USD 2.7376
EUR 3.1061
RUB 3.4435
თბილისი
თემურ ლენგის აპოკალიფსური მასშტაბის ომი საქართველოს წინააღმდეგ
თარიღი:  978
შუა აზიელი მუსლიმი დამპყრობლის, თემურ ლენგის ლაშქრობებს 1370-1405 წლებში შეეწირა 20 მილიონ ადამიანზე მეტი. თემურ ლენგის იმპერია 1363-1507 წლებში არსებობდა. 1363 წელს თემურმა დაიწყო თავისი დაპყრობების სერია და 1507 წელს დაეცა ქალაქი ჰერათი, რაც შეგვიძლია მივიჩნიოთ თემურ ლენგის მიერ შექმნილი იმპერიის დასასრულად. 1405 წელს თემურის იმპერიამ მიაღწია თავისი ძლიერების ზენიტს. ამ დროს იგი აკონტროლებდა 6 მლნ. კვ.კმ-ს. ეს იყო დედამიწის მთელი ხმელეთის ფართობის 4.03 %. იმპერიის მოსახლეობა იყო 50 მილიონი ადამიანი, მაშინ როცა 1400 წელს პლანეტის მოსახლეობა იყო 440 მილიონი ადამიანი. გამოდის, რომ ეს იმპერია აკონტროლებდა დედამიწის მოსახლეობის 11, 36%-ს. დიდი მონღოლი, რომლის არმიამაც 8 თვეში ინდოეთი დაამარცხა, პატარა საქართველოს სრული განადგურებისთვის მთელი თავისი ძალებით დაიძრა.
 
თემურ ლენგის I ლაშქრობა საქართველოში
 
მუსლიმი დამპყრობლის - თემურის (კოჭლად, იგივე ლენგად წოდებული) პირველი ლაშქრობა საქართველოში მიმდინარეობდა 1386 წლის განმავლობაში ის დაკავშირებულია თოხთამიშის ლაშქრობასთან აზერბაიჯანში. 1385 წელს თოხთამიში 90, 000-კაციანი არმიით შემოიჭრა კავკასიაში. დარუბანდისა და დარიალის გადმოსასვლელებით. შარვანზე გავლით გადავიდა სამხრეთ აზერბაიჯანში და ალყა შემოარტყა ქალაქ თავრიზს, რომელიც დიდი ბრძოლებით და ვერაგობით აიღო, გაძარცვა და გაანადგურა. თემურის ისტორიკოსის ცნობით თოხთამიშის ლაშქარში "ურწმუნოებიც" ერივნენ, ე.ი. ქრისტიანები და შესაძლოა ქართველებიც. ივანე ჯავახიშვილის აზრით თოხთამიშს ქართველებთან შეთანხმების გარეშე გაუჭირდებოდა აღმ. ამიერკავკასიაში გადმოსვლა დარუბანდისა და დარიალის გზით. მათ შორის აუცილებლად კავშირი უნდა არსებულიყო. ამით უნდა აიხსნას თემურის მიერ თავრიზის აღების შემდეგ თბილისზე გამოლაშქრება და არა თოხთამიშის წინააღმდეგ წასვლა. 1386 წელს თემური სამხრეთ აზერბაიჯანში შეიჭრა. თავრიზი აიღო, გაძარცვა და დაარბია, თოხთამიშის მომხრეები დახოცა ან განდევნა. ამავე წლის ზაფხულის მიწურულს საქართველოსკენ გამოემართა. გზად არმენიული თემები დაარბია. დიდი ბრძოლებით აიღო და დაანრბია გარნისის და სურმალუს ციხეები, შემდეგ ყარსის ციხეც აიღო და სამცხეში შემოიჭრა. იქიდან თრიალეთზე და ალგეთზე გადმოვლით თბილისს მოადგა დიდი ჯარით და ალყა შემოარტყა.
 
ბაგრატ მეფე ელოდებოდა თემურის შემოსევას და სათანადო მომზადებაც ჩაატარა. ქართველებს გაშლილ ველზე ბრძოლა თემურის უზარმაზარ არმიასთან მიზანშეუწონლად მიაჩნდათ და ციხესიმაგრეების გამაგრება და წინააღმდეგობის იქიდან გაწევა გადაწყვიტეს. ბაგრატ მეფე კარგად გამაგრებულ თბილისის ციხეში იმყოფებოდა. თბილისის წინააღმდეგ ბრზოლას თემური ხელმძღვანელობდა, თბილისის მცველებს კი მეფე ბაგრატი. მისივე ხელმძღვანელობით თბილისელი მეციხოვნეები დღეში ორ-სამჯერ გამოიჭრებოდნენ ხოლმე გალავნის გარეთ, თავს ესხმოდნენ მოალყეებს და დიდ ზიანს აყენებდნენ. თემურმა თბილისი გალავნის დასანგრევას კედლის სანგრევი მანქანები და ცეცხლსასროლი იარაღი, ფარსადან გორგიჯანიძის სიტყვით, ზარბაზნები გამოიყენა, რომელსაც ქალაქში და ციხეში ჩაისროდნენ და დიდი ეფექტიც მოახდინა. ბრძოლა რამდენიმე კვირა გრძელდებოდა. ბოლოს მოალყეებმა დიდი ჩელტები, რკინის ფარები მოიმარჯვეს და თავად თემურის მეთაურობით მიიტანეს ერთობლივი იერიში. გალავანი გადალახეს და ქალაქში შეიჭრნენ. ბაგრატ მეფე ერთხანს იგერიებდა მტერს შიდა ციხეში, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა ბრძოლა შეეწყვიტა. თემურმა ბაგრატი, დედოფალი ანა, ბატონიშვილი დავითი და მათი მხლებლები ტყვედ აიყვანა. ბიზანტიელი ისტორიკოსის, მიქელ პანარეტოსის ცნობით ეს მოხდა 21 ნოემბერს.
 
