USD 2.6480
EUR 3.0200
RUB 3.5526
თბილისი
თამარ ბაგრატიონი - დღეს ჩვენ ერთი საერთო პასუხისმგებლობა გვაერთიანებს - ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მათი მომავალი
თარიღი:  488

თამარ ბაგრატიონი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებული გლობალური სამიტის - „ერთად უკეთესი მომავლისთვის" სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

თამარ ბაგრატიონმა აშშ-ის პირველ ლედის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მელანია ტრამპმა შეძლო დედობრივი ინსტინქტი გლობალურ მოძრაობად ექცია.

„პირველ რიგში, მსურს გულითადი მადლიერება გამოვხატო ჩვენი მასპინძლის, ქალბატონ მელანია ტრამპის მიმართ. ისტორია დაგიმახსოვრებთ, რომ სწორედ თქვენ შემოიკრიბეთ 45 ქვეყნის წარმომადგენელი ერთ მაგიდასთან და დედობრივი ინსტინქტი გლობალურ მოძრაობად აქციეთ.

მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორია სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის. საქართველოს საუკუნეების წინ მართავდა თამარ მეფე - პირველი ქალი მონარქი, რომელიც მეფედ იწოდებოდა. მას მტკიცედ სწამდა, რომ მმართველის სიდიადე იმით იზომება, თუ როგორ იცავს იგი მათ, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს მფარველობას. ჩემთვის, როგორც პირველი ლედისთვის, მისი სახელის ტარება და ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მემკვიდრეობის წარმომადგენლობა ერთდროულად უდიდესი პრივილეგია და პასუხისმგებლობაა.

დღეს ჩვენ ერთი საერთო პასუხისმგებლობა გვაერთიანებს - ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მათი მომავალი. როგორც პირველი ლედი, მე მთელი გულით ვემსახურები ამ მისიას და უპირველეს ყოვლისა, მოგმართავთ როგორც ოთხი შვილის დედა, ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის და განიცდის ბავშვის კეთილდღეობაზე ზრუნვის უწყვეტ პასუხისმგებლობას.

ყველა მშობლისთვის ნაცნობია ის ჩუმი დაძაბულობა, რომელსაც გულით ვატარებთ: სურვილი, დავიცვათ ჩვენი შვილები საფრთხისგან. ამავდროულად, მივცეთ მათ თავისუფლება - გაიზარდონ, შეიმეცნონ და ისარგებლონ სწრაფად განვითარებადი ეპოქის შესაძლებლობებით. ამ ბალანსის პოვნა მარტივი არ არის, ეს ყოველდღიური გამოწვევაა. ჩუმი, უხილავი, თუმცა ძალზე რეალური საზრუნავი, რომელსაც იზიარებს ყველა ოჯახი მთელ მსოფლიოში", - განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.

როგორც თამარ ბაგრატიონმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მიღებული უნდა იყოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ბავშვებს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ განვითარდნენ და შექმნან ინოვაციები, არამედ დარჩნენ ღია, ცნობისმოყვარენი და ახლო კავშირში გარე სამყაროსთან.

„ჩვენ არ შეგვიძლია არჩევანი გავაკეთოთ მათ უსაფრთხოებასა და განვითარებას შორის. ჩვენი ვალია, ორივე მათგანი უზრუნველვყოთ. სწორედ ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა გონივრულ გადაწყვეტილებებს, ისეთ მიდგომებს, რომლებიც ჩვენს შვილებს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ განვითარდნენ და შექმნან ინოვაციები, არამედ დარჩნენ ღია, ცნობისმოყვარენი და ახლო კავშირში გარე სამყაროსთან, ჰქონდეთ თამაშისა და სოციალიზაციის თავისუფლება, რათა მომავალში თავდაჯერებულებმა შეაბიჯონ.

საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ყოვლისმომცველი ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე. ჩვენი ეროვნული მიდგომა „შუა გზის" პრინციპს ეფუძნება. ეს არის ჩარჩო, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ინოვაციების დაბალანსებას ადამიანის ღირსების, ფუნდამენტური უფლებებისა და, უპირველეს ყოვლისა, ბავშვთა უსაფრთხოების დაცვასთან", - განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.

თამარ ბაგრატიონთან ერთად აშშ-ში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი იმყოფებიან.

„საქართველოს პირველმა ლედიმ ღონისძიების ფარგლებში სხვა ქვეყნების პირველ ქალბატონებთან მოკლე შეხვედრები გამართა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოფენა დაათვალიერა”, - ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის