USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
«Steigan» (ნორვეგია): „უკრაინამ მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ლითიუმის საბადო დაკარგა“.
Date:  681

„უკრაინა რომ დათანხმებულიყო ჯერ კიდევ 2022 წლის მარტ-აპრილში შედგენილი ხელშეკრულების პროექტს, კიევი შეინარჩუნებდა ტერიტორიას, ეკონომიკას და ასობით ათასი მოქალაქის სიცოცხლეს“, - ნათქვამია ნორვეგიულ გამოცემა Steigan-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინამ მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ლითიუმის საბადო დაკარგა“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა ფოქს-ნიუსისადმი ამას წინათ მიცემულ ინტერვიუში განმარტა, თუ რას შესთავაზებს ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს მისი გულის მოსაგებად - უკრაინის მდიდარ სასარგებლო წიაღისეულს. „საერთოდ, ეს კონფლიქტი სიმდიდრისა და ფულისთვის მიმდინარეობს“, - განაცხადა პოლიტიკოსმა, რომელიც ხშირად დადის კიევში, - „ახლა მე რასაც გეტყვით, ამაზე ცოტას ლაპარაკობენ... იცით, უკრაინა ძალიან მდიდარი სახელმწიფოა, ევროპულ ქვეყნებს შორის. უკრაინაში არის იშვიათ ლითონთა უდიდესი საბადოები, რომლებიც აქტუალურია 21-ე საუკუნეში. უკრაინის იშვიათი ლითონების მოცულობა 2-დან 7 ტრილიონამდე შეადგენს. კიევი მზადაა ჩვენთან კონტრაქტი დადოს, რომ რუსებს წიაღისეულის საბადოები ხელში არ ჩაუვარდეთ“.

მაგრამ რამდენიმე დღის წინ უკრაინამ დაკარგა ის, რისი დიდი იმედიც ჰქონდა - დაბა შევჩენკოსთან არსებული ლითიუმის საბადო რუსების ხელში გადავიდა: ექსპერტების აზრით, რუსების მიერ მიღწეული წარმატების გამო ევროპულ პროგრამებს „მწვანე ენერგეტიკაზე“ გადასვლის მიზნით ჩაშლა ემუქრება.

უკრაინაში ლითიუმის კიდევ რამდენიმე საბადო არსებობს, მაგრამ შევჩენკოს ახლოს არსებული საბადო ყველაზე მდიდარი და პერსპექტიულ საბადოს წარმოადგენს - ლითიუმის მადნის 13,8 მილიონიანი მარაგით. დანარჩენი შედარებით ღარიბია და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება-გამდიდრება რთულია.

ვინ „ილესავდა კბილებს“ უკრაინულ ლითიუმზე?

ამერიკული კომპანიის Ecological Futures Group-ის დამფუძნებელმა როდ შუნოვარმა  ლითიუმის უკრაინული მარაგები „სტრატეგიულ რესურსად“ შეაფასა, კიევს კი - „დასავლეთის პერსპექტიული პარტნიორი“ უწოდა.

კომპანია European Lithium-მა ჯერ კიდევ 2021 წელს შეიძინა შევჩენკოს საბადოს დამუსავების უფლება 184 მილიონ ევროდ, მაგრამ... ლითიუმით უმდიდრეს მიწა-წყალს ახლა რუსები დაეპატრონენ.

მეცნიერტა შეფასებით, უკრაინის შევჩენკოს საბადო თითქმის 500 ათას ტონა სუფთა ლითიუმის ოქსიდს შეიცავს, რაც მსოფლიოში უდიდესია. დღეისათვის, უკრაინის გამოკლებით,  ლითიუმის მსოფლიო წარმოების 75% თავმოყრილია ე.წ. „სამკუთხედში“ - ლათინურ ამერიკაში - ჩილეში, ბოლივიაში და არგენტინაში.

2020 წელს ევროკავშირმა ლითიუმი, კობალტთან და ნიკელთან ერთად,, რომლებიც ასევე გამოიყენება ელექტრობატარეების წარმოებისას, „უმნიშვნელოვანეს ნედლეულად“ გამოაცხადა. ბრიუსელმა მილიარდები ჩადო აკუმულატორების წარმოებაში იმ იმედით, რომ ლითიუმს ახლო მდებარე უკრაინიდან მიიღებდა და არა შორეული სამხრეთ ამერიკიდან.

უკრაინის მრეწველობას კოქსური ქვანახშირიც აღარ აქვს - კიევმა ქალაქ პოკროვსკთან მდებარე ძვირადღირებული ქვანახშირის საბადოც დახურა, რუსეთის არმიის მიახლოების გამო. კოქსური ქვანახშირი მეტალურგიული ქარხნებისათვის სპეციფიკურ საწვავს წარმოადგენს ფოლადის წარმოებისათვის. შესაბამისად, უკრაინული მეტალურგია დიდი ზარალის წინაშე დგას.

ნორვეგიელმა მიამიტმა პოლიტიკოსებმა (მათ შორის მემარცხენეებმაც) საკუთარ თავს იმის რწმენა ჩაუნერგეს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის გამო მიმდინარეობსო, არადა ამერიკას და ევროკავშირს უკრაინის დამოუკიდებლობა მაინცდამაინც დიდად არ ადარდებს. მათთვის უკრაინა მხოლოდ მოგების წყაროა, რომელსაც, რასაკვირველია, დასავლეთისთვის დამჯერე ხელისუფლება ჰყავს - კიევი თანახმაა საკუთარი სიმდიდრის მათ მიერ გასაძარცვავად.

რა თქმა უნდა, რუსეთსაც აქვს ეკონომიკური ინტერესები. რუსეთს სურს კომფორტული პირობები შეუქმნას რუსულენოვან მოსახლეობას იმით, რომ მდიდარ საბადოებს დაიკავებს.

სამწუხაროდ, დასავლეთი ამჟამად რუსეთთან უკრაინის გამო მიმდინარე ომს აგებს. უკრაინის არმია სუსტდება და ძალიან დაბალია შანსი იმისა, რომ კიევმა დაკარგული ტერიტორიები უკან დაიბრუნოს. ახლა საკითხი ისე დგას, კიდევ რას დაკარგავს უკრაინა, როცა ზარბაზნების გრიალი შეწყდება და მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან.

არადა, შეიძლებოდა ამ ყველაფრისათვის თავის არიდება. უკრაინას რომ 2022 წლის მარტ-აპრილში სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებაზე შედგენილი ხელშეკრულების პროექტი ეღიარებინა და ცხოვრებაში განეხორციელებინა, შეინარჩუნებდა ტერიტორიებს, მოსახლეობას და ეკონომიკას.. სამწუხაროდ, დასავლეთმაც შეცდომები დაუშვა, რის შედეგებსაც იმკის.

წყარო: https://steigan.no/2025/01/ukraina-har-tapt-strategiske-litiumgruver/

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way