USD 2.7545
EUR 3.1363
RUB 3.3460
Тбилиси
თბილისთან ახლოს ახალი აეროპორტის აშენებას აზრი არა აქვს
дата:  1102

საქართველოს მთავრობას თბილისთან ახლოს ახალი აეროპორტის აშენება სურს. ამ პროექტის მიმართ მთავრობის ინტერესის შესახებ პრემიერ მინისტრმა 3 აპრილის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

რა საჭიროება დგას ახალი აეროპორტის აშენების, როცა თბილისში საერთაშორისო დონის აეროპორტი უკვე გვაქვს, ამაზე დამატებით განმარტებები ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სამხრეთ კორეაში აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე ყოფნის დროს გააკეთა.

მინისტრის თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განვითარების მაქსიმალურ პარამეტრს უახლოვდება, რის გამოც აუცილებელია ქვეყანას ავიაციის სექტორის გრძელვადიანი განვითარებისთვის კიდევ ერთი ალტერნატიული აეროპორტი გააჩნდეს.

საქართველოს მთავრობასა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორ TAV Georgia-სთან არსებული ხელშეკრულების მიხედვით, თბილისის გარშემო, კერძოდ, აეროპორტის 200 კილომეტრის რადიუსში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ამჟამად შეზღუდულია. აღნიშნული ხელშეკრულება 2027 წლამდეა მოქმედი.

ნიშნავს თუ არა ლაშა ხუციშვილის ეს განცხადება ახალი აეროპორტის მშენებლობის შესახებ იმას, რომ 2027 წლიდან TAV-თან არსებულ ხელშეკრულებაში პირობები შეიცვლება?

მინისტრის განცხადებით ეს დათქმა ხელშეკრულებაში აღარ იქნება, რადგან მისი შეფასებით, ეს საკმაოდ მძიმე შეზღუდვაა.

ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორია განიხილება.

ავიაციის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი დედაქალაქთან ახლოს ორი საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტის არსებობის მიზანშეწონილობას ვერ ხედავს.

“თბილისს რამდენად სჭირდება მეორე აეროპორტი, თან ისეთ სიახლოვეში რაზეც არის საუბარი, ცოტა უცნაურია, რადგან იქნება კი ამხელა მგზავრთნაკადი?!

მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ თუ მოხდება ახალი აეროპორტის აშენება, იმდენი ხანი აშენდება, რომ 2027 წლისთვის, როდესაც ტავს დაუსრულდება თავისი მოღვაწეობის პერიოდი, უკვე ის მეორე აეროპორტი იქნება“,-აცხადებს ნიკა მანჯგალაძე.

ის, რომ თბილისში არსებულ აეროპორტს სჭირდება გაფართოება, რომ გაცილებით მეტ მგზავრს მოემსახუროს და მოემსახუროს მათ შორის ტრანზიტულ რეისებს, ამის საჭიროებას ხედავს ავიაციის ექსპერტი იასე ზაუტაშვილი, თუმცა ის თვლის, რომ ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია არსებული აეროპორტის მოდერნიზებით, რადგან ქალაქთან ახლოს, ორი აეროპორტის არსებობა მისი შეფასებით, გამართლებული არ არის.

„ვაზიანის ტერიტორია მისაღებია, იქ არის სამხედრო აეროდრომი, შესაძლებელია ახალი აეროპორტის მშენებლობა, თუმცა მე რომ მკითხოთ, თბილისის აეროპორტიც თავისუფლად პასუხობს იმ სტანდარტებს, რომ მოხდეს არსებული აეროპორტის  მოდიფიცირება და დახვეწა, იგივე მესამე ასაფრენი ზოლის დამატება, რომელიც მისცემს საშუალებას აქ გაკეთდეს უფრო დახვეწილი აეროპორტი, თანამედროვე სტანდარტების, ვიდრე დღეს არის. წარმოიდგინეთ 15 კილომეტრის რადიუსში ორი აეროპორტის არსებობა, ცოტა აზრს კარგავს“,-აცხადებს იასე ზაუტაშვილი.

 “ტავ ჯორჯია” ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. ამ დრომდე კომპანიას საქართველოში რამდენიმე ასეული დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა მოფრენის ახალი ტერმინალი.

культура
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати