USD 2.7005
EUR 3.1458
RUB 3.5158
თბილისი
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი „საზაფხულო ბაღის“ ფუნქციონირებას გაეცნო
თარიღი:  430
დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი N19 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, სადაც პირველი ივლისიდან „საზაფხულო ბაღი“ ფუნქციონირებს.
 
მერის მოადგილემ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად, ბაღის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სააღმზრდელო პროცესს გაეცნო.
 
„პირველი ივლისიდან დაიწყო „საზაფხულო ბაღების“ ფუნქციონირება, სადაც, დაახლოებით, 20 000-მდე ბავშვი მიიღებს სწავლა-განათლებას. დღეს ჩვენ მონიტორინგი გავუწიეთ უშუალოდ სააღზრდელო პროცესს. მინდა, მშობლები დავამშვიდო და ვუთხრა, რომ აქ ყველაფერი მაღალი სტანდარტებით, იდეალურად მიმდინარეობს. ზოგადად, „საზაფხულო ბაღები“ მნიშვნელოვანი პროექტია, ვინაიდან მშობელთა ნაწილი ზაფხულში ვერ ახერხებს ქალაქიდან გასვლას და მათთვის საჭიროა, რომ ბავშვებმა ამ მომსახურებით ისარგებლონ“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
 
დედაქალაქში, მიმდინარე წლის ივლისში, 55 „საზაფხულო ბაღი“ ფუნქციონირებს, სადაც 3 500-მდე თანამშრომელი 20 000 აღსაზრდელს ემსახურება.
 
„საზაფხულო ბაღები“ თბილისის მერიის სოციალური პროექტია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს დასაქმებულ ოჯახებს, სააღმზრდელო წლის დასრულების შემდეგ მუნიციპალური სერვისებით კვლავ ისარგებლონ. პროექტი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარით ფინანსდება.
N19 „საზაფხულო ბაღი“, სააგენტოს ხელმძღვანელთან და მერის მოადგილესთან ერთად, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ უგულავამ, ასევე, თბილისის საკრებულოსა და პარლამენტის წევრებმა დაათვალიერეს.
თბილისი
სამგორის რაიონის გამგეობამ წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა
სამგორის რაიონის გამგეობამ 2025 წელს განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
შესრულებული სამუშაოს ანგარიში რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ წარადგინა. მან სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული პროექტები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, მიმდინარე წელს სამგორის რაიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მათ შორის, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა 124 140 კვ.მ ფართობზე. ასფალტის საფარი დაიგო ისეთ ქუჩებზე, სადაც გზა ათწლეულების განმავლობაში არ განახლებულა.
11 მისამართზე მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები, გრუნტის დამჭერი კედელი კი, 6 მისამართზე აშენდა.
 რეკრეაციული სივრცეების განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, წელს რაიონს 51 სკვერი და მცირე ზომის მოსასვენებელი ზონა შეემატა, მოეწყო და რეაბილიტირდა 15 სპორტული მოედანი, მათ შორის 8 სრულიად ახალი სპორტული მოედანი გაკეთდა. ერთ-ერთია რაგბისა და ფეხბურთის კომბინირებული სტადიონი აფრიკის დასახლებაში, რომელიც ამ ტიპის პირველი სტადიონია სამგორის რაიონში.
გარდა ამისა, დიდ ლილოში 9 104 კვ.მ ფართობზე ეწყობა სპორტული კომპლექსი, სადაც UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთის მოედანი და პადელის კორტი იფუნქციონირებს. ამასთანავე, 26 მისამართზე მოეწყო საბავშვო-გასართობი სივრცე და დამონტაჟდა ატრაქციონები.
დელეგირებული უფლებამოსილებით, 12 საჯარო სკოლაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2 743 638 ლარი დაიხარჯა.
 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ფარგლებში, 2025 წელს 214 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის, სახურავი და წყალსაწრეტი მილები 66 მისამართზე შეიცვალა; 35 ლიფტის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა და 12 მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა.
 სოციალური მიმართულებით დაკმაყოფილდა: მიზნობრივი ფულადი დახმარების 6 429 განცხადება; მედიკამენტებისა და მკურნალობის დაფინანსების - 6 801 განცხადება; 7 530 მოქალაქემ ისარგებლა უფასო სასადილოს პროგრამით; 600 ოჯახმა ისარგებლა ბინის ქირის პროგრამით; ასევე, ბინის ქირის პროგრამით ისარგებლა 106 ოჯახმა, რომელიც ჩანაცვლების პროგრამაშია ჩართული.
 მიმდინარე წელს გამგეობამ სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო 12 ღონისძიება ჩაატარა.
ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, საერთო ჯამში, 56 700 000 ლარი დაიხარჯა.
 გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის წევრი, რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები ვაჟა კოკაია, მამუკა ხაბარელი, ზაქარია წიკლაური და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის