USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
თბილისი
თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართა
თარიღი:  1086

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისის მერია კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის კონცეფციის შესამუშავებლად მუშაობას იწყებს. კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის დაწყება დაავალა.

„არავის მოგვწონდა ის, რაც წინა წლებში ხდებოდა - მიზანმიმართული განადგურება რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების, რომლის გამოყენება შემდეგ სამშენებლო მიმართულებით ხდებოდა. არჩევნების წინ, პირობა მივეცით დედაქალაქის მოსახლეობას, რომ არ დავუშვებდით, რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული მოედნების ხარჯზე მშენებლობების განხორციელებას. ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. პირველი, რაზეც მუშაობა დავიწყეთ, მივიღეთ გენერალური გეგმა. ქალაქის სწორი განვითარება პრინციპულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არ მივიღოთ ის, რაც წინა წლების განმავლობაში ხდებოდა. რა თქმა უნდა, ამაზე არ უნდა შევჩერდეთ და მეტი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მწვანე იყოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია, რომლითაც ძალიან ბევრი მოქალაქე სარგებლობს, 1990-იან წლებში კერძო მფლობელზე გასხვისდა.

„ქალაქში გვაქვს კუს ტბა და მიმდებარე ტერიტორია, რომლითაც ძალიან ბევრი თბილისელი სარგებლობს, თუმცა, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ იქ არსებული მდგომარეობა სახარბიელო არაა. ჩვენ, მუნიციპალიტეტმა და თბილისის საკრებულომ დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით. იცით, რომ ტერიტორიას ჰყავს კერძო მფლობელი. გვქონდა კომუნიკაცია, რომ ამ ტერიტორიის განახლება და მოწესრიგება მოხდეს, რათა უფრო მიმზიდველი იყოს და სასიამოვნო გარემო შევქმნათ. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ტერიტორია ამ კომპანიაზე საკუთრების უფლებით გადაცემულია ჯერ კიდევ 90-იან წლებში, როდესაც ზოგადად, ქვეყანაში პრივატიზაციის პროცესი დაიწყო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ტბის განვითარების ახალი კონცეფცია დაფუძნებული უნდა იყოს საარქივო მასალებზე და დამყარებული უნდა იყო მრავალწლიან კვლევებზე.

„მიგვაჩნია, რომ კუს ტბის განვითარების ახალი კონცეფცია დაფუძნებული უნდა იყოს საარქივო მასალებზე და გასული საუკუნის ბოლოს შემუშავებულ, ვაკის პარკისა და კუს ტბის კომპლექსური განვითარების პროექტზე. თავის მხრივ, ეს პროექტი დამყარებული იყო მრავალწლიან კვლევებზე და მასში ჩართულები იყვნენ დარგის მოწინავე პროფესიონალები, სპეციალისტები. შესაბამისად, მასთან მაქსიმალური დაახლოება და სამწუხაროდ, წლების განმავლობაში დაშვებული შეუსაბამო ცვლილებებისა და შეცდომების გამოსწორება აუცილებელია ქალაქის ამ უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული არეალის გაჯანსაღებისთვის. მიმაჩნია, რომ პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს თანამედროვე ურბანული პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მხარე - ხელმისაწვდომობა და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნა, ასევე ესთეტიკური კრიტერიუმები და მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, კუს ტბის მიმდებარე არეალის რეკონსტრუქციის პროექტი ასევე, ისტორიულ და კულტურულ საბჭოზე განიხილება.

„მინდა, დავავალო ირაკლი ხმალაძეს, შესაბამის სამსახურებთან და სტრუქტურებთან ერთად, დაიწყოს კიდევ უფრო აქტიური მუშაობა, რა თქმა უნდა, მფლობელებთან, რომ რაც შეიძლება სწრაფად შემუშავდეს კონცეფცია კუს ტბის მიმდებარე არეალის რეაბილიტაციაზე. აუცილებელი იქნება ასევე, ისტორიულ და კულტურულ საბჭოზე საკითხის გატანა, მათი რეკომენდაციების მოსმენა-გათვალისწინება და შემდეგ უნდა მოხდეს პროექტის შემუშავება, რომ ქალაქში კიდევ ერთი ძალიან კარგი, განახლებული რეკრეაციული სივრცე მივიღოთ. დარწმუნებული ვარ, მისი განახლების შემდეგ, აღნიშნული ტერიტორიით კიდევ უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თბილისი იყოს ყველაზე მწვანე ქალაქი, ეკოლოგიურად სუფთა და მოწესრიგებული. ეს ყველაფერი თითოეულ ჩვენგანზე აისახება. ამიტომ, ამ მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მარმა ასევე, თბილისის მასშტაბით, გარე განათების ქსელის მოწესრიგებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარე განათება ათწლიანი გადახდის პირობით განახლდება.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტი გარე განათების განახლების პროექტისთვის დამატებით დაფინანსებას არ გამოყოფს. ის მომდევნო ათი წლის განმავლობაში, ელექტროენერგიის დაზოგვის შედეგად გაკეთებული ეკონომიის ფარგლებში დაიფარება.

„გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ გარე განათების პროექტზე მუშაობა. ტენდერი ჩავატარეთ და გამარჯვებულ კომპანიას დავუკვეთეთ თბილისის გარე განათების გენერალური კონცეფცია და გეგმა, რომელიც უკვე შემუშავებულია და ჩაბარებულია. ის ქუჩების განათების სამ კატეგორიად დაყოფას ითვალისწინებს. თბილისის მასშტაბით იქ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვახორციელებთ, დააკვირდებით, რომ LED სანათები მონტაჟდება, რაც დიდ ეკონომიას იძლევა. თუმცა, ქალაქში ის ყველგან არ არის. რამდენიმე მილიონი ლარი იხარჯება თბილისში ღამის განათებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, გარე განათების პროექტის განხორციელების მიზნით, მიმდინარე კვირას „თბილსერვის ჯგუფი“ ელექტრონულ ტენდერს გამოაცხადებს.

„დეტალები უკვე შემუშავებულია, კონსულტაციები და ბაზრის კვლევა ჩატარებულია, ბევრ კომპანიასთან გვქონდა კომუნიკაცია. ახლა უკვე გამოცხადდება ტენდერი და ვიმედოვნებ, დაინტერესებული პირები აქტიურად ჩაერთვებიან, გვექნება კონკურენტული გარემო, მივიღებთ საუკეთესო წინადადებებს და პროექტის განხორციელების შემდეგ, თბილისს ექნება მაღალი სტანდარტის გარე განათების სისტემა. ამ პროექტის განხორციელების ვადა, დაახლოებით, ერთი წელი იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გამახვილდა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პანდემიის მიუხედავად, დედაქალაქში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება არ შეჩერებულა და ნაძალადევის რაიონში მდებარე ეროსი მანჯგალაძის ქუჩას სრული რეაბილიტაცია უტარდება.

„მიუხედავად არსებული პანდემიისა და რთული პერიოდისა, ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეგვიჩერებია და მაქსიმალურად ვცდილობთ, ქალაქში ის მასშტაბური სამუშაოები განვახორციელოთ, რომელიც დედაქალაქს ესაჭიროება. ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დავიწყეთ. ქუჩა უმძიმეს მდგომარეობაში იყო. პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე მთლიანად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. სამუშაოებს კომპანიები - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და „თბილისი ენერჯი“ უკვე აწარმოებენ. ხდება იმ მილსადენების ცვლილება, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. განსაკუთრებით დამეთანხმებიან ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად სარგებლობდნენ ამ გზით და იციან, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო. ჩვენ პირობა გვქონდა მიცემული და შესაბამისად, მისი მოწესრიგება და განახლება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, სამუშაოების ფარგლებში, ასევე მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი.

„წყალმომარაგების, წყალარინებისა და ბუნებრივი აირის ქსელების შეცვლის შემდეგ, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ქუჩაზე სანიაღვრე ქსელს მოაწესრიგებს და გზის რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. ამავე პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე არსებული ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები მიწის ქვეშ მოექცევა, დამონტაჟდება ახალი ბოძები თავისი LED სანათებით. შესაბამისად, მანჯგალაძის ქუჩა მთლიანად მოწესრიგდება და განახლდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ვაშლიჯვრის ფერდზე არსებული მდგომარეობა კიდევ ერთხელ შეაფასა და აღნიშნა, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა მეწყრული პროცესების სრული სტაბილიზაციის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

მისივე განცხადებით, ვაშლიჯვრის ფერდზე ჩატარებული პრევენციული ღონისძიებების ეფექტურობა თავად გერმანელმა სპეციალისტებმა დაადასტურეს. ფერდზე დამონტაჟებული მონიტორინგის თანამედროვე სისტემა კი პროცესებზე ზუსტი ინფორმაციის მოწოდებას 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს.

„როგორც საზოგადოებამ იცის, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ზონაში ჩატარდა გადაუდებელი საპრევენციო სამუშაოები ფერდის სტაბილიზაციისთვის, რამაც შედეგი გამოიღო და ეს დაადასტურეს გერმანიიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა, რომლებიც ჩართულები არიან ამ პრობლემის მოწესრიგებაში. ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში, მოიხსნა მიწის მასის ნაწილი, რომელიც მაგისტრალური წყალსადენის მილებს საფრთხეს უქმნიდა, დროებით შეკავდა მეწყრული ფერდი, დამონტაჟდა მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს დაკვირვებას და ზუსტი ინფორმაციის მოწოდებას. ახლა მიმდინარეობს ფერდის გამაგრების პროექტისთვის კვლევითი სამუშაოები, რათა საბოლოოდ მოხდეს მეწყრული პროცესების შეჩერება. მას შემდეგ, რაც შესაბამისი ღონისძიებები გატარდება და სრული სტაბილურობა მიიღწევა, რა თქმა უნდა, მოძრაობა ორმხრივად მაშინვე იქნება აღდგენილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის შვიდ რაიონში საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად კიდევ 55 ოჯახს გადაეცემა.

კახა კალაძემ აღნიშნულ ოჯახებს ფართების საკუთრებაში გადაცემა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„ჩვენ დიდი ხანია დაწყებული გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამა - ფართების დაკანონება, რითაც ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. დღეს 55 ოჯახს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადავცემთ იმ საცხოვრებელ ფართებს, რომლებშიც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და გარკვეული მიზეზების გამო, დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. 41 ოჯახს სამგორის რაიონში დაუკანონდება ფართები, მთაწმინდის რაიონში - ექვს ოჯახს, ისნის რაიონში - სამ ოჯახს, ვაკის რაიონში - ორ ოჯახს, გლდანის რაიონში - ერთ ოჯახს, კრწანისის რაიონში - ერთ ოჯახს, ხოლო ჩუღურეთის რაიონში ერთ ოჯახს. ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ ამ ოჯახებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა იმ ოჯახებს, რომლებსაც მსგავსი პრობლემა აწუხებთ, კიდევ ერთხელ მოუწოდა, რაიონულ გამგეობებს მიმართონ.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს. ვინც წლების განმავლობაში ცხოვრობთ ფართში, რომლის დაკანონებას ვერ ახერხებთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენს რაიონულ გამგეობას და ჩვენი თანამშრომლები მოგაწვდიან სრულ ინფორმაციას, თუ რა დოკუმენტაციაა საჭირო იმისთვის, რომ ფართების საკუთრებაში გადაცემა მოხდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ ვჩერდებით. მომავალშიც კიდევ ბევრ ოჯახს დავეხმარებით და მოვუგვარებთ ამ პრობლემას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სამსახური საზოგადოების საჭიროებებიდან გამომდინარე, უქმე დღეებში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

დედაქალაქის მერმა ყველა იმ სამსახურის თანამშრომელს მადლობა გადაუხადა, რომელიც თბილისსა და თბილისელებს 24-საათიან რეჟიმში ემსახურება.

„საზოგადოების საჭიროებებიდან გამომდინარე, ფუნქციონირებას არ შეწყვეტენ შემდეგი სამსახურები: მერიის ადმინისტრაცია, მუნიციპალური ინსპექცია, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური. ვიცით, რომ ზოგადად, ბევრ ადამიანს ესაჭიროება ამ მიმართულებით მხარდაჭერა და ამიტომ, აღნიშნული სამსახურები გააგრძელებენ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.

ასევე, მუშაობას გააგრძელებს უსაფრთხოების საქალაქო სამსახური; ცხოველთა მონიტორინგის სამსახური; „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ის თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დანაყოფების (მეტროპოლიტენის, საბაგირო გზების, ავტობუსების და პარკინგის) ფუნქციონირებას; „თბილსერვის ჯგუფის“ ის თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ ნარჩენების მართვას, სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციას, გარე განათების ექსპლუატაციას და საწყობების მართვას; „ეკოსერვის ჯგუფი“, „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ ის თანამშრომლები, რომლებიც ცხელი ხაზის საშუალებით მოქალაქეთა კონსულტაციას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფენ; „თბილისის განვითარების ფონდი, „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“, „სოციალური მზრუნველობის სააგენტო“. მინდა, ყველა აღნიშნული სამსახურის თანამშრომელს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ისინი ყოველთვის მზად არიან, თბილისსა და თბილისელებს 24-საათიან რეჟიმში ემსახურონ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.