საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით, თბილისში, B2B Summit by Tarifa მიმდინარეობს. 2-დღიანი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეწვია 50 მაღალი გაყიდვების მქონე საერთაშორისო ე.წ. ბაიერი ცენტრალური და დასავლეთ ევროპის სამიზნე ბაზრებიდან და 40 სერვისის მიმწოდებელი კომპანია.
სამიტის ფარგლებში, საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
B2B Summit by Tarifa-ს მონაწილე თითოეულ სერვისის მიმწოდებელ კომპანიას გარანტირებულად 40-მდე B2B შეხვედრა აქვთ.
„ორი დღის განმავლობაში, სამიტის ფარგლებში, ქართული ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ევროპელ კოლეგებთან ერთად შეხვედრებს გამართავენ. სამიტის მონაწილეები ძირითად პოლონეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან არიან ჩამოსულები, რომ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ ბაზარს და შეიძინონ ბიზნეს პარტნიორები და საქართველოში ბევრად მეტი ბიზნეს ღონისძიება გამართონ“-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში, ევროპული კომპანიების წარმომადგენლებისთვის გაცნობითი ტურები მოეწყობა. ასევე, სხვადასხვა სასტუმროებისა და ღონისძიების ჩატარების ადგილების ინსპექტირების ტურები გაიმართება, რათა ევროპული კომპანიები გაეცნონ საქართველოს საქმიან ტურისტულ ინფრასტრუქტურას სამომავლოდ მასშტაბური ფორუმების, სამიტების, კონგრესებისა და კონფერენციების ჩასატარებლად.
„ჩვენ დავაორგანიზეთ ეს სამიტი, რადგან საქართველოს მიმართულებით ძალიან ბევრი პირდაპირი ავიარეისი სრულდება პოლონეთიდან. ამ ღონისძიებისთვის გადავწყვიტეთ პოლონეთიდან, ასევე ევროპის სხვა ქვეყნიდან და ჩინეთიდან „ბაიერები“ ჩამოგვეყვანა, რომ ამ მიმართულებას, საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გასცნობოდნენ, სადაც შესაძლებელია მსხვილი ღონისძიებების გამართვა და ხალხის ჩამოყვანა ბიზნეს შეხვედრებისთვის. ვფიქრობ სერვისის მომწოდებლები მოხარულები არიან ბაიერებთან შეხვედრებით და იმ ტურებით, რომელიც დაგეგმილია“-განაცხადა Tartifa კონგრესის ხელმძღვანელმა მაჩიეჟ ვოიჩჟიკმა.
კომპანია „ტარიფა“ (Tarifa) წარმოადგენს პროფესიონალური კონგრესის ორგანიზატორ კომპანიას (PCO), რომელიც 25 წელია წარმატებით ფუნქციონირებს შეხვედრების ინდუსტრიის საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია მსხვილ ღონისძიებებს აწყობს დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და სხვა ქვეყნებში.
ამერიკის შეერთებული შტატები “მშვიდობის საბჭოს” პირველი ოფიციალური სამიტისთვის ემზადება. პრეზიდენტ ტრამპის მიერ შექმნილი ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის პირველ სხდომას ვაშინგტონში მდებარე, ტრამპისვე სახელობის მშვიდობის ინსტიტუტი უმასპინძლებს.
არსებული ინფორმაციით, მას წევრი ქვეყნების უდიდესი ნაწილი, 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება. მათ შორის იქნებიან საუდის არაბეთის, თურქეთის, ეგვიპტის, კატარისა და ინდონეზიის წარმომადგენლები. ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის მმართველები.
როგორც ირკვევა, პირველ სამიტზე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღაზას რეკონსტრუქციისთვის ფონდის შექმნას დააანონსებს და გამოაცხადებს, თუ როგორ დაკომპლექტდება ის “საერთაშორისო სტაბილიზაციის სამხედრო ძალა”, რომელიც ღაზას სექტორის საზღვარზე განლაგდება და უზრუნველყოფს, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის სამხედრო მოქმედებები აღარ განახლდეს.
ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად რა რაოდენობის სამშვიდობოებს გაგზავნიან სახელმწიფოები, თუმცა ცნობილია, რომ ინდონეზიის კონტრიბუცია ამ მხრივ 8,000 ჯარისკაცი იქნება. რაც შეეხება ფინანსებს, პრეზიდენტი ტრამპი მოელის, რომ ღაზას სექტორის ხელახლა აღდგენისთვის წევრი სახელმწიფოებისაგან მილიარდობით დოლარს მოიზიდავს. შეგახსენებთ, “მშვიდობის საბჭოს” წევრობის საწევროს გადასახადი ერთ ქვეყანაზე $1 მილიარდია, თუმცა განსაზღვრული არ არის, ეს თანხა უნდა ჩაირიცხოს ერთიანად, თუ სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ შტატების ლიდერი კოლეგებს ფონდში პირველადი ფინანსური კონტრიბუციის შეტანას სწორედ $1-მილიარდიანი ვალდებულების ფარგლებში სთხოვს.
რაც შეეხება ჰამასს, რომლის განიარაღებისა და ძალაუფლების ჩამორთმევის გარეშეც “მშვიდობის საბჭო” ღაზას სექტორის რეკონსტრუქციასა და ახალი ადმინისტრაციის სრულფასოვან მმართველობას ვერ უზრუნველჰყოფს, არსებული ინფორმაციით, მის ტერორისტებს საშუალება ექნებათ, სამშვიდობო ძალებს საკუთარი ნებით ჩააბარონ იარაღი და როგორც პალესტინის მშვიდობიანმა მცხოვრებლებმა, ისე განაგრძონ ცხოვრება. მათთვის, ვისაც ასეთ რეალობაში დარჩენა არ ენდომება, “მშვიდობის საბჭო” პარტნიორი ქვეყნების მეშვეობით ღაზას სექტორიდან გასვლაში დაეხმარება. შეგახსენებთ, ამჟამად ჰამასის ხელმძღვანელობის პოზიციაა, რომ ახალ ღაზაში დარჩენა და ჯარისკაცების საპოლიციო ძალებში გაწევრიანება სურთ, რათა იმ ბრძოლამ, რაც წლების განმავლობაში სექტორის დაცვისთვის გასწიეს, უკვალოდ არ ჩაიაროს. თუმცა როგორც ტრამპის ადმინისტრაცია, ისე ისრაელი ამ ფორმით ჰამასის ღაზაში დარჩენას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. სავარაუდოა, რომ შუამავალი სახელმწიფოები, რომლებიც “მშვიდობის საბჭოშიც” არიან წარმოდგენილი, 19 თებერვალს ამ საკითხზე აქტიურად იმსჯელებენ.