USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
თბილისი
თბილისის ბიზნეს ისტორიები
თარიღი:  995

გიორგი ჭეიშვილი

„საბედნიერდღეოდ – ისყიდება ფარმაცევტთა ამხანაგობის მაღაზიებში, სასახლის ქუჩაზე და მუხრანიანთ ქუჩაზე, შობის ხის სრული მორთულობა…“  – გაზეთი „ცნობის ფურცელი“, 1901 წ.

უწინაც ასე იყო, „ტფილისი სულ დღეობებზე დადიოდა და ობების გატარებაში იყო.“ ამ „ობებში“ როგორც ქალაქური, ისე საზოგადო დღესასწაულები იგულისხმებოდა, თანაც მაშინ, მეცხრამეტე საუკუნის უკანასკნელი მეოთხედის თბილისში, საერო და სასულიერო დღესასწაულებს შორის ზღვარი ლამის პირობითი იყო… ასეთ დროს მშვენიერი სანახავი იყო მოედნები, „სადაც პეპელასავით აჭრელებული ხალხი დილით-საღამომდინ ზღვასავითა ღელავდა. ყოველ-დუქნის წინ ლხინი და ქეიფი იყო ქალაქის ხალხისა“.

რასაკვირველია, განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა იყო ახალი წელი, თუმცა, სხვა დღესასწაულებისგან განსხვავებით, იმდროინდელ თბილისში მრავლად რომ ზეიმობდნენ, ახალი წელი ახალი, დიდი იმედების ზეიმი უფრო იყო!

უშუალოდ ახალი წლის დადგომამდე, სანამ ოჯახებში სპეციფიკური, საახალწლო კერძების მომზადებას დაიწყებდნენ, დღევანდელისა არ იყოს, პროდუქტებისა და ინგრედიენტების მომარაგება მაშინაც გარდაუვალი აუცილებლობა იქნებოდა. წინასაახალწლო პროცესების ამ ეტაპზე საქმეში თბილისის ბაზრის ნამდვილი ბატონები და მბრძანებლები – ჩარჩები ერთვებოდნენ. ამიტომაც იყო, მთელი ქალაქი ბაზარში გამეფებულ სიძვირეზე რომ წუხდა:

„მოდის ბედნიერი დღეები და მასთან სიძვირე, მამასისხლობა. ყოველივე ხორაგეული სოფლიდგან ჩამოსვლის უმალ ხელში უცვივა ჩარჩებს და იმათ კი კარგად იციან რამდენად ასწიონ ფასი, რადგანაც უპატრონოდ და უზრუნველად დარჩენილმა საზოგადოებამ ხომ მაინც-და-მაინც უნდა იყიდოს, რომ ბედნიერ დღეს მშივრები არ დარჩნენ“.

წინასადღესასწაულო პერიოდში ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, შესაბამისი სამსახურები, ერთი მხრივ, ცდილობდნენ, რომ პროდუქტებზე დეფიციტის შექმნით მათზე ფასის მატება არ დაეშვათ – „ვაჭრებისთვის გამოუცხადებიათ, რომ რამდენიც კვერცხი, გოჭი, თევზი და სხვა ხორაგი გიწყვიათ საწყობებში, სულ უნდა გამოიტანოთ ბაზარშიო. როცა ვაჭრებმა ეს ხორაგი გამოიტანეს, ყველა მათზე ფასმა დაიწია“; მეორე მხრივ კი, ერთგვარ მონიტორინგს აწარმოებდნენ იმ გზებზე, საიდანაც გლეხებს ქალაქში პროდუქცია შემოჰქონდათ, რათა მათი საქონელი ჩარჩებს არ ჩავარდნოდათ ხელში.

საახალწლოდ ქალაქში თითქმის ყველაფერი იყიდებოდა: „კარგი რომი, კონიაკი, სხვა-და-სხვა ლიკიორები და ნალივკები, არაყები სტრიტერისა და პაპოვისა და აგრეთვე სხვა სასმელები. კარგი ჟიდკა და მეშოკის ხიზილალა, ყველი შვეიცარიისა და ჩესტერი, კარგი სარდინკები. შოკოლადი და სხვა-და-სხვა კანფეტები; საგანგებო ყავა „მოკო“, ჩაი პაპოვისა…“

ამასთანავე, იყიდებოდა საჩუქრები და ფეშქაშები საშობაოდ და საახალწლოდ, მათ შორის, „მშვენიერი და მსუბუქი საკერავი მანქანები დიასახლისებისა და გასათხოვარ ქალებისათვის“.

არ იფიქროთ, რომ წინასადღესასწაულო ფაცაფუცით მხოლოდ ქალაქის ბაზარი იყო მოცული. ზოგადად, ნებისმიერი დღესასწაულის დროს, „ტფილისის მეტად გაცხოველებულია… ქუჩებში ისეთი მოძრაობაა თუ ეტლისა და თუ ქვეით მოსიარულეთა, რომ გზას ძლივს აუქცევ. მაღაზიებსა და დუქნებში ვაჭრობა გაჩაღებულია, ხელოსნები საქმისაგან თავს ვერ იღებენ… ტფილისს სადღესასწაულო სახე ემჩნევა“.

შესაბამისად, წინასაახალწლო პერიოდში, ძველი თბილისის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი სწორედ ეს დიდი მოძრაობა იყო – „მეფაიტონეს რომ ორის ცხენის მეტი არა ჰყვანდეს, ორს კიდევ იყიდის, რადგანაც ორის ცხენით ვერას გახდება, დიდი მუშაობაა“.

ბუნებრივია ისიც, რომ იქ, სადაც რაიმე სახის ეკონომიკურ აქტივობაზეა საუბარი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქალაქში გაცხარებული ვაჭრობა იყო გაჩაღებული, უმალ ჩნდებოდნენ სხვისი ქონების უკანონოდ დაუფლების მსურველები. ამ ორომტრიალში განსაკუთრებით აქტიურად იყო ჩართული თბილისის კრიმინალური სამყაროს წვრილფეხობა – დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად, ბაზრებში ჯიბგირები მყიდველებს დასტრიალებდნენ და პირველი შესაძლებლობისთანავე ფულს აცლიდნენ ჯიბიდან. ერთი ასეთი შემთხვევა 1889 წლის 29 დეკემბერსაც მომხდარა, როდესაც „ქალბატონი მაღალოვისა ყიდულობდა სხვა-და-სხვა რაგინდარას საახალწლოდ. ამ დროს მიეპარნენ კინტოები და ჯიბიდგან ამოაცალეს ფულად სამი თუმანი, მაგრამ ორივენი შეპყრობილ იქმნენ პოლიციის მოხელეთა მიერ“.

ამ პერიოდში თურმე თბილისში დღე ისე არ გავიდოდა, ორგან და სამგან მაინც რომ არ მომხდარიყო რაიმე ბოროტმოქმედება – „ჯიბგირები და სხვადასხვაგვარი უბინაო და უსახლ-კარო ხალხი, რომელთაც არავითარი შრომა და ჯაფა არ ეხერხება და ქეიფი და ლხინი კი ძლიერ უყვარს დღესასწაულებში, დატრიალდნენ თავისებურად, დაიწყეს ქურდობა, ტეხა სახლებისა, პარვა ტანისამოსისა და ამ გვარად ნაშოვნის ფულით ემზადებოდნენ დროების გატარებას დღესასწაულებში“.

რასაკვირველია, წინასაახალწლო პერიოდი მხოლოდ ნეგატიური მოვლენებით არ ყოფილა დატვირთული. ახალი წლის დადგომამდე, ოჯახებში ხმელი ხილისა და გოზინაყის მომზადებამდე, სხვადასხვა დაწესებულებები თუ ორგანიზაციები ბავშვების გახარებასაც ახერხებდნენ – „შობის ხეს“ უმართავდნენ და საჩუქრებსაც ურიგებდნენ: „წინდებს, საბლუზეებს, სამოსწავლებო ნივთებს და ა.შ.“ ამ კუთხით, იმდროინდელი თბილისი არც მასშტაბური ღონისძიებების ნაკლებობას უჩიოდა: „28 დეკემბერს, ტფილისის სახელმწიფო თეატრში ქალაქის ხარჯით დაარსებულ სასწავლებლის მოსწავლეთათვის დღესასწაული იყო გამართული. დაესწრო 2150-მდე ბავშვი და მათი მასწავლებლები. ცალკე დარბაზში შობის ხე იყო გამართული და ბავშვებს ტკბილეულობა დაურიგეს. დღესასწაულმა საუცხოოდ ჩაიარა და ბავშვებმა დიდად ისიამოვნეს“.

ერთ-ერთი ასეთი, პომპეზური წინასაახალწლო ღონისძიება გამართულა 1883 წელს – „იოლკა“, „ტანცაობით“ და წარმოდგენით ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე:

„ბავშვებმა კარგად და სასარგებლოდ აღასრულეს თავიანთი როლები; ხალხი იყო მრავალი… რა მუზიკა დაიწყებდა დაკვრას, ზალა მოტანციებით გაივსებოდა! პროგრამით საღამო კადრელით [კადრილი, ერგვარი ცეკვა, რომელსაც ასრულებს ერთმანეთის პირდაპირ მყოფი რამდენიმე წყვილი] უნდა გათავებულიყო, მაგრამ საზოგადოების თხოვნით დაუკრეს ლეკური და რა ლეკური გათავდა, მემუზიკეებმა წასასვლელი მარში დაჰკრეს, აიბარგნენ და წავიდნენ. საზოგადოებაც ნაშუაღამევის 2 საათზე დაიშალა“.

წინასადღესასწაულო მხიარულებას, რაღაც მომენტში, უსაზღვრო სევდა ენაცვლებოდა, სევდა, რომელიც, რიგი მიზეზების გამო, პრაქტიკულად ყველა დროში თან სდევს ახალ წელს:

„ავჭალის იაფ-ფასიან სასადილოში ღარიბ ბავშვებს გაუმართეს „შობის ხე“. ამ დღესასწაულს დაესწრო 500-მდე ბავშვი და სამწუხაროდ ბევრი კიდევ გარეთ დარჩა…“

ამ ფონზე კი, რაც უფრო ახლოვდებოდა ახალი წელი, „კლუბებში და კერძო სახლებში გაცხარებული მასკარადებია, საღამოები და ბალები. ესრედ-წოდებული მაღალი საზოგადოება გულსმოდგინეთ დაიარება და მხიარულებს ამ მასკარადებსა და ბალებში. ქუჩებში ზურნის ხმა დილიდამ საღამომდინ და საღამოდამ დილამდინ. გაუწყნარებელი რახა-რუხი ფაეტონებისა…“

დროსტარებას თან ახლდა მთვრალების ყაყანი, მუშტი-კრივი, დალურჯებული პირისახეები, ლაზათიანი, თფილისური ლანძღვა-გინება, „რაც აუცილებელ კუთვნილებას შეადგენდნენ სახალხო დღესასწაულებისა“. ყოველივე ზემოთქმული განსაკუთრებით ცხოველდებოდა უშუალოდ ახალი წლის ღამეს და პოსტსაახალწლო პერიოდში.

ხოლო მაშინ, როდესაც ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩებოდა, ქალაქის ფოსტა-ტელეგრაფის უფროსი, კლიშედ ქცეული დღევანდელი ფრაზით რომ ვთქვათ, „ხაზების შესაძლო გადატვირთვის“ შესახებ აფრთხილებდა მოსახლეობას – „რადგანაც ახალის წლისათვის მისალოცი დეპეშები ძალიან ბევრი იგზავნება ხოლმე და დროზე ვეღარ ასწრებენ მათს გაგზავნასა, ამიტომ დეპეშის გაგზავნის მსურველთ ადრევე, ე. ი. დღეიდამვე, უნდა წარმოადგინონ დეპეშები ზედ-წარწერით „მისალოცი“, რომელი სიტყვაც გამგზავნელს ანგარიშში არ ჩაეთვლებაო. ყველა მისალოცი დეპეშები მიღების დღიდგანვე გაიგზავნება, ხოლო თვით ადრესატებს ახალის წლის დღეს დაურიგდებათო“.

ახალი წლის წინა დღეს ძველი ქართული პრესის ფურცლებზე უხვად ჩნდებოდა გასული წლის გასაცილებელი ტექსტები, ისევე როგორც საახალწლო სურვილები და მოლოდინები, რომლებიც წინა წელზე ბევრად უკეთესი ცხოვრების იმედით იყო სავსე.

„ეს ერთი წელიწადიც ჩავაბარეთ პატრონს, თავისი დავი-დარაბიანი ჯოჯოხეთის ნუგბარი ისევ უკან წაიყვანოს. სხვას რას გვეტყვის, რად წამოგვედავება? თუ იმან არ აგვყარა ნალები, ჩვენ იმისთვის არა დაგვიკლია-რა! ვა! ვა! მართლა ბიჭო და რა ოხერი წელიწადი იყო! უჰ, იმისი სიფათი კი დაიქცეს!

ამბობენ, ახალ-წელიწადს რომ რამე ინატროს კაცმა, უეჭველად აუხდებაო. მამა უცხონდათ!

არა ძმაო, თუ შენ თითონ არ გაისარჯე, ახალი წელიწადი ისეთი ნამარდი ჯეელია, რომ თუ ზარალი არა, სიკეთეს არას დაგაყრის! არა, ახალ-წელიწადი რომ კაი კაცი იყოს, ზამთარში მოვიდოდა! აბა ერთი რომელი ვარდი და ხეხილი ხარობს ზამთარში?“

ასეთ ფაცაფუცში დგებოდა ახალი წლის ღამე შესაბამისი აღნიშვნითა და რიტუალებით, ხოლო თუკი ამ ჯადოსნურ ღამეს ჩათქმული სურვილები იმ წელს არ ასრულდებოდა, მთელი იმედები მომავალი წლის დღესასწაულებს დაეფუძნებოდა.

მეორე დღიდან ქალაქი ნელ-ნელა იწყებდა საზეიმო ბანგისგან გამოფხიზლებას:

„ახალწლის დღესასწაულებმა მშვიდობიანად ჩაიარა ჩვენს ქალაქში. მთვრალი, დალურჯებულ-დასისხლიანებული ცხვირ-პირი და გვერდები, მუშტი-კრივი, რასაკვირველია, საკმაოდ იყო, მაგრამ ამას ხომ ჩვენში მშვიდობიანობა ჰქვიან“.

P.S. გარკვეული გაგებით, ახალი წელი, თავის თავში, ქველმოქმედებას წარსულშიც გულისხმობდა, თუმცა ქველმოქმედებაცაა და ქველმოქმედებაც, რადგან 1889 წლის ქართული პრესის ფურცლებზე აღმოჩენილი ეს ცნობა თითქმის საუკუნე-ნახევრის შემდეგაც კი, ერთდროულად, არაერთ ურთიერთგამომრიცხავს გრძნობას აღძრავს:

„ამბობენ, ვითომ სადღესასწაულოდ ღარიბებისთვის დასარიგებლად შეწირული ფული მართლა ღარიბებს დაურიგდათო“.

P.P.S. სულ ბოლოს კი გთავაზობთ წინასაახალწლო პატარა ტექსტს წარსულიდან, რომელიც ალბათ ყველაზე უკეთ ასახავს მეორე წელს, რომელიც კორონავირუსის ვირუსის პანდემიის პირობებში გავატარეთ:

„ეს ერთი წელიწადიც, როგორც იყო, გადავაგორეთ. მადლობა ღმერთს. ჩვენს გარემოებაში, არა თუ ბედნიერად ცხოვრების გატარებაა მისალოცავი, არამედ ისიც ბედნიერების ადგილზედ უნდა ჩაითვალოს, რომ ამდენი ხანი მაინც კიდევ პირში სული გვიდგია… არა, პირში კი არა, სული კბილით გვიჭირავს, ცოტაოდენი ნიშან წყალი კიდევ გვატყვია. სწორედ მოგახსენოთ, ესეც დიდი ღვთის წყალობაა“.

დასაწყისში ვახსენეთ, რომ ძველ თბილისში ახალი წელი ახალი იმედებისა და მოლოდინების დღესასწაული იყო, ჰოდა, ჩვენც იმედს ვიტოვებთ, რომ ეს იქნება ბოლო ახალი წელი, რომელსაც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებით, დიდი ეკონომიკური და, სამწუხაროდ, ადამიანური დანაკარგით ვხვდებით…

წყარო:https://forbes.ge/sabednierdgheod/

ანალიტიკა
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.