USD 2.8478
EUR 2.9967
RUB 2.6780
თბილისი
თამარ თუმანიშვილი - ჰოლივუდის ქართველი ვარსკვლავი და ბალეტის შავი მარგალიტი
თარიღი:  962
თამარ თუმანიშვილი ქალი, რომლისთვისაც ჯორჯ ბალანჩინი სპეციალურად ქმნიდა ბალეტს და თავის მუზას უწოდებდა
ცნობილი მსახიობისა და ბალერინას თამარ თუმანიშვილის (თამარა თუმანოვას) დედა - ევგენია დიმიტრის ასული თუმანიშვილი ხელთუბნელი თუმანიშვილების შთამომავალი იყო.
1918 წელს ფეხმძიმე ევგენია მეუღლესთან – რევოლუციას გარიდებულ რუს სამხედროსთან, კონსტანტინე ზახაროვთან, ერთად რუსეთის გავლით ჩინეთში ემიგრაციაში გაემგზავრა. გზაში ინფექციური დაავადებისგან მეუღლე გარდაეცვალა. მარტოდ დარჩენილს ნერვიულობის ნიადაგზე ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და 1919 წლის 2 მარტს ციმბირიდან შანხაისკენ მიმავალ მატარებელში გოგონა შეეძინა. ახალშობილს თამარი დაარქვა და თავისი გვარი – თუმანიშვილი მისცა.
ევგენიამ მატარებელშივე გაიცნო პოლონური წარმოშობის მეფის არმიის ოფიცერი ვლადიმერ ხასიდოვიჩი, რომელიც თამარის მამინაცვალი გახდა.
ქალაქ ხარბინში რამდენიმე წლის ცხოვრების შემდეგ ევგენიამ თამარი ეგვიპტეში ჩაიყვანა. მცირე ხანს ქაიროში ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობდნენ, 1926 წელს საცხოვრებლად პარიზში გადავიდნენ.
* * *
თამარის პირველი პედაგოგი ფორტეპიანოსა და ქორეოგრაფიაში იყო რუსი ბალერინა ოლგა პრეობრაჟენსკაია. გოგონას ნიჭიერებამ ყურადღება თავიდანვე მიიპყრო. მსოფლიოში ცნობილ ბალერინას-- ანა პავლოვას მიერ კონცერტებისათვის შერჩეულ პატარა ბალერინებს შორის თამარიც აღმოჩნდა.
1929 წელს 10 წლის ასაკში თამარ თუმანიშვილმა მონაწილეობა მიიღო პარიზის ოპერის სცენაზე დადგმულ ბალეტში "L' Evantail de Jeanne", სწორედ ამ სპექტაკლში შეამჩნია დამწყები ბალერინა დიაგილევის საბალეტო დასის ახალდანიშნულმა მთავარმა ქორეოგრაფმა გიორგი ბალანჩივაძემ (ჯორჯ ბალანჩინი).
ამ პერიოდიდან იწყება მათი ერთობლივი შემოქმედება. ბალანჩინმა დადგა სპეციალური ნომერი, სადაც პარიზის სტუდიების ნორჩი ბალერინები – ირინა ბარინოვა, ნატალია რიაბუშინსკაია და თამარ თუმანიშვილი უნისონში ასრულებდნენ შეჯიბრს ფუეტეებში. ეს "ბეიბი–ბალერინები" მაშინვე ცნობილი გახდნენ ყველგან, სადაც კი დიაგილევის "რუსული ბალეტის სეზონები" იმართებოდა.
* * *
1929 წელს ვენეციაში დიაგილევის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, დასის წევრთა ნაწილი, ანა პავლოვასთან გადავიდა.. 1931 წელს, ანა პავლოვას ასევე მოულოდნელმა გარადაცვალებამ, ეს კონტრაქტი ჩაშალა.
1932 წელს სამივე "გოგონა–ბალერინა" მონტე–კარლოს ბალეტმა მიიწვია იმჟამად ცნობილ საბალეტო დასში "De Basil Ballet Russes de Monte-Carlo".
აქედან იწყება თამარის წარმატებული კარიერა. იგი ცეკვავდა პარიზის "გრანდ ოპერაში", მილანის "ლა სკალაში", ნიუ–იოკის "მეტროპოლიტენ ოპერაში" და ა. შ. მის რეპერტუარში კლასიკური ბალეტების გარდა, თანამედროვე ბალეტებიც შედიოდა.
* * *
1932 წელს ჯორჯ ბალანჩინმა თამარისთვის შექმნა ახალგაზრდა გოგონას სახე ბალეტში "Cottilon", რომელიც პარიზის ოპერის სცენაზე დაიდგა.
ამავე წელს თამარმა მონაწილეობა მიიღო დადგმაში "Concurrence da Le Bourgeois" და ჯორჯ ბალანჩინის მიერ საგანგებოდ მისთვის შექმნილ ბალეტში "Le Palaid de Crisral" - "ბროლის სასახლე".
ეს ბალეტი, მოგვიანებით, ჯორჯ ბალანჩინმა ნიუ–იორკ–სითი ბალეტისთვის თავიდან დადგა სახელწოდებით "Symfony in C".
პარიზის პრესამ თამარა თუმანოვას ბალეტს "შავი მარგალიტი" შეარქვა.
თამარი ცნობილი ქორეოგრაფების – ლეონიდ მარინის, ჯორჯ ბალანჩინის, სერჟ ლიფარის, ბრონისლავა ნიჟინსკას მუზა გახდა, ხოლო მისი პარტნიორები სცენაზე იყვნენ ვლადიმერ ოუხტომსკი, მიხეილ ფოკინი, ჯორჯ ზორიჩი, დევიდ ლიჩინი და სხვა.
 
