USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
თბილისი
თბილისსა და ტაშკენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თარიღი:  320

უზბეკეთში ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ტაშკენტის მერმა, ჯახონგირ არტიკხოჯაევმა დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მერების შეხვედრა ტაშკენტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა საქართველო-უზბეკეთის ურთიერთობები განიხილეს და დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის  პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას, რისი დასტურიც არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი უზბეკეთში. გამოითქვა იმედი, რომ მსგავსი მაღალი დონის ვიზიტები ხელს შეუწყობს  ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

კახა კალაძის თქმით, თბილისი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ტაშკენტთან თანამშრომლობის განვითარებას, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში. მანვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ტაშკენტის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა შოთა რუსთაველის სახელს ატარებს, სადაც ასევე, მდებარეობს შოთა რუსთაველის ძეგლი.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს შესაძლებლობებზე, რასაც თბილისსა და ტაშკენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იძლევა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მერებმა ხელი მოაწერეს თბილისსა და ტაშკენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.

„გვქონდა შესაძლებლობა, რომ ტაშკენტის მერთან ერთად, ხელი მოგვეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, გვექნება შესაძლებლობა, სხვადასხვა მიმართულებით ვითანამშრომლოთ, რაც ძალიან დიდი შესაძლებლობაა, თბილისსა და ტაშკენტს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ, კიდევ უფრო საინტერესო და მეგობრული გავხადოთ. მისასალმებელია ისიც, რომ უკვე პირდაპირი ფრენებია დანიშნული - კვირაში ორჯერ არის შესაძლებელი, როგორც თბილისში, ასევე, ტაშკენტში ჩამოსვლა, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული მიმართულების განვითარებას. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეხსნა შოთა რუსთაველის რეაბილიტირებული ძეგლი და მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ძალიან ლამაზია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო უზბეკეთში საქართველოს ელჩს, ზურაბ აბდუშელიშვილს ამ ყველაფრისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო და დიდი მადლობა უზბეკეთის წარმომადგენლობას მასპინძლობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, ტაშკენტისა და თბილისის მერებმა ტაშკენტის მერიის სიტუაციური ცენტრი დაათვალიერეს.

„დღეს ტაშკენტში ვმასპინძლობთ საქართველოს დელეგაციას, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. მეგობრული ურთიერთობა უზბეკეთსა და საქართველოს შორის ძალიან ახლოსაა. ჩვენი ერთობლივი ღონისძიება, რომელიც ტაშკენტსა და თბილისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას გულისხმობს, იმის დამადასტურებელია, რომ ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას განვაგრძობთ, რომელიც თავის მხრივ, ეკონომიკის, პოლიტიკისა და ჰუმანიტარული სფეროების განვითარებას მოიცავს. მოხარული ვარ, რომ ქართველი მეგობრები ჩვენთან ასე ახლოს არიან ტრადიციების, კულტურისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. ჩვენ ეკონომიკურ ურთიერთობას ახლო მომავალში კიდევ უფრო გავაღრმავებთ“, - განაცხადა ტაშკენტის მერმა.

თბილისსა და ტაშკენტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს აქტიურ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში - ეკონომიკის, ვაჭრობის, განათლების, მეცნიერების, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მიმართულებებით.

სპორტი
გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია - შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარდგა. მათგან ფინალურ ბლოკში ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ვიხილეთ. გრიგალაშვილმა ფინალში ფრანკ დე ვიტი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მესამედ მოიგო, ხოლო შავდათუაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა.

ტატომ ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ფრანგ ომარ ჯალოს სძლია, მესამე წრეში სერბეთის სახელით მოასპარეზე ისლამ სოგენოვი დამატებით დროში დაამარცხა, მეოთხედფინალში უნგრელ ატილა უნგვარს აჯობა, ნახევარფინალში კი იტალიელი ანტონიო ესპოსიტო დაამარცხა.

შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ხორვატ რობერტ კლაჩარს სძლია, შემდეგ ეტაპზე კი ფინეთის სახელით მოასპარეზე ტურპალ დუკაევს აჯობა. სამწუხაროდ, ლაშა მეოთხედფინალში შიდოებით დანიელ ლავრენტევთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ბულგარელ მარკ ჰრისტოვს სძლია.

შეგახსენებთ, ამ მომენტში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.