შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 22 მაისს შევიდა შეტყობინება, 2003 წელს დაბადებული გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ, რის საფუძველზეც პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.
გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, გ.ა. მეგობრებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეგობრის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა.
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2003 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა გ.ა.-ს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა და 2003 წელს დაბადებულ ა.ა.-მ, გ.ა.-ს ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხეს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ა. დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გ.ა.-ს მკვლელობის ფაქტს შეესწრნენ: 2003 წელს დაბადებული დ.მ. და ამავე წელს დაბადებული ლ.ჯ. , თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს.
სამართალდამცველებმა ორივე პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.
გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის ჩამდენმა პირმა, 2003 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ, 19 მაისს, გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინების შესვლამდე, ქვეყანა დატოვა.
სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ პირს, მკვლელობის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 375- მუხლის მე-2 და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და დაფარვას გულისხმობს.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.