* * *
1939 წელს, ჯორჯ ბალანჩინის რჩევით, 20 წლის ბალერინა საცხოვრებლად აშშ–ში გადავიდა, ულამაზესი მანდილოსანი ჰოლივუდში მალევე შამჩნიეს. იმავე წელს ის მონაწილეობს ბროდვეის მიუზიკლში "Stars In Your Eyes" და იწყებს ტურნეს მსოფლიოს გარშემო.
1937 წლიდან ოჯახის წევრები ატარებდნენ მამინაცვლის – ვლადიმერს ხასიდოვიჩის გვარს. სწორედ ამ გვარით გადაკვეთეს 1939 წელს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარი და მალევე გახდნენ მოქალაქეებიც (1944). მოქალაქეობის მიღების შემდგომ კი მთელი ოჯახი (მათ შორის მამინაცვალიც) თუმანოვებად დაეწერა.
თამარი აშშ ცხოვრების პერიოდში თანამშრომლობდა წამყვან საბალეტო დასებთან . წარმატებით მონაწილეობდა სპექტაკლებში მსოფლიოს ცნობილ სცენებზე...
* * *
1950 წელს თამარი "გრანდ–ოპერის" დასთან ერთად სამხრეთამერიკულ ტურნეში გაემგზავრა, ტრიუმფალური ტურნეს შემდეგ კი, პარიზის თეატრის პრიმა–ბალერინა გახდა.
1952 წელს კლასიკური ბალეტის გვირგვინოსანი ბალერინა პარიზს კვლავ მოევლინა, როგორც ოდეტა–ოდილიას, ფედრას და ჟიზელის დაუვიწყარი შემსრულებელი.
* * *
თამარა თუმანოვამ, ბროდვეის დაპყრობის შემდეგ, მიუზიკლებიდან კ ი ნ ო შ ი გადაინაცვლა და თავისი თანამედროვეობის ერთ–ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის სტატუსიც დამსახურებულად მიიღო.
კინოეკრანებზე 40-იან წლებში გამოჩნდა და 30 წლის განმავლობაში არაერთი კინოგმირი განასახიერა.
მისი დებიუტი კინოში 1944 წელს შედგა. რეჟისორმა ჟაკ ტერნერმა გადაიღო ფილმში "დიდების დღეები" დებიუტანტ გრეგორი პეკთან ერთად.
ანა პავლოვას მეუღლის, დანდრეს მოთხოვნით, 1953 წელს ლეგენდალური ანა პავლოვას როლი შეასრულა ფილმში "ანა პავლოვა" .
. 1954 წელს მონაწილეობს ფილმში – "ჩემს გულში" 1955 წელს რეჟისორმა ჯინ კელიმ გადაიღო შვედურ–ფრანგულ ფილმში "მიპატიჟება საცეკვაოდ" , სადაც პარტნიორობას უწევს თავად ჯინ კელის. ეს ფილმი იმავე წელს რიგით მე-6 ბერლინის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე "ოქროს დათვის" პრიზიორი გახდა.
1966 წელს ფილმში "დახეული ფარდა" ალფრედ ჰიჩკოკი იღებს თამარს პოლ ნიუმენთან და ჯული ენდრიუსთან ერთად. 1970 წელს ბილ უაილდერმა გადაიღო ფილმში "შერლოკ ჰოლმსის პირადი ცხოვრება".
მოგვიანებით მონაწილეობდა სატელევიზიო ფილმში "ბილ უაილდერი". 1985 წელს რეჟისორმა ჯეკ ჰელიმ უკვდავყო პრიმა-ბალერინას ცეკვის ჯადოქრობა დოკუმენტურ ფილმში.
* * *
თამარ თუმანიშვილი იშვიათი სილამაზით გამოირჩეოდა . ნაწარმოებებს უძღვნიდნენ კომპოზიტორები, მხატვრები, პოეტები. მეგობრობდა ალექსანდრ გლაზუნოვთან, სერგეი პროკოპიევთან, პაბლო პიკასოსთან, მარკ შაგალთან, ჟან კოკტოსა და ხელოვნების სხვა განთქმულ მოღვაწეებთან.
თამარის პორტრეტები აქვთ დახატული ქრისტიან ბერარდს (მენილის კოლექცია, ჰიუსტონი, აშშ). ხუან მიროს, ვლადიმერ ტრეტჩეკოვს, ალექსანდრე შერვაშიძეს და სხვებს.
ის იყო მხატვარ ჯოზეფ კორნელის შემოქმედების მუზა, ცნობილია აგრეთვე კორნელის სასიყვარულო წერილები, რომლებსაც თამარს გათხოვების შემდეგაც უგზავნიდა. პორტრეტები და წერილები დაცულია აშშ ცნობილ მუზეუმებში.
* * *
1958 წელს თამარ თუმანიშვილი სამხრეთ ამერიკაში შეხვდა ქართული საბალეტო დასის მსახიობებსა და დასის ხელმძღვანელს -- ვახტანგ ჭაბუკიანს, რომელმაც ჯერ კიდევ 1935 წელს, ამერიკაში შეხვედრისას, თამარს დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა. 1965 წელს თბილისიდან და "გოსკონცერტიდან" ჰქონდა მიწვევა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ჩამოსვლა ვერ მოახერხა.
1973 წელს დედის გარდაცვალება შეატყობინა თბილისელ ნათესავებს," მხოლოდ საქართველოს შეეძლო ეშვა დედაჩემისთანა ქალიო". ევგენია კალიფორნიის ქართული საზოგადოების აქტიური წევრი იყო და შეკრებებზე ხშირად ეცვა ქართული კაბა, ქალიშვილის დიდი მეგობარი და მესაიდუმლე ყველაგან თან დაჰყვებოდა.
1994 წელს ამერიკაში გასტროლებისას თამარმა ნინო ანანიაშვილი მოინახულა და უძვირფასესი გულსაბნევი აჩუქა, ეს სამკაული ანა პავლოვას მისთვის, როგორც საუკეთესო შეგირდისათვის მიუძღვნია, ანას კი ოლგა პრეობრაჟენსკაიასგან მიუღია. მხოლოდ ამ ერთადერთი ნივთით მოახერხა თამარ თუმანიშვილმა სამშობლოში დაბრუნება, რადგან ბოლო წლებამდე პრაქტიკულად უცნობი იყო მისი შემოქმედება, ფილმები კი მისი მონაწილეობით ქართველ მაყურებელს დღემდე არ უნახავს.
2011 წლის დასაწყისში, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, გიორგი კალანდიას, ამერიკაში ვიზიტისა და ოსკარის აკადემიის ბიბლიოთეკის მონახულების შემდეგ, მუზეუმმა ბიბლიოთეკიდან შესანიშნავი საჩუქარი მიიღო – თამარ თუმანიშვილის ფოტოები
მისი ჰოლივუდური კარიერიდან. სამწუხაროდ ,არ ვიცით სად ინახება თამარ თუმანიშვილის არქივი და მოგონებები, რომელსაც ის სიცოცხლის ბოლო წლებში წერდა.
* * *
კარიერისგან განსხვავებით წარმატებული არ ყოფილა მისი პირადი ცხოვრება. 1944 წელს იქორწინა ამერიკელ პროდიუსერსა და სცენარისტზე-- კეისი რობინსონზე, ეს ქორწინება 10 წლის შემდეგ დაირღვა.
თამარ თუმანიშვილი მეორედ აღარ გათხოვილა, მემკვიდრე არ დარჩენია.
გარდაიცვალა 1996 წლის 29 მაისს, 77 წლის ასაკში, აშშ ქალაქ სანტა–მონიკაში.
სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა საკუთარ სახლში ბევერლი–ჰილსზე.
ანდერძის თანახმად მისი ქონების დიდი ნაწილი მოხმარდა ქველმოქმედებას და გადაეცა ერთ–ერთ საბალეტო სკოლას. დაკრძალულია დედის, ევგენია თუმანიშვილის, გვერდით ლოს–ანჯელესის სასაფლაოზე "Hollywood Forever".
 
 
ბიზნესი
"BM.GE": დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - რა უნდა იცოდეს ბიზნესმა ახალ რეგულაციაზე

დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.

რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.

- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?

- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.

- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?

- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.

- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?

- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.

- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?

- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.

წყარო:https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.