USD 2.6728
EUR 2.8532
RUB 2.8408
თბილისი
თავისუფალი სვანეთის დროშა – ლემი (ლომი)
თარიღი:  466

“რაი ლომი და მოლაშქრე მოვიდეს, რომელიცა ხევი ანუ სოფელი არ მოჰყვეს მისითა აბჯრითა, იმა ხეუსა და სოფელსა მიუხდეთ ჩვენ ერთობილი ხევი”.

ლემი (ლომი) თავისუფალი სვანეთის დროშაა, რომელიც, გადმოცემით, წინ უძღოდა სვანეთის ლაშქარს ბრძოლის დროს. მისი მფლობელი იყო ხევის უფროსი, რომელსაც მელომე ეწოდებოდა. ლემი გამოჰქონდათ “ჰულიშობის” დღესასწაულზე. ამ დროს ტარდებოდა დროშიანი დოღი, რომელიც სამ დღეს გრძელდებოდა. თუ დოღში მელომე გაიმარჯვებდა, ეს ხევისთვის სასიკეთოდ მიაჩნდათ. დროშა ბოლო ხანებში სეტის წმ. გიორგის ეკლესიაში ინახებოდა, მისი ვერცხლის, ოქროთი დაფერილი, ჭედური ბუნი კი დაცულია სვანეთის მუზეუმში. ლემი ზოომორფული დროშაა, ეს არის ყვითელი აბრეშუმისგან შეკერილი ცხოველის ფორმა, რომელიც მოძრაობისას ჰაერით ივსება და ლომის სახეს იღებს. თუკი ჰულიშობას ლომი კარგად გაიბერებოდა და გაიშლებოდა ეს დიდი ბედნიერებისა და კარგი მოსავლის მომასწავებელი იყო.

 ექვთიმე თაყაიშვილი დროშას შემდეგნაირად აღწერს: “ტარი თავდება ზემოდ ფართო შუბით, რომელიც ვერცხლიდან არის ჩამოსხმული და მასთან ოქროთია დაფერილი. ხეტარი დროშისა ზემო ნაწილზე შეძერწილია ვერცხლის ფურცლით – ბასმით. ამაზე ჩამოკიდებულია მატერიიდან შეკერილი ლომის სახე და როცა ცხენოსან კაცს ეს დროშა უკავია ხელში და ცხენი გაჩქარებით, თოხარიკით მიჰყავს, ან აჭენებს, მატერია იშლება ჰაერში ლომის სახით”. მკვლევარი კამილა ტრევერი უძველეს წარსულში ეძებს ლემის ფესვებს. ის სვანეთის დროშას დრაკონის სახის დროშებს მიაკუთვნებს, რომლებიც II საუკუნეში პართელებს, სკვითებსა და სარმატებს ჰქონდათ.

ცნობილი ეთნოგრაფი და ისტორიკოსი – ვერა ბარდაველიძე ლემს უკავშირებს სვანეთში და ზოგადად საქართველოს მთაში გავრცელებულ მგლის კულტს. მას აღწერილი აქვს მგლის რიტუალურ მოკვლასთან დაკავშირებული პროცესია სვანეთში – აშანგელო. პროცესიას წინ მგლის მკვლელი მიუძღოდა, რომელსაც გრძელი ლატანი ეკავა, წვერზე მიმაგრებული ნადირის ტყავით. საწესო მსვლელობის მონაწილენი სოფელს სიმღერით შემოივლიდნენ და ყველა მოსახლესთან ჩერდებოდნენ. მოსახლეობა პროცესიის წინამძღოლს თოფისწამალს ან ტყვიას აძლევდა. „მგლის მოკვლისათვის ტყვიისა თუ თოფისწამლის მიცემა, ეჭვგარეშეა, სიმბოლიურად გამოხატავდა თანამესოფლეთა მონაწილეობას მგლის მკვლელობაში. მაშასადამე, ეს მნიშვნელოვანი დეტალი წარმოგვისახავს ნადირის კოლექტიურად მოკვლის ფორმას. ხოლო ის გარემოება, რომ საწესო პროცესია უშუალოდ ნადირის მოკვლას უკავშირდებოდა (იგი მარტო მგლის მოკვლის გამო იმართებოდა), ამჟღავნებს კოლექტიური მოქმედების პირვანდელ ხასიათს და ამ მოქმედების ობიექტის მნიშვნელობას: როგორც ჩანს, ეს ტოტემური ცხოველის საწესო მოკვლა უნდა ყოფილიყო. ამავე დროს ჩვენ ვხედავთ, რომ ტოტემური გადმონაშთის განუყრელ ნაწილად ლატანი და მის წვერზე მიკრული მგლის ტყავი გვევლინება, რაც, ვგონებთ, შეუძლებელია სვანური დროშის პროტოტიპად არ მივიჩნიოთ” – ვ. ბარდაველიძე.

ლემის აღწერილობა

ლემი შეკერილი იყო ყვითელი აბრეშუმისგან, თუმცა უფრო ახლო წარშულში ბამბის ქსოვილისგან შეკერილ დროშას იყენებდნენ. ძველი აბრეშუმის დროშა მოიძია ექვთიმე თაყაიშვილმა, თბილისში ჩამოიტანა და მუზეუმს გადასცა. ლომის მთელი სხეულის სიგრძე, კუდის ჩათვლით, 2 მ და 24 სმ-ა. დროშას ჰქონდა ცხოველის ფორმა, მოძრაობისას ჰაერით ივსებოდა და იბერებოდა. ცხოველის თავსა და ტორებზე ნაჭრით გამოსახული იყო ჯვრები, სახის არე ნაწილობრივ მოქარგული იყო. ლომს ჩაკერებული ჰქონდა ყურები, რომელიც ჰაერით ავსებისას იცქვიტებოდა.

დროშის გრძელი ხის ტარი სრულდებოდა ფართე ვერცხლის თავით. ბუნი შემკულია ჭედურობით და დაფერილია ვერცხლით. ერთ მხარეს ამოტვიფრულია წარწერა: “უბედნიერენ ღმერთმან ერთობილსა ხევსა ბედნიერსა სუანეთისასა ლომი და დროშის თავი დროშითურთ, ჩემ დიდისა მონასტრისა წინამძღურისა გრიგოლ კოპასძისაგან მოხსენებული”. წარწერის გევრდით გამოსახულია უღრის მთავარანგელოზი, ბუნიკის მეორე მხარეს კი – წმ. იონა ლატალისა და წმ. გიორგი სეტისა.

უვაროვას აღწერით ლომს ჰქონდა დაღრენილი პირი, რომელშიც ვერცხლის ენა და კბილები იყო ჩადგმული. ეს პირი საკმაოდ რთულადაა მოწყობილი. იგი ქვედა და ზედა ყბისგან შედგება, რომლებიც 6 მმ-ის სისქის მასიური მავთულისგანაა დამზადებული. ყბებს აერთებს ვერცხლის პატარა ცხირები, რისი საშუალებითაც პირი მოძრაობს. ყბაზე შერჩენილია სამკუთხა ვერცხლის კბილები, ენა XX საუკუნეში უკვე დაკარგული იყო. ექვთიმე თაყაიშვილი ბუნიკზე ამოტვიფრული წარწერის საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს, რომ დროშას ადრე დროშას ჰქონდა მთლიანად ვერცხლისგან ჩამოსხმული ლომის თავი. ჩამოუსხმული ლომის ფიგურა ნაპოვნი არ არის, თუმცა სეტის საეკლესიო ქონების აღწერის საბუთებში ვკითხულობთ: “აუწერეთ ზე მთავარ მოწამისა ხატები. ორმოცდაშვიდმეტი ხატი ყოველი უფროს და უმცროსი. ერთი ლომისა თავი”.

მელომე

მელომე განსაკუთრებულად საპატიო თანამდებობა იყო, ის ითვლებოდა ხევის მამად, მისი მეუღლე კი ხევის დედად. საყურადღებოა, რომ ისინი არამხოლოდ ხევს, სეტის მოწამესაც (წმ. გიორგის) იშვილებდნენ: “დაგიწერე და მოგახსენე წერილი ესე თქუენ თავად მთავარმოწამესა და ერთობილსა ხევსა მე ვახთანგიანმან ბენდე და ჩემმან ცოლმან მარიამ მტკიცე და უქცეველი, ყოვლისა მიზეზისაგან უმიზეზოი, რაისა გინდა ჟამისა შემოსრულობისთუინ შეუცვალებელი, მას ჟამსა, ოდეს ჩემითა ნებითა მთავარმოწამე სეტისა და ერთობილი ხევი გიშვილე”. მელომის თანამდებობა არჩევითი იყო, თუმცა მას ერთი გვარის წარმომადგენელთა შორის ირჩევდნენ. მედროშის განკარგულებაში იყო მთელი ლაშქარი, თუ მას რამე გაუჭირდებოდა ლომი უნდა მიეტანა ხალხში – “რაი ლომი და მოლაშქრე მოვიდეს, რომელიცა ხევი ანუ სოფელი არ მოჰყვეს მისითა აბჯრითა, იმა ხეუსა და სოფელსა მიუხდეთ ჩვენ ერთობილი ხევი”. მელომის წინააღმდეგობა არ ეპატიებოდა მამისაგან შვილს, ძმისაგან ძმას, თუ მელომეს ვინმესთან შუღლი ჰქონდა, პასუხის გამცემი იყო მთელი ხევი – “ვისც წაეკიდო, რაც იმას საქმე მოჰყვ[ეს], იმისი პირი და პასუხისა გამცემი და გარდამ[–ლე] [———-] ხევი ვართ”. რაც შეეხება მის ვალდებილებებს, როგორც ჩანს, ეს უფრო ქონებრივი ტიპის იყო, მელომის ქონება ხევის ქონებად ითვლებოდა: “მას ჟამსა ოდეს ჩემითა ნებითა მთავარმოწამე სეტისა და ერთობილი ხევი გიშვილე, დაგათუალე ჩემი სახლი, მამულ-ეკლესიანი, მ[–]ვარი, ტყე და ველი, უძრავი და მოძრავი, უძებარი და საძებარი, ყ[ოვ]ლისა კაცისგან უცილობლად ჩემი თან დამითულია”.

გამოყენებული წყაროები: ქართული დროშები – სარა ბარნაველი, სვანეთის საისტორიო ძეგლები – პავლე ინგოროყვა, ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან. დროშა „ლემ“, მგელი-ძაღლი – ვერა ბარდაველიძე.
შავ-თეთრი ფოტოების ავტორი: დიმიტრი ერმაკოვი.
ვიდეო კადრები აღებულია რეზო თაბუკაშვილის დოკუმენტური ფილმიდან – მიხეილ ხერგიანი.

წყარო:https://angi.ge

კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.