USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
თბილისი
სიმონ მასხარაშვილი - მათთვის, ვისაც ერეკლე II მოღალატე ჰგონია
თარიღი:  1000

ისტორიკოსი ერეკლე II-ის შესახებ ლევან ბერძენიშვილის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ერეკლე II-ს პრორუსულობის ბინძური მითი რუსებმა და მათმა მონებმა შექმნეს.

“ მათთვის, ვისაც ერეკლე მოღალატე ჰგონია:

1747 წელს ქართლის მეფე თეიმურაზ II და მისი ვაჟი, კახეთის მეფე ერეკლე II ირანის შაჰს აუჯანყდნენ და ხარკი შეუწყვიტეს. ნადირ შაჰმა თავისუფლების მოსურნე ქართველთა დასასჯელად დიდძალი ჯარი შეკრიბა, მაგრამ ნადირი მოკლეს და 1749 წელს ირანის იმპერია დაიშალა. ირანის შაჰინშაჰი ვერავინ გახდებოდა, თუ მას შაჰად გურჯისტანის მმართველი არ სცნობდა. საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ქართლის მეფეები ირანის მემკვიდრეობით სპასალარებად ითვლებოდნენ. სწორედ სპასალარს უნდა შემოერტყა შაჰისთვის ხმალი. მე-18
საუკუნის მეორე ნახევარში ირანელები სპარსეთის სპასალარად ქართლის მეფეს თეიმურაზს მიიჩნევდნენ. თეიმურაზსა და ერეკლეს ირანის სახელმწიფოებრივი ერთიანობის აღდგენა არ სურდათ და ამიტომაც, არავის აღიარებდნენ ირანის შაჰად! ტახტის ყველაზე რეალური პრეტენდენტი აზატ ხანი ჯერ ბრძოლაში დაამარცხა და მერე დაატყვევა ერეკლემ! ერევნის, განჯისა და ნახჭევანის ხანებმა ერეკლეს ყმებად გამოაცხადეს თავი.
1755 წელს განჯაში ერეკლეს ეწვივნენ ირანელი ხანები და კახეთის მეფეს შესთავაზეს ირანის შაჰინშაჰის გვირგვინი! ერეკლემ ირანის ტახტზე უარი განაცხადა! პატარა კახისთვის პირად ძალაუფლებასა და დიდებაზე მაღლა საქართველო იდგა! საქართველოსთვის კი ერთიანი და ძლიერი ირანის სახელმწიფოს არსებობა სახიფათო იყო…
1796 წლამდე ირანს შაჰი არ ჰყავდა! 1770 წელს ასპინძის ბრძოლაში ერეკლე II-მ გაანადგურა ოსმალეთის არმია!
1780-იანი წლების დასაწყისში ქართლ-კახეთის მეფეს ერეკლე II-ს ეახლნენ ბრიტანეთის და ოსმალეთის ელჩები და სამოკავშირეო ხელშეკრულებები გააფორმეს საქართველოსთან.
ოსმალეთი ერეკლეს უთმობდა მთელს დასავლეთ საქართველოს, რომელიც 1555 წელს ირან-ოსმალეთს შორის დადებული ამასიის ზავით ოსმალეთის გავლენის სფეროდ ითვლებოდა, სანაცვლოდ, ერეკლე უარს ამბობდა რუსეთის მოკავშირეობაზე.
ბრიტანეთი საქართველოს მფარველობას კისრულობდა საერთაშორისო ასპარეზზე და საერთო ქართულ-ბრიტანული საწარმოების გახსნას პირდებოდა ერეკლეს!
ამ ხელშეკრულებათა შესახებ შეიტყო რუსეთის სამეფო კარმა. რუსები ფრიად შეშფოთდნენ. ქართულ-ოსმალური და ქართულ-ბრიტანული ხელშეკრულებებით რუსეთი სამუდამოდ კარგავდა გავლენას კავკასიაზე. პეტერბურგმა თვითმიზნად დაისახა ბრიტანეთთან და ოსმალეთთან გაფორმებული შეთანხმებების დარღვევა და საერთაშორისო არენაზე ერეკლეს პირის გამტეხად წარმოჩენა. ეკატერინე II-ს ფავორიტმა პოტიომკინმა აამოქმედა აგენტურა და რუსეთში მყოფი ერეკლეს მტერი ალექსანდრე ბაქარის ძე ბაგრატიონი.
ალექსანდრე რუსეთიდან გაუშვეს ირანში, დასავლეთ საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში “სამოგზაუროდ”. ხმებიც დაჰყარეს , რომ, თითქოს, ალექსანდრე ირანულ-იმერულ-დაღესტნურ ალიანს ჰკრავდა ერეკლეს დასამხობად და ქართლში გასამეფებლად. ქართლის თავადთა ერთ ნაწილს არ ხიბლავდა კახელი ერეკლეს მეფობა და ღალატსაც არ ერიდებოდა. ირანელი ქერიმ ხან ზენდი და იმერეთის მეფე სოლომონ I ერეკლეს უთვლიდნენ, ალექსანდრეს მხარს არ დავუჭერთო. ამ დროს კი რუსეთის მიერ მოსყიდული დაღესტნელი ხანები ჭორებს ყრიდნენ ალექსანდრეს გარშემო დიდძალი ჯარი იკრიბებაო. სინამდვილეში პოტიომკინის ბრძანებით ამ ხანებს ალექსანდრე დატყვევებული ყავდათ. ალექსანდრეც და ის ხანებიც პოტიომკინის მარიონეტები იყვნენ. მათი საშუალებით რუსეთი ცდილობდა ერეკლეს დაშინებას. მოკლედ, რუსეთმა ერეკლე არჩევანის წინაშე დააყენა: ან რუსეთის მფარველობა ან სამოქალაქო ომი საქართველოში. ერეკლეს კარზე მყოფი რუსეთის პოტიომკინის აგენტი რეინექსი რუსეთთან ტრაქატატის საზღაურად ალექსანდრეს მოცილებას, ანუ ომის აცილებას და პირდებოდა ერეკლეს. ერეკლემ ძმათა შორის სისხლისღვრას გეორგიევსკის ტრაქტატი ამჯობინა…
რუსეთს ეს ტრაქტატი მხოლოდ ერეკლეს დისკრედიტაციისთვის, ქართულ-ბრიტანული ალიანსის დარღვევისა და საქართველოს ოსმალეთთან დაპირისპირებისთვის სჭირდებოდა. შესაბამისად, ჯერ 1785 წელს ომარ ხან ავარელის შემოსევისას არ დაიცვა ტრაქტატის პირობები და არაფერი მოიმოქმედა საქართველოს მტრის წინააღმდეგ, ხოლო 1787 წელს საერთოდ დაარღვია რუსეთმა გეორგიევსკის ტრაქტატი და მარტოდმარტო დასტოვა ერეკლე ოსმალეთის პირისპირ. ოსმალეთმა ერეკლესთან ომი ვერ გაბედა და ისევ შესთავაზა დასავლეთ საქართველოზე ქართლ-კახეთის სუვერენიტეტის აღიარება რუსეთთან კავშირის გაწყვეტის სანაცვლოდ…
1795 წლისთვის ირანში დაწინაურდა აღა-მაჰმად-ხანი, რომლის პირველობასაც ირანელ ხანთა უმეტესობა აღიარებდა, მაგრამ შაჰინ შაჰის ტიტულის მიღებას ერეკლეს თანხმობის გარეშე ვერ ახერხებდა. ერეკლე აღა-მაჰმად-ხანს შაჰად არ სცნობდა. ირან-საქართველოს მორიგი ომი გარდაუვალი ჩანდა… ისევ გააქტიურდნენ რუსები. გენერალი გუდოვიჩი ერეკლეს ირანელებთან შუამავლობას პირდებოდა. სანაცვლოდ კატეგორიულად თხოვდა ერეკლეს ჯარი არ შეეკრიბა, რათა არ გაეღიზიანებინა აღა-მაჰმად-ხანი. იმავდროულად რუსები ირანელებს აღუთქვამდნენ, რომ საქართველოს ომში არ დაეხმარებოდნენ. რუსები თბილისის ასაოხრებლად აქეზებდნენ სპარსელს. რუსეთს საქართველოს ირანელთაგან აოხრება ხელს აძლევდა. მერე უფრო იოლად დაიპყრობდა დაცემულ საქართველოს. აღა მაჰმად ხანი უკვე ყარაბახში იყო მოსული. მის ბანაკში იმყოფებოდა ბრიტანეთის ელჩი, რომელიც დაჟინებით თხოვდა ირანელებს საქართველოში შეჭრილიყვნენ. ამით ბრიტანელ ელჩს სურდა ერეკლესთვის დაენახვებინა, რომ რუსეთზე მინდობა დამღუპველი იყო.
მოკლედ, რუსებისგან და ბრიტანელებისგან წაქეზებული აღა მაჰმად ხანი მოულოდნელად მოადგა თბილისს. რუსეთზე მინდობილმა ერეკლემ ჯარის 10 პროცენტის შეკრებაც ვერ მოასწრო. გმირულად იბრძოლა პატარა კახმა, ღალატის წყალობით დაეცა ნარიყალა, შვილიშვილებმა გაკოჭილი გაიყვანეს 75 წელს გადაცილებული გმირი მეფე, რომელიც ხმლით ხელში მარტოდმარტო აპირებდა მეტეხის ხიდთან მტერზე შეკვდომას. ხუთიოდ დღეში არაგველების თაოსნობით სახელდახელოდ შეყრილმა საქართველოს მხედრობამ ჟინვალთან ამოწყვიტა 6 ათასი რჩეული ირანელი. აღა მაჰმად ხანი თბილისიდან გაიქცა. ბრიტანელი ელჩის სურვილი ასრულდა-ერეკლემ სამუდამოდ შეიძულა რუსეთი. 1783 წლიდან, გეორგიევსკის ტრაქტატიდან მოყოლებული ქართლ-კახეთს ჰქონდა უფლება, ქართულ ფულზე რუსეთის გერბიც, ორთავიანი არწივიც გამოესახა, რათა ყველა იმ სახელმწიფოში, სადაც რუსულ ფულს სცნობდნენ, ქართულ ფულსაც ჰქონოდა გასავალი. 1787 წლამდე ერეკლე ზოგიერთ ქართულ მონეტაზე რუსულ არწივსაც გამოსახავდა. კრწანისის ბრძოლის მერე ერეკლეს სიკვდილამდე ქართულ ზარაფხანაში მოჭრილ მონეტებზე თავმოგლეჯილი რუსული არწივებია გამოსახული! გერბის შეურაცხყოფა სახელმწიფოსთვის ომის გამოცხადების ტოლფასია! ერეკლე მეორემ მთელი მსოფლიოსა და საქართველოს დასანახად, შთამომავალთა დასანახად თავები დააწყვიტა რუსეთის სიმბოლოსა და სიწმიდეს. რუსთმოძულედ აღესრულა პატარა კახი!
ერეკლე II-ს პრორუსულობის ბინძური მითი რუსებმა და მათმა მონებმა შექმნეს! ვინც ერეკლეს მტრად და მოღალატედ მიიჩნევს ან უმეცარია და ან
რუსული ორთავიანი არწივისა და რუსეთის იმპერიის ყურმოჭრილი მონაა!”

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.