USD 2.7264
EUR 2.9595
RUB 2.7843
თბილისი
თამაზ იმნაიშვილი - კიდევ ერთხელ იარე ლიზას შესახებ
თარიღი:  1159

გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი, ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ჯორჯ მარშალის სკოლის დიპლომის მქონე თამაზ იმნაიშვილი, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე განიხილავს, აფხაზეთის თემატიკაზე გადაღებული ფილმის იარე ლიზას სიუჟეტს|:

"კიდევ ერთხელ იარე ლიზას შესახებ. როცა პირველად დავწერე ამ ფილმის შესახებ, ვთქვი რომ რუსული ნარატივია მეთქი, რაზეც ლამის ანათემას გადამცეს. ჯანელიძეზე და ტოკლიკიშვილზე როგორ გიბრუნდება ენა, რუსეთუმე უწოდოო. მათთვის მე რუსეთუმე არ მიწოდებია. ვთქვი რომ რუსული ნარატივია. მინდა განვმარტო.

ფილმს ლაიტმოტივად თავიდანვე მიყვება, რომ ეს ქართულ აფხაზური კონფლიქტი იყო. ეს წმინდა რუსული ვერსიაა. თავიდან დასავლეთმა მიიღო ეს რუსული ვერსია, რადგან ქართული დიპლომატია და ხელისუფლება უსუსური იყო რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. რეალურად ეს რუსეთ საქართველოს ომი იყო. დღეს მხოლოდ რუსები, აფხაზები და მისნაირები ამტკიცებენ ამ ვერსიის სისწორეს. ამ ფილმის ეს ლაიტმოტივი ზუსტად რუსულია.

ფილმის მეორე ლატენტური ლაიტმოტივი- ქართველები ტერიტორიისთვის იბრძოდნენ, აფხაზები სამშობლოს იცავდნენ.წმინდა რუსული ვერსიაა, რომელსაც დღემდე აფიქსირებს რუსეთი და მიიჩნევს, რომ აფხაზეთი არ არის ქართველთა სამშობლო. ეს ფილმი ამ რუსულ ვერსიას გვეუბნება. მესამე ლაიტმოტივი. ორივე მხარე აშავებდა, მაგრამ უფრო ცუდები ქართველები იყვნენ. ნარკომანები, ყაჩაღები, მოროდიორები, "ქვეშაფსიები"?!?!?!. აფხაზები რომანტიკული მეომრები. ამ ვერსიის ავტორი რუსეთის სპეცსამსახურებია, რომელსაც ეს ფილმი იმეორებს.

ფილმში გია ყარყარაშვილს ბრალდება თითქოს მას აფხაზების გენოციდი ჰქონდა ჩაფიქრებული და 80 ათასი აფხაზის მოკვლას ცდილობდა.მერე გიას ( უკვე ჩვენს დროში) ეკითხებიან, რატომ თქვი ეს და მართლა გინდოდა ასეო?, რაზეც გიას პასუხი იყო. ეს კონტექსტიდან ამოვარდნილი ფრაზები იყოო. თავის მართლების რეჟიმში ჩააყენეს გია.

რა თქვა ყარყარაშვილმა 1992 წლის 22 აგვისტოს დღის სამ საათზე რუსეთის ცენტრალური არხის კორესპონდენტებთან ინტერვიუს ჩაწერისას ე.წ. ბერიას აგარაკზე, სადაც ფრონტის შტაბი იყო განთავსებული ერთია და როგორ დაჭრეს სიუჟეტი და რა სიტყვები დატოვეს სიუჟეტში, რომელიც 24 აგვისტოს დღის 12 საათზე გაუშვა რუსეთის არხმა მეორეა. ფილმი ზუსტად იმეორებს იმ რუსული გადაცემის პათოსს. ახლა არ შემომივარდეთ ვაიგულშემატკივრები. იქ არც ჯანელიძე ყოფილა და არც ტოკლიკიშვილი. ჩემი და გიას საუბრის შემდეგ მოხდა ინტერვიუს ჩაწერა, როცა შეთანხმების და ტყვეთა გაცვლის პირველივე შემთხვევისას აფხაზების მხრიდან ღალატის, ჩასაფრების , ჩვენი ორი მებრძოლის მკვლელობის და 6 დაჭრილის ( მეც მათ შორის მსუბუქად) შესახებ პატაკი ჩავაბარე.

მგონი ესეც საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ ჩემი არგუმენტი რუსული ნარატივის შესახებ მყარი იყოს. არ აქვს მნიშვნელობა უდაოდ ნიჭიერი რეჟისორი გაცხადებულად არის თუ არა რუსეთუმე. მაგრამ მისი მიდგომები ამ ფილმში და ალბათ ცხოვრებაშიც ხშირ შემთხვევაში რუსულ მიდგომებს ავრცელებს ქართველთა და საქართველოს საწინააღმდეგოდ. ეს არის პრობლემა სწორედ. და მისი განცხადებები. რომ ფილმის არსი ომის სხვანაირად დანახვა იყო და არც უფიქრია ვინმეს შეურაცხყოფა, დაგვიანებული ბოდიშის მოხდის მცდელობაა. არ უნდა შეეჭიდო იმას, რაზეც წარმოდგენა არ გაქვს და იმასაც არ კადრულობ მცოდნეს შეეკითხო. ეგ ბრძანდებით ქალბატონებო და ბატონებო ყველა, ვისაც ამ ფილმის შექმნაში წილი გიდევთ. უნდა დავამატო, რომ ჯერ არავინ იცის ეს ფილმი რა ცუდ შედეგებს მოუტანს ქვეყანას და საზოგაფოებას, რადგან დარწმუნებული ვარ ავტორები ამ ფილმით სპეკულირებას დაიწყებენ დასავლეთში და კიდევ ერთხელ ქართველ მეომრებს ველურობას და არაადამიანურობას დააბრალებენ.

2010 წელს ემილ კუსტურიცას შესთავაზეს რუსებმა ფილმის გადაღება აგვისტოს ომზე. სცენარიც დაუდეს სადაც ფილმის ლაიტმოტივი ქართველების მხრიდან ოსების გენოციდის მოწყობა იყო. უარი თქვა კუსტურიცამ. სცენარი ტყუილზე დაფუძნებულია და ომზე ტყუილის გადაღება დანაშაულია. ბოლოს დაამატა, მე ხელოვანი ვარ და არა პოლიტიკოსი ან სამხედრო, რომ სხვის ომში ვინმეს მხარე დავიჭიროო. იქ ის კუსტურიცაა . აქ კი ეს ჯანელიძე და ტოკლიკიშვილი."

მიყევით ბმულს - თამაზ იმნაიშვილი

ანალიტიკა
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევენები და მისი შედეგების სავარაუდო ზეგავლენა საქართველოზე

5 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატები კამალა ჰარისი, რომელიც დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს, და რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი არიან. ეს არჩევნები მსოფლიო ყურადღების ცენტრშია, რადგან მისი შედეგი გავლენას მოახდენს როგორც აშშ-ის შიდა პოლიტიკაზე, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებზე და გლობალურ ეკონომიკაზე.

საარჩევნო გარემო და გამოკითხვების შედეგები

ჰარისი და ტრამპი გამოკითხვებში თითქმის თანაბრად არიან, თუმცა ზოგიერთი კვლევა ჰარისს მცირედ უპირატესობას ანიჭებს. ეროვნული გამოკითხვები მხოლოდ ზოგად სურათს ქმნის, რადგან აშშ-ის პრეზიდენტი პირდაპირი ხმის მიცემით არ ირჩევა – გამარჯვებას საბოლოოდ ელექტორალური კოლეგია განსაზღვრავს. საარჩევნო რუკაზე გადამწყვეტი „მერყევი“ შტატებია, როგორიცაა პენსილვანია, მიჩიგანი და ჯორჯია. მათი პოზიციები კვლავ გაურკვეველია, რაც საბოლოო შედეგებს გაურკვევლობას მატებს

არჩევნების შესაძლო შედეგები და მათი გავლენა აშშ-სა და მსოფლიოზე

კამალა ჰარისის გამარჯვების გავლენა: ჰარისის ადმინისტრაცია, დიდი ალბათობით, ბაიდენის კურსის გაგრძელებას შეეცდება. საგარეო პოლიტიკის კუთხით ეს გულისხმობს მჭიდრო თანამშრომლობას ნატო-სთან და ევროპასთან, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოების გაძლიერებას ევროპაში, განსაკუთრებით რუსეთის გავლენის გათვალისწინებით. ჰარისი ასევე გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რაც დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია ნატო-სთვის.

ჰარისი ასევე დაიცავს გარემოსდაცვით ინიციატივებს, რაც განახლებადი ენერგიის სექტორში ინვესტიციებს გაზრდის და კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლას შეუწყობს ხელს. ეს შეიძლება არა მხოლოდ აშშ-ის ეკონომიკურ ტრანსფორმაციას დაასახელოს პრიორიტეტად, არამედ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გარემოსდაცვითი რეგულაციებისა და პრიორიტეტების ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონიოს. მისი მიდგომები, სავარაუდოდ, გაამარტივებს გლობალურ სავაჭრო პარტნიორობას და საერთაშორისო ურთიერთობებს.

დონალდ ტრამპის გამარჯვების გავლენა: ტრამპის პოლიტიკა კვლავ "ამერიკა პირველია" პრინციპზე იქნება დაფუძნებული. მისი გამარჯვების შემთხვევაში შესაძლოა შემცირდეს აშშ-ის ჩართულობა საერთაშორისო ალიანსებში, განსაკუთრებით ნატო-სა და უკრაინის მხარდაჭერაში. ეს მიდგომა ევროპისთვის უფრო რთულ გარემოს შექმნის, რადგან აშშ-ის როლი შესუსტდება უსაფრთხოების საკითხებში.

კლიმატის ცვლილების პოლიტიკა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში განსხვავებული იქნებოდა – სავარაუდოდ, შემცირდება გარემოსდაცვითი რეგულაციები და შეზღუდვები, რაც ამერიკის ინდუსტრიას საშუალებას მისცემს მოკლე პერიოდში გაძლიერდეს. თუმცა, გრძელვადიანი პერსპექტივით ეს გადაწყვეტილებები გარემოსდაცვით პრობლემებს კიდევ უფრო გაამწვავებს, რაც შეიძლება გლობალურ გარემოსდაცვით გეგმებზე გავლენას მოახდინოს.

აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰარისისა და ტრამპის გამარჯვებას საქართველოსთვის განსხვავებული შედეგები ექნება, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების კუთხით.

კამალა ჰარისის გამარჯვება

ჰარისის პოლიტიკა, დიდი ალბათობით, ბაიდენის კურსს გააგრძელებს, რაც საქართველოსთვის დადებითი სიახლე იქნება, რადგან ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და დემოკრატიულ განვითარებას. აშშ-სა და ევროპასთან ჰარისის გაძლიერებული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ნატო-ს და აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების გაძლიერებას, რაც საქართველოსთვის დამატებითი მხარდაჭერისა და უსაფრთხოების გარანტიას შექმნის. ჰარისის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების პოლიტიკას, რაც რუსეთის ზეწოლის შესუსტებას შეიძლება შეუწყოს ხელს სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის საქართველოზე.

ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით, ჰარისის კლიმატური ინიციატივები და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერა საქართველოსთვის დამატებითი თანამშრომლობისა და ინვესტიციების შესაძლებლობებს შექმნის. ასევე, ჰარისის კურსი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების პროცესს, რაც ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას განამტკიცებს.

დონალდ ტრამპის გამარჯვება

თუ ტრამპი გაიმარჯვებს, სავარაუდოდ, აშშ-ის ინტერესები საერთაშორისო ურთიერთობებში ნაკლებად აქცენტირებული იქნება, რაც საქართველოსთვის ნატო-ს მხარდაჭერის შემცირებას ნიშნავს. ტრამპის მიდგომა ნატო-სადმი უფრო კრიტიკულია, და შესაძლოა მან შეამციროს დახმარება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ქვეყნების უსაფრთხოებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.

ტრამპის „ამერიკა პირველია“ პოლიტიკა შესაძლოა, საქართველოსთვის დასავლეთისკენ ინტეგრაციის პროცესის შენელებას გამოიწვიოს, რაც მეტ სირთულეს შექმნის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით. მისი ადმინისტრაცია ნაკლებად არის დაინტერესებული დემოკრატიული რეფორმებისა და კლიმატის ინიციატივებით, რაც საქართველოსთვის ინვესტიციების შემცირებასა და საერთაშორისო მხარდაჭერის ნაკლებობას ნიშნავს.

დასკვნა

აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, გარდა ქვეყნის შიდა პოლიტიკისა, დიდ გავლენას მოახდენს გლობალურ პოლიტიკურ ურთიერთობებზე, ეკონომიკურ ბაზრებზე და ეკოლოგიურ სტაბილურობაზე. კამალა ჰარისის და დონალდ ტრამპის განსხვავებული ხედვები აშშ-ის როლს განსაზღვრავს მსოფლიოს სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს საერთაშორისო ურთიერთობები, კლიმატური პოლიტიკა თუ უსაფრთხოების საკითხები.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.