USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
თბილისი
თარგმანში გაცხადებული სარედაქციო პოლიტიკა
თარიღი:  640

უცხოურენოვანი ტექსტების ინტერპრეტირებული თარგმანი, სასურველი მონაკვეთების „ამოჭრა“ და შინაარსის საკუთარ პოლიტიკურ გემოვნებაზე „მორგება“ ქართულ მედიაში საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, თუმცა ამ მხრივ განსაკუთრებით სახასიათო სურათი გამოიკვეთა 15 იანვარს, Washington Post-ში გამოქვეყნებული სტატიის გაშუქებისას, სადაც გამოცემა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა.

იმისთვის, რომ წარმოდგენა შეგვექმნას, თუ რამდენად განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავი ცნობები შეიძლება საზოგადოებამ მიიღოს ერთი და იგივე ამბის შესახებ ორ სხვადასხვა მედიასაშუალებისგან, საკმარისი იქნება დავაკვირდეთ „იმედინიუსისა“ და „მთავარი არხის“ ვებგვერდის მასალებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

გავლენიანი ამერიკული გამოცემისთვის მოსკოველი და თბილისელი კორესპონდენტების მიერ მომზადებულ სტატიას „იმედი“ მხოლოდ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით გამოეხმაურა, თუმცა ნიშანდობლივია, რომ საკმაოდ ვრცელი სტატიიდან, სადაც მოცემულია როგორც საქართველოს შიგნით, ისე მთლიანად რეგიონში არსებული ვითარებისა და ტენდენციების ავტორისეული ანალიზი, „იმედინიუსმა“ მკითხველს მხოლოდ ის მონაკვეთი შესთავაზა, რომელშიც ივანიშვილის გადაწყვეტილება რეგიონში გამორჩეულად და დადებით კონტექსტშია შეფასებული:

„გამოცემა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით იგი უარს ამბობს ყველაფერზე, რათა დრო დაუთმოს ფილანთროპის როლში მთელი თავისი ქონების გაცემას საქველმოქმედო მიზნებისთვის, მისაბაძ ნარატივს უწოდებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიდგომა მკვეთრად განსხვავდება ტრამპის, ვლადიმერ პუტინის და ლუკაშენკოს პოზიციებისა და მიდგომებისგან“.

აღსანიშნავია, რომ Washington Post-ი ნამდვილად წერს იმას, რასაც „იმედინიუსი“ გვამცნობს, ამიტომ ამ უკანასკნელს შინაარსის გაყალბებაში ვერ დავადანაშაულებთ, თუმცა ამერიკულ გაზეთში გარდა პოზიტიური შეფასებებისა ასევე გვხვდება სკეპტიკური კითხვის ნიშნებიც იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრს ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის არ სჯერა, რომ ოპოზიციას აქვს პრეტენზიები „ქართული ოცნების მმართველობასთან“, რომ ამერიკელ კანონმდებლებსაც ჰქონდათ კითხვები მმართველ პარტიასთან და ა.შ., რასაც „იმედინიუსი“ ყურადღების მიღმა ტოვებს.

აქედან გამომდინარე „იმედინიუსის“ გაშუქების სტილი „შერჩევითი ყურადღების“ შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ის, რაც იმავე დღეს, იმავე თემაზე საზოგადოებას „მთავარმა არხმა“ შესთავაზა, საერთოდ წინააღმდეგობაში მოდის რეალური სტატიის შინაარსთან და თარგმანის გაყალბების კატეგორიაში გადადის.

კერძოდ, „მთავარი არხის“ ვებგვერდმა მკითხველს ამცნო, რომ თითქოს Washington Post-ის თანახმად ივანიშვილის მიდგომა რეგიონის სხვა ლიდერებისგან არა განსხვავებული, არამედ მსგავსია: „ივანიშვილის ფულზე დაფუძნებული პოლიტიკა, რეგიონის სხვა ლიდერებისასაც ჰგავს. ბოლო 12 თვის მანძილზე, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი განსაკუთრებით გააქტიურდა, რომ მისი გავლენები 2036 წლამდე გახანგრძლივდეს, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ამტკიცებდა, რომ მან აგვისტოს არჩევნები, რომელიც რეალურად გაყალბდა, მოიგო“, - გვეუბნება „მთავარი“ მაშინ, როცა სტატიაში სრულიად საპირისპიროს ვკითხულობთ:

Ivanishvili’s pay-it-forward tone breaks with others in the region. Last year, Russian President Vladimir Putin orchestrated constitutional changes that could keep him in power until 2036. Belarus’s president, Alexander Lukashenko, claimed he won a sixth term in August elections that were widely condemned as rigged.

მეტიც - „მთავარი არხისეული“ „თარგმანით“ „ეს ყველაფერი, შეიძლება შეედაროს დონალდ ტრამპსაც, რომელიც ახლაც ზრუნავს თავის პოლიტიკურ მომავალზე. ოთხშაბათს მან ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სულაც არ ეხმიანება, იმ პოლიტიკურ სილას, რომელიც გააწნეს“.

არადა, რეალურად Washington Post- წერს, რომ რეგიონული ლიდერების გარდა „ეს ასევე, განსხვავდება პრეზიდენტ ტრამპისგანაც“:

It also contrasts with President Trump, who is now pondering his political future and released a video Wednesday noting the clout of his “movement.”

„მთავარი არხის“ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ რედაქცია მკითხველს სტატიას სრულად სთავაზობს, თუმცა, თუ ზემოაღნიშნული კონკრეტული ციტატების „თარგმანით“ ვიმსჯელებთ, რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს თუ როგორ „თარგმნა“ და საერთოდ, როგორ მიაწოდა მკითხველსა და მაყურებელს „მთავარმა არხმა“ იზაბელ ხურშუდიანისა და ინა ლაზარევას მიერ მომზადებული სტატია.

ამგვარად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ორმა ქართულმა მედიასაშუალებამ ამერიკული გამოცემის სტატიის გაშუქებისას საზოგადოების ინტერესზე მაღლა საკუთარი პოლიტიკური და სარედაქციო დღის წესრიგი დააყენა და თუ „იმედინიუსმა“ აუდიტორიას ამბის მხოლოდ ერთი ნაწილი გააცნო, „მთავარმა არხმა“ სტატიის ძირითადი შინაარსი გააყალბა და მკითხველი მოატყუა.

აქედან გამომდინარე, სტატიის სულისკვეთებისა და შინაარსის სრულად გასაცნობად ქართულ საზოგადოებას ჯერ-ჯერობით სტატიის ორიგინალის წაკითხვა მოუწევს.

მანანა მჭედლიშვილი
წყარო:https://mediacritic.ge/
ანალიტიკა
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.