თემურის მოლაშქრეებმა თბილისი სრულად იავარჰყვეს. მრავალი ადამიანი ამოწყვიტეს და უამრავი ტყვეც წაიყვანეს. სამეფო სახლში დაცული ცნობების მიხედვით თემურმა თბილისიდან წაიღო უმდიდრესი სამეფო ბიბლიოთეკა.
 
თემურმა თბილისში დიდი გარნიზონი ჩააყენა, რამდენიმე სჯარისო დანაყოფი ქართლის სხვადასხვა მხარეში გააგზავნა მშვიდობიანი მოსახლეობის დასარბევად და ნადავლის შესაგროვებლად, თავად კი მთავარი ლაშქრით აღმოსავლეთისკენ წავიდა. გზად ყარაიის ველზე გამარჯვების აღსანიშნავად დიდი ნადირობა მოაწყო. შემდეგ კავკასიონის სამხრეთ კალთებს შეუყვა და იქაური მშვიდობიანი მოსახლეობა დაარბია. თემურის მთელმა ლაშქარმა ჯერ ქალაქ კაბალაში მოიყარა თავი, შემდეგ მდინარე მტკვარი გადალახა, უბრძოლველად დაიკავა ბარდავი და ყარაბაღში დაბანაკდა გამოსაზამთრებლად. თემურის ბანაკში იმყოფებოდა ტყვედ წაყვანილი მეფე ბაგრატი და მისი ოჯახი ამალითურთ.
 
საქართველოს წინააღმდეგ თემურის პირველი ლაშქრობისას აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ქვეყნებიდან მხოლოდ შარვანი გადარჩა დარბევა-აოხრებას. შარვანის მმართველი შარვანშაჰი შეიხ იბრაჰიმ დერბენდი (1382-1417) დიდი საჩუქრებით და მორჩილებით ეახლა თემურს და ქვეყანა აოხრებას გადაარჩინა. სამაგიეროდ მას თემურის მხარეს მოლაშქრეობა დაევალა. საქართველოს ყოფილმა ყმადნაფიცმა თემურის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილ რამდენიმე დიდ ლაშქრობაშიც მიიღო მონაწილეობა.
 
თემურ ლენგის II ლაშქრობა საქართველოში
 
თემურის მეორე ლაშქრობა მიმდინარეობდა 1387 წლის განმავლობაში. ტყვედ აყვანილ ბაგრატს თემურმა გამუსლიმება ჯერ კიდევ თბილისში შესთავაზა, სამაგიეროდ დიდ წყალობას დაჰპირდა. ყარაბაღში კი, როდესაც ბაგრატი დარწმუნდა, რომ ამის გარეშე თავს ვეღარ დააღწევდა ტყვეობას, მოჩვენებითად მიიღო ისლამი და შემდეგ თემურის "წყალობაც" დაიმსახურა - დამტკიცებულ იქნა საქართველოს მეფედ. თემურმა ბაგრატი და მისი გამუსლიმებული ამალა საქართველოში გამოისტუმრა და ქართველი მოსახლეობის გამუსლიმება დაავალა. თან 12, 000-კაციანი ლაშქარი გამოაყოლა, რომელიც ამ საქმეში ბაგრატის დამხმარე უნდა ყოფილიყო. ბაგრატმა მოახერხა შიკრიკის - რუს ეგნატაშვილის ბანაკიდან ფარულად გაპარება და მისი პირით შეუთვალა თავის შვილებს, რომ ჯარით დახვედროდნენ და გაეთავისუფლებინათ მეფე ტყვეობიდან. საქართველოში შემოსულ 12-ათასკაციან თემურის არმია გიორგი ბატონიშვილი მარჯვე ადგილას ჩაუსაფრდა, მოულოდნელად თავს დაესხა ქართველთა ჯარით და ბოლო კაცამდე ამოჟუჟა. მეფე და მისი ამალა განთავისუფლებული იქნა.
 
