საქართველოს ეროვნული გმირის წოდება არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო წოდება, რომელიც ენიჭება პირს ქვეყნისთვის განსაკუთრებული, გამორჩეულად გმირული საქციელის ჩადენისთვის. ეროვნული გმირის წოდების მინიჭებასთან ერთად პირს გადაეცემა ეროვნული გმირის ორდენი. 2004 წლიდან საქართველოს ეროვნული გმირის წოდება 19 ადამიანს მიენიჭა.
2013 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს ეროვნული გმირის წოდება კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაიას მიენიჭა.
29 მარტს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მღვდელმთავარი ამბროსი აღმსარებელის (ხელაია) ხსენების დღეს აღნიშნავს.
კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია) 1861-1927
„სული ღმერთს, გული სამშობლოს“
ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ამბროსი, ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია, დაიბადა 1861 წლის 7 სექტემბერს, ზუგდიდის მაზრის სოფ. მარტვილში. დაწყებითი განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ პერიოდში დაოჯახდა, სოხუმის ეპარქიაში მღვდლად ეკურთხა და იქვე, ჯერ სოხუმში, შემდეგ ახალ ათონსა და ლიხნში მსახურობდა. სასტიკად ეწინააღმდეგებოდა იმპერიის რუსიფიკატორულ პოლიტიკას აფხაზეთში. პრესაში ილაშქრებდა იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც აფხაზებს ქართველთა სიძულვილს უნერგავდა. ამავე დროს ასწავლიდა ქართულ ენას და იღვწოდა აფხაზეთში ქართული ენის განსამტკიცებლად.
1897 წელს, 36 წლის ასაკში, მამა ამბროსი ყაზანის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა. ერთი წლით ადრე იგი დაქვრივდა, თუმცა თავისი სამი შვილი გვერდიდან არ მოუშორებია, თან ჰყავდა ყაზანში სწავლისა და გადასახლებაში ყოფნის დროსაც კი. გადმოცემით, ის იყო ნიჭიერი, უაღრესად პატიოსანი, კეთილი, სათნო და ერთგული ადამიანი. ამბროსი ხელაია იქვე, ყაზანში აღიკვეცა ბერად და არქიმანდრიტის ხარისხშიც აიყვანეს, მალე კი საქართველოში დაბრუნდა და ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.
1904 წელს, თბილისში სინოდალური კანტორის წევრად და ფერიცვალების მონასტრის წინამძღოლად გადაიყვანეს. მაშინვე აქტიურად ჩაება ე. წ. ავტოკეფალისტთა მოძრაობაში, რომელიც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა და მიზნად ისახავდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას. მოძრაობაში მონაწილეობისათვის 1905 წელს რუსეთში გადაასახლეს.
1907 წელს კი, ესწრებოდა იმ საეკლესიო კრებას, რომელმაც სემინარიებსა და სასულიერო სასწავლებლებში საღვთისმეტყველო საგნების ქართულ ენაზე სწავლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის მართლმადიდებული ეკლესიის სინოდი დიდი აღშფოთებით შეხვდა ამ ფაქტს. საქართველოს ეგზარქოსმა ნიკონმა კაზაკების ძალებით დაარბია ავტოკეფალისტთა კრება, მის მონაწილეებს მათრახებით სცემეს, მაგრამ ნიკონი ამით არ დაკმაყოფილდა და პეტერბურგს მოსთხოვა: „სემინარიას, თუ იქ ეროვნულ ენაზე შემოიღებენ სწავლებას, აღეკვეთოს სახელმწიფო ხაზინის დახმარებაო“.
1908 წლის 28 მაისს სინოდის კანტორის კიბეზე რევოლვერის ტყვიით მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი, მართალია, მკვლელი ვერ იპოვეს, მაგრამ დაიწყეს ნიკონის „იდეური მოწინააღმდეგეების“ ავტოკეფალიის მომხრე მღვდლების დევნა და გადასახლება. რუსეთში გადაასახლეს არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია, ასევე ნიკონის მკვლელობაში მონაწილეობა დასწამეს ეპისკოპოს კირიონს. მართალია, ბრალი ვერც ერთს ვერ დაუმტკიცეს, მაგრამ ორივე დასაჯეს: მამა ამბროსის მღვდელმსახურება აუკრძალეს და გაგზავნეს რიაზანის სამების მონასტერში, სადაც ერთ წელზე მეტ ხანს სასტიკ რეჟიმში უწევდა ცხოვრება. სრულიად რუსეთის წმიდა სინოდი უგულებელყოფდა არქიმანდრიტის ყოველ თხოვნას სამშობლოში დაბრუნების შესახებ.
1917 წელს ამბროსი დაბრუნდა საქართველოში. ის ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ კი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად აკურთხეს. ამავე დროს განაგრძო ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. 1917 წლის თებერვალში რუსეთში მომხდარმა გლობალურმა ცვლილებებმა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ხელსაყრელი მომენტი შექმნა.
1917 წლის 12 (25) მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, ხოლო 16 მარტს თბილისში შედგა სასულიერო მოღვაწეთა კრება, რომელმაც დაადგინა, რომ ამიერიდან სიონის ტაძარში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე უნდა აღსრულებულიყო.
1921 წლის სექტემბერში წმიდა სინოდი მიტროპოლიტ ამბროსის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად ირჩევს. ბოლშევიკების მიერ ოკუპირებული ქვეყანა უმძიმესი განსაცდელის წინაშეა: იწყება ეკლესიის დევნა, ქართული ენის უფლებების შეზღუდვა და ისტორიული მიწების სხვათა განკარგულებაში გადაცემა. კათოლიკოსი ცდილობს მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიიპყროს და 1922 წელს გენუის საერთაშორისო კონფერენციას, რომელსაც 29 სახელმწიფოს წარმომადგენელი ესწრება, უგზავნის მემორანდუმს.
კათალიკოს-პატრიარქის, ამბროსი ხელაიას მიმართვა გენუის კონფერენციისადმი
,,1918 წელს ერმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაუყოვნებლივ ხელი მოჰკიდა თავისი პოლიტიკური და ეროვნულ-კულტურული ცხოვრების რესტავრაციას… რასაკვირველია ამას ვერ შეურიგდებოდა მისი ყოფილი ბატონი, მცირე ერთა მჩაგვრელი რუსეთი. მან დასძრა საქართველოს საზღვრებისაკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს, უსწორო ბრძოლაში სისხლიდან დაცლილ საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.
ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად ჰგრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ… თამამად და გაუზვიადებლად ვამბობ, რომ ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელსაც ახდენენ ქართველი ერის ზურგზე, აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკურად გადაშენების და სულიერად გავლურების და გახრწნის კარამდე!
ერი გმინავს, მაგრამ საშუალება არ აქვს ხმის ამოღებისა. ამგვარ პირობებში ჩემს მწყემსმთავრულ მოვალეობადა ვრაცხ კულტურული კაცობრიობის გასაგონად ვსთქვა:
მე, როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, არ შევდივარ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმების დაფასებასა და რეგლამენტაციაში. მაგრამ არ შემიძლია არ ვისურვო ჩემი ერისათვის ისეთი წყობილება, რომელიც შედარებით უფრო მეტად შეუწყობს ხელს მის ფიზიკურ აღორძინებას და კულტურულად განვითარებას.
ამიტომ ვითხოვ:
გენუის კონფერენციაზე მემორანდუმის გაგზავნა უპრეცედენტო შემთხვევა იყო. ამ ფაქტს მთავრობა გულხელდაკრეფილი არ შეხვედრია და მალე კათოლიკოსი ამბროსი დააპატიმრეს. სასამართლო პროცესზე პატრიარქთან ერთად საკათოლიკოსო საბჭოს 9 წევრიც განისჯებოდნენ.
მათ ბრალად დასდეს: გენუის კონფერენციისადმი მემორანდუმის გაგზავნა, საქართველოს ეკლესია-მონასტრების საგანძურის გადამალვა, საეკლესიო ქონების სააღრიცხვო წიგნების არასწორი წარმოება და სამხედრო ტაძრის (რომელიც დღევანდელი მთავრობის სასახლის ტერიტორიაზე იყო) კომკავშირისადმი გადაცემის პროცედურაში საპატრიარქოს წამომადგენლის გამოუცხადებლობა.
გთავაზობთ რამდენიმე ამონაწერს 1924 წლის მარტში გამართული სასამართლო სხდომის ოქმიდან:
მოსამართლე ბარათაშვილი – რა ხასიათი ჰქონდა თქვენს მემორანდუმს?
კათალიკოსი ამბროსი – გენუის კონფერენციაზე იყო საქართველოს წარმომადგენელი და იქ უნდა დაცულიყო ჩვენი ერის სუვერენობა. ვფიქრობდი, რომ ჩვენს წარმომადგენელს ეს მემორანდუმი დახმარებას გაუწევდა და მეც ამიტომ გავგზავნე.
მოსამართლე ერქომაიშვილი – რისთვის ითხოვდით საქართველოდან წითელი არმიის გაყვანას, რომელიც მშრომელი ხალხის ინტერესების დამცველია?
კათალიკოსი ამბროსი – მე დღემდე არ ვიცი, ვის იცავს რუსის ლაშქარი. როდესაც წითელი ლაშქრის გაყვანას ვითხოვდი, მე მხედველობაში მქონდა ინტერვენცია, რადგანაც ინტერვენცია ხდება ჯარის საშუალებით.
მოსამართლე ერქომაიშვილი – როდის იყო საქართველო თავისუფალი?
კათალიკოსი ამბროსი – წითელი ლაშქრის შემოსვლამდე. მას შემდეგ კი, რაც წითელი ჯარი შემოვიდა, საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა.
სასამართლოს თავმჯდომარე ჩხეიძე – მემორანდუმში თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ ქართველ ხალხს ართმევენ მიწა-წყალს, დამისახელეთ რა წაართვეს ხალხს და ვის გადასცეს
კათალიკოსი ამბროსი – არამცთუ მიწა-წყალი, ხალხიც გაცემულია სხვა ერებზე. ეს დამტკიცდება მაშინ, როდესაც მოვიტანთ საქართველოს რუკას. თუ ასეთი გზით დამტკიცება და სასამართლოს შეხედულებით საჭირო არ არის – მაშინ გავჩუმდები.
პროკურორი ოკუჯავა – დამისახელთ, რომელი საბუთის ძალით წაერთვა საქართველოს დამოუკიდებლობა?
კათალიკოსი ამბროსი – ინტერვენციით.
პროკურორი ოკუჯავა – რატომ უწოდებთ რუსეთის ლაშქარს საოკუპაციო ჯარს?
კათალიკოსი ამბროსი – იმიტომ, რომ მან მოახდინა საქართველოს ოკუპაცია.
პროკურორი ოკუჯავა – რაში გამოიხატა საქართველოს დამონება რუსეთის მხრივ?
კათალიკოსი ამბროსი – ასოცი წლის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მაძებარ ხალხის თავისუფლების ინტერვენციით წართმევაში.
მოსამართლე ერქომაიშვილი – მაგალითად რაში გამოიხატა რუსეთის ჩარევა ეკლესიის დამოუკიდებლობაში?
კათალიკოსი ამბროსი – თავისუფალ ერს უნდა ჰყავდეს თავისუფალი ჯარი. რამდენადაც თავისუფალია ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესიაც“
პარალელურად გაზეთებში თითქმის ყოველდღე შუქდება სასამართლო პროცესი სათაურით „კათალიკოს ამბროსის და მისი „ძმების“ (ბრჭყალებში) გასამართლება“. სადაც არაერთხელაა აღნიშნული: „ბრალდებულთა შემოყვანის დროს დარბაზში გაისმის ხმები: „ძირს ამბროსი“, „ძირს კონტრრევოლუცია“, „ზიზღი ამბროსის“.
სხდომები წყდება, რადგან მუშა-მოსამსახურეები იყრიან თავს გარეთ და გაიძახიან: მოგვეცით, ჩვენ გავასამართლებთ მუშათა კლასის მოღალატეებსო. იწერება კადნიერი ლექსები, სტატიები. მაგ. „ბრალდებულნი თავს დამნაშავედ არ სცაქცობას, ტყუილს, ინსინუაციებს, ისინი ხომ მოვაჭრენი არიან სიმართლით, და სინდისით“. როდესაც პატრიარქი ტოვებს სასამართლო შენობას, საგანგებოდ მოწვეული კომკავშირელები მას კვერცხებს ესვრიან.
და ყოველივე ამის შემდეგ კათალიკოსი ამბობს საბოლოო სიტყვას სასამართლოზე, სადაც ნიშანწყალიც არ ჩანს ნანახი უმადურობისა. პირიქით, ესაა სიტყვები ერის პატრიარქისა, რომელიც სიკვდილის საშიშროების წინაშეც იბრძვის, ზრუნავს და უყვარს:
„ნუთუ ჩემი გამოსვლის წინააღმდეგი იქნება ქართველი ერის მშრომელთა უმრავლესობა, რომლის ინტერესებისათვის მინდოდა შემეწირა ჩემი თავი და ჩემი პირადი ინტერესები და კიდევაც შევწირე. არა, არ დავიჯერებ…“.
დაბოლოს: „როგორც ჩვენ წინაპრებს ტკბილად მიაჩნდათ სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის ტანჯვის მიღება, აგრეთვე ჩემთვისაც ტკბილი იქნება ის სასჯელი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სასამართლო მშობლიური ეკლესიის და ერის თავისუფლების დაცვის მიზნით ხმის ამოღებისათვის. ეს იქნება დაგვირგვინება იმ ჯვრისა, რომელიც ჩემგან ნატვირთია და ვატარებ ჩემი ცხოვრების თითქმის 37 წლის განმავლობაში.
ჩემგან ეროვნული ინტერესების დასაცავად ამაღლებული ხმა და მსჯავრი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სამსჯავრო, მონახავენ თავის ადგილს ყოველის ქართველის გულში, – იმ ქართველისა, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სარწმუნოება და სამშობლოს სიყვარული. ამითაც ბედნიერად ჩავთვლი ჩემს თავს. როგორც მორწმუნე ვიტყვი – იყოს ნება ღვთისა! ... გული ჩემი საქართველოს ეკუთვნის, სული – ღმერთს, გვამს რაც გინდაც, ის უყავით“.
არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს. კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის განაჩენი ითვალიწინებს სიკვდილით დასჯას, მაგრამ მხცოვანი ასაკის გამო უსჯიან თავისუფლების აღკვეთას 8 წლამდე, სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების კონფისკაციით.
ციხეში ყოფნისას მის შვილებს რამდენჯერმე მიეცათ მამის მონახულების საშუალება. ისინი იგონებდნენ, რომ კათოლიკოსი ხვდებოდა მათ ყოველთვის მხნედ და მშვიდად, თითქოს არაფერი აწუხებდა. თუ რამდენად მძიმე იყო პატიმრობის პერიოდი, იქიდანაც ჩანს, რომ მას მოსთხოვეს, თავისი ნებით გადამდგარიყო პატრიარქობიდან, რაზედ უარი თქვა. ამის შემდეგ მის ფიზიკურ უძლურებაზე ლაპარაკი, ალბათ, არ ღირს.
1924 წელს, ამნისტიის ძალით ღირსი ამბროსი აღმსარებელი გაათავისუფლეს და წირვის ჩატარების უფლება მისცეს. ტაძარში უამრავი ხალხი მივიდა. შევიდა თუ არა კათოლიკოსი სიონში, ხალხი მუხლებზე დაემხო. მაშინ აღმოხდა თურმე კათოლიკოსს სიხარულით – „როგორც ჩანს, ქრისტიანობას საქართველოში ვერა ძალა ვერ გაანადგურებსო“. თუმცაღა, ღონემიხდილ მწყემსმთავარს, შუა წირვის დროს, როდესაც ამბიონიდან მრევლს ჯვარს სახავდა, გული წაუვიდა და დაეცა. მალე კათოლიკოსი ეკლესიის მართვას ჩამოაცილეს, რეპრესიები და ცილისწამება მის წინააღმდეგ არ წყდებოდა.
კათოლიკოსი ამბროსი გარდაიცვალა 1927 წლის 29 მარტს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია სიცოცხლეში თავისუფლების სიმბოლო იყო, გარდაცვალების შემდეგ კი – ეროვნული გმირი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა 1995 წელს წმ. მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით წმინდანად შერაცხა. დაკრძალულია სიონის ტაძარში და მისი ხსენების დღე 16(29) მარტს აღინიშნება
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.