USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Тбилиси
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა
дата:  735
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 19 წლის დაზარალებული გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე, დაკავებულია 43 წლის მამაკაცი გ.ქ.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გ.ქ., ინტერნეტ სივრცეში, მათ შორის, სოციალური ქსელის „Facebook“ სხვადასხვა ჯგუფებში, მის მიერვე შექმნილი ყალბი გვერდების გამოყენებით განცხადებებს ათავსებდა, რომლითაც ქალის თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესიისთვის შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ ახალგაზრდა გოგოებს იწვევდა.
 
ბრალდებული, განცხადებით დაინტერესებულ პირებს სააგენტოს ფოტოგრაფად ყალბი სახელით და გვარით „ნუკრი ჯიოშვილით“ ეცნობოდა და მის მფლობელობაში არსებულ ბინაში სატესტო ფოტოსესიებს უწყობდა, რა დროსაც ინტიმური შინაარსის ფოტოებს უღებდა.
 
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალურ ქსელ „Facebook“-ზე, ქალის სახელით შექმნა ყალბი პროფილი „Qristi.n.K.Jioshvili”, რომლის საშუალებითაც 19 წლის დაზარალებულ გოგოს, დახურულ ჯგუფში ფოტოგრაფის თანაშემწედ გაეცნო. დაპირდა, რომ თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესია იქნებოდა კონფიდენციალური, რადგან ფოტოებში არ გამოჩნდებოდა დაზარალებულის სახე. გარკვეულ პირობებზე შეთანხმების შემდეგ, მან დაზარალებულს ფოტოგრაფისთვის გადასაცემად ტელეფონის ნომერი სთხოვა, მოგვიანებით კი თავადვე დაუკავშირდა, როგორც ფოტოგრაფი „ ნუკრი ჯიოშვილი“ და შემდგომი დასაქმების პირობით სატესტო ფოტოსესია დაუგეგმა. 2024 წლის მარტის თვეში, ბრალდებულმა 19 წლის გოგო გლდანში მდებარე თავის ბინაში მიიყვანა, სადაც მას როგორც ფოტოგრაფს, თითქოს სტუდია ქონდა მოწყობილი და ქალის ინტიმური შინაარსის ფოტოები უკანონოდ მოიპოვა.
 
ფოტოსესიის შემდეგ, ბრალდებული ქალთან კომუნიკაციას ტელეფონით აგრძელებდა და მისი ინტიმური შინაარსის ფოტომასალის ნათესავებთან გავრცელებით ემუქრებოდა, თუ არ შეასრულებდა მის მოთხოვნებს - არ შეხვდებოდა, სქესობრივ კავშირს არ დაამყარებდა და ახალ ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალას არ გადაუგზავნიდა.
 
მას შემდეგ რაც აღნიშნულზე დაზარალებულისგან უარი მიიღო, მის სარგებლობაში არსებულ კიდევ ერთ ყალბ პროფილზე საჯაროდ განათავსა ფოტოსესიის დროს დაზარალებულისთვის გადაღებული ინტიმური ხასიათის ერთ-ერთი ფოტო სურათი და განაგრძო მუქარა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვისთანავე, საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით გადაუდებელი, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო. მათ შორის, ჩატარდა ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, მის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის, საცხოვრებელი ადგილის და ასევე, გლდანის რაიონში მდებარე იმ ბინის ჩხრეკა, სადაც ფოტოგადაღებებს ატარებდა. მტკიცებულების სახით ამოღებული იქნა ბრალდებულის მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, ფოტოაპარატი, ფოტოსესიის ჩასატარებლად შესაბამისი მოწყობილობები და ელექტრონული ინფორმაციის შესანახი სხვა ობიექტები.
 
აღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად, გამოძიების მიერ ამოღებულია 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა, მათ შორის ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა.
გარდა ამისა, ბრალდებულის მობილური ტელეფონის შესწავლის შედეგად, ნანახი იქნა სხვა დაზარალებული ქალების მიმართ ინტიმური შინაარსის სურათების გავრცელების მუქარის და შანტაჟის შემცველი მესიჯები. გამომძიებლებმა უკვე მოახდინეს რამდენიმე დაზარალებული ქალის იდენტიფიცირება, რომელთა ინტერესებს და უფლებებსაც ასევე დაიცავს საგამოძიებო სამსახური.
 
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი.
 
დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება.
 
общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати