USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა - ალბათ, შეცდომებიც გვქონდა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ ნაკლები შეცდომა იყოს
Date:  371

ფღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც ქალაქის მერი კახა კალაძე უძღვებოდა.

ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები, ალბათ, შეცდომებიც გვქონდა, შეუცდომელი არავინ არ არის და არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ჩვენ განსაკუთრებული ადამიანები ვართ და შეცდომებს არ ვუშვებთ, ეს ასე არ არის - ვინც მუშაობს, ვინც აკეთებს ცხადია, შეცდომებიც არის, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ ნაკლები შეცდომები იყოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველას გვმართებს მოთმინება და იმ სირთულეების ერთად გადალახვა, რაც დედაქალაქში არსებობს.

„ჩვენ გვაქვს აბსოლუტური მზაობა იმისა, რომ 24-საათიან რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა და შრომა, რადგან ეს ყველაფერი პირველ რიგში სჭირდება ამ ქალაქში მცხოვრებლებს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ვისაც ჩვენი ქვეყანა, სამშობლო, ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი უყვარს, ახარებს ქალაქის გალამაზება, ყველას ახარებს ის განვითარება და აღმშენებლობა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ხდება დედაქალაქში. ცხადია, ამ ყველაფერს ახლავს გამოწვევები, დისკომფორტი, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველას გვმართებს მოთმინება, ერთად გადალახვა ამ სირთულეების და დარწმუნებული ვარ, ჩვენ საბოლოოდ იმ შედეგს მივიღებთ, რასაც ველოდებით და რაც გვინდა. გვინდა - უკეთესი ქალაქი, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გამწვანებული, გალამაზებული რეკრეაციული სივრცეები, რომ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა იცხოვრონ ეკოლოგიურად სუფთა, მოწესრიგებულ დედაქალაქში. პირადად მე, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მზად ვარ გავაგრძელო მუშაობა და გემსახუროთ თქვენ. ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები, ალბათ, შეცდომებიც გვქონდა, შეუცდომელი არავინ არ არის და არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ჩვენ განსაკუთრებული ადამიანები ვართ და შეცდომებს არ ვუშვებთ, ეს ასე არ არის, ვინც მუშაობს, ვინც აკეთებს ცხადია, შეცდომებიც არის, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ ნაკლები შეცდომები იყოს და განხორციელებული პროექტით იამაყოს ამ ქალაქში მცხოვრებმა ადამიანებმა", - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტი უპრეცედენტო მოცულობის - 1 მილიარდ 632 მილიონი ლარის ოდენობის იქნება.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით, მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად, 326 მლნ ლარით მეტი დაიხარჯება.

„საკრებულოს წინაშე წარვდექით, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ ჩავაბარეთ ანგარიში, თუ რა გავაკეთეთ 2022 წელს. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რასაც 2023 წელს გავაკეთებთ. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. მომავალი წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალი იქნება - მილიარდ 632 მილიონი ლარის ოდენობით. ამხელა ბიუჯეტი თბილისის მუნიციპალიტეტს არასდროს ჰქონია. 2017 წელს, როდესაც ჩემი მერობის პირველი ვადა დაიწყო, დედაქალაქის ბიუჯეტი 800 მლნ-ზე ცოტა მეტი იყო. 2022 წლის ბიუჯეტთან შედარებით კი, მომავალი წლის 326 მლნ ლარით მეტია. გარდა ამისა, მომდევნო წელს, მუნიციპალიტეტი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მოზიდული სახსრებით, ჯამურად, 166 მლნ ლარის ღირებულების პროექტებს განახორციელებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მომავალ წელს ყველაზე მეტი თანხა - 515 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება.

„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ბიუჯეტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის მიმართულებით 515 მლნ ლარი გამოიყოფა, გარემოს დაცვის მიმართულებით - 200 მლნ ლარი, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით - 500 მლნ ლარი, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამისთვის“ - 39 მლნ ლარი; ავარიული სახლების ჩანაცვლებისა და გამაგრების პროგრამა კვლავ გრძელდება. ასევე, მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს ახალი ავტობაზის მშენებლობა და 2023-24 წლებში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, მომავალ წელს წერეთლის გამზირის, რამდენიმე ქუჩისა და ხიდის რეაბილიტაცია განხორციელდება.

„გარდა ამისა, განხორციელდება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც 25 მლნ ლარია გამოყოფილი, ასევე, დიდუბის ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩის, მშვიდობის ხიდის, სულხან-საბას და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია. რეაბილიტირდება წინამძღვრიშვილის N1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. სრულად განახლდება ვაზისუბანში და დიღმის მასივში არსებული პარკები, ასევე, ციციშვილის პარკი. მუხიანის პარკის, პირველი რესპუბლიკის პარკის, ე.წ. სამხედრო ქალაქის მიმდებარედ დიდი პარკი გაშენდება. განხორციელდება ნარჩენების მართვის მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, მეოთხე უჯრედის მშენებლობის სამუშაოები, რომელიც რამდენიმე წელს გაგრძელდება. ასევე, „თბილსერვის ჯგუფისთვის“ შესაბამის ტექნიკას შევიძენთ. კახეთის გზატკეცილზე განხორციელდება მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია. რასაკვირველია, ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ყველანაირი მზაობა გვაქვს, ქალაქისთვის და აქ მცხოვრები ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ. მუშაობას 24-საათიან რეჟიმში გავაგრძელებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა

კახა კალაძის თქმით, 1-ელ და 7 იანვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 3:00 საათამდე იმუშავებს და გახანგრძლივებულ საათებში მგზავრობა უფასო იქნება.

„მინდა მოსახლეობას შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით ინფორმაცია მივაწოდო. საზოგადოებრივი ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი და რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი, როგორც ახალი წლის, ასევე შობის ღამეს, 1-ელ და 7 იანვარს, მგზავრებს ღამის 3:00 საათამდე მოემსახურება. რა თქმა უნდა, მგზავრობა გახანგრძლივებულ საათებში უფასო იქნება, რაც მისასალმებელია. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ყველა თანამშრომელს, ვინც ამ მნიშვნელოვან საათებში იმუშავეს და მოემსახურება ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის განცხადებით გაგრძელდება თანამშრომლებისთვის ხელფასების 10%-ით მატება, რისთვისაც მუნიციპალიტეტი დამატებით თანხებს გამოყოფს. ხელფასების მატება მუნიციპალიტეტის მერიისა და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებების თანამშრომლებს შეეხება.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, თანამშრომლებისთვის ხელფასების 10 პროცენტით მატება გრძელდება. ამ ყველაფრის მიზანია, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულებს ჰქონდეთ მეტი სტიმული და ინტერესი, დარჩნენ აღნიშნულ სექტორში, ემსახურონ ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს, გაზარდონ მათი საქმიანობის ეფექტიანობა და რაც მთავარია, პასუხისმგებლობა - მეტი სიფრთხილე, ყურადღება თითოეულ საკითხზე მუშაობისას, თითოეული მოქალაქის მიმართვის განხილვისას, თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს გადაწყვეტილებები ძირითადად, ეხება და ცვლის არა ერთი ან ორი, არამედ ათასობით მოქალაქის ყოფას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way