ზონალურ-საათობრივი პარკირება 1-ელი ოქტომბრიდან დამატებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 1-ელი ოქტომბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება შემდეგ ქუჩებზე ამოქმედდება: ჩუღურეთის რაიონში - ივანე ჯავახიშვილის ქუჩა, ზაარბრიუკენის მოედანი, ნინოშვილისა და უზნაძის ქუჩები და მიმდებარე ტერიტორია; მთაწმინდის რაიონში - ლაპიაშვილის ქუჩა, ჭოველიძისა და ჯანაშიას ქუჩები და მიმდებარე ტერიტორია; ვაკის რაიონში - კუს ტბის ასახვევის მიმდებარე ტერიტორია.
ამასთან, როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლების, შშმ პირების, ელექტრომობილების მფლობელებისა და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის.
„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ავამოქმედეთ და გვინდა, ეტაპობრივად ყველა რაიონში, ყველა ქუჩაზე დაინერგოს. ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში პარკირება უფასოა წინასწარ რეგისტრირებული ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, შშმ პირებისთვის, ელექტროავტომობილის მფლობელებისა და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის. სხვა შემთხვევაში, სტანდარტული ტარიფის ღირებულება უცვლელია და შეადგენს ერთ ლარს ერთი საათის განმავლობაში. ასევე, შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს შეუძლია, დღე-ღამის განმავლობაში, ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე პირველი 15 წუთით ისარგებლოს უფასოდ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, ადგილობრივი მცხოვრებლები ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციის გავლას და სხვა საჭირო ინფორმაციის მიღებას საინფორმაციო ჯიხურებში პირველი სექტემბრიდან შეძლებენ.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/