თბილისის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერით, ახალი სატრანსპორტო პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტი თბილისის ქუჩებში „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის განვითარებას ითვალისწინებს.
შესაბამის სასესხო და საგრანტო შეთანხმებები პროექტისთვის - „მდგრადი ურბანული მობილობა“, ფინანსთა სამინისტროში გაფორმდა და მას ხელი დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ მოაწერა. პროექტს თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განახორციელებს.
სისტემა მოიცავს მონაცემთა პლატფორმას, საგზაო სენსორებსა და ნაკადების მართვის ტექნოლოგიას, რომელიც რეალურ დროში საგზაო მოძრაობისა და პარკირების მართვის შესაძლებლობას იძლევა. პროექტი ასევე, გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და საგანგებო სიტუაციების ეკიპაჟების გადაადგილების ხელშეწყობას. „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემა გზებზე უსაფრთხოების გაზრდის, საცობების შემცირებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია ქუჩის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხმავლო სივრცეების, ველობილიკებისა და საავტობუსე დერეფნების მოწყობის გზით. პროექტის ფარგლებში, მოხდება როგორც თანამედროვე აღჭურვილობის, ასევე, პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა და დანერგვა.
პროექტის ჯამური ღირებულება 47 მლნ ევროს შეადგენს და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, საერთაშორისო კონსულტანტისა და დარგის ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/