საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირის N2-ში არსებული სკვერი რეაბილიტირდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამუშაოები 1 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა.
მათივე ცნობით, ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი ზონა, სავარჯიშო სივრცე და სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყო. ასევე, გამწვანებულ ზოლში ნიადაგის მულჩირება მოხდა.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან და საკრებულოს წევრ ლევან არველაძესთან ერთად გაეცნო.
„საბურთალოს რაიონს კიდევ ერთი განახლებული სკვერი შეემატა. მსგავსი სივრცეების მოწყობა, რომლითაც რამდენიმე კორპუსის მაცხოვრებელი სარგებლობს, ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი სივრცეების შექმნას და არსებულის განახლებას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოები, საბურთალოს გამგეობის დაფინანსებით, შპს „ტაომ“ შეასრულა.
დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.
ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.