობის ძალაზეც მოახდენდა გავლენას.  ასტროლოგმა მსმენელებს უთხრა, რომ თუ ზუსტად ამ დროს  ახტებოდნენ, რამდენიმე მილიწამით ჰაერში გაჩერდებოდნენ. 21:47 საათის შემდეგ ოფისში ხალხმა იწყო რეკვა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მართლაც მოახერხეს ჰაერში გაჩერება.

2002 წელს ბრიტანულმა სუპერმარკეტმა გამოაქვეყნა რეკლამა ჟურნალში “The sun”. რეკლამა „გენმოდიფიცირებული სასტვენიანი“ სტაფილოების გაყიდვაში შესვლის ამბავს გვამცნობებდა. რეკლამის მიხედვით, ახალი ჯიშის სტაფილოებს, ზრდის დროს ცალ მხარეს ხვრელი (სასტვენი) რჩებოდათ, სასტვენი კი სტაფილოს მოხარშვას  დიასახლისს სტვენით ამცნობდა. შედეგმაც არ დააყოვნა და სუპერმარკეტიდან უამრავი იმედგაცრუებული მომხმარებელი შინ ჩვეულებრივი სტაფილოებით დაბრუნდა.

2005 წელს კომპანია „GOOGLE”–მა მსოფლიოს საკუთარი გამაგრილებელი სასმელის –   Google Gulp–ის გამოშვება ამცნო. საზოგადოების ყურადღება კი იმან მიიპყრო, რომ ახალი სასმელი მის მომხმარებელს ინტელექტის კოეფიციენტის ამაღლებას ჰპირდებოდა.

ხუმრობა კარგია, ის ხომ სიცილის გამომწვევია და თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, სიცილი ცხოვრებას გვიხანგრძლივებს. პირველი აპრილიც ამიტომაა დადებითად დამუხტული დღე, მაგრამ სწორედ იმ ფაქტორის გამო, რომ ეს დღე „ტყუილების დღედ“ ითვლება, ყოფილა შემთხვევები, როცა რეალობაც ხუმრობად ჩაუთვლია საზოგადოებას.

1946 წლის 1 აპრილს ჰავაის კუნძულებზე მომხდარმა მიწისძვრამ და ცუნამმა 165 ადამიანი იმსხვერპლა. ეს ტრაგედია კი იმიტომ დატრიალდა, რომ ხალხს რადიოტალღებით მოსმენილი გაფრთხილებები ტყუილი და საპირველაპრილო ხუმრობა ეგონა. ისინი არც ცნობადი სახეების გარდაცვალებას იჯერებენ ამ დღეს და ხშირად, მსოფლიო დონის სენსაციური ამბებიც უყურადღებოდ დაუტოვებიათ.

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მედიასაშუალებებში სახუმარო სიჟეტების გაშვება აკრძალულია. თუმცა აკრძალვა საქართველოს მედიასივრცეს არ ეხება და ჩვენი ქვეყნის გაზეთები, სხვა სახის ბეჭდური გამოცემები და ტელევიზიებიც არ არღვევენ პირველი აპრილის ტრადიციას.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას კარგად ახსოვს 2009 წლის 1 აპრილს გადაცემა „პატრულის“ მიერ გავრცელებული „ახალი მბები“. თურმე ყვავილებით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანა, მართვის მოწმობის აღება კი გარკვეული საფასურის გადახდით ყოფილა შესაძლებელი. ამავე გადაცემაში გავიდა ვიდეომასალა, როგორ „გარბოდნენ“ ცხოველები და ქვეწარმავლები თბილისის ზოოპარკიდან, პოლიციის თანამშრომლები კი ხალხს ვარაზისხევზე ფრთხილად ასვლას სთხოვდნენ, რადგან გაქცეული ავაზა არ ჰყავდათ დაჭერილი. ამ გადაცემის ნახვის შემდეგ ბევრს არ გახსენებია, რომ 1 აპრილი იყო და შეშინებული მოსახლეობა პატრულში ამ ამბების დასაზუსტებლად უფრო რეკავდა, ვიდრე კრიმინალური შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად.

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way