USD 2.6932
EUR 3.1505
RUB 3.5713
თბილისი
სტეფანწმინდა-ლარსის ახალი მაგისტრალის მშენებლობის ტენდერში მონაწილეობა, მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ მიიღო
თარიღი:  

სტეფანწმინდა-ლარსის მაგისტრალის მშენებლობის ტენდერში წინადადება მხოლოდ ერთმა კომპანიამ - China Railway Tunnel Group Co-მ წარადგინა, რომელიც სახელმწიფოს პროექტის აშენებას 212,548,390 ლარად სთავაზობს. ეს კი გზის სატენდერო სავარაუდო ღირებულებაზე 12.5 მილიონი ლარით ნაკლებია.

საქართველოს მთავრობა რუსეთის საზღვრამდე მიმავალი ავტომაგისტრალის სრულ მოდერნიზაციას გეგმავს - ამისთვის მარტში გზების დეპარტამენტმა 225 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ორზოლიანი გზის პროექტი ურთულეს გეოგრაფიულ არეალში გაივლის და მგზავრობის დროს მკვეთრად შეამცირებს. მისი სიგრძე 4.5 კილომეტრი იქნება.

პროექტზე წინა ტენდერი ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში 246 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულებით გამოქვეყნდა, თუმცა ის მიმდინარე წლის დასაწყისში შეწყდა, რის შემდეგაც გზების დეპარტამენტმა განახლებული ტენდერი გამოაქვეყნა.

ჯერჯერობით უცნობია მიენიჭება თუ არა კომპანიას საბოლოოდ აღნიშნული კონტრაქტი. კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში სახელმწიფოს ამ გზის ერთი კილომეტრის აშენება 47.2 მილიონი ლარი დაუჯდება.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ამ გზის ფარგლებში ორი ესტაკადა და ორი გვირაბი აშენდება, მათი პარამეტრები ასეთი იქნება:

  • ესტაკადა N1 მდ.თერგზე - სიგრძე 2018 მეტრი;
  • ესტაკადა N2 - სიგრძე 636 მეტრი;
  • გვირაბი N1 - სიგრძე 460 მეტრი;
  • გვირაბი N2 - სიგრძე 846 მეტრი.

მთლიანობაში გვირაბებსა და ესტაკადაზე დაგეგმილი საპროექტო მანძილის 88% მოდის, სწორედ ამის გამო, ერთი კილომეტრის აშენების საშუალო ღირებულება ბიუჯეტს 55 მილიონი ლარი დაუჯდება, რაც გზის ყოველ მეტრზე 54,670 ლარს შეადგენს.

გზის პარამეტრები ასეთი იქნება:

  • საანგარიშო საპროექტო სიჩქარე - 60 კმ/სთ;
  • მიწის ვაკისის სიგანე – 14.0 მ;
  • სავალი ნაწილის სიგანე – 7.0 მ;
  • სამოძრაო ზოლის სიგანე – 3.5 მ;
  • სამოძრაო ზოლების რაოდენობა - 2.

“საპროექტო გზის მონაკვეთი მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში. გზა გადის პრაქტიკულად დაუსახლებელ ტერიტორიაზე. საპროექტო მონაკვეთის მთლიანი სიგრძე შეადგენს 4.5 კმ-ს. სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი არის არშა-სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მონაკვეთის გაგრძელება. მიმართულების გარკვეული ნაწილი მდინარე თერგის კალაპოტის მარცხენა ნაპირზე, სანაპირო ზოლში გადის. საპროექტო მონაკვეთი გადის ძალიან რთულ რელიეფში, მდინარე თერგის ვიწრო ხეობაში, რომელიც ორივე მხრიდნ შემოსაზღრულია მთებით”, - ნათქვამია სატენდერო პირობებში.

მსოფლიო
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის