USD 2.6969
EUR 3.1467
RUB 3.4229
თბილისი
სოლვეს მეხუთე კონფერენცია - გენიოსების თავყრილობა
თარიღი:  3211

სოლვეს კონფერენცია (Conseil Solvay) იყო ლეგენდარული პირველი მოწვევის მსოფლიო უდიდეს ფიზიკოს მეცნიერთა ყრილობა 1911 წელს ორგანიზებული სოლვეს ფიზიკისა და ქიმიის საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ. ინსტიტუტები მდებარეობს ბრიუსელში და დაფუძნებულია ბელგიელი ინდუსტრიალისტის ერნესტ სოლვეს მიერ 1912 წელს.

1911 წლის წარმატების შემდეგ სოლვეს კონფერენციები ეძღვნება უმნიშვნელოვანეს ღია პრობლემებს ფიზიკასა და ქიმიაში. ღონისძიება ყოველ სამ წელიწადს ტარდება. 23-ე სოლვეს კონფერენცია ჩატარდა ბრიუსელში 2005 წლის 1-3 დეკემბერს თემაზე: „სივრცისა და დროის კვანტური სტრუქტურა“.

პირველი კონფერენცია

1911 წლის შემოდგომაზე ჩატარებულ პირველ კონფერენციას თავმჯდომარეობდა ჰენდრიკ ლორენცი. განხილვის თემა იყო გამოსხივება და სინათლის კვანტი. კონფერენცია პრობლემას იხილავდა ორი მიდგომის თვალსაზრისით — კლასიკური ფიზიკისა და კვანტური თეორიის. ალბერტ აინშტაინი იყო ყველაზე ახალგაზრდა ფიზიკოსი დამსწრეთა შორის. სხვა განთქმულ მეცნიერთა შორის იყვნენ მარი სკლოდოვსკა-კიური და ჟიულ ანრი პუანკარე.

მეხუთე კონფერენცია

შესაძლოა ყველაზე განთქმული ამ კონფერენციათაგან იყოს 1927 წლის ოქტომბერში ჩატარებული მეხუთე მოწვევა თემაზე: ელექტრონები და ფოტონები, სადაც მსოფლიოს ყველაზე ღვაწლმოსილი ფიზიკოსები შეიკრიბნენ რათა განეხილათ ახლად ჩამოყალიბებული კვანტური თეორია. წამყვანი ფიგურები იყვნენ ალბერტ აინშტაინი და ნილს ბორი. აინშტაინს, რომელიც გაღიზიანებული იყო ვერნერ ჰაიზენბერგის განუსაზღვრელობის პრინციპით, უთქვამს „ღმერთი კამათელს არ თამაშობსო“, რაზეც ბორს უპასუხია: „შეწყვიტე ღმერთისთვის კარნახი, თუ რა უნდა გააკეთოსო“.საქმე ეხებოდა მიზეზ-შედეგობრივი დეტერმენიზმის და შემთხვევითობას შორის დაძაბულ კავშირს.

მას შემდეგ, აინშტაინის “ღმერთი კამათელს არ თამაშობს” იქცა ფრთიან გამოთქმად და მასზე არსებობს მრავალი ინტერპრეტაცია, იმიტომ რომ თვით აინშტაინს არ განუმარტავს უფრო დაწვრილებით ეს. აინშტაინი უარყოფდა კვანტური მექანიკის ალბათობისთეორიულ განმარტებას.

29 დამსწრე მეცნიერიდან 17 მოგვიანებით ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.

სურათზე გამოსახული მეცნიერები

უკანა რიგი, მარცხნიდან მარჯვნივ:

ოგიუსტ პიკარი – დაიბადა 1884 წლის 28 იანვარს, ეროვნებით შვეიცარიელი. აეროსტატი ააფრინა 16 კმ-ზე, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო. ასევე დაამზადა უამრავი წყალქვეშა ნავი.
ემილი ჰენრიო – დაიბადა 1885 წლის 2 ივლისს, ეროვნებით ფრანგი. პირველმა აჩვენა, რომ კალიუმი და რუბიდიუმი ბუნებრივად რადიოაქტიურები არიან.
პაულ ერენფესტი – დაიბადა 1880 წლის 18 იანვარს, ეროვნებით ავსტრიელი. იყო მათემატიკოსი, რომელიც მუშაობდა სტატისტიკურ მექანიკაზე.
ედუარდ ჰერცენი – დაიბადა 1876 წელს, ეროვნებით ფრანგი. მხატვარი, რომელიც დაინტერესებული იყო ფსიქოანალიტიკით. გახლდათ ფროიდის კარგი მეგობარი.
თეოფილე ერნესტ დე დონდერი – დაიბადა 1872 წელს, ეროვნებით ბელგიელი. მიიჩნევა თერმოდინამიკის მამად შეუქცევად პროცესებში.
ერვინ შრედინგერი – დაიბადა 1887 წლის 12 აგვისტოს, ეროვნებით ავსტრიელი. ჩაატარა ცნობილი ექსპერიმენტი, სახელად შრედინგერის კატა, რომელიც ამბობს, რომ ობიექტი შეიძლება არსებობდეს ორ მდგომარეობაში, სანამ მისი დაკვირვება არ მოხდება.
ემილ ვერშაფელტი – დაიბადა 1870 წლის 27 იანვარს, ეროვნებით ბელგიელი. მოღვაწეობდა კრისტალოგრაფიის დარგში, შეისწავლიდა ატომების განლაგებას მკვრივ სხეულებში.
ვოლფგანგ პაული – დაიბადა 1900 წლის 25 აპრილს, ეროვნებით ავსტრიელი. აღმოაჩინა ბუნების ახალი კანონი, სახელად აკრძალვის პრინციპი.
ვერნერ ჰაიზენბერგი – დაიბადა 1901 წლის 5 დეკემბერს, ეროვნებით გერმანელი. დაამტკიცა განუსაზღვრელობის პრინციპი ქვანტურ მექანიკაში.
რალფ ჰოვარდ ფაულერი – დაიბადა 1889 წლის 17 იანვარს, ეროვნებით ინგლისელი. ითვლება ერთ-ერთ პიონერად თეორეტიკულ ასტროფიზიკაში.
ლეონ ნიკოლას ბრიუენი – დაიბადა 1889 წლის 7 აგვისტოს, ეროვნებით ფრანგი. შეისწავლიდა კვანტურ მექანიკას და რადიოტალღების გავრცელებას ატმოსფეროში.


შუა რიგი, მარცხნიდან მარჯვნივ:

პიტერ ჯოზეფ უილიამ დებაი – დაიბადა 1884 წლის 24 მარტს, ეროვნებით ჰოლანდიელი. სწავლობდა მოლეკულურ სტრუქტურებს.
მარტინ ჰანს კრისტიან კნუდსენი – დაიბადა 1871 წლის 15 თებერვალს, ეროვნებით დანიელი. სწავლობდა ოკეანოგრაფიას, ზღვის წყლის თვისებებს.
უილიამ ლოურენს ბრაგი – დაიბადა 1890 წლის 31 მარტს, ეროვნებით ავსტრალიელი. ცნობილია იქს სხივების დიფრაქციის კანონის შემოღებით.
ჰენდრიკ ანტონი კრამერსი – დაიბადა 1894 წლის 2 თებერვალს, ეროვნებით ჰოლანდიელი. შეიმუშავა მნიშვნელოვანი გამოთვლები სინათლის გარდატეხასა და გაფანტვასთან დაკავშირებით.
პოლ ედრიენ მორის დირაკი – დაიბადა 1902 წლის 8 აგვისტოს, ეროვნებით ჰოლანდიელი. ფუნდამენტური წვლილი მიუძღვის კვანტური მექანიკისა და კვანტური ელექტროდინამიკის ადრეულ განვითარებაში. მისი განტოლება ანტიმატერიის არსებობის წინასწარმეტყველების საფუძველი გახდა.
არტურ ჰოლი კომპტონი – დაიბადა 1892 წლის 10 სექტემბერს, ეროვნებით ამერიკელი. აღმოაჩინა კომპტონის ეფექტი, ანუ თავისუფალ ელექტრონებზე ელექტრომაგნიტური გამოსხივების დრეკადი გაბნევა, რასაც თან ახლავს ტალღის სიგრძის გადიდება.
ლუი დე ბროილი – დაიბადა 1892 წლის 15 აგვისტოს, ეროვნებით ფრანგი. წერდა მეცნიერების ფილოსოფიაზე, მათ შორის სამეცნიერო აღმოჩენების ღირებულებაზე.
მაქს ბორნი – დაიბადა 1882 წლის 11 დეკემბერს, ეროვნებით გერმანელი. რასელ-აინშტაინის მანიფესტის ხელმომწერი, კვანტური მექანიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ნილს ბორი – დაიბადა 1885 წლის 7 ოქტომბერს, ეროვნებით დანიელი. თანამედროვე ფიზიკის ერთ–ერთი ფუძემდებელი და მრავალი აღმოჩენის ავტორი, მანჰეტენის პროექტის ერთ-ერთი მონაწილე.


წინა რიგი, მარცხნიდან მარჯვნივ:

ირვინგ ლენგმიური – დაიბადა 1881 წლის 31 იანვარს, ეროვნებით ამერიკელი. ეკუთვნის აღმოჩენები ქიმიაში ზედაპირული მოვლენების სფეროში.
მაქს პლანკი – დაიბადა 1858 წლის 23 აპრილს, ეროვნებით გერმანელი. საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც კვანტური თეორიის დამფუძნებელი და, ამგვარად, როგორც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიზიკოსი.
მარია კიური – დაიბადა 1867 წლის 7 ნოემბერს, ეროვნებით პოლონელი. დიდი წვლილი შეიტანა რადიოაქტივობის შესახებ მოძღვრების შექმნაში. იყო პარიზის უნივერსიტეტის პირველი პროფესორი ქალი.
ჰენდრიკ ლორენცი – დაიბადა 1853 წლის 18 ივლისს, ეროვნებით ჰოლანდიელი. შეიმუშავა გარდაქმნის ტოლობები, რომლებიც დროისა და სივრცის აღწერისთვის გამოიყენებოდა.
ალბერტ აინშტაინი – დაიბადა 1879 წლის 14 მარტს, ეროვნებით გერმანელი. გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი. საყოველთაოდ მიჩნეულია მე-20 საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. ნიჭიერებამ და ინტელექტმა მისი პიროვნება გენიოსის სინონიმად აქცია.
პოლ ლანჟევენი – დაიბადა 1872 წლის 23 იანვარს, ეროვნებით ფრანგი. ცნობილი გახდა ლანჟევენის განტოლებით.
შარლზ გუიე – დაიბადა 1866 წელს, ეროვნებით შვეიცარიელი. სწავლობდა ელექტრულ ნაკადებს, მაგნეტიზმს, აირის განმუხტვას.
ჩარლზ ტომსონ უილსონი – დაიბადა 1869 წლის 14 თებერვალს, ეროვნებით შოტლანდიელი. ცნობილია უილსონის კამერის შექმნით, რომელიც იონიზებული რადიაციის აღმოჩენის საშუალებას იძლევა.
ოუენ რიჩარდსონი – დაიბადა 1879 წლის 26 აპრილს, ეროვნებით ინგლისელი. მან აჩვენა, რომ გახურებული მავთულიდან მომავალი დინება ექსპონენტურად დამოკიდებული იყო მავთულის ტემპერატურაზე მათემატიკურ ფორმაში, არენიუსის განტოლების მსგავსად.

 

ეკონომიკა
მოჰამედ ალაბარი: „იგლ ჰილსის” პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება 3.5 ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტის შემოსავლების მობილიზება

„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება საგადასახადო შემოსავლების მობილიზება, საუბარია 3.5 ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტზე, - ამის შესახებ „იგლ ჰილსის“ დამფუძნებელმა მოჰამედ ალაბარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ურბანული განვითარების ამგვარი პროექტი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტს შემატებს.

„თუ გადავხედავთ იმას, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში მიკეთებია მასშტაბური პროექტების სახით - 6 ან 6.5 მილიარდი დოლარის ფარგლებში - ოთხმაგი ეფექტი ჰქონია მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკაზე; ეს ინფორმაცია გადამოწმებადია და ინტერნეტშიც შეიძლება ფაქტების მოძიება. 6 ან 6.5 მილიარდიანი ინვესტიციის ეფექტი იქნება ამ რიცხვის ოთხზე გამრავლება. შესაბამისად, ფაქტობრივად საუბარია 24 მილიარდზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს, რასაც გავაკეთებთ ამ ინიციატივის ფარგლებში - იქნება ეს მასალების შეძენა, მარაგების გაკეთება, სპეციალისტების დასაქმება, არქიტექტორების დაქირავება, კონტრაქტორების აყვანა და ა.შ. ყველაფერი ადგილობრივად მოხდება.

ნიშანდობლივია, რომ მშენებლობის პროცესში 30 000 ადამიანი დასაქმდება; ანუ სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

რაც შეეხება სამთავრობო სფეროში მიღებულ სარგებელს, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება საგადასახადო შემოსავლების მობილიზება, საუბარია 3.5 ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტზე.

ურბანული განვითარების ამგვარი პროექტი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტს მატებს. როდესაც საუბარია მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელზე, სწორედ ეს იგულისხმება. ამგვარ პროექტს ცალკე აღებულს შეუძლია, ქვეყნის მშპ 5 პროცენტით გაზარდოს“, - აღნიშნა მოჰამედ ალაბარმა.

„იგლ ჰილსის“ დამფუძნებელმა ასევე ისაუბრა, თუ რა ეფექტს იქონიებს აღნიშნული ინიციატივა ტურიზმის სექტორზე და აღნიშნა, რომ ამ მასშტაბის პროექტს სულ მცირე ნახევარი მილიონი ტურისტის მოზიდვა შეუძლია.

„ყველა იმ ქვეყნის გამოცდილებით ვსაუბრობ, სადაც ამგვარი პროექტები გვიკეთებია. ასეთი მასიური და პასუხისმგებლიანი ურბანული განვითარების პროექტები ინვესტიციებს იზიდავს მთელი მსოფლიოდან. ინვესტიციების გარდა ხდება ტურისტების მოზიდვა. თითოეული ჩვენი პროექტი 1 000 ახალ ბიზნეს სუბიექტს უქმნის ახალ შესაძლებლობას. სკოლებსა და სკვერებს ვაშენებთ. არქიტექტურულ ქმნილებებს და არაჩვეულებრივი დიზაინის მქონე ობიექტებს ვქმნით მასპინძელ ქვეყანაში. ასე და ამგვარად ჩნდება სიცოცხლით სავსე ადგილი და ეს ჩვენ კარგად გამოგვდის. გვიყვარს ამის კეთება, უმშვენიერეს გარემოს ვქმნით.

აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ძალიან მიხარია, ასე გულთბილად რომ მიღებს საქართველო და შევეცდებით, ყველაზე კარგ პროექტად ეს ინიციატივა ვაქციოთ“ , - განაცხადა მოჰამედ ალაბარმა.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის