USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
თბილისის მერია მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას იწყებს
თარიღი:  763

თბილისის მერია მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას იწყებს. პროგრამა გულისხმობს ახალი შესაძლებლობების შექმნას იმ მეწარმე სუბიექტებისთვის, რომელთაც მანამდე არ ჰქონდათ საკმარისი ფინანსური რესურსი საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის.

დაფინანსება საშუალებას მისცემს მათ, მოიპოვონ საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა, გააუმჯობესონ წარმოების პროცესები, გაზარდონ დასაქმებულთა რაოდენობა და მომხმარებლებს მიაწოდონ უფრო ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქტი.

პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდებიან ის მოქმედი მეწარმე იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღებამეტა 500 000 ლარს. დაფინანსებას ექვემდებარება, როგორც პროდუქციის დასამზადებლად საჭირო აღჭურვილობა/მანქანა-დანადგარები/ტექნოლოგია, ისე პროდუქციის დამუშავებისა და დამატებული ღირებულების შექმნისთვის საჭირო სხვა კატეგორია.

საწყის ეტაპზე, მოთხოვნილი თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრულია 20 000 ლარით, ხოლო თანადაფინანსებაში განმცხადებლის თანამონაწილეობის პროპორციულობა შემდეგნაირად განისაზღვრა:

5 000 ლარის ჩათვლით - მოთხოვნილი თანხის 10%;

5 001 – 20 000 ლარის ჩათვლით - მოთხოვნილი თანხის 15%;

რაც შეეხება შეფასების მეთოდოლოგიას, ბენეფიციართა შერჩევა განხორციელდება კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც ეფუძნება პროგრამის მიზნებსა და მხარდაჭერის ეფექტიანობას. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ აქტიური საწარმო და წარმოადგენენ რეალურ კონსტრუქციულ გეგმას იმ დანადგარის ან აღჭურვილობის შესაძენად, რომელიც არსებითად გააუმჯობესებს მათ საქმიანობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ განაცხადებს, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ ინვესტიცია გააუმჯობესებს პროდუქციის ხარისხს ან გაზრდის წარმოების მოცულობას და შექმნის დამატებულ ღირებულებას - პროდუქტის ხაზის დანერგვა, არსებული პროდუქტის გაუმჯობესება ან საწარმოო პროცესის ოპტიმიზაცია.

პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყება დღეიდან და გაგრძელდება 15 კალენდარული დღის განმავლობაში. განაცხადის ფორმისა და საჭირო დოკუმენტების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

განაცხადის ფორმა

ხშირად დასმული კითხვები

 
თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის