USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
სურსათის ეროვნულ სააგენტოს FAO-მ სპეციალიზებული ტექნიკა გადასცა!
Date:  542

კალიებთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნულ სააგენტოს FAO-მ სპეციალიზებული ტექნიკა გადასცა!

პროგრამის „კალიებთან ბრძოლის გაუმჯობესება კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ეროვნულ და რეგიონულ დონეზე“ ფარგლებში, სურსათის ეროვნულ სააგენტოს  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა გადასცა. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). 

მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა საშუალებას მისცემს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს, კალიების მონიტორინგი დიდ ფართობზე ეფექტიანად განახორციელონ, რაც ხელს შეუწყობს კალიების პოპულაციის მართვას. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

„გადმოგვეცა 4 ერთეული მაღალი გამავლობის პიკაპი, რომელიც გამოიყენება კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებში, კერძოდ, დიდი ფართობების მონიტორინგისას  ხდება გავრცელების არეალის მონიშვნა, რაც უმნიშვნელოვანესია შემდგომი ღონისძიებების დასაგეგმად.

FAO-სთან წლების განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, დაიხვეწა მავნებლის მონიტორინგის სისტემა; დაინერგა შესხურების თანამედროვე მეთოდები, რაც ხელს უწყობს კალიების პოპულაციის მართვას და სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი ზარალის თავიდან აცილებას“,  – განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.

საქართველოში FAO-ს წარმომადგენლის მოადგილემ, მამუკა მესხმა კალიებთან ბრძოლის პროგრამის მნიშვნელობაზე და რეგიონულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„აღნიშნული პროგრამა არის ტრანსსასაზღვრო და ხორციელდება არა მარტო საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ჩვენი მიზანია, კალიების პოპულაცია იმდენად შემცირდეს, რომ ზიანი მინიმალური იყოს და შენარჩუნდეს მოსავალი, რათა უზრუნველვყოთ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოება.  პროგრამა ასევე ფოკუსირდება რეგიონულ თანამშრომლობაზე, მათ შორის, პესტიციდების გამოყენების რისკის შემცირებაზე რეგიონის ქვეყნებში. მოხარული ვართ, რომ FAO-ს მხარდაჭერით, ამ მიმართულებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში  თანამედროვე, საერთაშორისოდ აღიარებული არაერთი მეთოდი და პრაქტიკა დანერგა“, – განაცხადა მამუკა მესხმა.

ტექნიკის გადაცემის ღონისძიება კახეთის რეგიონში, საველე პირობებში გაიმართა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე გაცნობოდნენ ახალი ტექნიკის შესაძლებლობებს.

ღონისძიებას სურსათის ეროვნული სააგენტოს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

კალია საფრთხეს უქმნის კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სოფლის მეურნეობას და, შესაბამისად,  სასურსათო უსაფრთხოებას.  საქართველოში, ძირითადად, გავრცელებულია იტალიური და მაროკოული კალია, რომლებსაც მასიურად გამრავლების და სწრაფად გადაადგილების უნარი აქვთ. პროგრამა „კალიებთან ბრძოლის გაუმჯობესება კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ეროვნულ და რეგიონულ დონეზე“, საქართველოში 2011 წლიდან ხორციელდება. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, FAO-ს მხარდაჭერით, დანერგა პესტიციდების მცირე რაოდენობით  გამოყენების თანამედროვე მეთოდები მცირე მოცულობის შესხურების აგრეგატების მეშვეობით.  კალიების წინააღმდეგ გამოიცადა ახალი, მაღალეფექტური პრეპარატები, მათ შორის ბიოლოგიური პრეპარატი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია დაცულ ტერიტორიებსა და წყალსატევების სიახლოვეს.

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, სადაც 5 წლის განმავლობაში ხორციელდება პესტიციდების ნარჩენების დაშლის მონიტორინგი. FAO-ს მხარდაჭერით, საქართველოში  ჩატარდა კალიების მართვასთან დაკავშირებული სწავლებები რეგიონის სპეციალისტებისთვის; გამოიცა პრაქტიკული სახელმძღვანელოები; დაინერგა კალიების რეგიონული პროგრამა (GIS), რომელშიც აისახება ბენეფიციარი ქვეყნების მიერ კალიების წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებები და შედეგები, რაც ანალიზისა და  ადრეული პროგნოზირებას საშუალებას იძლევა.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way