ამ ამბის გაგების შემდეგ თემური კინაღამ ჭკუიდან შეცდა ზედმეტი ბრაზით, მაგრამ შუა ზამთრის გამო გამოლაშქრება შეუძლებელი იყო, ამიტმ ზამთარი ყარაბაღში გაატარა. 1387 წლის ადრე გაზაფხულზე, მარტში, როდესაც ჯერ კიდევ თოვდა და წვიმდა, მთელი მისი ურიცხვი ლაშქარი სრული ძალებით გამოემართა საქართველოს სასტიკად დასასჯელად. ქართველები რა თქმა უნდა მოელოდნენ ხელახალ შემოსევას და მთელი ზამთრის განმავლობაში სათანადო სამზადისის ჩატარებაც მოასწრეს. მშვიდობიანი მოსახლეობა კავკასიის მთებში და ციხესიმაგრეებში გახიზნეს, ხოლო ჯარები სალაშქროდ გააწყვეს. ამიტომ ქართველებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ურიცხვ მტერს და საკმაო ზიანი მიაყენეს, მაგრამ ბოლოს მაინც ჯარის სიმრავლემ სძლია და თემურმა გაიმარჯვა. ამის მიუხედავად მან საქართველოს დაპყრობა მისდა გასაოცრად, ვერ შეძლო. ჯერ კიდევ ბევრი კარგად გამაგრებული ციხე იყო ასაღები, თანაც დარუბანდის გზით აზერბაიჯანში კვლავ შემოიჭრა თოხთამიშის ლაშქარი და თემური იძულებული გახდა გასულიყო საქართველოდან. თოხთამიშის ეს ლაშქრობა როგორც ჩანს ქართველებთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. თემურმა თოხთამიშს თავისი ვაჟი - მირანშაჰი დაადევნა, რომელმაც თოხთამიში დაამარცხა და განდევნა კავკასიიდან. შემდეგ თემურმა ნახჭევანში კარგად გამაგრებული ციხის - ალინჯის აღება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ალყაშემორტყმულ ციხესთან თავისი ჯარის ნაწილი დატოვა, თავად კი შუა აზიაში დაბრუნდა. 1394 წლამდე თემური საქართველოში აღარ გამოჩენილა.
 
თემურ ლენგის III ლაშქრობა საქართველოში
 
ლაშქრობა მოეწყო 1394 წლის გაზაფხულზე და მიმდინარეობდა სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე. თემურმა აზიაში და ირანში წესრიგის დამყარების შემდგომ, რამდენჯერმე ილაშქრა თოხთამიშის წინააღმდეგ. 1391 წლის 18 ივნისს დიდი ბრძოლა თემურისა და თოხთამიშის არმიებს შორის კუნდუხჩასთან, ჩისტიპოლსა და სამარას შორის. აქაც თემურმა გაიმარჯვა. შემდეგ დაბრუნდა შუა აზიასი და დაიწყო მზადება ახალი ლაშქრობისთვის ირანისა და მისი მიმდებარე ქვეყნების, მათ შორის სამხრეთ კავკასიის დასაპყრობად.
 
1392-1393 წლებში თემურმა ირანში ილაშქრა და ცენტრალური ირანის ქალაქები სრულად ააოხრა. შემდეგ ბაღდადი, მთელი სირია და ა.შ. 1394 წლის გაზაფხულზე მოადგა სამხრეთ საქართველოს და 4 სარდალი 40, 000-იანი ლაშქრით გააგზავნა სამცხე-საათაბაგოს დასარბევად. სამცხიდან დაბრუნებული ლაშქარი კოლის ველზე შეუერთდა თემურის მთავარ ლაშქარს. სამცხის ლაშქრობის მიზანი როგორც ჩანს, უნდა ყოფილიყო ნადავლის მოპოვება და მთავარი ლაშქრის მომზადება ახალი, უფრო დიდი ლაშქრობისთვის, რომელიც შედგა იმავე წლის შემოდგომაზე არაგვის ხეობაში თვით თემურს მეთაურობით.
 
თემურ ლენგის IV ლაშქრობა საქართველოში
 
ეს ლაშქრობა მოეწყო 1394 წლის შემოდგომაზე და ბრძოლები მიმდინარეობდა არაგვის ხეობის ტერიტორიაზე. 1394 წლის 13 სექტემბერს თემური დიდი ლაშქრით კოლის ველიდან თრიალეთისა და ქვემო ქართლის გამოვლით არაგვის ხეობისკენ გაემართა. გზა და გზა ყველაფერს ანადგურებდა, მოსახლეობას ძარცვავდა და ხოცავდა. დიდი ბრძოლები გაიმართა არაგვის ხეობაში. როგორც ჩანს თემურის მიზანი იყო დარიალის ხეობის ხელში ჩაგდება, რომ საბოლოოდ აღეკვეთა ქართველთა მოკავშირე ჩრდილოეთ კავკასიელი მოლაშქრეების გადმოყვანა და თოხთამიშის შესაძლო შემოსევა. საქართველოში თემურის ყოველი გამოჩენის პერიოდში თოხთამიში ცდილობდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში შემოჭრილიყო. ასე მოხდა ამჯერადაც. თემურმა მთიელთა დიდი წინაარმდეგობის გამო ვერ შეძლო დარიალის ხელში ჩაგდება. ის იძულებული გახდა მთიდან დაშვებულიყო. თბილისზე გავლით, შაქისკენ გაემართა. ამ დროს თემურმა შეიტყო, რომ თოხთამიში დერბენდის გზით შარვანში შეჭრილიყო და იქაურობას აოხრებდა. თემური სწრაფადვე გაემართა ამ მიმართულებით, მაგრამ ბრძოლას თავი აარიდა და კვლავ უკან დაბრუნდა. მათი ლაშქარი მდინარე მტკვრის პირას, მაჰმუდ-აბადს დაბანაკდა და დაიწყო მზადება თოხთამიშის წინააღმდეგ დიდი ლაშქრობის მოსაწყობად. თემურისთვის ცხადი გახდა, რომ ამიერკავკასიას, საქართველოს ვერ დაიმორჩილებდა, თუ თოხთამიშს საბოლოოდ არ გაანადგურებდა.
 
1395 წლის გაზაფხულზე თემური დარუბანდის გზით ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდა. თოხთამიშიც მომზადებული დახვდა. ბრძოლა მდინარე თერგის პირას გაიმართა. აქაც თემურმა გაიმარჯვა. გადაწვა და სრულად გაანადგურა ოქროს ურდოს დედაქალაქი სარაი-ბერქე და სხვა ბევრი ქალაქი, ამის შემდეგ კი უკან დაბრუნებულმა დალაშქრა ჩრდილოეთ კავკასიის მრავალრიცხოვანი ხალხები, რომელთაც მჭიდრო კულტურული და სამხედრო კავშირი ჰქონდათ საქართველოსთან, დაანგრია ჩრდილოეთ კავკასიელების ქრისტიანული ტაძრები და ძალით მიაღებინა ისლამი.
 
თემური დერბენდის გავლით შარვანში მივიდა და იქ დაბანაკდა. მან ირანი და მისი მიმდებარე ქვეყნები, რომელთა შორის საქართველოც იგულისხმებოდა, თავის ვაჟს - მირანშაჰს დაუმტკიცა. 1397 წელს თემური სამარყანდში დაბრუნდა და დაიწყო მზადება ინდოეთში გასალაშქრებლად.
 
თემურ ლენგის V ლაშქრობა საქართველოში
 
ლაშქრობა მოეწყო 1399 წლის შემოდგომაზე. მიმდინარეობდა ძირითადად ჰერეთისა და კახეთის ტერიტორიაზე. 1398 წელს თემურ ლენგი ინდოეთთან ომით იყო დაკავებული. ამით ისარგებლეს ამიერკავკასიის ხალხებმა და აჯანყდნენ. გიორგი მეფემ (1393-1407) კავშირი დაამყარა ჯალაირიანთა დინასტიის წარმომადგენლებთან, რომელნიც ჯერ კიდევ აგრძელებდნენ ბრძოლას თემურის წინააღმდეგ. ჯალაირიანთა ერთ-ერთი ბატონიშვილი - თაჰერი, ნახჭევანში, ალინჯის ციხეში იყო ალყაშემორტმული უკვე 10 წლის განმავლობაში. უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილმა მეციხოვნეებმა მეფე გიორგის სთხოვეს დახმარება. გიორგი მეფეს სთხოვა ასევე დახმარება აჯანყებულმა შაქის მმართველმა - სიიდი ალიმაც.
 
გიორგიმ ქართველთა ლაშქარი შემოიკრიბა. ჩრდილოეთ კავკასიელებიც მოიშველია და სიიდი ალისთან ერთად ალინჯის ციხეს შეუტია. გიორგი მეფემ მოალყეები დაამარცხა და განდევნა. ციხე ახალი მოლაშქრეებით და იარაღით გააძლიერა და სურსათ-სანოვაგით მოამარაგა. თაჰერი საქართველოში წამოიყვანეს. უკან გამობრუნებულებს მირანშაჰის მიერ გამოგზავნილი ლაშქარი შემოეყარათ. ქართველებმა ისინიც დაამარცხეს (სიიდი ალი ამ ბრძოლაში დაიღუპა).
 
ამიერკავკასიის აჯანყების შესახებ ცნობა თემურს ინდოეთშივე მიუვიდა. 1399 წელს უკვე სამარყანდში დაბრუნდა და დაიწყო მზადება შვიდწლიანი ლაშქრობის მოსაწყობად. ამ ლაშქრობის მიზანი გახლდათ საქართველოს საბოლოო დაპყრობა და გამუსლიმება ან განადგურება - სრული გენოციდი!
 
შუა აზიიდან წამოსული თემურ ლენგი 1399 წლის ბოლოს მოვიდა ამიერკავკასიაში და ყარაბაღის ველზე დაბანაკდა. აქ მას ეახლა შირვანშაჰი იბრაჰიმი და შაქის მმართველი სიიდი აჰმედი, რომელსაც აპატია მამამისის აჯანყება. შაქის მმართველად დაამატკიცა და ორივეს საქართველოს წინააღმდეგ ომში მონაწილეობა უბრძანა.
 
თემურმა თავისი ლაშქრის ყოველი ათეულიდან 3 რჩეული მებრძოლი გამოიყვანა და ასე შეადგინა 100, 000-იანი არმია. რომელთაც უბრძანა 10 დღის საგზლის წაღება. მათ მიემატა შარვანის და შაქის ჯარებიც. ეს უდიდესი ლაშქარი კახეთ-ჰერეთს დააცხრა თავს. ამ ადგილს სპარსულ წყაროებში ხიმშიას ხევი ეწოდება. ამ ლაშქრობის მიზანი იყო ნადავლის და საკვების მოპოვება თავისი უზარმაზარი, მრავალასეულათასიანი არმიისთვის. მათი გამოკვებისთვის მთელი ორი ქართული რეგიონის სრულად გაძარცვა გახდა საჭირო.
 
თემურის ლაშქარი ჰერეთში შეიჭრა ტყიანი გზით. ჯარისკაცები ცულებით იკაფავდნენ გზას. 20 დღის განმავლობაში განუწყვეტლივ თოვდა. მიუხედავად ასეთი ვითარებისა, ხიმშიას ლაშქარი მედგარ წინააღმდეგობას უწევდა მტერს. ბრძოლა ერთი თვე გაგრძელდა. თემურის მოლაშქრეები ძარცვავდნენ და ანადგურებდნენ ყველაფერ ცოცხალს და არაცოცხალს, ჩეხავდნენ ხეხილს, ვენახებს, კაკლის ხეებს. ბოლოს, დიდთოვლობაში საქონლის საკვების სიმცირის გამო იძულებულნი გახნდნენ შეეწყვიტათ ლაშქრობა და უკან დაბრუნებულიყვნენ. მტრის ჯარმა ჰერეთიდან დიდძალი ქონება გამოიტანა. განსაკუთრებით ბევრი იყო ცხვრის ფარები და საქონლის ჯოგები. აგრეთვე საკვები პროდუქტები. ჰერეთიდან გამოსული ლაშქარი ყარაბაღში შეუერთდა მთავარ ბანაკს. თემურმა საქართველოში ახალი, მეექვსე ლაშქრობისთვის დაიწყო მზადება...
 
თემურ ლენგის VI ლაშქრობა საქართველოში
 
ლაშქრობა მიმდინარეობდა 1400 წლის გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში. ძირითადად ქართლის ტერიტორიაზე. 1399-1400 წლის ზამთარი თემურმა ყარაბაღში გაატარა. საკვების მომარაგებისა და ლაშქრის შევსების შემდეგ თემური 1400 წლის გაზაფხულზე საქართველოსკენ გამოემართა და საზღვართან დაბანაკდა. გიორგი მეფეს ელჩი გამოუგზავნა და მორჩილება და ბატონიშვილ თაჰერის გაცემა მოსთხოვა. წინაარმდეგ შემთხვევაში საქართველოს სრული აოხრებით იმუქრებოდა. სპარსული წყაროების მიხედვით გიორგი მეფემ მოციქულს უხეში პასუხი გასცა. ქართლის ცხოვრების გაგრძელების მიხედვით გიორგიმ ელჩს შემდეგი რამ განუცხადა:
 
"მე მეფისა შენისა უმცირესი არა ვარ. უკუეთუ არ აღასრულოს საქმე ეგე, იყოს დიაცი და არაკაცი."
 
გიორგის ამ ზედმეტად გაბედულმა პასუხმა უაღრესაც პატივმოყვარე თემური ძალიან განარისხა. ის მთელი თავისი უზარმაზარი ლაშქრით საქართველოში შემოიჭრა. ამჯერად მას სრულად და უეჭველად ჰქონდა გადაწყვეტილი საქართველოს სრული განადგურება.
 
გიორგი მეფესაც დიდი სამზადისი ჰქონდა ჩატარებული. მობილიზებული იყო "ყოველი საქართველო." დამხმარე ჯარი გადმოიყვანეს ჩრდილოეთ კავკასიიდანაც. თემური და გიორგი გოგჩის ტბასთან შეებნენ ერთმანეთს. ქართველთა ლაშქარს უკეთესი პოზიცია ეჭირა. ქარიანი დღე იყო და მტერს პირდაპირ სახეში აყრიდა მტვერს. ქართველებმა პირველივე შეტევისას თითქმის მთლიანად ამოჟუჟეს მტრის მეწინავე რაზმი, თუმცა თემურის არმია დიდად სჭარბობდა ქართულს. მთელი დღის ბრზოლის შემდეგ მოღლილ ქართველებს საღამოს ახალი დიდი და დასვენებული ძალებით შემოუტია თემურმა. ქართველები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ და ქვემო ქართლის მთებში, ციხე-სიმაგრეებსა და გამოქვაბულებში გამაგრებულიყვნენ. თემურის მეომრები თოკებზე გამობმული კალათებით ეშვებოდნენ გამოქვაბულების წინ და ისრებით გამოქვაბულში ცეცხლმოკიდებულ ჩვრებს შეისროდნენ. ასე გამოიარეს ქვემო ქართლის მთიანი ნაწილი. შემდეგ თბილისს მოადგნენ და დიდი ბრზოლებით ისიც აიღეს. თემურს გიორგის შეპყრობა სურდა და ყველაფერს აკეთებდა ამისთვის. მან სპეციალური რაზმები დაადევნა გიორგის. გიორგი კი თავის ამალასთან ერთად ბრზოლით უკან იხევდა, მოწინაარმდეგეები ისე ახლო-ახლოს იბრძოდნენ ერთმანეთთან, რომ გიორგის ამალის ზოგიერთი წევრი ტყვედაც კი ჩაიგდეს მონღოლებმა.
 
გზადაგზა მტერი ანადგურებდა ქრისტიანულ ტაძრებს, საცხოვრებელ სახლებს, საფორტიფიკაციო ნაგებობებს, ციხე-სიმაგრეებს, ნათესებს, ხეხილის ბაღებს, ასე გავლეს მთელი მუხრანი და მისი მიდამოები.
 
შემდეგ ქსნის მიდამოებში შეიჭრნენ. ქსნის ერისთავი ვირშელი ნახჭევანის ლაშქრობის მონაწილე გახლდათ. როგორც ჩანს იქიდან წამოყვანილი ტყვეები ქსნის ხეობაშიც ყოფილან. თემურის ქსნის საერისთავოში შეჭრის ერთ-ერთი მიზანი მათი გათავისუფლებაც იყო. ვირშელი ქნოღოს ციხეში გამაგრდა და დიდი წინააღმდეგობაც გაუწია მომხდურებს. მტერმა ვიწყო ხეობაში დიდი ლაშქრის გაშლა ვერ მოახერხა და იძულებული გახდა უკან გამობრუნებულიყო.თუმცა ქსნის ხეობას ძალზე დიდი ზარალი მიაყენა. ქსნის ხეობის შემდეგმონღოლები ქართლშიც შეიჭრნენ. ქართლის მთავარი ჯანიბეგი დიდ წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა დამორჩილებოდა, თუმცა მისი სამფლობელო მაინც ვერ გადაურჩა აოხრებას. აღსანიშნავია, რომ ჯანიბეგის სამფლობელოშც ყოფილა ნახიჭევანიდან წამოყვანილი მუსლიმი ტყვეები.
 
შემდეგი დიდი ბრძოლა გაიმართა გორის ციხესთან. ქართველთა წინაარმდეგობის მიუხედავად თემურმა ციხე მაინც აიღო. გიორგი მეფე კვლავ ბრძოლით იხევდა უკან. თემური კი გზად ყველაფერს ანადგურებდა. 7 დღის განმავლობაში იცავდნენ ქართველები კარგად გამაგრებულ ძამის ციხეს, რის შემდეგაც გიორგი მეფე იძულებული გახდა ციხე დაეტოვებინა. ალყა გაარღვია და დასავლეთისკენ დაიხია. თემურის ჯარმა იქაურობა ააოხრა და მშვიდობიანი მოსახლეობა უმოწყალოდ გაჟლიტა. ბოლო ბრძოლა გიორგიმ ლიხის ქედის მიდამოებში გაუმართა მტერს. შემდეგ კი ის იძულებული გახდა დასავლეთ საქართველოსთვის შეეფარებინა თავი. თემურმა დასავლეთ საქართველოში გადასვლა ვერ გაბედა.
 
ამის შემდეგ თემური სამცხეს შეესია, გაძარცვა და ააოხრა. ტყვეებიც მრავლად აიყვანეს. იქიდან თრიალეთის გავლით, თეძმის ხეობაში ჩავიდნენ და იქაურობაც ააოხრეს და გაძარცვეს. მათ შორის რკონის მონასტერიც. შემდეგ დაარბიეს ქვათახევის მიდამოებიც, მონასერს კი ცეცხლი წაუკიდეს და იქ შეფარებული ადამიანები, მათ შორის ბერ-მონაზვნები ცოცხლად გამოწვეს. ამის შემდეგ შევიდნენ მცხეთაში და სვეტიცხოველი გაძარცვეს და დაანგრიეს!
 
დიდი ბრძოლები გაიმართა არაგვის ხეობაშიც. არაგვის მოსახლეობამ დიდი ზარალი განიცადა. აქედან თემურ ლენგი სამხრეთით, კოლის მინდორზე დაბანაკდა.
 
1400 წლისლაშქრობა, რომელიც მთელი ამ წლის გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა, ყველაზე ხანგრძლივი და უსასტიკესი იყო. დაანგრიეს, გაძარცვეს და გადაწვეს უამრავი ქართული ქალაქი და სოფელი, ციხე-სიმაგრე და ეკლესია-მონასტერი. ყანები და ხილის ბაღები. მოახდინეს ქართველი ხალხის გენოციდი და ეთნიკური წმენდა. მარტო ტყვედ წაიყვანეს 60, 000 ადამიანი, ხოლო ამოხოცეს ამაზე ბევრად მეტი. ყოველივე ეს თემურის ისტორიკოსების თქმით იმიტომ მოხდა, რომ გიორგი მეფემ ნახჭევანში ალინჯას ციხის მოალყე თათრები დახოცა ციხეში გამომწყვდეული ბატონიშვილი თაჰერი გამოიყვანა და თემურის მოთხოვნის მიუხედავად, არ გადასცა მას.
 
თემურ ლენგის VII ლაშქრობა საქართველოში
 
ლაშქრობა მოეწყო 1401 წელს. საქართველოდან თემურის წასვლის შემდეგ გიორგი მეფე დასავლეთიდა აღმოსავლეთ საქათველოში გადმოვიდა და შინაური საქმეების მოწესრიგებას შეუდგა. გიორგიმ და ვირშელ ქსნის ერისთავმა დალაშქრეს და დასაჯეს დვალები, რომლებმაც ისარგებლეს თემურის შემოსევებით და ქსნის ხეობა დაარბიეს და გაძარცვეს. 1401 წელს თემურის ჯარებმა როგორც იქნა 10 წლის ალყის შემდეგ აიღეს ნახჭევანში მდებარე ალინჯას ციხე. იმავე წელს თემური აღმოსავლეთ საქართველოს საზღვრებს მოადგა და შამქორში დაბანაკდა.
 
შამქორში თემურს ეახლა კონსტანტინე ბატონიშვილი - გიორგი მეშვიდის ელჩი, დიდი საჩუქრებით და მეფის სახელით ზავი შესთავაზა. თემური ოსმალეთის წინააღმდეგ ომისთვის ემზადებოდა და ამიტომ ზავი მისთვის სასურველი გახლდათ. ზავის პირობის მიხედვით საქართველო კისრულობდა ხარკს. ჯარის გარკვეული რაოდენობის გამოყვანას, ქართველებს არ უნდა შეევიწროებინათ მუსლიმები და სხვა. სამაგიეროდ თემური უსაფრთხოებას აღუთქვამდა საქართველოს. ზავი დაიდო 1401 წლის სექტემბერში. თემური გამოსაზამთრებლად ყარაბაღში დადგა. გაზაფხულზე თემურის დიდი ლაშქარი ოსმალეთისკენ გაემგზავრა. გზად თორთუმის ციხეს მიადგა, რომელშიც 200-მდე ქართველი მეციხოვნე იყო გამაგრებული. 5 დღის ბრზოლის შემდეგ აიღო და ეს ციხე დაანგრია. მეციხოვნეები კი ბოლო კაცამდე გაწყვიტა.
 
თემურ ლენგის VIII ლაშქრობა საქართველოში
 
ეს ლაშქრობა მიმდინარეობდა 1403 წლის განმავლობაში. 1402 წლის 28 ივლისს ანგორასთან თემურმა სასტიკად დაამარცხა ოსმალეთის სულთანი ბაიეზიდ I და ტყვედ იგდო იგი. დაარბია ოსმალეთის ქალაქები. ოსმალთა სახელმწიფო გაყო 4 ნაწილად და ბაიეზიდის შვილებს დაუნაწილა. ოსმალეთის საკითხისმოგვარების შემდგომ თემურმა კვლავ საქართველოსთვის მოიცალა. 1403 წლის გაზაფხულზე თემური საქართველოსკენ გამოემართა და ყარსში დაბანაკდა. ამ ლაშქრობის მიზეზად თემურის ისტორიკოსს, ნიზამ ად-დინ შამის დასახელებული აქვს 1401 წლის ზავის შეუსრულებლობა. თემურმა თავის მორჩილ ვასალს, შარვანშაჰ შეიხ იბრაჰიმს დაავალა აღმოსავლეთიდან შესეოდა საქართველოს. ასეთ ვითარებაში გიორგი VII-მ კვლავ მოლაპარაკებით სცადა შემოსევის თავიდან აცილება. ელჩად თავისი ძმა, კონსტანტინე გააგზავნა სათანადო საჩუქრებით, მაგრამ თემურმა მოლაპარაკება არ ისურვა და არც საჩუქრები მიიღო. მეფეს კი ბერი ეგნატაშვილის სიტყვებით შემოუთვალა:
 
"უკეთუ გინდა წაუხდენლობა ქვეყნისა ამის, მოდი ჩემთანა, გათათრდი, და თუ გათათრდები, არც გთხოვ ხარკსა. და უკეთუ არ გათათრდები, დაიდევ ხარკი ჩემი. და მოგცემ ქვეყანასა მაგას და როგორც განუტევე შვილი კეისრისა, ეგრეთვე შენცა არას გავნებ და განგიტევებ მშვიდობით, რამეთუ იგიცა შენის სჯულისა იყო."
 
გიორგი მეფე დროის გაყვანას ცდილობდა, რომ ხალხს მოსავლის აღება-დაბინავება მოესწრო. თემურმა არ დააცადა, სწრაფად შემოიჭრა საქართველოში. ქვემო ქართლში შევიდა და ალგეთის ხეობაში მდებარე ბირთვისის ციხეს შემოარტყა ალყა. ბირთვისის ციხე 75-მეტრიან მაღალ ციცაბო კლდეზე იყო აგებული. კარგად გამაგრებულ ციხეს იცავდა ციხისთავი, "30 დიდებულნი და სხუანი აზნაურნი და მსახურნი". ციხე კარგად იყო გამაგრებული საკვებით, წყლით და ღვინით. ამ ციხის ასაღებად ბრძოლას თვით თემური ხელმძღვანელობდა.
 
ციხის ახლოს მაღალი სამეთვალყურეო კოშკი ააგეს. ციხეს კედლის სანგრევი მანქანები მიუყენეს და ლოდებს უშენდნენ. ციხის მიუვალობაში დაიმედბულმა მეციხოვნეებმა საჭირო სიფრთხილე ვერ გამოიჩინეს. ამით ისარგებლეს მოალყეებმა და ღამით, როცა ჯარის მიერ ხელოვნურად ატეხილი ხმაურით დაღლილმა ქართველმა მეციხოვნეებმა ჩაიძინეს, ციცაბო კლდეზე თემურის მეციხოვნეები ავიდნენ და თოკის კიბე აიტანეს. კიბით 33 მებრძოლი გადავიდა ციხეში. მათ შეძლეს ციხის გალავნის კარის გაღება, რომელშიც მოალყეები შეცვივდნენ. ქართველები ბოლომდე იბრძოდნენ, მაგრამ მტრის სიმრავლემ სძლია. უმეტესობა ბრძოლაში დაიღუპა. ციხისთავი და რამდენიმე დიდებული ტყვედ შეიპყრო მტერმა და თავები მოჰკვეთა. ციხისთავის ცოლი, თემურის ბრძანებით შარვანშაჰს აჩუქეს. თემურმა ბირთვისი და მისი მიდამოები ერთერთ თავის სარდალს გადასცა და დაავალა იქაურობის ქრისტიანთაგან გაწმენდა. ეს მოხდა 1403 წლის 12 აგვისტოს.
 
ბრძოლის დამთავრების შემდგომ თემურმა ყურულთაი მოიწვია, რომელშიც დასავლეთ საქართველოში ლაშქრობა დაადგინეს. თემურმა გადაწყვიტა საბოლოოდ მოეთხარა საქართველო და მის უკიდურეს დასავლეთ საზღვრამდე მისულიყო. იმერეთში გადასავლელი გზები მთიანი და ტყით დაფარული იყო. მოსახლეობის დიდი წინაარმდეგობის პირობებში მტრის ლაშქარი ნელა მიიწევდა წინ. გზადაგზა მათ გაანადგურეს მრავალი ქართული სოფელი, ეკლესია-მონასტერი, ბაღ-ვენახები, ფორტიფიკაციები და სხვა. სულ 700-მდე ობიექტი.
 
იმერეთში სექტემბერში დაწყებული ლაშქრობა დეკემბრამდე გაგრძელდა. მნიშვნელოვანი ზარალი მოსდიოდა თემურის ლაშქარსაც. ამას ემატებოდა მოლაშქრეთა და სარდალთა უკმაყოფილება გაუთავებელი ლაშქრობებით. მოსალოდნელი იყო იმერეთში გადასასვლელი გზების ჩაკეტვაც. ყოველივე ამის გათვალისწინებით თემური იძულებული გახდა 12 დეკემბრეს ბრძოლა შეეწყვიტა. ამ დროს "ძეგლი ერისთავთა"-ს ავტორის ცნობით: "ლაშქარი მათი ქუთათისამდე იყო მიწევნილი."
 
თემურ ლენგი ფაქტობრივად თვითონ გამოვიდა ზავის დადების ინიციატორი. მან თავის ბანაკში ტყვედ ჩავარდნილ ქართველ სარდლებს აგრძნობინა, რომ გიორგი მეფის თხოვნის შემთხვევაში არ იქნებოდა დაზავების წინააღმდეგი. ამ ცნობის მიღების შემდგომ გიორგი მეფემ ელჩები გააგზავნა თემურთან, ისევ დიდი საჩუქრებით. ეს იყო თემურის სახელზე მოჭრილი ათასი ოქროს ფული, 1000 ცხენი, ძვირფასი ქსოვილები, ოქროს, ვერცხლისა და ბროლის ფიალები, თვრამეტმისხლიანი მანათობელი ლალი და ბევრი სხვა. დაიდო ზავი, რომლის თანახმადაც გიორგი მეფე კისრულობდა ხარკის გადახდას და მაშველი ჯარის გამოყვანას. რაც შეეხება თემურის ადრინდელ კატეგორიულ მოთხოვნას, რომ გიორგი მეფე თავად უნდა გამოცხადებულიყო თემურთან და მორჩილება აღეთქვა, ახლა ამაზე საუბარი აღარ ყოფილა. ეს ზედმეტად პატივმოყვარე თემურისთვის უსიამოვნო ვითარება გახლდათ, მაგრამ ის იძულებული გახდა ამას შეგუებოდა. მან დაინახა, რომ დასავლეთ საქართველოს სახით, საქართველოს ჰქონდა ამოუძირკვავი ფესვი გადგმული და მისი მორევა მის უსასტიკეს ძალასაც კი აღემატებოდა.
 
ზავის დადების შემდეგ თემური თავისი ლაშქრით იმერეთიდან გადმოვიდა და აღმოსავლეთისკენ გაემართა. გზად, მიუხედავად უკვე დადებული ზავისა, თბილისი და მისი მიდამოები დაარბია. საბოლოოდ კი ყარაბაღის გავლით სამარყანდისკენ გაემართა.
 
მიდიოდა დიდი ხეიბარი საქართველოდან, მიდიოდა უკანასკნელად მოსული და სამუდამოდ ფეხამოკვეთილი. მიდიოდა მძიმე საფიქრალით და ეჭვებით დატვირთული ლენგი. ნუთუ მართლა დაიპყრო ის, რაც დაიპყრო?
 
8 თვეში ინდოეთის დამპყრობელი თემური, 17 წელია ებრძვის უზარმაზარი აზიური ურდოებით პატარა საქართველოს, 17 წელი!!!
თბილისი
მერიის შეტყობინება - ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების რეაბილიტაციის გამო, მიმდინარე სამუშაოებით გამოწვეული საგზაო ცვლილებების შესახებ
საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური ვაკის რაიონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 მაისიდან, ოთხი თვის განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომობილების მოძრაობა შეზღუდული იქნება.
სამუშაოები მიმდინარეობს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან, წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე.
რაც შეეხება საგზაო მოძრაობის შეზღუდვას, ტრანსპორტის გადაადგილება სრულად აიკრძალა ვაკის სასაფლაოდან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომდე არსებულ მონაკვეთზე.
შეზღუდვის პერიოდში გიორგი წერეთლის ქუჩა გახდა ცალმხრივი.
თამარაშვილის გამზირიდან მოძრაობა დაშვებულია ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩის მიმართულებით, გიორგი წერეთლის ქუჩის გავლით.
ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები სარგებლობენ ვაკის პარკის მიმდებარედ არსებული მოსაბრუნებელი გზით და მარცხნივ მოხვევით ხვდებიან თამარაშვილის გამზირზე.
ილია ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელია თამარაშვილის გამზირის, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების ახალი ხიდის გავლით, ხოლო წყნეთისა და ბაგების მხრიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით ავტომობილები მოძრაობენ ბაგების ახალი ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის გამზირის გავლით.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში შემდეგი სიახლეა:
ილია ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბის ასახვევის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები - N309, N351, ასევე მიკროავტობუსები - N512, N540 იმოძრავებენ მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და გიორგი წერეთლის ქუჩის გავლით (უკუმიმართულებით მარშრუტი არ იცვლება).
მიხეილ თამარაშვილის გამზირიდან კუს ტბის ასახვევის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი N358 იმოძრავებს გიორგი წერეთლის ქუჩის გავლით და აღარ გაჩერდება „ვაკის პარკთან“ (უკუმიმართულებით მარშრუტი უცვლელია).
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.