ბუნების კანონზომიერება ისეთია და ამას მედიცინის ისტორია თვალნათლივ ადასტურებს, რომ სამყაროში სულ ჩნდებოდა, ახლაც ჩნდება და მომავალშიც გაჩნდება ახალი, ან ხელახლად აღმოცენებული ინფექციები (მათ შორის განსაკუთრებით საშიშიც) და მათ მთელი მსოფლიოს მართვას და მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობისა და პროფესიონალების უდიდესი ძალისხმევა და კოორდინირებული მუშაობა სჭირდება და არა აგრესია, ლანძღვა-გინება და წყევლა -კრულვა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
ის ასევე, ახალი ინფექციის - „მაიმუნის ყვავილის“ მიმართ სოციალურ ქსელში მოსახლეობის მხრიდან გამოთქმულ აგრესიასაც გამოეხმაურა.
თენგიზ ცერცვაძის „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ქალბატონი თამრიკო ქვარცხავა არის ცნობილი ქართველი ექიმი და მკვლევარი, რომელიც დიდი ხანია აშშ-ში წარმატებით მოღვაწეობს. მისი ფეისბუქ პოსტები, მათ შორის COVID-თან დაკავშირებით მაღალი პროფესიონალიზმით, სიღრმით და ობიექტურობით გამოირჩევა.
ა.წ. 13 მაისს მან გამოაქვეყნა ფეისბუქ პოსტი ცოტა განსხვავებულ თემაზე, სადაც აღწერა ის არაჯანსაღი, ხშირად აბსურდული შეფასებები, კრიტიკა, ცინიზმი, ლანძღვა, სპეკულირება და მანიპულირება COVID-ის თემაზე (მათ შორის პოლიტიკური ბრძოლისთვის), რომელსაც აშშ-ში ცალკეული ვაი ექსპერტები და საზოგადოების მცირე (საბედნიეროდ მცირე) ნაწილი მიმართავენ. მაგალითად, როგორ ითხოვდნენ შეზღუდვების გაუქმებას, რადგან მათ სიტყვებით „ევროპა გუგუნებს“, როგორ აკრიტიკებდნენ სერიოზულ ექსპერტებს და თვით პროფესორ Fauci-საც კი თითქოსდა პესიმისტური პროგნოზისათვის, რომლებიც საზოგადოებას აფრთხილებდნენ, რომ პანდემიის მსხვერპლი შესაძლოა 200 ათასი ადამიანი გამხდარიყო. ამას „დაშინებას მცდელობად“ აღიქვამდნენ და აგრესიას გამოხატავდნენ. სინამდვილეში კი დღეს COVID გარდაცვლილთა რიცხვმა ქვეყანაში (აშშ-ში) 1 მილიონს გადააჭარბა და ეს მსოფლიოს ყველაზე ძლიერ, სრულად ვაქცინირებულ ქვეყანაში.
ეს პოსტი იმიტომ არის ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი, რომ ქალაბტონი თამრიკოს აღწერილი სიტუაცია ერთი ერთში ემთხვევა იმას, რაც საქართველოში ხდება. ამიტომ მინდა ვურჩიო ყველას, ვინც დაინტერესდება, გაეცნოს ქალბატონი თამრიკოს პოსტს ორიგინალში.
რას ვიზამთ, როგორც ჩანს თავის მარგინალები და ოდიოზური პერსონები, რომლებიც მხოლოდ სხვისი ლანძღვით და ღვარძლით საზრდოობენ, ყველა ქვეყანას ჰყავს - თვით ამერიკასაც კი. საბედნიეროდ ისინი საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილია, მაგრამ ფეისბუქზე ისე აქტიურობენ, რომ ვიღაცას მართლა შეიძლება კითხვები გაუჩნდეს. რას ვიზამთ, ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიან და ჩვენი სინამდვილის ნაწილია. უბრალოდ მოსახლეობამ ტყუილის და სიმართლის ერთმანეთისგან გარჩევა უნდა ისწავლოს.
ბოლო პერიოდში ცალკეული ექსპერტების და მასმედიის მიერ ე.წ. „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების თაობაზე ინფორმაცია იდება. ა.წ. 22 მაისს ტელეკომპანია „ფორმულამ“ „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების, სიმპტომების და თავიდან აცილების გზების თაობაზე ძალიან კვალიფიციური და საჭირო ინფორმაცია დადო და ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ამ პოსტს ისევ საზოგადოების იგივე მცირე ნაწილის მხრიდან მოჰყვა ისეთი აგრესია და ბულინგი, მათ შორის, მრავალსართულიანი გინებებით, რომ ნორმალური ადამიანი ნამდვილად ვერ მიხვდებოდა, რა ხდება. აგრესია ძირითადად იყო ორი მიმართულებით: პირველი - „ამ არაადამიანებმა (საინტერესოა ვის გულისხმობენ) COVID-ით მოსახლეობის ბოლომდე ჩახოცვა?! ვერ მოახერხეს და ახლა მათ გასაწვეტად?! მაიმუნის ყვავილი გამოიგონეს და მეორე - COVID-ზე ხომ ძალიან დიდი ფული იშოვნეს?! მაგრამ ეს არ ეყოთ და ახლა მაიმუნის ყვავილზე უფრო დიდი ფულის შოვნა მოუნდათ?!“ და ამას მთელი სერიოზულობით წერენ თავის პოსტებში. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ სრულიად გაუგებარია, ვის მიმართ არის ამჟამად ეს აგრესია მიმართული მით უმეტეს, რომ საქართველოში ჯერ „მაიმუნის ყვავილის“ არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და შესაბამისად არც არავინ გაუწყვეტიათ?! და არც ფული უშოვნია ვინმეს?! რას ვიზამთ, ესეც უნდა მოვითმინოთ და უბრალოდ ტყუილის და მართლის ერთმანეთისგან გარჩევა ვისწავლოთ.
ბუნების კანონზომიერება ისეთია და ამას მედიცინის ისტორია თვალნათლივ ადასტურებს, რომ სამყაროში სულ ჩნდებოდა, ახლაც ჩნდება და მომავალშიც გაჩნდება ახალი, ან ხელახლად აღმოცენებული ინფექციები (მათ შორის განსაკუთრებით საშიშიც) და მათ მთელი მსოფლიოს მართვას და მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობისა და პროფესიონალების უდიდესი ძალისხმევა და კოორდინირებული მუშაობა სჭირდება და არა აგრესია, ლანძღვა-გინება და წყევლა-კრულვა“, - წერს ცერცვაძე.