USD 2.5957
EUR 2.8875
RUB 3.2230
თბილისი
ტოპ 5 ქართული რომანი
თარიღი:  6941

სათაური ისედაც ბევრს ამბობს, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ:

„ჯაყო“ ველურია, პრიმიტივი, უზნეო. სამაგიეროდ ჯანსაღია. თეიმურაზი უკვე დეკადანსია, მომაკვდავი. რა სჯობია, მდიდარი წარსული და საფლავში დგომა თუ უკულტურო ჯანმრთელობა?“

„მომეცით ჯაყო და, თუ ყოველივე ვიკადრე, მალე თეიმურაზად გადავაქცევ.“

(მიხეილ ჯავახიშვილი - ჩანაწერები უბის წიგნაკებიდან)

1. მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ თავდაპირველად ჟურნალ „მნათობში“, 1924-1925 წლებში ქვეყნდებოდა, წიგნად კი მწერლის სიცოცხლეში ორჯერ - 1925 და 1926 წლებში გამოიცა.

„ჯაყოს ხიზნები“ ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე სადავო რომანია. მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ავტორს ბევრი აკრიტიკებდა, რამაც, ერთი მხრივ, მკითხველის სიმრავლე, მეორე მხრივ კი, მათი ნაწილის წართმევა განაპირობა. მრავლად იყვნენ ისეთები, ავტორის ჩანაფიქრს რომ ვერ ხედავდნენ. უბის წიგნაკის ჩანაწერებში ჯავახიშვილი გულისტკივილით იხსენებდა, რომ ვერ დაინახეს მისი თანაგრძნობა თეიმურაზ ხევისთავის მიმართ და ზოგი იმასაც საყვედურობდა, საბჭოთა სინამდვილე ირიბად და ცუდადაა ასახულიო. ამ უკანასკნელ შენიშვნას არასდროს ეთანხმებოდა ავტორი, ესმოდა რა, რომ დათანხმება დიდი შეცდომა იქნებოდა; ამბობდა, საბჭოთა რეჟიმი და საბჭოთა სინამდვილე ამ რომანის ყველა წერტილში ჩანსო.

„ჯაყოს ხიზნები“ ეროვნული ნაწარმოებია, ვინაიდან აქაური პერსონაჟები მხოლოდ ცალკეული ტიპაჟები არ არიან. არადა, ამაზეც დიდი კამათი იყო - არის თუ არა თეიმურაზ ხევისთავი ტიპური?!

ბუნებრივია, თეიმურაზ ხევისთავი თითოეულ ქართველში არ ზის, მაგრამ გარკვეული გაგებით, ხევისთავობის ნიშნით მთლიანად საქართველოა აღბეჭდილი. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი იმის გაგებაა, რამდენად ახლოს მივიდა ჩვენი ავტორი საქართველოს იდეასთან, როდესაც ასეთი ტრაგიკული, ასეთი საცოდავი პიროვნება აჩვენა, რომლის მიმართაც ძალიან ძნელია, გქონდეს სიმპათია (მიუხედავად იმისა, რომ ჯავახიშვილი შეიძლება მას თანაუგრძნობდეს და ბოლოსკენ იგრძნობოდეს, რომ თეიმურაზ ხევისთავს აქვს და უნდა ჰქონდეს აღორძინების იმედი).

ინტელიგენტი აზნაური, რომელიც თავისი უუნარობით, უმოქმედობით კარგავს ყველაფერს - ეს საქართველოს სახეა, საქართველოსი, რომელმაც დამოუკიდებლობა დაკარგა. ეს ამავე დროს მწერლის სახეა, მწერლისა, რომელიც რაღაც ენერგიას კარგავს; ეს არის სახე განძის მფლობელისა, რომელმაც არ იცის ამ განძის შენახვა. მარგო ყაფლანიშვილი არ არის ქალი, რომელმაც, უბრალოდ, ქმარს უღალატა ან, რომელიც დაიბნა, რომელიც წავიდა, რომელმაც ძალა სხვაგან დაინახა. ეს ის ქალია, თეიმურაზი რომ ვერ გაუფრთხილდა, იმისდა მიუხედავად, თავად რას წარმოადგენს მარგო და შეეძლო თუ არა, უკეთესი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, შეეძლო... მარგოც ქართველი ქალის სახეა, რასაც ასევე სერიოზული კრიტიკა მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ მის დაკარგვაში თეიმურაზის ბრალი უფრო მეტია, ვიდრე თავად მარგოსი.

რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ნაწარმოები, სადაც ჯაყო ჯივაშვილი გამოჩნდა. მისი სახელი ძალიან ჰგავს ჯუღას, გვარი კი - ჯუღაშვილს - „ჯუღა - ქურიდან გამოშვებული დამდნარი ლითონი ან შლაკი. ჯუღელი კაცი - გულღრძო, უგულო. ჯუღაშვილი.“ (მიხეილ ჯავახიშვილი - ჩანაწერები უბის წიგნაკებიდან)

ჯაყო, თავისი ცხოველური, ვიტალური, არაბუნებრივი და ველური ინსტინქტებით, ბოლშევიკურ სტიქიას ან სტალინს შეიძლება მოგვაგონებდეს, მაგრამ ჯაყო ძალაა, თვითონ ცხოვრებაა, რომელიც არა მარტო თეიმურაზ ხევისთავს, არამედ საქართველოს დაეტაკა. ქვეყანა ინტელიგენტურად, განათლებით, წარსულის იმედით აპირებდა ფონს გასვლას, მაგრამ მოვიდა ძალა, რომელმაც ეს ყველაფერი გაანადგურა, დაეუფლა მარგოს, შეურაცხყო და თავის მონად აქცია თეიმურაზი. 

არავინ იცის, აღორძინდება თუ არა თეიმურაზი, მაგრამ ჯაყოს გამარჯვება - ესაა ცხოვრება და ყველაზე სამწუხაროც ეგ არის, რომ ეს ამბავი ყველაზე დამაჯერებელია.

თეიმურაზ ხევისთავის გამო ბევრს კამათობდნენ საქართველოში, პირველად იყო რომანი, შემდეგ თეატრალური, თუ სატელევიზიო წარმოდგენები. კამათი გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც ფილმი გადაიღეს, ფილმი, რომელმაც ერთგვაროვანი შეფასება ვერ დაიმსახურა. თუმცა, სანამ არსებობს ეს რომანი, ნომერ პირველი რომანი საქართველოს რომანისტიკაში, აბა ვინ შეწყვეტს კამათს იმაზე, ვგავართ თუ არა თეიმურაზ ხევისთავს, არიან თუ არა ქართველი ქალები ისეთები, როგორიც მარგოა და მუდმივად გვემუქრება თუ არა ისეთი ძლიერი სტიქია, როგორიცაა ჯაყო?!

დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ მიხეილ ჯავახიშვილს იმისთვის, რომ ეს ნაწარმოები გულიდან მოიგლიჯა. ფაქტობრივად, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თავი - ასეთი ნაწარმოების დაწერა დიდ სითამამეს მოითხოვს, სითამამეს, რომელსაც იშვიათად პატიობენ მწერლებს. არც ჯავახიშვილს აპატიეს, თუმცა ამ რომანმა და მიხეილ ჯავახიშვილმა მაინც გაიმარჯვეს.

 

„ზოგიერი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანსა ჰგავს... ბოლომდის ჩაათავებ და ასე იტყვი: ნეტავ არ წამეკითხაო.“

2. კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“, 30-იანი წლების საბჭოთა საქართველოს ცხოვრებას რომ აღწერს, 1933-34 წლებში, „ჯაყოს ხიზნების“ მსგავსად, ჟურნალ „მნათობის“ ფურცლებზე იბეჭდებოდა.

მითოსით სავსე რეალისტური თხრობა, ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო რომანი, რომელშიც დრამატიზმი შექმნილია არა მხოლოდ მითოსური პლანით, არამედ პერსონაჟების არქეტიპებით, მათი სიმბოლური წარმოდგენით, მთით, ბარით, ადამიანთა შეჯახებით, ვარიაციებით, იდეალების მსხვრევით, ასოციაციური კავშირებითა და ფსიქოანალიზით, დიდი დოზით.

ამ უაღრესად თანამედროვე რომანის სათაურს ტრადიციული ახსნა აქვს - მთვარე მოიტაცა გველეშაპმა, ამ შემთხვევაში - ენგურმა. ადიდებული ენგური რევოლუციისა და საბჭოთა წყობილების, მთვარე, ანუ წმინდა გიორგი კი ძველი საქართველოს სიმბოლო შეიძლება იყოს. წარმართულ-ქრისტიანული წარმოდგენებით სავსე თარაშ ემხვარი კარგავს ამ საქართველოს და, შესაბამისად, სიცოცხლის მთავარ მიზანსაც.

„მთვარის მოტაცებამ“ მკითხველისა და ხელისუფლების „გამოცდა“ წარმატებით ჩააბარა, თუმცა, მიუხედავად ამისა, სულ მალე მწერლებმა მისი გაკრიტიკება დაიწყეს, ცოტა მოგვიანებით კი რიგში ჩადგნენ და თითქმის ყველამ გაჰკრა კბილი. ამ ამბავმა ჩვენი მწერალი ისე შეაშფოთა, რომ სტილი შეიცვალა, რაც მაინცდამაინც ბედნიერ შემთხვევად არ მიმაჩნია ქართული ლიტერატურისთვის.

„მთვარის მოტაცება“ ის რომანია, რომელშიც ავტორმა საკუთარი დამოკიდებულება გამოხატა თავისი დროისადმი. დიდი ვაჟკაცობაა, დაინახო შენი დრო! ისტორიულ რომანს თავისი ხიბლი და ფასი აქვს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ კონსტანტინე გამსახურდიას ვერც ერთი რომანი ვერ დადგება ამ ნაწარმოების გვერდით?!

როდესაც ავტორი ამ წიგნის წერას იწყებს, მას უკვე თარგმნილი აქვს დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნაწილი - ჯოჯოხეთი; ასევე, ამთავრებს „გოეტეს ცხოვრების რომანს“. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დანტეს ჯოჯოხეთის სახეები და გოეთეს ნათელი ხედვა სამყაროს შესახებ ნათლად აისახა ამ რომანში.

ეს არის რომანი, რომლითაც გამსახურდია ევროპულიდან ქართულ თემაზე გადავიდა და შექმნა ნაწარმოები, რომელიც სავსეა ძალიან უცნაური და უზარმაზარი მნიშვნელობის პერსონაჟებით: არზაყან ზვამბაია, ტარიელ შარვაშიძე, თარაშ ემხვარი, თამარ შარვაშიძე, ლუკაია ლაბახუა - ეს ის სახეებია, რომელთაც ქართული ლიტერატურა უნდა დაყრდნობოდა, სახეები, რომელთაც ახალი დროის შემოტანა შეეძლოთ.

მარტო კაც ზვამბაია რად ღირს - აფხაზი გლეხი, შარვაშიძეების ყოფილი ყმა, ბოლშევიკები რომ ეზიზღება, ვერ იტანს თბილისს, მიაჩნია, რომ ყოველგვარი უბედურება - წიგნი და ზოგადად, ცივილიზაცია დედაქალაქიდან მოდის... კაცი, რომელსაც შვილი გაგიჟებით უყვარს, ამაოდ უშლის კომკავშირში შესვლას და ბოლოს, შვილის ხელითვე რომ კვდება! ასეა, ესაა სიმბოლო იმისა, თუ რა მოსდის ძველ წყობას, ძველ წარმოდგენას, ძველ ადამიანს და სიმბოლო იმისაც, თუ რა ხალხი მოდის.

„მთვარის მოტაცება“ საშინელი რომანი-გაფრთხილებაა, რომელიც, თავდაპირველად ასე არ აღუქვამთ. მაგრამ, გაივლის კიდევ რამდენიმე წელიწადი და ყველა დაინახავს იმ აქცენტებს, რასაც მწერლისთვის საყოველთაო ანათემა უნდა მოეტანა. მოუტანა კიდეც, აკი კინაღამ შეიწირა ამ ნაწარმოებმა კონსტანტინე გამსახურდია.

 

ამბავი იმისა, რომ „დედამიწას სიყვარული ატრიალებს“

3. გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“, 1975 წელს რომ გამოიცა. ნაწარმოები მაძიებელი ჭაბუკი ბიჭის - დომენიკოს ტიპური ამბავია, რომელზეც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა იდუმალებით მოცული ლტოლვილის ნაამბობმა. ჰოდა, იმ ნაამბობის შემდეგ, სამყაროს თვალწინ რომ გიშლის, ახალგაზრდა კაცმა, ჯერ რომ არაფერი გინახავს ცხოვრებაში, რა გასაკვირია, მშობლიური სახლ-კარი დატოვო და ლამაზ ქალაქში წახვიდე?! 

მიილტვის დომენიკო სხვა სამყაროსკენ და თანდათან სწავლობს მეგობრობას, სიყვარულს, სიკეთეს, ბოროტებას, გულწრფელობას, პატიოსნებას, ღალატს, თანადგომას, საიდუმლოს; იმას, თუ რა დგას ადამიანების უკან, ვინ როგორია, რა არის ქალი...

დომენიკო მხოლოდ სივრცეში კი არა, ღირებულებებშიც მოგზაურობს. სწორედ აქ გაიგებს, რა არის ნამდვილი ქალი, აი, ის „ფეხაკრეფით რომ უნდა დაიარებოდეს, ოღონდ უნებურად, როგორც დევნილი“... ეცნობა ეს ჩვენი მოგზაური ადამიანებს და ხვდება, რომ ადამიანი ეს ის არ არის, გარეგნულად რაც ჩანს.

დომენიკომ ბევრი უნდა იაროს, ცხრა მთა გადაიაროს, ნახოს კანუდოსი, თეთრ სახლებს შორის გაიაროს, თანაქალაქელებს მიესალმოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდეს სახლში - ეს ხომ ქართული ოდისეაა, ომების გავლისა და სახლში დაბრუნების ამბავი. ყველაფერთან ერთად, ეს ხომ ძე შეცთომილის ისტორიაცაა, შვილი რომ მთელ ქვეყნიერებას მოივლის და ვერაფერს ნახავს მთის წვერზე შეფენილ ერთ პატარა სოფელზე უკეთესს?!

დომენიკოს ამბავი კიდევ ერთხელ გვახსენებს ძველ სიბრძნეს - „Patriam nemo amat quia magna, sed quia sua“, „სამშობლო არავის უყვარს იმის გამო, რომ დიდია, გვიყვარს იმის გამო, რომ საკუთარია“. ასე სრულდება დომენიკოს - ცარიელ-ტარიელის, შიშველის, სითბოსა და საკვებს, მამის მზერას დანატრებული შვილის თავგადასავალი, რომელიც მაძიებელმა სულმა ბევრი ატარა, ბოლოს კი გილგამეშივით სახლში დააბრუნა, ვინაიდან სამყაროში არაფერი მოიპოვება სახლზე ძვირფასი.

გურამ დოჩანაშვილი ხშირად ამბობს, ჩემს წიგნებს სულიწმინდა წერს, მე უბრალოდ ჩამწერი ვარო. ასეა თუ ისე, ეს წიგნი გურამ დოჩანაშვილმა ბრწყინვალე სტილით მოგვაწოდა. „სამოსელი პირველი“ XX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძეგლი და ქართული ლიტერატურის დიდი გამარჯვებაა, ლიტერატურის, რომელშიც მაგიური ელემენტი შემოიჭრა.

 

„ბუნებაში, ალბათ, არაფერია ერთმანეთზე ისე პირდაპირ დამოკიდებული, როგორც პიროვნების ზნეობაზე - მისი ერის ბედ-იღბალი, მოქალაქის ზნეობაზე - მისი სახელმწიფოს ავ-კარგი და პირუკუ. ისინი ერთმანეთის შვილები არიან.“ - ჭაბუა ამირეჯიბი, „დათა თუთაშხია“.

4. „დათა თუთაშხია“ ჭაბუა ამირეჯიბის ყველაზე ცნობილი რომანია, რომელშიც მოქმედება XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის საქართველოში ხდება. ჭაბუას ნაწარმოები ვისთვის კეთილშობილი ყაჩაღის რომანია, ვისთვის კი საქართველოს მაშინდელი ყოფის, სულიერების ენციკლოპედია, წიგნი, რომელშიც ნაჩვენებია ხელისუფლებისა და ოპოზიციის ბრძოლის შინაარსი.

ერთი მხრივ - დათა, კანონგარეშე ცხოვრებას რომ ირჩევს, აბრაგდება და წლების განმავლობაში ემალება მეფის ჟანდარმერიას; მეორე მხრივ - მუშნი, დათას ბიძაშვილი, ძმასავით შეზრდილი კაცი, ჟანდარმერიის ჩინოვნიკი რომ გახდება და განასახიერებს კიდეც სახელმწიფოს, სახელმწიფოს, რომელიც აუცილებლად უნდა გადაგვარდეს; ერთი მხრივ, თავისუფლების გზა, საშიში და აბრაგობასთან წილნაყარი, მეორე მხრივ კი სახელმწიფო სამსახურის გზა - უფრო საშიში და დაუნდობელი, რომელსაც ნებისმიერი ღირსეული კაცის გადაგვარება შეუძლია...

დათასა და მუშნის ურთიერთობის მაღალი კლასი ვერ უძლებს სახელმწიფოს წნეხს; დათა იღუპება და ამ დროსაც კი, მისი უპირველესი საფიქრალი მუშნის გადაგვარების ამბავია - „ეს რამ მოაფიქრებინა!“ წარმოუდგენელია მუშნი ზარანდიას გაგება იმიტომ, რომ სახელმწიფო სახეს კარგავს.

ჭაბუა ამირეჯიბი თავისუფლებისა და ინდივიდუალიზმის მომღერალია. არც ერთ სხვა რომანს მოუხდენია საქართველოზე ამხელა გავლენა. წიგნი „ზემოთაც“ მოიწონეს და ფილმადაც გადაიღეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწარმოები შეიცავდა ანტისაბჭოთა ელემენტებს და იმაზე მწვავედ შეეხო საბჭოთა საკითხებს, ვიდრე რომელიმე ჩვენი სხვა რომანი. ასეთი სითამამე არც არის გასაკვირი კაცისგან, რომელსაც საბჭოთა გულაგი ჰქონდა გამოვლილი. ამ რომანის გამოქვეყნება დიდი გმირობა იყო.

დიდ გმირობას დიდი პოპულარობა მოჰყვა. მთავრობა ისე შეაშინა „დათა თუთაშხიას“ ეფექტმა, რომ ჭორი გავრცელდა - ჭაბუა ამირეჯიბი ამ რომანის ავტორი არ არისო. როცა ასეთი საუბრები იწყება, ყველა ხვდება, რომ რაღაც მნიშვნელოვანზე, დიდზე, სერიოზულზეა საუბარი. ცოტა მეეჭვება, უმნიშვნელო წიგნის გამო ვინმემ იდავოს - ვისი დაწერილია და ვისი არაო...

ამ შესანიშნავი რომანით ჭაბუა ამირეჯიბმა ძეგლი დაიდგა და ვფიქრობ, ამ წიგნს კიდევ ექნება მომავალი; მერე რა, რომ ვიღაცები შენიშვნებს გამოთქვამენ - „დათა თუთაშხია“ XX საუკუნის ერთ-ერთ მთავარ ნაწარმოებად დარჩება.

 

 „ჭური მოვხადეთ. და ამოვარდა. დალევა კი არ არის მთავარი. მთავარია, რაც ამოვარდება. საქართველო. ამოვარდება ხოლმე. თუ იკადრებს და მოეწონება ღვინო.“ - აკა მორჩილაძე, „ობოლე“

5. აკა მორჩილაძის, თუ გნებავთ გიო ახვლედიანის - „ობოლე“, ანუ საქართველოს პორტრეტი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო ქართული წიგნია. 

მოქმედება აქ რამდენიმე ადგილას ხდება. უპირველეს ყოვლისა - დასავლეთ საქართველოში, ლეჩხუმისკენ, სოფელ მურში. თბილისში, კერძოდ ვაკეში და არც მეტი, არც ნაკლები - სანტა-ბარბარაში, ანუ ლოს-ანჯელესში. ყველაფერი კი იწყება იმით, რომ მურში არის სახლი, რომლის სახურავიც დაზიანდა და იმის მაგივრად, რომ ვარლამიეს თბილისისთვის მიემართა, არიქა, რამე უშველეთო, პირდაპირ ნიკას მიმართა, მაგარი მუსიკოსი როა და ლოს-ანჯელესში ცხოვრობს; ნიკამ კიდევ, თავის მხრივ, ძმას დაურეკა თბილისში.

„ვარლამიე. სრულიად გაგაოგნებს ქართველი კაცის მოწადინებულობა და ლტოლვა სიმაღლისაკენ. მე კი არ დამირეკა, არამედ - ნიკას, სანტა ბარბარაში. მე გეტყვით, რატომ. იმიტომ, რომ შარშან ნიკა იქ დათვრა და თავისი მობილურის ნომერი მისცა, როცა გინდა შემაწუხეო. შენ თუნდ წინასწარმეტყველი ესაია იყავი, ვარლამიე მაინც ნიკას მიწერს, იმიტომ რომ ნიკა სადღაც მაღლა ჰგონია. „ზაგრანიცა“ ჭრის. და კიდევ რაღაცეები.“

რომანი პირველ პირშია დაწერილი. ეს ჩვენი მთხრობელი, როგორც ჩანს, დრამატურგია, რომელსაც რაღაც კავშირი უნდა ჰქონდეს თეატრთან. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს მადონე. ვინ არის მადონე, რა კავშირი აქვს ამ რომანს მადონეს საქართველოსთან, რატომ ჰქვია თოფს თავისი და თან ქალის სახელი, კაცმა რომ თქვას, საქართველოს სახელიც, თოფს, რომელიც ვერასდროს ვეღარ გაისვრის. აი ამ წიგნის მთავარი ამბები.

„ობოლე“ უძვირფასესი რომანია იმ თვალსაზრისით, რომ ყველა ის სტერეოტიპი, რაც საქართველოში არსებობდა, პოსტმოდერნისტულ ხორცის საკეპ მანქანაშია გატარებული. მარტო ყავის ამბავი რად ღირს, ვაკეში რომ ამოხეთქა... ეს არის წიგნი, რომელმაც ხელახლა შექმნა საქართველო, შექმნა მისი პორტრეტი იმ მოსახვევში, რა მოსახვევშიც ის ბოლო წლები იმყოფება, როდესაც მას აშკარად დაეტყო სტაგნაციის ნიშნები, მაგრამ ამ წიგნმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ქვეყანას.

ეს, ალბათ, ყველაზე უფრო ღრმა და ქართული წიგნია, რომელიც კი აკა მორჩილაძემ დაწერა. მოგეხსენებათ, აკა ლონდონში წერს, რაც საშუალებას აძლევს, შორიდან შეხედოს საქართველოს. „ობოლეც“ ასეთი წიგნია, შორიდან დანახული, სიყვარულით, სითბოთი, სევდით და მოულოდნელი ემოციებით სავსე, წიგნი ქალზე, რომლის მსგავსიც უახლეს ქართული ლიტერატურაში, უბრალოდ, არ დაწერილა!

სიამოვნებით ვუთმობ ტოპ ხუთეულში ადგილს ამ შესანიშნავ რომანს და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სანამ იარსებებს საქართველო, სანამ ვინმე ლაპარაკობს ამ ენაზე, სანამ ვინმე ერთ წიგნს მაინც კითხულობს ქართულად, „ობოლე“ დარჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნიმუშად იმისა, თუ როგორ შეიძლება, კაცს თავისი ქვეყანა ასე უყვარდეს და ამ საოცარი სიმსუბუქით ეპყრობოდეს.

„დამთავრდა სროულობის დრო, ახლა სხვა დროა...“

ეს არის ლიტერატურა. ეს არის ქართული წიგნები. გადაიკითხეთ ხუთივე რომანი და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, როგორი განსხვავებული ქვეყანაა საქართველო, როგორ განვსხვავდებით ჩვენ და ჩვენი რეგიონები, ეპოქები ერთმანეთისგან. ქართული სიმღერისა არ იყოს, როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს გურული და კახური სიმღერა, მაინც ვხვდებით, რომ ჰარმონიულად, ორივე ერთია! ასეა ქართული რომანის შემთხვევაშიც.

 

 

ლევან ბერძენიშვილი

სტატიები/ბიბლიოთეკა

წყარო: liberali.ge

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის