USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
Tbilisi
თბილისის საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა და საკუთარი შენიშვნებითა და რეკომენდაციებით დედაქალაქის მთავრობას დაუბრუნა
Date:  363

თბილისის საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა და საკუთარი შენიშვნებითა და რეკომენდაციებით დედაქალაქის მთავრობას დაუბრუნა. აღნიშნულ საკითხზე განხილვები  დარგობრივ კომისიებში გაიმართა. სწორედ, კომისიების რეკომენდაციების გათვალისწინებით, საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი დედაქალაქის მერიას უბრუნდება.

დედაქალაქის 2024 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის თანახმად, მომავალი წლის ბიუჯეტი  1 700,912.4 ათასი ლარით განისაზღვრა,  რაც მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით  68,779.8 ათასი ლარით მეტია.

 მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში თანხები შემდეგ პრიორიტეტებზე გადანაწილდა: განათლება - 246 047,1 ათასი ლარი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 154 685.2 ათასი ლარი; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა - 542 391,1 ათასი ლარი; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება - 223 111,1 ათასი ლარი; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 213 611,1 ათასი ლარი; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 1 879,5 ათასი ლარი; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 38 296,3 ათასი ლარი; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 35 534,7 ათასი ლარი; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 6 297,0 ათასი ლარი; თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები - 239 059,3 ათასი ლარი.

 თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა 2023 წლის ბიუჯეტშიც. აღნიშნული საკითხები საკრებულოს წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა, გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა.

 თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, „თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში  შესატანი ცვლილება დაამტკიცეს.  ცვლილება სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების ქვეპროგრამის წესს ეხება, რაც ელექტრონული მოდულის დანერგვამ განაპირობა. კერძოდ, მიმართვების ადმინისტრირების ელექტრონულ მოდულზე გადასვლით, გაჩნდა საჭიროება, დაზუსტებულიყო ქვეპროგრამის მოსარგებლეების კრიტერიუმები, ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი, მოსარგებლეების ქვეპროგრამაში ჩართვის პროცედურა, მიმწოდებელთან ანგარიშგება და ანაზღაურება, გაიწერა მოთხოვნის განხილვისა და დაფინანსების პროცედურები, კონტროლის განხორციელება და შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება.

 დღესვე, საკრებულოს წევრებმა ცვლილებები „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების” ; „თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების“; ასევე „თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებებშიც დაამტკიცეს.

გარდა ამისა,  ცვლილებები შევიდა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესშიც.

 საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, დეპუტატებმა სხვადასხვა მისამართებზე არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და იჯარის ფორმით გადაცემის საკითხები შეათანხმეს. რის შემდეგაც, საკრებულოს წევრებმა განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.

 საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები შეათანხმეს. რის შემდეგაც, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა შპს „ათორის“,  შპს ,,ცენტრ პოინტ ჯგუფის“, შპს „ტიფლისის“, შპს „გელოვანის“  და მათთან აფილირებული კომპანიების მიერ დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები წარადგინა.

 თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის  თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ კი დეპუტატებს თბილისში, სხვადასხვა ქუჩების სახელდების საკითხები გააცნო. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ვაკის რაიონში, რამაზ ჩხიკვაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერს მსახიობის გურამ ფირცხალავას სახელი მიენიჭება. სამგორის რაიონში, კობა აბზიანიძის ქუჩას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის სოსო ღვინიაშვილის სახელი ეწოდება. იმავე სამგორის რაიონში, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩის მონაკვეთს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის კობა აბზიანიძის სახელი მიენიჭება, ხოლო ჩუღურეთის რაიონში გიორგი ჩიტაიას ქუჩის მონაკვეთს და მასთან არსებულ უსახელო სკვერს ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის გია მოსეშვილის სახელი ეწოდება. ნაძალადევში, ანაპის 414 დივიზიის ქუჩასთან მდებარე  უსახელო ქუჩას  აკადემიკოს   გოჩა ჩოგოვაძის სახელი მიენიჭება.

 საბურთალოს რაიონში, ქოშიგორაზე, ნიკო ჭავჭავაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ერთ შესახვევს ქართველი ოფიცრის, დიმიტრი ჩრდილელის სახელი  ეწოდება. გარდა ამისა, საბურთალოს რაიონში, ლისის ქუჩის გაგრძელებას, მასთან მდებარე ორ უსახელო ქუჩას და ოთხ შესახვევს მაგნოლიის და აკაციის სახელები მიენიჭება. საკრებულოს წევრებმა მხარი სხვადასხვა ქუჩის გაგრძელებასაც დაუჭირეს.

tbilisi
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way