აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგესი გააფრთხილა, რომ „არასწორი ქმედებების“ შემთხვევაში მძიმე შედეგებს მიიღებს. ამის შესახებ ტრამპმა გამოცემა The Atlantic-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
„თუ ის სწორად არ მოიქცევა, ის ძალიან დიდ ფასს გადაიხდის, შესაძლოა, უფრო დიდს, ვიდრე მადურო“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ვენესუელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესს დაეკისრა.
ამასთან, გუშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ვენესუელას უხელმძღვანელებს მანამდე, ვიდრე არ შეიქმნება პირობები, რომლებიც ხელისუფლების „უსაფრთხო, სწორი და სამართლიანი გზით“ გადაცემას უზრუნველყოფს.
ვენესუელის უზენაესი სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, ნიკოლას მადუროსთვის "საკუთარი ფუნქციის შესრულება დროებით შეუძლებელია". ქვეყნის კონსტიტუცია კი ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მისი მოვალეობა ვიცეპრეზიდენტმა უნდა შეასრულოს.
ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ვიცეპრეზიდენტ დელსი როდრიგესს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაავალა.