USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
Tbilisi
თბილისის ₾2 მილიარდამდე გაზრდილი ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს გაეგზავნება
Date:  

თბილისის ბიუჯეტის მოცულობა წელს 2 მილიარდ ლარს მიაღწევს - თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირების პროექტი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.

ბიუჯეტის ზრდა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, მათ შორის პირველია შარშან მოსალოდნელზე 100 მილიონით მეტი საბიუჯეტო შემოდინებები, ხოლო მეორეა 100 მილიონის საბიუჯეტო ნაშთი, რომელიც წინა წელს პროექტების ათვისებიდან დარჩა.

„თბილისის 2024 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება და შემდეგ დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს წარედგინება. ბიუჯეტში აისახება გარდამავალი ნაშთები, რომელიც შედგება ძირითადად გადაჭარბებული შემოსავლებისგან. ასევე, გარკვეული კომპონენტი გარდამავალ პროექტებზე გადმოყოლილი თანხებია. 2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი 1 763 000 000 ლარს შეადგენდა, ცვლილებების შედეგად კი ორ მლრდ ლარს მიაღწევს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მნიშვნელოვან მუნიციპალურ პროექტებზე, რომლებიც მიმდინარე წელს სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდება.

„ვიწყებთ პროცედურებს, რომ წელს დამატებით შევისყიდოთ 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. ჩვენ თავიდან 200 ერთეულის შეძენა გვინდოდა, თუმცა საკმარისი თანხა არ გვქონდა და მხოლოდ 160 ერთეული შევიძინეთ; ჯანდაცვის სამსახურში, სხვადასხვა სოციალური პროგრამებისთვის გამოიყოფა 4 300 000 ლარი; ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს ემატება, დაახლოებით, 17 მლნ ლარი სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განსახორციელებლად. მათ შორის, არის მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელის მოწყობის პროექტი და სამგორში, გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. აღნიშნული ქუჩა უმძიმეს მდგომარეობაშია, მიწისქვეშა კომუნიკაციები და საავტომობილო გზა განადგურებულია. გვინდა, ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ.

გარდა ამისა, გარემოს დაცვის სამსახურს 36 მლნ ლარი ემატება. აქედან 10 მლნ ლარი გათვალისწინებულია ვაკის პარკისთვის, ე.წ. სამხედრო ქალაქში ახალი პარკის მოსაწყობად - 6 მლნ ლარი, ვერის ბაღის რეაბილიტაციისთვის -10 მლნ ლარი, გლდანის ტბისთვის - 5 მლნ ლარი. ასევე, დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა სკვერისა და რეკრეაციული სივრცის მოწესრიგება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს რაიონულ გამგეობებს სხვადასხვა პროექტის განხორციელებისთვის, ჯამში, 13 მლნ ლარი დაემატება.

„კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული მიმართულებით გამოიყოფა 19 მლნ ლარი, საიდანაც 13,5 მლნ ლარი ბაგა-ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოხმარდება, ხოლო 5 მლნ ლარი - დიღმის მასივში სპორტკომპლექსის მშენებლობის სამუშაოებს.

„თბილსერვის ჯგუფს“ ეძლევა დაახლოებით, 37 მილიონი ლარი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის. მათ შორის, ნაგავშემკრები კონტეინერებისა და დამატებითი სპეცტექნიკის შესასყიდად“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

tbilisi
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way