USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
თბილისი
სოსო არჩვაძე: საქართველოს შეუდარებლად დაბალი მაჩვენებლები აქვს რუსეთთან ვაჭრობაში, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატ თურქეთს და თვით ამერიკის შეერთებულ შტატებს
თარიღი:  1738

საქართველოს წილი რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში საკმაოდ მოკრძალებულია: ის მხოლოდ 0.3%-ია, მაშინ როდესაც ევროკავშირისა - 32%-ია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი თურქეთის - 8%, ჩინეთის - 22%, ხოლო აშშ-სა - 2%, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„რომის იმპერიის დროს აშენებული კოლიზეუმი თანამედროვე იტალიის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი და ტურისტული მიზიდულობის ობიექტია; რომის საღვთო იმპერიისა და ინკვიზიციის პერიოდში ლეონარდო და ვინჩის შექმნილი „ჯოკონდა“ დღემდე გულგრილად არ ტოვებს მილიონობით მნახველს; ბაგრატოვანთა თითქმის ათასწლოვანი მეფობის პერიოდში აგებული სვეტიცხოველი ისევე ამაყად გადმოსცქერის ბებერ მცხეთას და სრულიად საქართველოს, როგორც საუკუნეების წინ... ასეთი შედარებების განხორციელება უსასრულოდ შეიძლება და მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ მარადიულობისკენ სწრაფვაზე ფასეულობებს გაცილებით მეტი პრეტენზია და პოტენციალი აქვთ, ვიდრე ამა თუ იმ ოფიციალურ სტრუქტურებს, თვით სახელმწიფოებისა და მით უფრო - ამ უკანასკნელთა ფორმებსა და გაერთიანებებს. - ფასეულობები ყოველთვის პირველადია, ხოლო სტრუქტურები - კი მეორადი და შესაბამისად, ერის, ეთნოსის ინტერესების გამომხატველი სახელმწიფოსა და მისი ხელმძღვანელობის სწრაფვა, ორიენტაცია როგორც წესი, ფასეულობებზეა და მხოლოდ ამის შემდეგ - ამ ფასეულობების უზრუნველმყოფ და დამცავ სტრუქტურებზე.

აღნიშნული პოსტულატის მოტანის აუცილებლობა განაპირობა იმან, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჩვენთან და საქართველოს საზღვარგარეთელი მეგობარი („მეგობარი“ - ბრჭყალებში თუ უბრჭყალებოდ - თავად მკითხველმა განსაზღვროს...), საქართველოს აკრიტიკებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების გამო. არადა, საქართველოს შეუდარებლად დაბალი მაჩვენებლები აქვს რუსეთთან ვაჭრობაში, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატ თურქეთს და თვით ამერიკის შეერთებულ შტატებს - როგორც მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით, ისე ამ ქვეყნების თუ სახელმწიფოთა გაერთიანების ეკონომიკის მასშტაბებთან შედარებით. მაგალითად, 2022 წელს საქართველოს ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში გაიზარდა 4.7-ჯერ უფრო დაბალი ტემპით (+6.8%) ჩვენი ქვეყნის მთლიანი ექსპორტის ზრდის ტემპთან (+31.8%) შედარებით, ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ პერიოდში ლარი აშშ დოლართან გამყარდა 9.5 პუნქტით, ფიზიკურ მოცულობაში საქართველოს ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში 2022 წელს კი არ გაიზარდა, არამედ შემცირდა კიდეც 3.3 პროცენტით!

რუსეთისათვის გამოცხადებული ეკონომიკური სანქციების პირობებში, ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკური კავშირები მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით (- 2022 წლის მიხედვით), ჯერადად აღემატება საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებლებს. კერძოდ, სავაჭრო ბრუნვა - დაახლოებით 2.1-ჯერ, ხოლო შეძენილი გაზის საფასური - 3.7-ჯერ. ევროკავშირი კი არა, გაზის ტრანზიტის საფასურად თვით რუსეთთან საომარ ვითარებაში მყოფმა უკრაინამ აგრესორი ქვეყნისაგან 2022 წელს 5-ჯერ მეტი თანხა მიიღო, ვიდრე საქართველომ რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტისათვის (შესაბამისად, 570 მლნ. აშშ დოლარი და 112 მლნ. აშშ დოლარი).
ანალოგიური მდგომარეობაა აშშ-ის მიმართულებითაც. - ამ ქვეყანასაც, ისევე როგორც საქართველოს, რუსეთთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს. მაგრამ აშშ-საც რომ რუსეთთან ვაჭრობაში თავიანთი ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელი საქართველოსნაირი მაინც ჰქონოდათ, მათი იმპორტი რუსეთისაგან ფაქტობრივთან შედარებით თითქმის 10.0 მილიარდი აშშ დოლარით ნაკლები იქნებოდა (- არაუმეტეს 4.8 მლრდ. აშშ დოლარი, ნაცვლად ფაქტობრივი 14.5 მლრდ. აშშ დოლარისა).

„რუსული მხრიდანაც“ რომ შევხედოთ ამ ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებს, დავინახავთ, რომ საქართველოს წილი რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში საკმაოდ მოკრძალებულია: ის მხოლოდ 0.3%-ია, მაშინ როდესაც ევროკავშირისა - 32%-ია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი თურქეთის - 8%, ჩინეთის - 22%, ხოლო აშშ-სა - 2%.

ყოველი ქვეყანა და მისი ხელისუფლება მოქმედებს თავისი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და რაიმე გასაოცარი ან ალოგიკური ზემოთ მოტანილ რიცხვებში არ არის. სამწუხარო და გასაკიცხი კი მხოლოდ ის არის, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობებისათვის საქართველოს ის პირები და მათ უკან მდგარი სტრუქტურები აქილიკებენ და შეწყვეტისაკენ მოუწოდებენ, რომელთაც რუსეთთან საქართველოსთან შეუდარებლად მასშტაბური და ინტენსიური აღებ-მიცემობა აქვთ გაჩაღებული.

საქართველო და მისი პასუხისმგებლიანი ხელისუფლება მოქმედებს თავის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და სტრატეგიული ინტერესების შესაბამისად და მოწოდებანი ამ გზიდან გადახვევისაკენ სულ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენენ ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი მეგობრებისა და კეთილისმსურველთა სახეს და შინაგან ბუნებას.

ქრისტიანობამდელი, წარმართული პერიოდის ხატოვანი ნათქვამია: „ის რაც მიეტევება იუპიტერს, არ მიეტევება ხარს“.
წარმართობა, ქრისტიანობის სასარგებლოდ, ქართველმა ერმა თითქმის ამ ორი ათასი წლის წინ უარყო. ამიტომ ჩვენთვის უფრო ახლობელი და გასაგები მაცხოვრის ნათქვამია: "ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა" (იოანე, 8:7)“, - წერს არჩვაძე.

თბილისი
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის