USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
Tbilisi
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი: რთულ ვითარებაში შევძელით სტუდენტებისთვის სწავლების მოქნილი სისტემა შეგვეთავაზებინა
Date:  1457

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეის მდგომარეობით, საკარანტინო რეჟიმში ვიმყოფებით. ორგანიზაციები დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ, საჯარო სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი ონლაინ ხორციელდება.

რა ხდება ამ მხრივ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ უნივერსიტეტში, რა ახალი გამოწვევების წინაშე დგას ის და რა ინსტრუმენტებით იმართება სასწავლო პროცესი? ამ და სხვა თემებზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე საუბრობს.

- ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დისტანციურ-ელექტრონული ფორმით მიმდინარეობს. ჩვენი უნივერსიტეტი ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესზე მიმდინარე წლის 16 მარტიდან გადავიდა. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმოკლეს დროში ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები. ტექნიკურ უნივერსიტეტს უკვე ჰქონდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის ლექცია-სემინარებისა და გამოცდების ელექტრონული ფორმით ჩატარების გამოცდილება. სპეციალურად ფართომასშტაბიანი დისტანციური სწავლებისთვის განახლდა საუნივერსიტეტო ელექტრონული პლატფორმა elearning.gtu.ge, რომელიც Moodle-ის სისტემას ეფუძნება. ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პლატფორმა დღეისათვის ტექნიკურად გამართულად ფუნქციონირებს და მასზე შეუფერხებელად წვდომა სამივე საფეხურის ყველა სტუდენტისთვისაა შესაძლებელი. ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს საშუალება აქვთ ელექტრონულ პლატფორმაზე მოიძიონ 2 700-ზე მეტი სალექციო კურსი, მიიღონ დავალებები და შესრულებული დავალება პლატფორმაზე შესაბამის გრაფაში ატვირთონ.რაც მთავარია, ჩვენს ელექტრონულ პორტალს მძლავრი ტექნიკური უზრუნველყოფა აქვს და კარგად უძლებს სტუდენტთა დიდი რაოდენობის ერთდროულად შესვლას.

 - რამდენად სისტემატიზირებულია ონლაინ ლექციების ჩატარების პროცესი ტექნიკურ უნივერსიტეტში? 

- ტექნიკურ უნივერსიტეტის ელექტრონულ პლატფორმაზე ყველა საგანმანათლებლო პროგრამის სალექციო კურსებისა და დავალებების ატვირთვის პარალელურად, მიმდინარეობს ონლაინ ლექციები. ონლაინ ლექციები 30 მარტიდან ტარდება და მათი რაოდენობა მოცემულ ეტაპზე 1800-ს აღემატება. ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს ონლაინ ლექციები Zoom და BBB ვებ-საკონფერენციო აპლიკაციების საშუალებით უტარდებათ. შედგენილია ონლაინ ლექციების ცხრილი, რომლის მიხედვითაც სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებს საშუალება აქვთ ჩაერთონ ონლაინ ლექციებში. ცხრილი განთავსებულია პლატფორმა elearning.gtu.ge-ის მთავარ გვერდზე და სტუ-ის ვებგვერდის მთავარ გვერდზე. ამას გარდა, ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდზე, სპეციალურად სტუდენტებისთვის განთავსებულია განახლებული გზამკვლევი ვიდეორგოლების სახით, რომელთა მეშვეობით ელექტრონული პლატფორმით სარგებლობისა და ონლაინ ლექციებზე ჩართვის შესახებ ინსტრუქციების მიღება შესაძლებელია, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე, პროფესორ-მასწავლებლებისთვის. ვიდეოინსტრუქციები, ასევე, ატვირთულია elearning.gtu.ge-ზე, სტუ-ის ფესბუქის გვერდსა და youtube-ის საუნივერსიტეტო პლატფორმაზე.

გარდა ამისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზე ინტერაქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სტუდენტებთან ურთიერთობა, პასუხს ვცემთ მათ მხრიდან დასმულ შეკითხვებს. ასევე, უნივერსიტეტის ელექტრონული კომპონენტით სწავლების პლატფორმაზე ტექნიკურ და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად გარკვეული პერიოდულობით მიმდინარეობს ონლაინ კონსულტაციები პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის.

- რამდენად არის შესაძლებელი ელექტრონულ სწავლებაში პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების ჩართვა?

- შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა შეიმუშავა პროექტი და უკვე შესაძლებელია ელექტრონულ ფორმატში პრაქტიკული და ლაბორატორიული (ვირტუალური) მეცადინეობების ჩართვა. ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები უკვე იყენებენ ელექტრონულ ინსტრუმენტებს სემინარებისა და კონსულტაციების ჩასატარებლად, ასევე, კურიკულუმში მითითებული ისეთი აქტივობების ჩასატარებლად, როგორიცაა: დისკუსია/დებატები, ჯგუფური მუშაობა, Case study, დემონსტრირების მეთოდი და სხვ. რაც შეეხება სასაწავლო/საწარმოო პრაქტიკასა და იმ ლაბორატორიულ/პრაქტიკულ მეცადინეობებს - ხატვა, კლაუზურა და სხვ., რომლებშიც აუცილებებლია პედაგოგისა და სტუდენტის უშუალო ჩართვა, ტექნიკურ უნივერსიტეტში განხორციელდება საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდგომ.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება და სწავლების ინდივიდუალური გრაფიკი შემოიღო, რაც სტუდენტის შეფასების საშუალებას მოგვცემს.

 - შესაძლებელი იქნება თუ არა ელექტრონული შეფასების სისტემის შემოღება?

- მნიშვნელოვანი ეტაპია ელექტრონული შეფასების სისტემის დანერგვა - თითოეულ სასწავლო კურსს, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, აქვს შესაბამისი შეფასების სისტემა, რომელიც აუცილებლად აისახება შეფასების ელექტრონულ სისტემაში და მოიცავს შეფასების კომპონენტებს, შეფასების მეთოდებს, რაც შეფასების კრიტერიუმებით იზომება. შეფასების ფორმაში გათვალისწინებულია მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და შეფასება ხდება იმავე სემესტრში, რომელშიც სწავლება ხორციელდება.

 - უშუალოდ ვინ არის პასუხიმგებელი ტექნიკური უნივერსიტეტის ელეტრონული პლატფორმის მართვაზე და რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს ელექტრონული სასწავლო პროცესის მონიტორინგი?

- პირველ რიგში, უშუალოდ პასუხისმგებელია რექტორი, ასევე, ტექნიკურ უნივერსიტეტში შექმნილია პროგრამისტთა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტთა ჯგუფი. სწორედ ეს ჯგუფი ატარებს ელექტრონული სწავლების შეუფერხებელ მიმდინარეობაზე მუდმივ დაკვირვებას და ყველა საჭირო შემთხვევაში, დროულად ეხმარება პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს.

რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რამდენად კანონის დაცვით ტარდება ლექციები, არის თუ არა დასწრება სტუდენტთა მხრიდან, ატარებენ თუ არა სათანადო პროფესორ-მასწავლებლები ელექტრონულ ლექციებს, ყოველდღიურ რეჟიმში კონტროლდება სტუ-ის მულტიმედიური, საკონფერენციო და უსაფრთხოების სისტემების მართვისა და ექსპლუატაციის ცენტრისა და ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფების მიერ.

- დაბოლოს, ელექტრონული სწავლების პროცესში სტუდენტებისთვის რამდენადაა ხელმისაწვდომი სამეცნიერო-სასწავლო ლიტერატურა ელექტრონულ ფორმატში?

- რაც შეეხება სამეცნიერო-სასწავლო ლიტერატურას და მის ელექტრონულ ვერსიებს, ტექნიკურ უნივერსიტეტს ეს რესურსიც გააჩნია და იყენებს ელექტრონული სწავლების პროცესში. ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესი წიგნსაცავია, სადაც დაცულია 3,7 მილიონი ბეჭდური და ელექტრონული წიგნი, სამეცნიერო ჟურნალი და პერიოდული გამოცემა. ჩვენი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების განკარგულებაშია ისეთი ელექტრონული საძიებო კატალოგები და პლატფორმები, როგორიცაა: Koha, Science Direct, Scopus, WEB OF SCIENCE, CAMBRIDGE JOURNALS, Royal Society Publishing, IMF eLIBRARY, SAGE journals, EDWARD EIGAR Publishing, DUKE UNIVERSITY PRESS, Polpred.com და სხვ. გარდა ამისა, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს უნივერსიტეტის ვებგვერდის მეშვეობით აქვთ წვდომა ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგთან, სადაც შესაძლებელია სასურველი ლიტერატურის ელექტრონული ვერსიის მოძიება და დისტანციური განაცხადის გაკეთება. თუ განაცხადი შეეხება ბეჭდურ ლიტერატურას, ამ შემთხვევაში, ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს საჭირო ლიტერატურის სკანირებასა და მომხმარებლისთვის ელექტრონულ ფოსტაზე მიწოდებას 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

იმედი გვაქვს, სასწავლო პროცესი და ზოგადად, ჩვენი ცხოვრება მალე დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს, მაგრამ ერთი რამ აქედანვე ნათელია - ელექტრონული სწავლების მიმართულებით დაგროვილ და დანერგილ დიდ გამოცდილებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სასწავლო პროცესში შემდგომშიც აქტიურად გამოიყენებს.

 

tbilisi
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way