USD 2.6229
EUR 2.9925
RUB 3.1138
თბილისი
თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელი სხდომის სრული ჩანაწერი
თარიღი:  647

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას 17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა.

„17 მაისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს ინიციატივით, აღინიშნება ოჯახის სიწმინდე დღე, როგორც სიმბოლო ოჯახისა და ქვეყნის ერთიანობის. მინდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ჩვენს ოჯახებს მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სხდომაზე კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ახალი, ფასიანი სერვისების შემოღება იგეგმება. აღნიშნულ საკითხზე მუშაობა კი, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს დაავალა.

„ურბანულ მიმართულებას შეგვიძლია ახალი სერვისები დავამატოთ, რომელიც ფასიანი იქნება. ეს როგორც ფიზიკურ პირს, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენელს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ მომსახურება დაჩქარდეს და პასუხი ვადაზე ადრე გაეცეს. მინდა დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და შესაბამის სამსახურებს, რომ დაიწყონ ამ საკითხებზე მუშაობა.

ამასთან, დღეს არის კიდევ ერთი პრობლემა - არიან ადამიანები, ვისაც არ აქვთ გამოცდილება, თუ როგორ უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა არქიტექტურის ან ურბანულ სამსახურთან. არის შემთხვევები, როდესაც შემოტანილ განცხადებაზე ხარვეზი უდგინდებათ. ჰგონიათ, რომ მუნიციპალიტეტი უარს ეუბნება კონკრეტულ ადამიანს ნებართვის გაცემაზე. ფასიანი მომსახურების დამატების შემდეგ, იმ ადამიანებს, რომლებსაც დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება არ აქვთ, ეყოლებათ მერიის თანამშრომელი წარმომადგენლის სახით და ყველა სამუშაოს ის შეასრულებს. ჩემი თხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად დავამუშაოთ აღნიშნული სერვისების დაგეგმვა. საზოგადოებას კი ექნება არჩევანი - სწრაფი ფასიანი სერვისი მიიღოს ან კანონით გაწერილ ვადაში ეცნობოს პასუხი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ სატრანსპორტო მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამ მეტროსადგურში - „ახმეტელის თეატრი“, „ვარკეთილსა“ და „დიდუბეში“ ახალი, განსხვავებული გაბარიტების ტურნიკეტები დაიდგმება.

„ეს ტურნიკეტები უფრო ვიწროა, რაც მათი მეტი რაოდენობის დადგმის შესაძლებლობას მოგვცემს. შესაბამის ტურნიკეტებს მოგვაწვდის კომპანია „ქართული მიკროელექტრონიკა“. მასთან უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ ტურნიკეტების რაოდენობა უკვე გაიზარდა, რამაც მგზავრთა გამტარუნარიანობა გააუმჯობესა და მოკლევადიან პერსპექტივაში პრობლემა მოაგვარა.

„მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ ასასვლელ-ჩამოსასვლელი დილის პიკის საათებში ვერ ახერხებდა საჭირო რაოდენობის მგზავრების გატარებას, რის გამოც გარე პერიმეტრზე რიგები ჩნდებოდა, რაც საზოგადოების დისკომფორტს და გაღიზიანებას იწვევდა. მოკლევადიანი პრობლემის მოგვარებისთვის ჩვენ დავამატეთ ტურნიკეტები - 7 გასასვლელის ნაცვლად, მოეწყო 10 გასასვლელი, რამაც გაზარდა გამტარუნარიანობა. ერთ საათში, 6 300 მგზავრის მიღების ნაცვლად, 9 000-მდე მგზავრის გატარებაა შესაძლებელი. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ პრობლემა მთლიანად მოგვარებულია. ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა აზიის განვითარების ბანკთან, რათა ახალი, დამხმარე ასასვლელ-ჩამოსასვლელის პროექტი განვახორციელოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დედაქალაქში გაზრდილ მგზავრთა ნაკადზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2024-2025 წლებში ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგომარეობა იყო უმძიმეს მდგომარეობაში. ყველას გვახსოვს განადგურებული, გაუბედურებული, ძირგამომპალი ყვითელი ავტობუსები და მიკროავტობუსები, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებდა, ჰაერის დაბინძურების, კომფორტულობის თვალსაზრისით ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა და ადამიანებს არავითარი სურვილი არ უჩნდებოდათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების. დღეს ჩვენ გვყავს განახლებული ავტობუსები, მიკროავტობუსები, რაც ძალიან კარგია. მეტროში შესაბამისი შესყიდვა განხორციელებული გვაქვს, დაწყებული გვაქვს მეტროს განახლება, მეტროსადგურების რეაბილიტაცია. ასევე, 2024-2025 წლებში ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ A კატეგორიის ტაქსებისთვის სიახლეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 22 მაისიდან მუნიციპალურ სერვისცენტრებში სპეციალური სტიკერების გაცემა დაიწყება.

„22 მაისიდან ვიწყებთ სპეციალური სტიკერების დარიგებას, რომელიც იდენტიფიცირების საშუალებას მოგვცემს. სტიკერები დაურიგდება A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს. ამასთან, 1 ივნისიდან ამ სტიკერის მქონე ტაქსებს საავტობუსო ზოლში მოძრაობის უფლება ექნებათ. სტიკერების მიღება ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ მუნიციპალურ სერვისცენტრებში. სტიკერი განთავსდება ტაქსის საქარე მინაზე, მარჯვენა ზედა კუთხეში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის მგზავრობის ღირებულების QR კოდით გადახდის ინოვაციურ სერვისიც ამოქმედდება. კახა კალაძის თქმით, სერვისის მიღებას A კატეგორიის ტაქსის მძღოლები, სურვილის შემთხვევაში, 22 მაისიდან შეძლებენ.

„ეს ინოვაციური სერვისი კომპანია BKN301 Georgia-მ შეიმუშავა. A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ QR კოდი, რომელიც ძალიან კომფორტულია როგორც მძღოლისთვის, ასევე მგზავრისთვის. შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს ხელზე თანხა და ის ამ დროს ბარათით საფასურის გადახდას მარტივად შეძლებს ამ QR კოდის საშუალებით. ტაქსის მძღოლი კი მომენტალურად მიიღებს თანხას მის საბანკო ანგარიშზე. აღნიშნული QR კოდების გაცემა შესაძლებელი იქნება 22 მაისიდან, შეგიძლიათ მობრძანდეთ თბილისის მერიის, სამგორისა და გლდანის მუნიციპალურ სერვის ცენტრებში (ჟ.შარტავას ქ. N7; მოსკოვის გამზირი N14; დ. სარაჯიშვილის ქ. N1გ). სადაც იქნებიან ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც ყველანაირად დაგეხმარებიან“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ აპლიკაცია Fix Tbilisi-ის შესახებაც ისაუბრა.

პირველ ეტაპზე, აპლიკაცია აერთიანებს საკითხთა ოთხ კატეგორიას: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების დაზიანება, გარეგანათების დაზიანება და საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანება. მოქალაქე შეძლებს დააფიქსიროს დაზიანება, გადაუღოს ფოტო, მიუთითოს მისამართი და დაურთოს აღწერა. აღნიშნული ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება შესაბამის საქალაქო სამსახურს.

„საკმაოდ დიდი აქტიურობაა, უკვე 180-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული, რაც ძალიან კარგია. მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გავუხადო, ვინც ზრუნავს, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით. ერთად უნდა ვებრძოლოთ ქალაქში ვანდალიზმს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აპლიკაციის გადმოწერა google play store-იდან ან app store-იდან არის შესაძლებელი.

კახა კალაძემ ევროპის მუზეუმების ფორუმზე ილია ჭავჭავაძის თბილისის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის „სპეციალური აღნიშვნის პრიზით“ დაჯილდოებაში შეტანილი წვლილისთვის თბილისის მუზეუმების გაერთიანების გუნდს მადლობა გადაუხადა.

„ბარსელონაში გამართულ ევროპის მუზეუმების ფორუმზე ილია ჭავჭავაძის თბილისის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს „სპეციალური აღნიშვნის პრიზი“ გადაეცა. მიხარია, რომ დიდ ბრიტანეთთან, ნიდერლანდებთან, ავსტრიასთან, ბელგიასთან და შვეიცარიასთან ერთად, განსაკუთრებული აღიარება, თბილისში მდებარე მუზეუმმაც დაიმსახურა.

მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის განვითარების ფონდს გაწეული უდიდესი სამუშაოსთვის, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო აღნიშნული მუზეუმის რეაბილიტაციის სამუშაოებში. განსაკუთრებული მადლობა თბილისის მუზეუმების გაერთიანების მთელ გუნდს, რომელმაც საინტერესო ფორმით წარმოაჩინა ჩვენი ქვეყნის უდიდესი საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის ცხოვრება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საუბრის დასასრულს, თბილისის მერმა საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი - კოტე თაბაგარი წარუდგინა, რომელიც 41 წელია მუნიციპალური ავტობუსის მძღოლად მუშაობს.

„მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი კიდევ ერთი გამორჩეული თანამშრომელი - 67 წლის კოტე თაბაგარი. ის მუნიციპალური ავტობუსის მძღოლად 1982 წლიდან მუშაობს და აგერ უკვე 41 წელია ერთგულად ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას და სტუმრებს. მიუხედავად პროფესიის სირთულისა, არასდროს უფიქრია სხვა პოზიციაზე მუშაობაზე და დღემდე თავისი საქმისა და მგზავრების ერთგული რჩება.

ბატონ კოტეს ყოველდღიურად ათასობით მგზავრი გადაჰყავს ბაგებიდან კრწანისის დასახლებამდე და ტრანსპორტირების პარალელურად მათ განწყობაზეც ზრუნავს. ძალიან მახარებს ეს დამოკიდებულება. ჩვენთან მადლიერი მგზავრებისგან ბევრი შეტყობინება შემოვიდა, რაც სასიამოვნოა. ეს ადამიანი არა მხოლოდ მოვალეობას ასრულებს, არამედ სიყვარულით აკეთებს თავის საქმეს და სრულებით უცხო ადამიანებისთვის სიხარულის, ღიმილის, იმედის წყაროა.

მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ საქმისთვის, რასაც 41 წელია აკეთებს, ემსახურება ჩვენს ქალაქს, მოსახლეობას. დარწმუნებული ვარ, ბატონი კოტე მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს თავის საქმიანობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის