USD 2.6975
EUR 3.1825
RUB 3.4401
Tbilisi
თბილისი ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონების საბჭოს კომიტეტის შეხვედრას მასპინძლობს
Date:  355

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან, ერთად ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონების საბჭოს კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მასშტაბურ ღონისძიებას საქართველოს დედაქალაქი 6-7 ივნისს მასპინძლობს და მასში ევროპის ოცი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თბილისისათვის ევროპული მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს (Council of European Municipalities and Regions - CEMR) პოლიტიკური კომიტეტის სხდომის მასპინძლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

გიორგი ტყემალაძემ დელეგატებს იმისთვის, რომ ბევრმა მათგანმა ამ წარმომადგენლობითი სხდომის ჩასატარებლად არჩევანი სწორედ საქართველოს დედაქალაქზე შეაჩერა, მადლობა გადაუხადა.

„ძალიან ვაფასებთ CEMR-ის ღვაწლს, რის შედეგადაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) მრავალწლიანი ძალისხმევა წარმატებით დასრულდა და ათეა გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივ მთავრობათა (United Cities and Local Governments - UCLG) ევრაზიის სექციიდან ევროპულ სექციაში იქნა გაწევრიანებული.

აგრეთვე გულწრფელად ვაფასებთ, რომ 2022 წლის ივნისში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყნისთვის - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით CEMR-მა შეიმუშავა დეკლარაცია, რომელშიც მიუთითა, რომ ევროკავშირის ევროპულ საბჭოს ამ სამივე სახელმწიფოს მიმართ თანაბარი მიდგომა უნდა გამოეჩინა და მათთვის მიენიჭებინა კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ, ჩვენი სახელმწიფოს მომავალს ევროპაში ვხედავთ. წარმატებული განვითარების მოდელი ჩვენთვის სწორედ ევროპული მოდელია.

„ყოველთვის დიდი ინტერესით ვაკვირდებით და ვიზიარებთ სხვადასხვა ევროპული ქალაქის საუკეთესო მაგალითებს, თუ როგორ მივაღწიოთ მდგრად ურბანულ განვითარებას ადგილობრივ დონეზე“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ დელეგატებისადმი მიმართვისას ასევე განაცხადა, რომ საქართველოს თვითმმართველობებს შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში და ამ გზაზე ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა მათთვის პრიორიტეტულია.

„ვიმედოვნებთ, რომ თბილისი კიდევ ხშირად იქნება ევროპული ფორუმების მასპინძელი. მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და ნაყოფიერი სამუშაო დღე გისურვოთ“, - განაცხადა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს ცნობით, კომიტეტის შეხვედრაში ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა საბჭოს, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის, საქართველოს რეგიონების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

tbilisi
გადასასვლელ ხიდთან 280-მეტრიანი საავტომობილო ესტაკადის მშენებლობაზე ₾100 მილიონი დაიხარჯება

თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მასზე მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს ყოფს იმგვარად, რომ მოედნის პარალელურად არსებულ ქუჩებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურია და აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ქალაქის უბნების დაკავშირებადობა გაუმჯობესდეს.

"ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის კორიდორი და თანმდევი ინფრასტრუქტურა ქმნის 4-კილომეტრიან მონაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კავშირის გარეშე, გარდა შეზღუდული რაოდენობის საფეხმავლო კავშირებისა. ეს ისტორიული დაბრკოლება ხელს უშლის თბილისის სატრანსპორტო გეგმის პრიორიტეტებისკენ მისწრაფებას. სადგურის მოედანი მდებარეობს აღნიშნულ ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთში. ის წარმოადგენს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო „ჰაბს“, სადაც თავს იყრის 61 ავტობუსის მარშრუტი, მეტროს 2 ხაზი, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის სერვისები. ტერიტორია ემსახურება საათში 330 ავტობუსის სერვისს, საიდანაც მომავალში 150 გამოიყენებს ხიდს. თბილისის სატრანსპორტო გეგმის თანახმად, სადგურის მოედანი ასევე იქნება თბილისის საგარეუბნო რკინიგზის სერვისების თავმოყრის წერტილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის მისი, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის არარსებობა აფერხებს მაღალი ხარისხის ჰაბის განვითარებას, ხშირად 22 ავტობუსის მარშრუტის შეწყვეტა ხდება ვადაზე ადრე ან ახორციელებენ 1.5 კილომეტრიანი შემოვლითი მგზავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების დროს, ჰაერის დაბინძურებასა და ვიბრაციას, ისევე როგორც ამცირებს მარშრუტების ხარჯეფექტიანობას. თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტიკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევის საფუძველზე შექმნილ ანგარიშს, კონცეფციას. პროექტის მიზანი არის, ამ კონცეფციით განსაზღვრული, საავტომობილო ხიდის მშენებლობა.

აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი ითვალისწინებს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში იქნება 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

წყარო: https://bm.ge

sadguris-moedani_o_h

See all
Survey
By the way