თბილისის მერიის ინფორმაციით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში დაგეგმილია „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკის განახლება, დიდი ლილოს ნაგავსაყრელის მოდერნიზაცია და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამით“ გათვალისწინებული პროექტების განხორციელება.
დაგეგმილი პროექტების შესახებ დღეს ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ისაუბრა.
„თბილსერვის ჯგუფი“ არის სამსახური, რომელიც 24-საათიანი რეჟიმით ფუნქციონირებს და მუხლჩაუხრელად ემსახურება დედაქალაქს, რათა ის იყოს დასუფთავებული და მოწესრიგებული. 2026 წლის მარტამდე დაგეგმილია „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკის 24 ერთეული ახალი სპეცმანქანით შევსება. ასევე, დაგეგმილია ქალაქში არსებული მოძველებული გარე განათების სანათების LED სანათებით ჩანაცვლება, რაც ელექტროენერგიის ხარჯის 55%-იან ეკონომიას მოგვცემს. გარდა ამისა, ბელიაშვილის ქუჩაზე არსებულ გადამტვირთ სადგურს სრული რეაბილიტაცია უტარდება, სამუშაოები მომდევნო წლის დასაწყისში დასრულდება. ამასთანავე, შემუშავდა თბილისის ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების სტრატეგია და 5-წლიანი სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მისი თქმით, დიდი ლილოს ნაგავსაყრელზე მოეწყობა მასალების აღმდგენი და მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტები, ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობა; მოხდება უჯრედების საბოლოო გადაფარვა და გაზშემკრები სისტემის მოწყობა.
რაც შეეხება გამგეობებს, ბენდელიანის თქმით, დედაქალაქის მასშტაბით 10 რაიონის გამგეობაა, რომლებიც 24-საათიანი რეჟიმით ახორციელებენ მოსახლეობასთან კომუნიკაციას.
„ათივე გამგეობის მიერ უდიდესი მოცულობის სამუშაოებია ჩატარებული გასული რვა წლის განმავლობაში. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც გვაქვს ამბიციური გეგმები. კერძოდ, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამით“ გათვალისწინებული პროექტები ქალაქის ბიუჯეტიდან 250 000 000 ლარით დაფინანსდება; მოეწყობა გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლები; შიდა რაიონულ გზებზე მოეწყობა ახალი სანიაღვრე ქსელები და საკანალიზაციო სისტემები. გარდა ამისა, თბილისის მასშტაბით, 10-ვე რაიონში იგეგმება სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობა/რეაბილიტაცია“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/