გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი, ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ჯორჯ მარშალის სკოლის დიპლომის მქონე თამაზ იმნაიშვილი, ახალ მსოფლიო წესრიგში საქართველოს ადგილის შესახებ მსჯელობს და ამის შესახებ, მისი და აწ განსვანებული გოდერძი ტოტოჩავს მოსაზრებებს გადმოგვცემს.
„გარდაიცვალა ერთი თვის წინ. პარკელი. ბათუმელი. ერთერთი უგანათლებულესი კაცი საქართველოში. 1978 წელს შექმნილი რესპუბლიკური პარტიის გონი და ტვინი. ფილოსოფოსი მწერალი. უბრალოდ ჯიგარი კაცი. ჩემი ძმა და უფროსი მეგობარი“ - ასე ახასიათებს ბ-ნი თამაზი გოდერძი ტოტოჩავს
თბილისი პოსტი" უცვლელად გთავაზობთ ბ-ნი თამაზის და ბ-ნი გოდერძის მოსაზრებებს, რომელსაც ბ-ნმა თამაზმა მოუყარა თავი და სტატიის სახით შემოგვთავაზა.
ახალი მსოფლიო წესრიგი და საქართველოს ადგილი ამ წესრიგში
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თვეში ერთხელ, როცა ბათუმში შვილებთან და შვილიშვილებთან ჩასახუტებლად ჩამოვდივარ ხოლმე, ორ სამ საათს გოდერძისთან აივანზე ჭიქა ყავასა და ლუდთან საუბრებს ვუთმობდი. გია მასალკინმა სწორად აღნიშნა გოდერძისეულ რექვიემში -ცოტანი იყვნენო მასთან ტოლსწორად სასაუბროდ მზადო. გუდუნაც ამას მეუბნებოდა, რასაც ჩვენ ახლა განვიხილავთ სხვასთან ვერ ვილაპარაკებ. ეს თემა მათთვის უცხო იქნებაო. ჩემთვის დიდი პატივი იყო გუდუნასთან ასეთი ფილოსოფიური საუბრები და ანალიტიკური აზროვნება. ბოლოს ერთ თემას ვამუშავებდით, რომელიც ბოლომდე ვერ გავშალეთ, მაგრამ თემის ჩონჩხზე ჩამოყალიბებული ვიყავით. ეს ნაშრომი ყავასთან და ლუდთან ერთად მის აივანზე ჩვენი ფილოსოფიური საუბრების შედეგია
მსოფლიო ახალი არქიტექტურის შექმნის სამანთან დგას. ეს ახალი პარადიგმა მსოფლიოს ამოძრავებს დღეს, თუმცა ახალი პარადიგმის იმპლემენტაციისათვის ძალიან ძველ პარადიგმას იყენებს.“ უნდა დაინგრეს ძველი, რომ ააშენო ახალი“. სწორედ რომ ეს ხდება დღეს მსოფლიოში. ძველის ნგრევის პრელუდიის კლასიკურ მაგალითად ბრექსიტი უნდა მივიჩნიოთ. ქართველი გენიოსის შექმნილი პროგრამით და ჯორჯ მარშალის შედგენილი გეგმის მიხედვით შექმნილი ევროპული გაერთიანება, რომელმაც საბოლოოდ ევროკავშირის სახე მიიღო, თავისი შესაძლებლობების ამოწურვის ზღვარზეა. დიდმა ბრიტანეთმა პირველმა დაიწყო ნგრევის პროცესი, რათა მერე ახალი შექმნას. ზბიგნევ ბჟეზინსკის წიგნში „ მსოფლიო საჭადრაკო დაფა“ გავრცობილია თეზა, რომ 21 საუკუნის გამოწვევები, რისკები და საფრთხეები იმდენად რადიკალურად განსხვავებული, აზრობრივად სხვა და მასშტაბური იქნება, დღეს არსებული მსოფლიო ორგანიზაციები ან ცალკეული სახელმწიფოები ვერ გაუმკლავდებიან მას და თუ ახალი პარადიგმები არ შექმნა კაცობრიობამ კატასტროფა გარდაუვალი იქნებაო. აბსოლუტურად სწორი აზროვნება ყოფილა. ყველა გლობალური ორგანიზაცია: გაერო, ევროკავშირი, ნატო , ოდკბ, ბრიქსი, დიდი შვიდეული, დიდი ოცეული თუ სხვები, ყველა განიცდის კრიზისს უკლებლივ. მთავარი მიზეზი კი ის რის, რომ მათი ფორმატები, კანონმდებლობა, მიზნები ,ამოცანები და პროგრამები ვეღარ პასუხობენ თანამედროვე მოთხოვნებს. დღეს სხვა რეალობა დგას.
არც ქართულ მეცნიერებას და არც მსოფლიოს ექსპერტებს არ შეუსწავლიათ ბოლომდე 2008 წლის აგვისტოს ომის ფენომენი. მსოფლიოსთვის ეს თითქოსდა იოტისოდენა სიდიდის, ხუთდღიანი სამხედრო მიკროკონფლიქტი, სინამდვილეში იმ წესრიგის დამანგრეველი აღმოჩნდა, რომელიც 1991 წლიდან ჩამოყალიბდა მსოფლიოში. თანამედროვე კაცობრიობა და ცივილიზებულ სახელმწიფოთა თანამეგობრობა ვერ არსებობს წყნარად გლობალური წესრიგის გარეშე. 1938 წელს ავსტრიის ანშლუსითა და ჩეხური სუდეტის ოლქის მითვისებით ჰიტლერმა დაანგრია 1919 წლის ვერსალის ზავის მიხედვით შექმნილი წესრიგი, ევროპული სახელმწიფოების ლოიალურობამ და პოლიტიკურმა კონფორმიზმმა კაცობრიობა მეორე მსოფლიო ომამდე მიიყვანა. 1979 წლის 2 დეკემბერს თბილისის მახლობლად მდებარე საბჭოთა არმიის გრუს სპეცრაზმის „ღამურების“ ავღანეთში, ქაბულის აეროპორტში დესანტირებამ ავღანური ომის პრეცედენტი შექმნა, ამან კი 1945 წლის პოტსდამის კონფერენციაზე მიღებული წესრიგი დაარღვია, რამაც საბოლოოდ ბოლშევიზმის სრული კრახი მოიტანა. 2008 წლის აგვისტოს ომით რუსეთმა დაარღვია 1991 წლის მესამე მსოფლიო წესრიგი. ამის შემდეგ მთელს მსოფლიოში განვითარებული მოვლენები სწორედ ამის გამოძახილია. თამაშის წესების არ არსებობის პირობებში ყველა თავისი წესებით თამაშობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი მასშტაბის და სისასტიკის რუსეთ უკრაინის ომი კაცობრიობას აიძულებს ახალი გლობალური პოლიტიკური თამაშის წესები შექმნას დედამიწის და კაცობრიობის სტაბილური განვითარებისათვის.
ორ სხვადასხვა მოვლენასთან შეიძლება შევადაროთ ამჟამინდელი მდგომარეობა. მე 19 საუკუნის ბოლოს ევროპამ ზურგი აქცია ტრადიციულ რელიგიურ ღირებულებებს და ახლის ძიებაში სხვადასხვა ფილოსოფიური მოძღვრებების და ახალი იდეების განხორციელებას მიჰყო ხელი. ძველი, ტრადიციულის დანგრევას შეეცადა. ამის კი ორი მთავარი მიზეზი არსებობდა. რელიგია და ეკლესიის მესვეურთა დიდი ნაწილის დაბალი და კორუმპირებული დონე ვეღარ პასუხობდა საზოგადოების სულიერ მოთხოვნებს, სულიერი და რელიგიური გამოფიტვა მოხდა. საზოგადოება კი ვერ ძლებს სულიერი ღირებულებების გარეშე. მეორე და ალბათ უფრო დიდი მიზეზი კი ტექნოლოგიური გამოფიტვა იყო. კაცობრიობას ვეღარ აკმაყოფილებდა უკვე შექმნილი ტექნოლოგიები, მაგრამ ახლის და უფრო მძლავრის შექმნას ვერ ახერხებდა. კაცობრიობამ დაიწყო ძველის ნგრევა ახლის საძიებლად. პირველმა მსოფლიო ომმა დაანგრია ძველი სამყარო. შექმნა ახალი ჰაიტეკები, შექმნა ახალი მიმართულებები რელიგიებში და ამავდროულად შექმნა ახალი ტოტალიტარული იდეოლოგიები. მეორე მსოფლიო ომის შედეგი თერმობირთვული იარაღის შექმნა , გაეროს შექმნა და კოლონიალიზმის მსხვრევა გახდა. 1980 წელს დაწყებულმა გამალებული შეიარაღების პროგრამებმა საბოლოოდ სოციალისტური სამყაროს და სსრკ ს ნგრევა მოახდინა და ახალი ტექნოლოგიური გარღვევები განახორციელა უპირველესად კომპიუტერულ და ინტერნეტ და კავშირგაბმულობის სფეროებში. ასევე მანქანათმშენებლობაში.
თამაზ იმნაიშვილი
დღის წესრიგში დგას მეოთხე მსოფლიო წესრიგის შექმნა. ამ წესრიგმაც უნდა დაანგრიოს ძველი და შექმნას ახალი. აქ კი საკითხი ასე ისმება: რა არის ის ძველი, რომელიც უნდა დაინგრეს და რა უნდა იყოს ის ახალი, რომელიც უნდა შეიქმნას.
წმინდა სუბიექტური მოსაზრებებიდან გამომდინარე , რომელიც ამავდროულად ობიექტურ მიზეზებს ეყრდნობა რუსეთის ფედერაცია არის ის ყველაზე დიდი და ყველაზე ძველი საფრთხე, რომელიც კაცობრიობის მომავალს ემუქრება. 1723 წლიდან, რაც პეტრე პირველმა თავისი ბრძანებით მოსკოვიას რუსეთი უწოდა,სისტემურად დღემდე არაფერი შეცვლილა. ის დედამიწის ზურგზე როგორც ატავიზმი ისეა. 1917 წელს ევროპამ გადაყლაპა ბოლშევიკური გადატრიალება რუსეთში, მიიღო ბოლშევიკური უსასტიკესი სსრკ. 1938 წელს გადაყლაპა ჰიტლერის დამპყრობლური ამბიციები და საშინელი ფასი გადაიხადა ამისთვის. მსოფლიომ ითანამშრომლა სსრკს ნანგრევებზე დარჩენილ რუსეთის ახალ სახელმწიფოსთან იმ იმედით, რომ რუსეთი გახდებოდა ცივილიზებული სახელმწიფო და მსოფლიო ცივილიზებული წევრი. ამ კონფორმიზმმა საბოლოოდ ამ დღემდე მოგვიყვანა, როცა რუსეთი ცდილობს არა თუ დაიპყროს, არამედ სრულად გაანადგუროს ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფო. ე.წ. „გადამწვარი მიწის“ სტრატეგიით. და ამას იგი აკეთებს მისი მოსვლის დღიდან საქართველოში, მოლდოვაში უკრაინაში, ტაჯიკეთში, სირიაში ერაყში და ყველგან სადაც ხელი მიუწვდება.. პუტინმა ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში პრაქტიკულად ღიად განაცხადა, თუ რომელი ტერიტორიების განადგურებას აპირებს მას შემდეგ რაც უკრაინის განადგურებას დაამთავრებს. სანამ ასეთ, 1723 წლისეულ მენტალურ რუსეთთან ვინმე ლოიალურობას შეეცდება, მშვიდობის მიღწევა და სტაბილური განვითარება მსოფლიოს არ უწერია. რუსეთის სამხედრო პოლიტიკური წარმატებები იქნება სტიმული და კატალიზატორი ყველა ჯურის ტერორისტული და მარგინალური დაჯგუფებებისთვის გაიმეორონ 1972 წლის მიუნჰენი,2001 წლის ნიუ-იორკი, 2012 წლის ლონდონი. და 2019 წლის კიოლნი და კიდევ მრავალი სხვა. ისრაელ-ჰამასის ომიც ამ „ოპერიდანაა“ (უკვე არის ამის ნიშნები)
ამოცანა არის ღია. ძველის დანგრევის ერთერთი მთავარი სამიზნე არის რუსეთის სახელმწიფო ამ ფორმატით, როგორიც დღეს არსებობს. დამარცხების საშუალებებიდან კი მთავარი მისი ბრძოლის ველზე დამარცხებაა. ამ ომმა აჩვენა, რომ ცოცხალ ძალაზე მეტად თანამედროვე ტექნოლოგიებია გამარჯვების საწინდარი. მეორე მთავარი მიზეზი, რის გამოც რუსეთის დღევანდელი ფორმატი ლეგიტიმური სამიზნეა, არის მცდელობა რაც შეიძლება დიდხანს დაბრკოლდეს ახალი გლობალური ტექნოლოგიების შექმნა, განვითარება და დანერგვა. რუსეთის მინერალური რესურსები მსოფლიოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ იგი ცდილობს რაც შეიძლება დიდხანს იყოს ნედლეულის მთავარი მიმწოდებელი. უახლოეს 20 წელიწადში მსოფლიომ უნდა შექმნას ისეთი ტექნოლოგიები, რომელიც ათასჯერ მეტ სიმძლავრეებს შექმნის ვიდრე დღეს ძალუძს კაცობრიობას. სხვანაირად დედამიწის მოსახლეობას განვითარება არ უწერია. ახალი ჰაიტეკების შექმნას კი სტაბილურობა სჭირდება. რუსეთი სტაბილურობის პირველი მოწინააღმდეგეა. ამიტომაც არის რუსეთის ყველა მეფე, განსაკუთრებით კი პუტინი, ბერძნული ომის ღმერთის, არესის მსგავსად ომის მოსურნე. მათ სხვანაირად არ შეუძლიათ შეინარჩუნონ ძალაუფლება. იგი კლასიკური თელუროკრატია, რომელიც საკუთარი ძალაუფლების გამყარებას მხოლოდ და მხოლოდ ომებში ხედავს.
ძველის ნგრევაში მოიაზრება გაეროც. როგორც თავის დროზე ერთა ლიგამ ამოწურა საკუთარი რესურსი და დაიშალა, ასევე 1945 წელს შექმნილმა გაერომაც პრაქტიკულად ამოწურა თავის ფუნქცია. ეს ძალიან ღიად გამოჩნდა 2014 წლის უკრაინა რუსეთის ომის პირველ ეტაპზეც. პანდემიის დროს კი წარმოჩინდა როგორც უაღრესად კორუმპირებული ორგანო. წითელმა ჯვარმა კი პრორუსული განწყობები ღიად დააფიქსირა და სრულიად კორუმპირებული სახე აჩვენა ისრაელ ჰამასის ომში. გაეროს მიზნები და ამოცანები ვეღარ პასუხობს ახალ გამოწვევებს და უფუნქციოდ დარჩენილმა სრული უსუსურობა წარმოაჩინა. ცალსახაა რომ გაეროს ადგილას, მის სამართალმემკვიდრედ ახალი ფუნქციებით და მიზნებით სხვა, მოდერნიზებული ორგანიზაცია ჩამოყალიბდება ახალ მსოფლიო წესრიგში.
ნატო თავისი კანონმდებლობის შეცვლას ცდილობს, რომელსაც დღეისათვის პრაქტიკულად მინიმუმზე დაჰყავს ნატოს ამოცანების და მიზნების იმპლემენტაციის ეფექტურობა და დიდის ალბათობით გადახედავს ზოგიერთი წევრის ყოფნა არ ყოფნის საკითხსაც. ისეთი ქვეყნების, რომლებსაც პრაქტიკულად არანაირი ვალდებულებები არ გააჩნიათ, ხოლო ყველანაირ პრივილეგიას სრულად ითვისებენ. მან უნდა შეიმუშაოს ომის ახალი სტრატეგიები ახალი ტექნოლოგიების შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
ამავდროულად ევროპის ქვეყნები საკუთარ უსაფრთხოებას სამ სხვადასხვა ფორმატში ხედავენ და სამივე რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან. მათი ერთ სივრცეში მოთავსება პრაქტიკულად შეუძლებელია. დიდის ალბათობით დასავლეთ ევროპა დარჩება ერთ ეკონომიკურ სივრცეში. აღმოსავლეთ ევროპა უკრაინის ჩათვლით ( აქ საბოლოოდ ბელორუსიც და მოლდოვაც იგულისხმება) და სკანდინავიური სამეული ერთ სივრცეში მოხვდებიან, შემდგომში სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგიული თანამშრომლობით ანგლო-საქსურ გაერთიანებასთან, რომლის პირველადი ფორმატი უკვე სახეზე გვაქვს ( დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა და ავსტრალია). რაც შეეხება ცენტრალურ ევროპის ქვეყნებს, მათ მოუწევთ არჩევანის გაკეთება დასავლურ გაერთიანებასთან თუ აღმოსავლეთთან კავშირში ყოფნა. ევროპის ასე სამ ნაწილად დაყოფა გამომდინარეობს მათი უსაფრთხოების სტრატეგიასა და დოქტრინებში ასახული საფრთხეების რისკების და გამოწვევების ქეისებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ 2014 წლიდან სხვადასხვა დიდ კონფერენციებზე იქნა წარმოდგენილი.
500 მილიონიანმა ევროპამ ბოლო 25 წლის განმავლობაში თითქმის 50 მილიონამდე ემიგრანტი მიიღო და მისი აბსოლუტური უმრავლესობა რადიკალური ისლამური ქვეყნების და ერების წარმომადგენლები არიან. ევროპულმა იდეამ მულტიკულტურიზმის შესახებ სრული კრახი განიცადა. სამოქალაქო საზოგადოების, სამოქალაქო ერის შექმნის მცდელობის მიუხედავად, ქვეყნის ისტორიული ავტოქტონური ერის უგულველყოფის პროექტით, ისინი ვერ და არ გახდნენ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. პირიქით, მათ ევროპაში დაამკვიდრეს აღმოსავლური, ისლამური ცივილიზაციის კულტურა. ეფექტურად მუშაობს პარადიგმა - ჩვენ არსად გვეჩქარება, ასი წლის შემდეგ ევროპის დომინანტები ჩვენ ვიქნებით და ევროპის კონტინენტი ისლამის ახალი მიწა გახდება. კონფორმისტულ ევროპას, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედის პერიოდის მსგავსად უაზრო იდეები აწუხებს გენდერიზმის და სხვადასხვა იდენტობების აბსტრაქტული თეორიებით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ევროპული ერების გადაშენების პროექტებია რეალურად, არაფრით უნდა დაიჯეროს რადიკალური ისლამის მთავარი პარადიგმა- დასავლურმა ქრისტიანულმა ცივილიზაციამ თავზე აიღო უფლის წინაშე ვალდებულება ადამიანის უფლებების დაცვაზე. რელიგიური, სიტყვის და სხვა თავისუფლებები. ამიტომ ის ვალდებულია დაიცვას როგორც საკუთარი, ისე ჩემი უფლებები ჩემს და მის ქვეყენაში. მომცეს საშუალება მისსავე სახლში დავამკვიდრო ჩემი მრწამსი და კულტურა. შევინარჩუნე და განვავრცო იდენტობა. ხოლო მე, როგორც ჭეშმარიტ მუსლიმს, ეს ვალდებულებები ალაჰის წინაშე არასდროს ამიღია, და ამიტომ არ ვალდებული დავიცვა მათი უფლებები არც მის და მით უმეტეს ჩემს ქვეყანაში. მე მხოლოდ უნდა აღვასრულო ალაჰის ნება. ეს პარადიგმა უქმნის ევროპას უდიდეს პრობლემას და მხოლოდ ახლა იწყებენ საკუთარი შეცდომების ( თუ არა დანაშაულები მომავალი თაობების წინაშე) გამოსწორებას. ახალ წესრიგში ამ შეცდომების გამოსწორების გარეშე ევროპა ვერ იქნება სტაბილური და წარმატებული
რაც შეეხება დიდ შვიდეულს, დიდ ოცეულს თუ ბრიქსს ,ეს უპირველესად ეკონომიკური ინტერესების სფეროა და ფორმატის ცვლილებები მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება.
ცალკე თემაა ჩინეთი. ამ წლის დასაწყისში ჩინეთის ლიდერმა სი ძინ პინმა დიდი შვიდეულის შეხვედრაზე განაცხადა, რომ ახლო მომავალში მსოფლიოს წინაშე მოსალოდნელი გამოწვევების გამკლავება დედამიწის ორი მთავარი სახელმწიფოს, ჩინეთისა და აშშ-ს ლიდერობით მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატში შეიძლება განხორციელდეს. მანამდე მანვე განაცხადა, რომ სამყარო უკვე ორპოლუსიან გახდა. აშშ სა და ევროპაზე არანაკლები ( თუ მეტი არა) პრობლემები აქვს ჩინეთს. პანდემიის შემდგომი ეკონომიკური სტაგნაცია. მრავალი ასეული მილიარდი დოლარის შიდა ინვესტიციები, რომელთა ლომის წილი სრულად წამგებიანი აღმოჩნდა და მძიმე ტვირთად აწევს ჩინეთის ეკონომიკას. 30 ტრილიონი დოლარი ვალი, ეს არა მთავრობის, არამედ კერძო სექტორისაა და ხელისუფლება უარს აცხადებს დაეხმაროს კერძო სექტორს ვალების მომსახურებაში. ინფლაციის ყოველწლიური მზარდი დონე. შრომისუნარიანი მოსახლეობის ნაკლებობა. ( 50 მლნ თავისუფალი სამუშაო ადგილი). პენსიონერთა და სოციალურად დაუცველთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა, რომელიც უახლოეს პერსპექტივაში უფრო დიდ ინერციას აიღებს. ტექნოლოგიური სტაგნაცია და სხვა უამრავი პრობლემები იმ მიღწევების საპირისპიროდ რასაც ჩინეთმა უკანასკნელ 20 წელიწადში მიაღწია. აქედან გამომდინარე ჩინეთ დასავლეთის დაპირისპირების აქტიურ ფაზაში შესვლა ახლო მომავალში ძნელი წარმოსადგენია. როგორც დასავლეთს, ისე ჩინეთს სჭირდება რუსეთის რესურსები და ამავდროულად ორივე მხარეს ჰაერივით სჭირდება სტაბილურობა. მეორე ომის შემდეგ დედამიწის ყველაზე მასშტაბური ომი. მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფო ევროპის უდიდესი სახელმწიფოს სრულ განადგურებას ცდილობს. ეს გლობალური ომი მსოფლიოს ეკონომიკასა და სტაბილურობაზე გამანადგურებლად მოქმედებს. რუსეთის სამხედრო ავანტიურა ლაკმუსის ქაღალდივითაა ჩინეთისთვის. მიაღწევს რუსეთი წარმატებას სამხედრო ძალით და დასავლეთის უაღრეს სისუსტეს წარმოაჩენს? იმდენად აქტიური იქნება ჩინეთის გლობალური სამხედრო პოლიტიკური ამბიციები. ეს კი, როგორც აღვნიშნე ზევით, უდიდესი სტიმულატორი იქნება მსოფლიოს მარგინალური ძალებისათვის მთელს მსოფლიოში, რომლებიც პერმანენტულად დაიწყებენ მსოფლიოს სიმშვიდის ნგრევის პროცესს.
ჩინეთ ევროკავშირის წლიური ეკონომიკური ბრუნვა 1,7 ტრლნ დოლარს შეადგენს , ხოლო აშშ ს და ჩინეთის იგივე მაჩვენებელი 1,5 ტრლნ დოლარია. შედარებისთვის ჩინეთ- რუსეთის იგივე მაჩვენებელი ომამდე მხოლოდ 180 მლრდ დოლარის ტოლფასი იყო. უნდა წარმოვიდგინოთ თუ რა დაემართება ამ ციფრებს და აქედან გამომდინარე მსოფლიოს, რუსეთის სამხედრო ავანტიურის წარმატების შემთხვევაში
აქედან გამომდინარე, ალგორითმი პირდაპირ მიუთითებს, რომ ახლო მომავლის დედამიწისეული სტაბილურობისათვის და ახალი არქიტექტურის შექმნისათვის აუცილებელი პირობა დღევანდელი რეაქციონერი რუსეთის დამარცხებაა, რაც სულაც არ ნიშნავს რუსეთის სახელმწიფოს გაქრობას. იგი თუნდაც გარეგანად მაინც , გარკვეული დროით ( პირადად საერთოდ მგონია, რომ კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებს) უნდა გახდეს სხვა ფორმატის.
ეს არის დღევანდელი გლობალური სურათის მთავარი კონტურები. რა თქმა უნდა ლეგიტიმური კითხვაა, მსოფლიო ახალ მეოთხე წესრიგში საქართველოს ადგილი სად არის? იმისათვის, რომ ამის ალგორითმი შევქმნათ გეოპოლიტიკის ანა ბანა უნდა გავარჩიოთ. გლობალური პროექტების განხორციელების დროს უპირველესი ინტერესი არის ტერიტორია, გეოგრაფიული ლანდშაფტი. სამხრეთ კავკასია მუდმივად იყო ,არის და იქნება გლობალური მოთამაშეების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესი. მე 13 საუკუნის ბოლოს საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს ნგრევის პროცესი ლოგიკური მოვლენათა ჯაჭვი იყო. საქართველომ, როგორც სახელმწიფომ ( სამეფომ, როგორც პოლიტიკური შემადგენელი) დაკარგა თავისი საერთაშორისო ფუნქცია რამაც საბოლოოდ რუსეთის იმპერიის კოლონიად გვაქცია. ქვეყანა საქართველო ( როგორც გეოგრაფიული შემადგენელი) არსად გამქრალა, მაგრამ სახელმწიფო ფუნქცია არ ჰქონდა 1917 წლის ბოლშევიკურმა რევოლუციამ შანსი მოგვცა დაგვებრუნებინა პოლიტიკური შემადგენელი, მაგრამ 1919 ვერსალის ზავმა და ერთა ლიგამ ვერ ან არ დაინახეს სახელმწიფო საქართველოს ადგილი და ფუნქცია საერთაშორისო თანამეგობრობაში და ამ ლოგიკამ ისევ რუსეთის იმპერიის საკანში დაგვაბრუნა. სოციალისტური სამყაროს ნგრევამ კიდევ ერთი შანსი მოგვცა. 34 წელია უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, მაგრამ პერმანენტული არასტაბილურობა და ქართული საზოგადოების პოლიტიკური მარგინალიზმი ბევრ კითხვას უჩენს გლობალურ მოთამაშეებს. გვაქვს კი ფუნქცია?
1919 წლიდან დღემდე ყოველი ახალი წესრიგის შემდეგ იქმნებოდა ახლი სახელმწიფოები და ქრებოდა ძველები. მეოთხე წესრიგის შექმნის პროცესშიც იგივე სცენარი იქნება.
გოდერძი ტოტოჩავა
იმისათვის რომ გავიგოთ გვაქვს ან მომავალში გვექნება თუ არა საერთაშორისო ფუნქცია ისევ გეოპოლიტიკურ მეცნიერებას უნდა გადავავლოთ თვალი. როგორც ზემოთ აღვნიშნე პირველადი ინტერესი გეოგრაფიული ლანდშაფტია. უკრაინა რუსეთი ომმა პრაქტიკულად ნულამდე დაიყვანა ევროპა აზიის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის რუსეთის ნაწილი, რომელიც მთლიანი მოცულობის 65 % აღწევდა. ამ კორიდორის გადმოტანა ხდება სამხრეთ კავკასიაში და ის გეოგრაფიული ლანდშაფტი სადაც ქვეყნა და სახელმწიფო საქართველოა განლაგებული, მთავარი გასაღებია. აშშ-ს გეოპოლიტიკური ე,წ, ატლანტიკური დოქტრინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს შავი ზღვის ( პერსპექტივაში კასპიისაც) შიდა წყლებად გადაქცევას და აქედან გამომდინარე, მას გააჩნია ამ გეოგრაფიული გარემოსადმი უდიდესი ინტერესი. რუსეთის ინტერესი არის თუ თავისი დაკარგა, სრულად გააკონტროლოს ან კიდევ სრულად გაანადგუროს ( როგორც ამას უკრაინაში აკეთებს გადამწვარი მიწის სტრატეგიით) სამხრეთ კავკასიური სატრანზიტო კორიდორი. ამაზე პრაქტიკულად ღიად მიუთითა პუტინმა კარლსონთან ინტერვიუში და ამის პროპაგანდირება მიდის ყოველდღიურ რეჟიმში რუსეთის პოლიტიკურ თუ მედია სივრცეებში. ეს რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზანია და მას არანაირად არ აინტერსებს რა პოზიცია უჭირავს საქართველოს სახელმწიფოს( ხელისუფლების თუ საზოგადოების სახით) რუსეთის სახელმწიფოს მიმართ. პოლიტიკური შემადგენელი აქ საერთოდ არ ფიგურირებს. ეს ალგორითმი დევიზს „აბა ომი გინდათ“ სრულიად აბსურდულს ხდის, ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ ომის პროპაგანდირებას, რადგან ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის. რუსეთის სამხედრო წარმატების შემთხვევაში სამხრეთ კავკასიის ეს გეოგრაფიული ლანდშაფტი პუტინის ერთ ერთი ნომერ პირველი სამიზნე იქნება. საკუთარი უდიდესი ინტერესი გააჩნია ჩინეთს. მისი პროექტი „ერთი გზა ერთი სარტყელი“ ს ფარგლებში ჩინეთის მზარდი გავლენა ამ გეოგრაფიულ გარემოზე იმისათვის არის საჭირო ,რომ მან გააკონტროლოს ევროპამდე კორიდორი. ეს სამი უმთავრესი გლობალური სამხედრო პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესი ეჯახება ერთმანეთს 42 -ე მერიდიანის და 42 ე პარალელის გადაკვეთაში, სადაც ქვეყანა საქართველოა განფენილი.
გეოპოლიტიკის მეორე საფეხურის ინტერესი კი ასეთი გარკვეულ გეოგრაფიულ ლანდშაფტზე პროექტის განსახორციელებლად საჭიროა, რომ ამ ტერიტორიაზე იყოს სტაბილურობა და სიმშვიდე. ამის მთავარი გარანტორი კი სახელმწიფოა. ოდითგანვე ამ პრინციპით იქმნებოდა სახელმწიფოები ან ქრებოდა თუ იგი ვერ უზრუნველყოფდა ამ სტაბილურობას. სახელმწიფო რომ იყოს გარანტორი, ხელისუფალი უნდა ეფექტურად მართავდეს სახელმწიფოს. აქ უკვე სხვა ალგორითმი მუშაობს მცირე ქვეყნებისა და ერებისათვის. თავის დროზე საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გენერალ ლეიტენანტმა დავით თევზაძემ სამხედრო- პოლიტიკურ მეცნიერებაში ახალი ტერმინი და თეორია შემოიტანა - „უპრინციპობის სტრატეგია“ თეორია გულისხმობს, რომ ისეთი ტიპის მცირე ზომის ერები და სახელმწიფოები, როგორიც საქართველოა შეზღუდული რესურსების გამო ვერ ახერხებენ თავს მოახვიონ მსოფლიოს საკუთარი პრინციპები და მიზნები, მაგრამ მათ შეუძლიათ გამოიმუშაონ წარმატების სტრატეგია გლობალური მოთამაშეების სტრატეგიებიდან გამომდინარე. პარადიგმა ,“ არ არსებობენ სტრატეგიული მუდმივი პარტნიორები, არამედ არსებობენ მუდმივი სტრატეგიული ინტერესები“ ცივილიზაციის მთელი ისტორიის ერთერთი მთავარი პარადიგმაა. უპრინციპობის სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ გლობალურ თამაშებში სწორად შეარჩიო უსაფრთხოების ქუდი და განვითარების სტრატეგია. ყოველგვარი ე.წ. „პატრიოტული მჯიღის ცემანი გულზე“, ჩვენ არავინაც არ გვინდა, ჩვენ სრულიად დამოუკიდებლად თვითონ ვიქნებით მსოფლიოს წარმატებული ქვეყანა, ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული დამღუპველი ნაბიჯია, რომელიც მხოლოდ მეხუთე კოლონას ახასიათებს და ასეთები ბლომად გვყავს დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში. ქართული პოლიტიკური მენტალიტეტი ვერ ითავისებს დროის კრიზისის ფაქტორს. მხოლოდ დღევანდელი დღით ცოცხლობს, სადაც დასავლეთი ცუდია. რუსეთიც ცუდია, მაგრამ შეჩვეული ჭირი გვირჩევნია. ეს წმინდა კოლონიალური მენტალიტეტია და ეს სჭარბობს როგორც ხელისუფლებაში, პოლიტიკურ სპექტრშიც და საზოგადოებაშიც. ახალი მსოფლიო არქიტექტურა დროის ფაქტორია, მაგრამ დღეს არსებული ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური მენტალიტეტით იქ ჩვენი ადგილი, როგორც სახელმწიფოსი ძალიან ბუნდოვანია. დასავლეთის უსაფრთხოების ქუდი არის დღეს და ახლო მომავალში საქართველოს, როგორც ქვეყნის და როგორც სახელმწიფოს წარმატების და განვითარების საწინდარი, რითაც დაცული ვიქნებით რუსკი მირისგან, სხვა სასაზღვრო საფრთხეებისგან და ლაოცზისეული მარწუხებისგან. ამას გულისხმობს უპრინციპობის სტრატეგია.
ჩვენ ძალიან სუსტად გამოვიყურებით უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში. სახელმწიფოს უსაფრთხოება სრულად განულებულია. ძალოვანი უწყებების ოპერატიული მუშაობა და აგენტურული ქსელი სრულად განადგურებულია. შეიარაღებული ძალების მდგომარეობა წლიდან წლამდე სუსტდება. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია, რადგან აზერბაიჯანმა შექმნა პრეცედენტი პრობლემის სხვა გზით მოგვარების, ვიდრე ამას უფუნქციოდ დარჩენილი გაერო ცდილობდა ათწლეულების განმავლობაში. მიუხედავად თითქოს და ეკონომიკის ზრდის, სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა რიცხვი პერმანენტულად იზრდება. უმუშევრობის დონის შემცირება მხოლოდ იძულებული ემიგრაციის ხარჯზე ხდება. ჩენ ნუ შევედრებით აზერბაიჯანს. ის სხვა ფენომენია. ჩვენდამი ცივილიზებულ სამყაროს განსხვავებული მოთხოვნები აქვს ვიდრე აზერბაიჯანისადმი.
მესამე საფეხური ანუ მესამე დონის ინტერესი სახელმწიფოს ეკონომიკაა და ამ ეკონომიკის მეტნაკლებად თანაბრად გავრცობა საზოგადოებაზე. რომელიც უკვე მეოთხე საფეხურის ინტერესია. ხელისუფლების სტატისტიკური ოფიციალური მონაცემებით სახელმწიფოს მოქალაქეთა 7% წარმოადგენს საშუალო ფენას. დამოუკიდებელი სპეციალისტები ( მე მათ ნამდვილად ვენდობი) თვლიან რომ მხოლოდ 2%-მდეა. სახელმწიფო ვერ არის განვითარებული და სტაბილური თუ მოსახლეობის საშუალო ფენა არ არის 25 დან 35 % მდე. ეს არის მსოფლიო ეკონომიკის ანაბანა. მარტის დასაწყისში გამოცხადდა , რომ საშუალო ნომინალური (დაქვითვის გარეშე) ხელფასი ქვეყანაში 2400 ლარამდე. ხელფასის მიმღებ ბენეფიციართა სტატისტიკას თუ გადავხედავთ და მის დიფერენცირებას მოვახდენთ, მივიღებთ, რომ ბენეფიციართა 2/3 მეტს ნომინალური ხელფასი 1200 ლარამდე აქვს. დანარჩენ ერთ მესამედში 20% მდე ხელფასი 1200 დან 2000 ლარამდე მერყეობს. (დაქვითვის გარეშე) 10 %მდე აქვს 2000 დან 5 ათასამდე დანარჩენი 3 პროცენტი კი ისეთ თანხებს იღებს, რომელიც მთლიანად ფარავს ყველა დანარჩენს და უბრალო საშუალო არითმეტიკულით გამოდის 2400 ლარი. სახელმწიფოს მოსახლეობის 25%-მდე არარეზიდენტია ( არ არის მოქალაქე). სახეზე გვაქვს სახელმწიფოს სინგაპურიზაციის მცდელობა. ეს და კიდევ სხვა წესების დაცვა მოეთხოვება სახელმწიფოს, რომ ის გახდეს საკუთარ გეოგრაფიულ გარემოში იმპლემენტირებული ან მომავალში განსახორციელებელი გლობალური პროექტების სტაბილურობის გარანტორი. მაშინ სახელმწიფო იძენს საერთაშორისო ფუნქციას და მისი ადგილი არის ცივილიზებულ სამყაროში და ახალ მსოფლიო არქიტექტურაში. სხვანაირად, დღეს არსებული სტატუს ქვოთი ჩვენ სინამდვილეში ვერ ვაკმაყოფილებთ ცივილიზაციის მოთხოვნებს, გვქონდეს საერთაშორისო ფუნქცია. ჩვენ გვაქვს დრო და შესაძლებლობა ეს გამოვასწოროთ. წინაღმდეგ შემთხვევაში ახალ მსოფლიო არქიტექტურაში ჩვენ ისევ როგორც ქვეყანა საქართველო დავრჩებით. ხოლო სახელმწიფო , როგორც პოლიტიკური შემადგენელი გარკვეული ძალების პროტექტორატის მმართველობის ქვეშ მოექცევა. როგორც ეს თეორიულ პროექტ „საერთო სახელმწიფო“ შია განსაზღვრული.“
ამერიკული გაზეთი „ქრისჩენ საიენს მონითორი“ (The Christian Science Monitor) აქვეყნებს სტატიას სათაურით „პუტინი რუსეთს უკვე მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მართავს. როგორ გაძლო მან ამდენ ხანს პრეზიდენტის თანამდებობაზე?“ (ავტორი - ფრედ უეირი), რომელშიც გაანალიზებულია რუსეთის ლიდერის ხანგრძლივი მმართველობის („პუტინური ეპოქის“) მიზეზები და გარემოებები.
მეოთხედი საუკუნის წინათ, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ვლადიმერ პუტინი დანიშნა, ძალიან ბევრს ეგონა, რომ იგი მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულ რაღაც რამდენიმე კვირას თუ გაძლებდა - ფართო საზოგადოებისათვის უცნობი პიროვნება, „კაგებეს“ ჩვეულებრივი ყოფილი თანამშრომელი ვერ დაძლევდა პრობლემებს და იმ უიღბლო პრემიერების ჯაჭვის კიდევ ერთი რგოლი იქნებოდა, რომლებიც მანამდეც ბევრნი იყვნენ.. მაგრამ „ურწმუნოები“ მწარედ მოტყუვდნენ - არავინ არ ელოდებოდა იმას, რაც შემდეგ მოხდა.
მოკლედ, ვლადიმერ პუტინმა კრიზისებს გაუძლო. მისი მმართველობის წლებში მთელი თაობა გაიზარდა, რომელიც, პუტინის გარდა, სხვა ლიდერის მომსწრე არ არის. მიმდინარე წლის დასაწყისში მისი უფლებამოსილება ექვსწლიანი ვადით გაგრძელდა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ კრემლის ბინადარი არასოდეს ისე დამარწმუნებლად არ ფლობდა ხელისუფლებას და დამაჯერებლად არ აკონტროლებდა სიტუაციას, როგორც ამჟამად.
თუმცა ის, თუ როგორ მოახერხა ვლადიმერ პუტინმა რუსული დათვის ესოდენ იოლად მორჯულება, ან მისი პოლიტიკური დღეგრძელობის მიზეზები, დღემდე ბოლომდე ცნობილი არ არის.
რუსული საზოგადოება, მთლიანობაში, კმაყოფილია იმით, თუ როგორ შეიცვალა ქვეყანა 25 პუტინური წლის განმავლობაში. მაგრამ რუსი ექპერტების აზრით, ეს მოხდა არა იმდენად პრეზიდენტის, როგორც ლიდერის, რაღაც უნიკალური თვისებების გამო, არამედ უფრო ისტორიული ეპოქისა და კულტურის ძალით.
ვლადიმერ პუტინის მომხრეებიც კი იშვიათად ლაპარაკობენ, რომ მას რაღაც უჩვეულო და უნიკალური უნარები აქვს - ვთქვათ, ქარიზმა, შეუმცდარობა ან სიბრძნე. ისინი თავს აარიდებენ ამგვარ ქება-დიდებას და უფრო მეტად ისინი იმაზე დაიწყებენ საუბარს, თუ როგორ შეიცვალა და გარდაიქმნა რუსეთი ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში: არასტაბილური და უბედური პოსტსაბჭოური ნანგრევებიდან და ბანდიტური ქვეყნიდან დისციპლინირებულ და შედარებით აყვავებულ საზოგადოებად, სადაც ადამიანები გულწრფელად ამაყოვენ იმით, რომ ისინი რუსები არიან. რეფორმების უმრავლესობა, რომლებმაც რუსეთი შეცვალა, ვლადიმერ პუტინს არ დაუწყია, მაგრამ მათ სწორედ პუტინის მმართველობის დროს მიაღწიეს მიზანს.
ამისკარგი მაგალითია კერძო საკუთრება მიწაზე, რომელიც ამჟამად საყოველთაო უფლებას წარმოადგენს. ბოლო 15 წლის განმავლობაში მიწით სარგებლობამ და გაყიდვამ სხვადასხვა საჭიროებისდა მიხედვით გამოიწვია ის, რომ რუსული მეგაპოლისების ირგვლივ მსხვილი ფერმერული მეურნეობები შეიქმნა (ისევე როგორც აშშ-ში 1950-იან წლებში), დაიწყო სასოფლო-სამეურნეო ბუმი. შესაძლოა დასავლეთის მოსახლეობისათვის ეს შთამბეჭდავი არ იყოს, მაგრამ რუსეთში მილიონობით მიწისმფლობელის არსებობა - უფრო მეტის, ვიდრე ათასი წლის წინ იყო (მეფის პერიოდის გამოკლებით), უჩვეულოა. დღეს ქალქისა და სოფლის მცხოვრებთ შეუძლიათ მიწასთან მიგიყვანონ და თქვან - „ეს ჩემი საკუთრებაა და რაც მინდა, იმას გავაკეთებ“.
„ჩვენ არ ვსვამთ კითხვას - რატომაა ვლადიმერ პუტინი პოპულარული. თვითონ კითხვა არ იქნება სწორი“, - ამბობს ალექსი მუხინი, მოსკოვის პოლიტიკური ინფორმაციის დამოუკიდებელი ცენტრის დირექტორი, - ჩვენ უფრო მეტად ირგვლივ არსებულ ცხოვრებას ვაკვირდებით. მე პირადად მეჩვენება, რომ ცხოვრება უფრო კარგად მიდის მაშინ, როცა სახელმწიფო და საზოგადოება თითოეული თავის სფეროთია დაკავებული და ერთმანეთს ხელს არ უშლიან. მეც და მოსახლეობას ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ ვლადიმერ პუტინმა იპოვა ფორმულა, რომელიც მუშაობს - ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც“.
უკეთესია, ვიდრე 1990-იანებში...
ვლადიმერ პუტინმა მთელი რიგი მკაცრი გამოცდა გადაიტანა, რომელთაგან ნებისმიერი შეიძლებოდა ბევრი პოლიტიკოსისთვის კარიერის დამანგრეველი ყოფილიყო. მათ შორისაა ატომური წყალქვეშა ნავის „კურსკის“ ტრაგიკული დაღუპვა მისი პრეზიდენტობის პირველივე წელს, ფინანსური კრიზისები, კავშირების გაწყვეტა დასავლეთთან და არნახული პოლიტიკურ-ეკონომიკური სანქცია-ემბარგოების „გრიგალი“. მან გადაიტანა სამხედრო ამბოხება და დღემდე აგრძელებს ძვირადღირებულ ომს უკრაინასთან, რომელიც, როგორც ამბობენ, ისე დაიწყო ორი წლინახევრის წინ, რომ თავისი ბევრი ახლო მრჩეველისთვისაც არაფერი უკითხავს.
ამ ხნის განმავლობაში ვლადიმერ პუტინის რეიტინგი იშვიათად თუ ჩამოსცილებია 60%-იან ნიშნულს, ამჟამად კი მისი პოპულარობა 80%-ს აღწევს.
„რუსულ საზოგადოებაში ქვეყნის ლიდერს მტკიცე მხარდაჭერა აქვს - დაახლოებით ორი მესამედი მიმდინარე პოლიტიკის მიმართ ლოიალურ განწყობას გამოხატავს“, - ამბობს ალექსი ლევინსონი, დამოუკიდებელი „ლევადა-ცენტრის“ ექსპერტი, - რეიტინგის ყველაზე დაბალი დონე - 60-62% - იყო ეკონომიკური სირთულეების პერიოდში, როცა მოსახლეობა უკმაყოფილებას ამჟღავნებდა, მაგრამ იმავდროულად, „იმპერიული პოლიტიკის წარმატებები“, მაგალითად, საქართველოსთან ომი 2008 წელს და ყირიმის მიერთება 2014 წელს - პირიქით, მხარდაჭერას 20%-ით ზრდიდა“.
მიუხედავად იმისა, მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებები შემცირდა, განსაკუთრებით კი უკრაინასთან ომის დაწყებიდან, რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობის კერძო ცხოვრება მაინცდამაინც არ დაზარალებულა. 40 წელზე მეტი ასაკის მქონე რუსებისათვის ათვლის მთავარი წერტილი იყო და ახლაც არის 1990-ინი წლების კატასტროფა.
„როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინს ნამდვილად კარგი გუნდი ჰყავს, რადგანაც მათ შეძლეს 1990-იანი წლების ყველა სირთულისა და მძიმე გადმონაშთების გადალახვა - უწესრიგობების, ქაოსისა და თავაშვებული ბანდიტიზმის ჩათვლით“, - ამბობს მარინა, მოსკოველი პენსიონერი, რომელიც მუშაობას აგრძელებს, - ძალიან კარგად გვახსოვს, თუ რა ხდებოდა იმ ავადსახსენებელ დროში, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ვუფრთხილდებით სტაბილურობასა და სიმშვიდეს. ძნელია რუსეთის საჭესთან სხვა პიროვნების წარმოდგენა, ვლადიმერ პუტინის გარდა“.
პიტინი როგორც „სწორედ ის ადამიანი“
რუსი ოპოზიციონერებიც კი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ხელისუფლების დევნას საზღვარგარეთ გაექცა, ვერ თანხმდებიან ერთმანეთში ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური დღეგრძელობის წყაროების ძიების დროს. ერთნი ამას სახელმწიფო პროპგანდით ხსნიან, როცა დამოუკიდებელი ექსპერტებისა და ოპოზიციონერების ხმა ტელეეკრენიდან აღარ ისმის და ისინი ოფიციალური ეთერიდან გაძევებულები არიან. მეორენის თქმით, გაფართოებულმა რეპრესიებმა, რომელიც ანტიუკრაინულ „სპეცოპერაციას“ მოჰყვა, შიშის ატმოსფერო შექმნა, რომლის დროსაც „დიდი მესაჭის“ პოპულარობა და სიყვარული, პრინციპში, შეუძლებელია. მესამენი ხაზს უსვამენ ტრადიციულ რუსულ პოლიტიკურ კულტურას და ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთის მეფის როლს ასრულებს, რომელსაც მოსახლეობა ყველანაირ დემოკრატიულ ღირებულებებზე მაღლა აყენებს.
პრეზიდენტის ყოფილი სპიჩრაიტერი, ამჟამად კი მისი კრიტიკოსი აბას გალიამოვი (იგი ქვეყნიდან არის გაძევებული) თვლის, რომ რუსეტის ლიდერმა დააკმაყოფილა საზოგადოების მოთხოვნილება „ძლიერ ხელზე“, რომელიც ესოდენ აკლდა ქვეყანას, როცა საზოგადოება დაიშალა, ეკონომიკა დაინგრა, ხოლო დემოკრატიული მართვის დანერგვის ყველა მცდელობა კრახით სრულდებოდა. „პუტინი აღმოჩნდა სწორედ ის ადამიანი, რომელიც ამ მოთხოვნას გამოეხმაურა და მხარი აუბა“, - ამბობს აბას გალიამოვი.
თავდაპირველად პრეზიდენტმა გააცნობიერა დასავლეთთან რუსეთის ინტეგრირების აუცილებლობა, მაგრამ ცოტა მოგვიანებით მან აღმოაჩინა, რომ ნაციონალიზმის გაღვივება და რუსეთის ყველა უბედურებაში გარეშე მტრის დადანაშაულება უფრო უკეთეს ფორმულას წარმოადგენს. „როცა გარეშე დღის წესრიგი დომინირებს, ხელისუფლება უფრო პატრიოტულად გამოიყურება, ოპოზიცია კი - სამშობლოს გამყიდველთა ხროვად“, - განმარტავს აბას გალიამოვი, - როცა ყურადღება მიპყრობილი აქვს საშინაო საკითხებს, ადამიანები ხელისუფლებას კორუმპირებულად თვლიან, რომელიც მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს... პრინციპი - „რუსეთი მტრებით არის გარშემორტყმული“ - წარსულშიც ყოველთვის კარგად მუშაობდა“.
„მეომარი“-„მზრუნველი“-„შემოქმედი“
ყველა ეთანხმება იმ აზრს, რომ ვლადიმერ პუტინი ბოლო წლებში შეიცვალა - ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების კვალობაზე
ამას წინათ მოსკოვში არსებული ანალიტიკური ჯგუფი „მინჩენკო კონსალტინგი“ შეეცადა გაერკვია, თუ როგორ იცვლებოდა ვლადიმერ პუტინის როლი რუსეთის საზოგადოებაში. როგორც გამოკვლევაშია ნათქვამი, ეყრდნობოდა რა რუსული რეალობის სტერეოტიპებს, პუტინი თავდაპირველად „მეომრის“ სახით გამოდიოდა, რომელმაც ქაოსით მოცულ ქვეყანაში წესრიგი აღადგინა, გაიმარჯვა ჩეჩნურ სეპარატიზმზე და 2000-იანების დასაწყისში ქვეყნიდან მზაკვარი ოლიგარქების გააძევა. შემდეგ ვლადიმერ პუტინი „მზრუნველი მმართველი“ გახდა, რომელმაც ქვეყანა საბაზრო ურთიერთობების აღმავლობამდე მიიყვანა და პირველად რუსეთის ისტორიაში კარგად აწყობილი სამომახმარებლო ეკონომიკა შექმნა. თავისი ბოლო გარდაქმნის შედეგად პუტინი გლობალურ „შემოქმედად“ არის წარმოდგენილი, ან ლიდერად, რომელიც ახალ მსოფლიო წესრიგს აყალიბებს და რომელშიც რუსეთი სრულიად ახალ როლს შეასრულებს.
რუსეთის სახელმწიფო ტელეარხმა „რაშა თუდეიმ“ ამასწინათ შექმნა საიტი, რომელშიც ვლადიმერ პუტინის მმართველობის 25 წელი სამ პერიოდად არის გაყოფილი, ხოლო მათთვის აუცილებელი თითოეული საკვანძო გამოსვლა, ხელოვნური ინტელექტის მიერ, გასაგებ ინგლისურ ენაზეა თარგმნილი.
„ასეა თუ ისე, ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება, თუ როგორ ამუშავდა ყველაფერი ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. რუსებს ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, აწყობთ. დიახ. ადამიანებს მისი ეშინიათ, მაგრამ ალტერნატივაც არ ჩანს. შესაძლოა, ეს ყველაფერი ალქიმიას ჰგავს, მაგრამ მასში ძალიან ბევრი ხედავს ნამდვილ რუს გმირს“, - ასკვნის ალექსი მუხინი
წყარო: https://www.csmonitor.com/World/Europe/2024/1031/vladimir-putin-russia-kremlin-25-years-ukraine-war