USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
თბილისი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
თარიღი:  257

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე:

„საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

„იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“
(უძველესი იადგარი)

მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან დღემდე ყველა, ვინც სათნო ეყო ღმერთს, – წმინდა მამანი და დედანი, ის ოჯახები, რომელთა მემკვიდრეობაშიც ინება უფალმა განხორციელება, მოვიხსენოთ წმინდანები, რომელთაც წინასწარ გვიქადაგეს ღვთის სიტყვის ხორცშესხმა და ის უცნობი მოძღვარნი და ერისკაცნი, რომელნიც ქრისტეს მოსვლის მოლოდინს სასოებით გადასცემდნენ თაობებს.

ესენი ძირითადად იყვნენ იმ პერიოდის მსოფლიოში ჭეშმარიტი ღვთის მადიდებელი ერთადერთი ერის, ისრაელის, შვილნი. მართალია, იშვიათად სხვა ხალხებშიც არსებობდნენ სულიერებით გამორჩეული პიროვნებები, მაგრამ მხოლოდ ამ წიაღმა შეძლო უწყვეტად შეენარჩუნებინა კავშირი ღმერთთან და ჩირაღდნად ქცეულიყო მთელი წარმართული კაცობრიობისთვის; იმ კაცობრიობისათვის, რომელმაც არაერთი ცივილიზაცია შექმნა და რომელსაც საოცარი მიღწევები ჰქონდა ფილოსოფიაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მწერლობაში, ხელოვნებაში…

მაინც რით შეძლო, ერთი შეხედვით, უბრალო ერმა გამორჩეული ყოფილიყო ასურეთის, ბაბილონის, სპარსეთის, ეგვიპტის, კრეტა-მიკენის, ბერძენთა, რომაელთა და სხვა იმპერიებთან შედარებით?

ამ იმპერიებში დაკარგული იყო უმთავრესი, – ჭეშმარიტი ღვთის ცოდნა. ამა თუ იმ სფეროში გამოვლენილი დიდი განვითარების მიუხედავად, წარმართული საზოგადოება უდიდესწილად იყო ძალადობრივი, ჩაგვრითი, ეგოცენტრული, – თავის თავზე ორიენტირებული.

ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ ძლიერი ხელისუფალი თუ პიროვნება იმონებდა სუსტს; იმპერატორებს სხვათა ტერიტორიებისა და მათი ძალაუფლების ხელში ჩაგდების დაუოკებელი სურვილი ამოძრავებდათ; იყო გაუთავებელი ომები, შური, ღალატი, ვერცხლისმოყვარეობა, აღვირახსნილი ცხოვრება და გაუკუღმართებული ურთიერთობები; ადამიანის ღირსება – გათელილი და გაუფასურებული, დაბალი ფენის მამაკაცები და, განსაკუთრებით, ქალები – მოხმარების საგნად ქცეულნი.
ყოველივე ამას კიდევ უფრო ამძაფრებდა ის გარემოება, რომ წარმართული „ღმერთებიც” მიწიერნი იყვნენ, რომელთათვისაც, უცხო არ იყო ადამიანური ვნებანი. სულიერი ხსნა კი არსად ჩანდა და სიცოცხლესაც არ ჰქონდა აზრი.
ასეთ მძიმე გარემოში, მართალია, დიდი დაცემებით, მაგრამ მაინც ახერხებდა იაკობის მოდგმა თავის წიაღში დაეცვა ცხოვრების საღვთო, სარწმუნოებრივი წესი, მოყვასის სიყვარული, შეენარჩუნებინა მესიის მოსვლის მოლოდინი, მოლოდინი გადარჩენისა და განცდა იმისა, რომ ამქვეყნადაც ყველაფერი და თვით სამეფო საყდარიც ზეციურ უფალს უნდა ეკუთვნოდეს და იგი უნდა იყოს ერის წინამძღოლი; რომ ხელისუფალნიც, მოძღვარნიც, წარჩინებულნიც და რიგითი მოქალაქენიც, – თავისი მოვალეობისამებრ, მის ნებას უნდა აღასრულებდნენ.
ეს ყოველივე მთელი სისავსით მეფეთა შორის ყველაზე ნათლად წმინდა დავით წინასწარმეტყველს ჰქონდა გაცნობიერებული.
როდესაც იგი შაბათობით აღთქმის კიდობნის წინ ლოცვად დგებოდა, სამღვდელოებისა და ერის წინაშე ხმამაღლა შეჰღაღადებდა ხოლმე შემოქმედს:
„შენი მეფობა (ღმერთო), მეფობაა ყველა საუკუნეზე და შენი სუფევაა ყველა თაობაზე“ (ფს.144,13) „უფალს ეკუთვნის მეფობა და ის არის ხალხთა მბრძანებელი“ (ფს.21,29) და სხვა.
მან ეს ლოცვები, რომლებიც ზეციური მეუფისა და მისი სასუფევლისადმი იყო მიმართული, სავალდებულოდ დაუწესა თავის შთამომავალ მეფეებსაც და ხალხსაც.
აღსანიშნავია ისიც, რომ საუკუნეთა მანძილზე რომელ ქვეყანასაც ისრაელის მცირერიცხოვან ერთან ჰქონდა შეხება, თუნდაც იგი დამპყრობელი ყოფილიყო, ისრაელი ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებლობით მაინც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მასზე და საყოველთაო გადარჩენის მოლოდინს აღვიძებდა ყველაში.
შეგახსენებთ ერთ მონაკვეთს ბაბილონის ცნობილი მეფის ცხოვრებიდან:
ბაბილონის იმპერიის ზეობის პერიოდში მას ნაბუქოდონოსორი განაგებდა. მან მრავალი სამეფო დაიმორჩილა, მათ შორის, იუდეაც და დაპყრობილი ქვეყნებიდან მძევლად წაიყვანა ხელისუფალთა შვილები და ნიჭიერი ახალგაზრდები. ყმაწვილებს შორის იყო დანიელიც იუდეადან, – წინასწარმეტყველური ნიჭით დაჯილდოებული, გონიერი, მოსეს სჯულის მტკიცე დამცველი ჭაბუკი.
ერთხელ ნაბუქოდონოსორმა უცნაური და მრავლისმთქმელი სიზმარი ნახა. შეძრწუნებულს გამოეღვიძა და მის ასახსნელად თავისი სამფლობელოს ყველა მისანს, ქურუმს, მოგვსა და ვარსკვლავთმრიცხველს უხმო. უნდოდა, მათგან სიმართლე მოესმინა, ამიტომაც, მეტად უცნაური რამ მოსთხოვა: მათ უნდა გამოეცნოთ, თუ რა სიზმარი იხილა მბრძანებელმა, და აეხსნათ მისი მნიშვნელობა; წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას სიკვდილი და სახლ-კარის გადაწვა ემუქრებოდა.
სასახლის შეშინებულმა ბრძენკაცებმა შეჰბედეს მეფეს და უთხრეს: მსგავსი რამ არავის არასდროს მოუთხოვია. თქვენს სურვილს კაცთაგან ვერავინ შეასრულებსო.
ნაბუქოდონოსორმა ყველას წამება ბრძანა.
ვიდრე მისი განკარგულება აღსრულდებოდა, წინასწარმეტყველმა დანიელმა ითხოვა მეფესთან შეხვედრა და, სიკვდილმისჯილთა გათავისუფლების სანაცვლოდ, სიზმრის ახსნა აღუთქვა, რადგან მან და მისმა მეგობრებმა ზეციური ღმერთისგან გამოითხოვეს შემწეობა ამ საიდუმლოს გასაგებად და უფალმაც დანიელს გაუცხადა დაფარული.
ჭაბუკმა უთხრა მეფეს, რომ სიზმრით უფალმა აუწყა იმ დღეთა და ხელმწიფებათა შესახებ, რომლებიც მის შემდეგ იქნებოდნენ. კერძოდ, იხილა დიდი და საოცრად ელვარე, მაგრამ საშინელი შესახედაობის ქანდაკება, კერპი, რომელსაც თავი ოქროსი ჰქონდა, ხელები და მკერდი, – ვერცხლის, მუცელი და თეძოები, – სპილენძის, ხოლო ქვედა კიდურები, – რკინისა და, ნაწილობრივ, თიხის. შორიახლოს იყო მთა, საიდანაც თავისით, ხელისუკვრელად, ლოდი დაგორდა, კერპს რკინისა და თიხის ფეხებზე დაეცა და იგი ერთიანად შემუსრა. შემდეგ ეს ლოდი დიდ მთად იქცა და მთელი დედამიწა აღავსო.
ჭაბუკმა წინასწარმეტყველმა ისიც განუმარტა მბრძანებელს, რომ ნანახი კერპი ოთხი იმპერიის სიმბოლო იყო. ოქროს თავი მას და ბაბილონს განასახიერებდა, დანარჩენები კი, შედარებით ნაკლებნი, იმ იმპერიებს, რომლებიც ბაბილონის შემდეგ აღორძინდებოდნენ (იგულისხმება სპარსეთის, საბერძნეთის, რომის) და რომ მეოთხე იმპერიის ზეობისას ამქვეყნად მოიწეოდა მეუფება მარადიული და ჭეშმარიტი, რომელიც შემუსრავდა ყველა სამეფოს დედამიწაზე, თვითონ კი უკუნისამდე იარსებებდა.
ნაბუქოდონოსორი გაოცებული და შეძრული იყო მოსმენილით. იგი დაემხო მიწაზე და აღმოთქვა: „ჭეშმარიტად, ღმერთთა ღმერთია თქვენი ღმერთი და მეფეთა მეუფე.“ შემდეგ კი დანიელი დანიშნა თავის კარზე მთავარ მრჩევლად.
მართალია, მეფემ აღიარა ძლიერება ჭეშმარიტი ღვთისა, რომლის სიდიადე სხვა დროსაც კიდევ რამდენიმეჯერ იხილა, მაგრამ წინაპრების კერპებს მაინც ვერ განეშორა, თუმც იუდეველთა რწმენის პატივისმცემელი გახდა და აღარ აიძულებდა მათ ბაბილონის პანთეონისთვის ეცათ თაყვანი.
ამ ამბებზე მთელი ბაბილონი საუბრობდა, – ხალხიც, სიკვდილს გადარჩენილი მოგვებიც და სხვა ბრძენნიც ისტორიებს თაობიდან თაობებს გადასცემდნენ.
მათ წინასწარმეტყველ დანიელისგანვე იცოდნენ, რომ ის სიზმრისეული ლოდი შვიდ შვიდათეულში, ანუ 490 წელიწადში განეცხადებოდა სამყაროს; ამიტომაც, როდესაც ეს დრო დადგა და იხილეს უჩვეულო ვარსკვლავი, მოგვებმა იგრძნეს ჟამის მოახლოება; სამეფო ძღვენი, – გუნდრუკი, ოქრო და მური, თანაწარიღეს და ვარსკვლავს გაჰყვნენ დასავლეთისკენ მიგებებად მესიისა.
და მართლაც, ნაბუქდონოსორის სიზმრის მეოთხე სამეფოს, რომის იმპერიის, ბატონობის პერიოდში, I საუკუნეში, იუდეაში, დავით მეფის ქალაქად წოდებულ ბეთლემში, კაცობრივი ბუნების მიღებით, ადამის მოდგმის გადასარჩენად მოგვევლინა ძე ღვთისა. იგი სიმბოლურად დანიელ წინასწარმეტყველის სიზმრის ლოდია (დან. 2.45), რომელიც თავისთავად მოსწყდა მთას (იგულისხმება მისი უბიწოდ შობა ღვთისმშობლისგან) და დედამიწა აღავსო.
ქვაბულში, პირუტყვის ბაგაში, მწოლი ჩვილი – უფალი იესო ქრისტე საოცარი სიმდაბლით წარუდგა მსოფლიოს, რათა თავისი ხორციელი მყოფობის პირველივე წუთებიდან კაცობრიობისთვის მიეცა მაგალითი თავმდაბლობისა, უბრალოებისა და თავისი ქმნილებისადმი განუზომელი სიყვარულისა.
იესოს ამქვეყნად მობრძანებით, ერთი მხრივ, აღსრულდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება, მეორე მხრივ კი, გარკვეული აზრი მიეცა თვით წინაქრისტიანულ ეპოქათა მიღწევებსაც, რადგან ღმერთთან მარადიული თანამყოფობის შესაძლებლობის მოტანით, აზრი მიეცა სიცოცხლეს; ამასთან, ქრისტეს ეკლესიის სახით, სათავე დაედო მაცხოვნებელ წიაღს, რომელსაც მიწიერი წარმომავლობა არა აქვს, ზეციურია, ღვთისგანაა დაფუძნებული და წარუვალი, თუმცა ამქვეყნად მყოფობს.
მისი წევრი შეიძლება გახდეს ყველა, ვინც სამოთხეში ჩადენილი ცოდვით შებღალულ შემოქმედის ხატებასა და მსგავსებას თავის თავში განაახლებს, ანუ ღვთისა და ადამიანის ჭეშმარიტი სიყვარულით აღვსილი (იგულისხმება ნებისმიერი ადამიანი და არა მხოლოდ თავისი ერის წარმომადგენელი, როგორც ეს ძველ აღთქმაში იყო), ყოვლადწმინდა სამების სახელით მონათლული და აღსარებითა და ზიარებით მასთან დაკავშირებული, მაცხოვრის მცნებებით ახალ ცხოვრებას დაიწყებს.
„არა არს ჰურიაება, არცა წარმართება, არა არს მონება, არცა აზნაურება, არა არს გარჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქვენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესოს მიერ“ (გალ.3,28), – აი, ყოვლად აღმატებული სწავლება, რომელმაც მახვილივით განკვეთა ძველი სამყარო.
შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი თვისი და შეიყვარე მტერიც! შეუნდე მონანულს, „არავის მიაგოთ ბოროტი ბოროტისა წილ, კეთილს ცდილობდეთ ყველა ადამიანის წინაშე; თუ შესაძლებელია, თქვენის მხრივ, ყველა ადამიანთან მშვიდობით იყავით (რომ.12, 17-18).
თუ გსურს პირველობა ან უპირატესად ყოფნა, გახდი ყველას მსახური (ანუ – თავმდაბალი ყველას მიმართ), დაიცავი გულის სიწმინდე, ნუ გააკეთებ სიკეთეს საჩვენებლად და გაეცი მოწყალება უშურველად, სამაგიეროს მიღების სურვილის გარეშე; იცხოვრე სხვისთვის, როგორც ცხოვრობ საკუთარი თავისთვის, ხოლო ვინც შეძლებს თავი გაწიროს სხვისთვის, იგი უმაღლეს სათნოებას მოიპოვებს. – ასეთი რამ მანამდე არ სმენია კაცობრიობას.
ეს იყო მაცხოვრისგან ადამიანთა აზროვნების რადიკალურად შემობრუნების შეთავაზება, შეთავაზება სულ სხვა სიმაღლისა, სულ სხვა დიდებისა; გაცხადება მისთვის ჭეშმარიტი ღვთისა და ჭეშმარიტი ადამიანობისა.
კაცობრიობას ეს რომ გაეცნობიერებინა და თითოეულ ჩვენგანს ამისთვის მიეღწია, იესო გახდა სრული ადამიანი (ცოდვის გარეშე), რათა ჩვენ გავმხდარიყავით მადლით ღმერთნი;
ეს ურთულესი პროცესია და დიდ ძალისხმევას ითხოვს, რადგან ცხოვრების გზაზე ნებისმიერ ადამიანს მრავალი დაბრკოლება ხვდება, მითუმეტეს – მართლმორწმუნეს.
შეიძლება თქვენ დიდ ცოდვაშიც ჩავარდეთ და მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეთ, მაგრამ იცოდეთ, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს!
არასდროს იფიქროთ თვითმკვლელობაზე, არ მისცეთ სულს ამ დამღუპველი სისუსტის დაშვების უფლება. ჩვენ სიცოცხლე იმიტომ მოგვეცა, რომ წარმავალი სიცოცხლიდან მარადიულ სიცოცხლეში გადავინაცვლოთ! გახსოვდეთ, სინანულს უდიდესი ძალა აქვს და მას სასწაულის მოხდენა ძალუძს.
ამიტომაც, არ შეეგუოთ დაცემას და ღვთის იმედი მუდამ გქონდეთ.
გწამდეთ, უფალი ყოველგვარ ტკივილს სიკეთედ და ჩვენი სულიერი წინსვლის საშუალებად აქცევს, თუ ლოცვითა და სინანულით დავითმენთ განსაცდელს და მაცხოვრის სწავლებით წარვემართებით.
* * *
ქრისტიანულმა სარწმუნოებამ უდიდესი წვლილი შეიტანა და გადამწყვეტ ფაქტორად იქცა მრავალი ქვეყნის ისტორიაში, მათ შორის, ევროპის და სხვა სახელმწიფოთა ფორმირებაში; მაგრამ უფლის მეორედ მოსვლამდე, ანუ მარადიული სასუფევლის დამყარებამდე, მუდმივად იქნება ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, მუდმივად დაგვჭირდება სულ უფრო მეტი ძალისხმევა სიწმინდის დასაცავად, რადგან ეს დაპირისპირება თანდათან უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს.
ავიღოთ თუნდაც ჩვენი დრო.
სამყარო ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო, მაგრამ დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს რეალური საშიშროება იმისა, რომ ნებისმიერი მათგანი მსოფლიო კატასტროფად იქცეს და მთელი კაცობრიობა გაანადგუროს. ამიტომაც ყველას, ჩვენი შესაძლებლობებისამებრ, გვმართებს ზრუნვა მშვიდობისთვის. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და მთელი მსოფლიო.
მოგეხსენებათ ისიც, რომ ბოლო საუკუნეებში შესუსტდა ჭეშმარიტი რწმენა და იმძლავრა უღმერთობამ; შემოქმედის ადგილი ადამიანმა თავისი თავით ჩაანაცვლა. წინ წამოიწია პრინციპმა, – ჩემი მორალი და შეხედულება განსაზღვრავს ჩემს რწმენას; მაშინ, როდესაც სწორედ რწმენა ღვთისა და მისმიერი მცნებები განსაზღვრავს მორალსაც და შეხედულებებსაც.
დღეს, როგორც არასდროს, გაჩნდა რეალური საშიშროება იმისაც, რომ ადამიანის ეგოცენტრულობამ საფრთხე შეუქმნას იმ მიზანს, რისთვისაც საერთოდ დავიბადეთ, რადგან მსოფლიო ტექნოლოგიურად ვითარდება, მაგრამ მას ჩვენი სულიერი წინსვლა ჩამორჩება და ვდგებით მრავალი ფსიქოლოგიური და ბიოეთიკური გამოწვევის წინაშე.
ჩვენს ცხოვრებაში უკვე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ხელოვნური ინტელექტიც, რასაც სამეცნიერო წრეებში მანქანური სწავლებით მიღებული ხელოვნური ინტელექტის მოდელს უწოდებენ.
ცნობილია, რომ ხელოვნური ინტელექტი არის კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნის ჯამი, კოლექტიური ცოდნა, რომელიც ალგორითმებით იძლევა შესაბამის ინფორმაციას. ამ საშუალებით ადამიანს ექნება წვდომა მრავალგვარ მონაცემებზე მისთვის სასურველ ნებისმიერ სფეროში, რაც ტექნოლოგიურ წინსვლას კიდევ უფრო დააჩქარებს.
ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში და მთლიანად შეცვალოს ჩვენი ყოველდღიურობა, თუმცა, ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.
უფრო და უფრო მკვეთრად დგება კითხვა: შეძლებს ადამიანი, გააერთიანოს ქრისტიანული ცხოვრების წესი და თუნდაც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და ღვთის სადიდებლად მიმართოს იგი? თუ თავის თავში დაჯერებული, თავისივე ქმნილებით მოხიბლული და მასზე მიჯაჭვული ადამიანი ღმერთს კიდევ უფრო განეშორება?
ვფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების და იმ სპეციალისტების შეხედულებების გაცნობა, რომლელთაც ხელოვნურ ინტელექტთან აქვთ შეხება, რადგან უახლოეს მომავალში ყველა ამ ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდება და აუცილებელია, ჩვენი საზოგადოება მომზადებული შეხვდეს მას.
ერთი რამ კი ცხადია: თითოეული ჩვენგანი უნდა ისწრაფვოდეს პიროვნული სრულყოფილებისკენ, რაც უპირველეს ყოვლისა, ღვთის შეცნობის და მისი ჭეშმარიტების წვდომის სურვილს გულისხმობს.
ღმერთი ლოგიკურ კატეგორიებზე მაღლა დგას, ადამიანური გონება მას ვერ მისწვდება ვერც კაცობრივი ცოდნის მთლიანი ჯამით და ვერც ინფორმაციის სისავსით, ამიტომაც, ცოდნასთან ერთად, საჭიროა რწმენა და ღვთიური მადლით აღვსება, რომ ადამიანი წარმართულ მდგომარეობას არ დაუბრუნდეს.
* * *
ღვთის ერში, ძველი აღთქმის წიაღში, დაიბადა დედათა შორის კურთხეული, ყოვლადწმინდა ქალწული, რომლის მიერაც იშვა მაცხოვარი სოფლისა, – ადამისა და ევას ცოდვათა და ცრემლთა აღმხოცველი.
უფალი მოვიდა ამქვეყნად, რათა კვლავ გაეგრძელებინა განსწავლა კაცობრიობისა, როგორც ამას ედემში, ჩვენს პირველმშობლებთან მიმართებაში იქმოდა.
ქრისტიანობის ისტორია სავსეა ჭეშმარიტად განსწავლული ადამიანებით, რომელთა შრომები სიბრძნის ულევი წყაროა.
გავიხსენოთ მოციქულები, აგრეთვე, წმინდა მამები: ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი, იოანე დამასკელი, იოანე ოქროპირი, ეფრემ ასური და სხვანი მრავალნი.
გავიხსენოთ სოლომონ ბრძენიც და მისი სიტყვები: „მან (ღმერთმა) მომცა მე არსებულთა უტყუარი ცოდნა, რათა შემეცნო სამყაროს წყობა და სტიქიათა მოქმედება, დასაბამი, დასასრული და შუახანი, მზებუდობათა მონაცვლეობა და არეთა შენაცვლებანი, წელიწადის ბრუნვა და ვარსკვლავთა განლაგება, ცხოველთა ბუნება და მხეცთა თვისება, ქართა ქროლვა და კაცთა ზრახვანი, მცენარეთა მრავალფეროვნება და ფესვების ძალა. ყოველივე შევიცანი, დაფარულიც და განცხადებულიც, რადგან სიბრძნემ განმსწავლა, ყოველთა შემოქმედმა“ (სიბრძნე სოლომონისა 7, 17- 21).
მოვიხსენოთ ადამიც, რომელსაც, ყველსაგან განსხვავებით, სამოთხისეული განსწავლა, შემდგომ კი, ჩადენილი ცოდვის გამო, ღრმა სინანული ჰქონდა.
ამიტომაც მან და მისმა შვილმა, სეითმა, მთელი ცოდნა და ძალისხმევა ღმრთის სათნოყოფისთვის და მარადიულ ნეტარებაში დაბრუნებისკენ მიმართეს; განსხვავებით კაენისა და მისი შთამომავლებისაგან, რომელთაც ღმერთი დაივიწყეს და თავისი მონდომება ამქვეყნიური კეთილდღეობისკენ წარმართეს; აღარ ზრუნავდნენ სულზე და სიკვდილის შემდგომი მდგომარეობაც აღარ აინტერესებდათ.
კაცობრიობაც მთელი თავისი განვითარების მანძილზე ამ ორ გზას შორის მერყეობდა და მერყეობს.
როგორი იქნება ჩვენი არჩევანი?
თუ შევძლებთ სწორი ურთიერთობები ვიქონიოთ ღმერთან, ადამიანთან, ბუნებასთან, მიკრო და მაკრო კოსმოსთან, ვერავითარი ტექნოლოგიური მიღწევა ვერ გაგვაუცხოებს შემოქმედისგან, არამედ მათი მართებულად გამოყენების შემთხვევაში, იგი იქცევა ჩვენი გონებრივი და სულიერი წინსვლის დიდ საშუალებად.
ამიტომაც დღეს ყველაზე მეტად გვესაჭიროება მაცხოვრის შობის საიდუმლოს გაცნობიერება, რადგან დედამიწაზე განხორციელებული ქრისტე ყოველ დროს და ყველა ეპოქაში გვწინამძღვრობს, გვიჩვენებს სწორ გზას და გვანიჭებს ხსნას.
იგია სრული სიყვარული და სიკეთე, სრული ცოდნა, მშვიდობა და სიბრძნე, რომელიც მარადიულად და დაუსრულებლად განაახლებს, განაბრძნობს და განწმენდს მის თანაზიართ.
ყველას, ვინც მაცხოვრის შობის სიხარულით ცოცხლობს, ვულოცავ ამ დიდებული დღის შემობრძანებას. ვულოცავ ზეციურ და მიწიერ სამყაროს, სრულიად საქართველოს, თითოეულ თქვენგანს; ვულოცავ ხელისუფალთ, უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, ჩვენს ერთგულ მრევლსა და სასულიერო პირებს! ვულოცავ ჯარისკაცებს, სპორტსმენებს, მეზღვაურებს, ექიმებს და ქვეყნის კეთილდღეობისათვის ყველა სხვა დამაშვრალს; ვულოცავ მოხუცებსა და ახალგაზრდებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებელბს, მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი, ბავშვებსა და ახალშობილებს; ვულოცავ პატიმრებს, სნეულებაში მყოფთ და მშობლების მზრუნველობას მოკლებულთ…
ყველას გლოცავთ და გახარებთ მხსნელის მოვლინებას!
სულიერად განმტკიცდით და გაძლიერდით, და არაფრის შეგეშინდეთ!
უფალთან არ დაგეკარგებათ თუნდაც ერთი გულითადი ლოცვა და სინანულის ცრემლის ერთი წვეთიც კი.
გწამდეთ, ყველაფრის მიუხედავად, იესო ქრისტეს ყოველთვის ჩვენთვის მაცხოვნებელი გზით მივყავართ; ამიტომაც მუდამ იყავით მადლიერნი მისი და გქონდეთ სასოება.
ვინც ღმერთი ჰპოვა, უმთავრესი შეიძინა; ღმერთს განშორებული სული კი კვდება, როგორც სულს გაყრილი სხეული.
და კიდევ, – ყველა და ყველაფერი უძლურია იქ, სადაც უფალი თავის ძალას ავლენს.
„უპირატეს ჟამთა მამისგან შობილსა ძესა და ქალწულისაგან ხორცშესხმულსა, ყრმანი აქებდით, მღვდელნი უგალობდით და ერნი უფროისად აღამაღლებდით უკუნისამდე“ (ძლისპირი), ამინ!“
ბეთლემში შობილი იესოს სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი, ქრისტეშობა, 2024

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.