„თქვენ ჩვენ დაგიბრუნეთ ის, რაც გეკუთვნოდათ“, – უთხრა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტარმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2-ის“ წამყვანებს პირდაპირ ეთერში.
„რუსთავი 2“ ეკუთვნოდა ქართველ ხალხს, ეკუთვნოდა მის მესაკუთრეს. ამაში იუსტიციის სამინისტროს ტიტანური შრომა დევს და მე თქვენგან მაქვს მოლოდინი იმისა, რომ იდგებით სიმართლის სადარაჯოზე“, – უთხრა წულუკიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წამყვანებს, ირაკლი იმნაიშვილსა და თამარ ურუშაძეს.
წულუკიანმა ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც ჟურნალისტებმა ყოფილ მინისტრს განმარტება სთხოვეს „რუსთავი 2-ის“ ყოფილ დირექტორზე, „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიაზე გაკეთებული განცხადების გამო და უთხრეს, რომ თანამდებობის პირებს თმენის ვალდებულება აქვთ.
[წინა დღით წულუკიანმა ნიკა გვარამიას ნათქვამზე, რომ უთვალთვალებენ, განაცხადა: „მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული“?]
„კეთილი ინებეთ და ნუ აღშფოთდებით ხოლმე იმიტომ, რომ გვარამია აღშფოთდება“, – უთხრა წულუკიანმა ერთ-ერთ წამყვანს, თამარ ურუშაძეს.
პირდაპირ ეთერში „არხის დაბრუნების“ შესახებ წულუკიანის კომენტარის შემდეგ ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა წულუკიანს უთხრა, რომ არხი ახლანდელ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გდააწყვეტილებით დაუბრუნდა. ამის პასუხად კი წულუკიანმა თქვა:
„უი, რას ამბობთ. კარგით, არ გვინდა ახლა თავიდან ჩხუბი. ჩვენ კი არ დაგიბრუნეთ, ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ“.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ „რუსთავი 2-ის“ ხალვაშისთვის დაბრუნება არის „ქართულ მედიაში პირველი პრეცედენტი, როდესაც ევროპის სასამართლოს გადაყვეტილებით დაუბრუნდა მედიამფლობელს“, წულუკიანმა განაცხადა:
„კი ბატონო, შევთანხმდეთ, „ქართულ ოცნებას“ ამ დროს ეძინა. კი ბატონო, შევთანხმდით. „ქართულ ოცნებას“ და მის იუსტიციის სამინისტროს ამ დროს ეძინათ და კანონიერება თავისი აღდგა ამ საქმეზე. ეს თქვენი სიტყვებია და თქვენ გქონდეთ“.