1918 წლის 6 აგვისტოს გამთენიას, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის მიერ წინა დღეს გამოცემული ბრძანებით, სახალხო გვარდიამ, მილიციონერებმა და ჯარისკაცებმა თბილისის ცენტრში თამამშევის ქარვასლა გაჩხრიკეს . ქარვასლის 60-მდე სომეხმა მცველმა სამთავრობო ძალები ქარვასლაში არ შეუშვა, რის გამოც მთავრობის რაზმმა სომეხ ყარაულს იარაღი აჰყარა. ქარვასლაში ყუმბარების, ზარბაზნებისა და ასაფეთქებელი მასალების საწყობი აღმოჩნდა, რომელიც სომხეთის მთავრობას ეკუთვნოდა. გაზეთმა “ერთობამ” ამ საკითხს მიუძღვნა წერილი”შოვინისტთა კონსპირაცია”, რომელშიც სომხური “დაშნაკცუტუნი” ერთა შორის სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა. “ერთობამ” ხაზი გაუსვა თანამშრომლობისა და სოლიდარობის აუცილებლობას ამიერკავკასიის ერებს შორის, რაც დემოკრატიითა და მუშათა ბრძოლით უნდა მიღწეულიყო.
(“ერთობა”, 9 აგვისტო, 1918წ, N167)
შოვინისტთა კონსპირაცია
ჩვენი სურვილია სომხეთის რესპუბლიკა გამაგრდეს. ჩვენი მისწრაფებაა სომხეთის დემოკრატიაც გამოფხიზლებული შეიქნეს და საერთაშორისო მუშათა კლასის ბრძოლის ნიადაგზე დადგეს.
ჩვენ გვინდა – განსაკუთრებული მეგობრული, ამხანაგური კავშირი სომხის, თათრის და სხვა ერების დემოკრატიასთან ამიერ-კავკასიაში. დემოკრატიის სოლიდარობის გარეშე ჩვენ ვერ ვხედავთ ხსნას.
მაგრამ შოვინისტები ყველა ქვეყნისა ყველანაირათ არიან გაჟღენთილი ხალხის, ….[..]…, დემოკრატიის სიძულვილით. დემოკრატიზმი მათთვის საშიში საფრთხობელა, ხალხის დამეგობრება – სასაფლაოა. და ყოველი ღონისძიებით ხალხთა შორის კლასობრივი ბრძოლის მეთოდები ეროვნულ ბრძოლის მოწამლული წესებით შესცვალონ. გადაკიდე ერთმანეთს სომეხი, ქართველი, თათარი და მიიღებ ჯოჯოხეთს ამიერ-კავკასიაში, რომელსაც მეფისტოფელივით ხარხარით შეხვდებიან ყველა ჯურის ნაციონალისტები. მათი დღეგრძელობის ხანა დადგება მაშინ.
ასე იყო ბალკანეთის ერებში.
სოციალ-დემოკრატია მათ უქადაგებდა სოლიდარობას და შეერთებას. ნაციონალისტები კი უწყობდნენ პროვოკაციას და აჯანყებებს.
საშვალება – პროვოკაცია ორნაირია: იდეური და მოქმედებითი.
იდეურათ ეს მოძულენი ერისა – ქადაგობენ: ეს ადგილი ჩვენია, აქ ადამის დროს ჩვენი ხალხი ცხოვრობდა: ყალბი სტატისტიკა, ყალბი ცნობები – გონების მომშხამველი ამბები – აი ამ იდეური გესლიანობის ნაყოფი. მაკედონიაში, მაგ., ბერძნების სიტყვით ბერძნები იყვნენ უმრავლესობა, ბულგარელების ცნობით – ბულგარელები, სერბიის სტატისტიკით კი – სერბიელნი. თვითოეული იჩემებდა ტერიტორიას, ერს, წარსულს, მომავალს.
და განგაშებდა შოვინიზმი, ინთხეოდა გესლი: შედეგათ რა მოყვა ამას? მათი ბრძოლა ოსმალეთის დესპოტიის წინააღმდეგ დამთავრდა შინაური ბრძოლით ერთმანეთში და ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლო გადაკიდებით.
სერბიელთ ახლა ბულგარელებზე უსაზიზღრესი მტერი არ ეგულებათ. ბულგარელთ ყველაზე მეტი მეზობელი და მონათესავე სერბიელნი სძულთ.
ესაა შედეგი შოვინისტური ქადაგების. საქმეც ასეთი იყო მათი: ერთმანეთს აჯანყებას უწყობდნენ, აფეთქებდნენ, სწყვეტდნენ, ტერიტორია ჩვენ დაგვრჩებაო.
ამიერ-კავკასია ამ მხრივაც მეორე ბალკანეთია. აქაც ერები ერთმანეთს შეჭმას უპირებენ ერთი მტკაველი მიწისთვის. სომხის ნაციონალისტები თფილისსა და კახეთსაც კი თავისათ აღიარებენ. ადერბაიჯანელებიც არა ნაკლებ მადა გახსნილი არიან, ქართველ ნაციონალისტებსაც თვალი ყაზახისკენ უჭირავთ.
დემოკრატია თუ აყვა ამ განგაშს, ერთა საქმე ჩაიფუშება. თუ შრომელი ხალხი ერთმანეთს გადაეკიდა შოვინისტების ქადაგებით – ამიერ-კავკასია სხვისი მსხვერპლი გახდება, განადგურდება. ეს უნდა შეიგნოს დემოკრატიამ.
შოვინისტურ ქადაგებას მოყვა ჩვენში შოვინისტური საქმეც. დღემდე ერთმანეთს უსევდნენ სომხის და თათრის გლეხებს. დარბევა- აწიოკებას ქონდა ადგილი და დღესაც აქვს ყველგან, სადაც ეს ორი ერი ერთმანეთს ეკვრის, მხოლოდ ქართველები იდგნენ ამის გარეშე რამოდენიმეთ მაინც.
ახლა შოვინისტებს სურთ ეს ხალხიც ამ მტრულ ატმოსფერაში გახვიონ.
ამ დღეებში მაგ. აღმოაჩინეს აქ მთელი საწყობი ყუმბარების, ზარბაზნების, ასაფეთქებელი მასალებისა მანთაშევის ქარვასლაში. ქარვასლა ხომ არსენალი არაა. იქ ასეთ საქონელს, საშიშს, საპროვოკაციო ინახავდა თურმე სომხის ნაციონალისტები და დაშნაკები.
რითვის ან ვისთვის?
საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყველა მოქალაქე დაცულია თავდასხმისაგან. ვის წინააღმდეგ იყო მიმართული ეს იარაღი? ქართველების? თათრების, თუ სომხების? სულ ერთია ეს დანაშაულია ჩვენი რესპუბლიკის წინაშე. რათ იყო ასე ფარულად, სხვის სახელმწიფოში მეორე მთავრობის ფარული საწყობები? სად გაგონილა ასეთი შეთქმულ საზოგადოებად გადაქცეულიყოს მთავრობა, რომელსაც მთელი ერის ბედი აბარია?
განა ეს არ ადვილად არ შეიძლება საპროვოკაციო საბუთად გადაიქცეს?
ჩვენ მივმართავთ პირველ ყოვლისა სომხის ხალხს, სომხის დემოკრატიას, რადგან აქ უწინარესად მათი ბედით თამაშობენ, მათ კეთილდღეობას უთხრიან ძირს.
რომ რამე მოხდეს, ხომ ამ დემოკრატიას დაატყდება თავზე?
ჩვენ ვამბობთ, ასეთი საქციელი იწვევს მღელვარებას, აძლევს საზრდოს ნაციონალისტურ განგაშს. სთესს უნდობლობას.
სომხის დემოკრატია ვალდებულია პირველ ყოვლისა ხმა აღიმაღლოს ასეთ მოქმედების წინააღმდეგ. სომხის ხალხმა თვით უნდა დაგმოს ასეთი საქმიანობა მათი ხელმძღვანელი წრეებისა.
საქართველოს რესპუბლიკის ყოველი მოქალაქისა და მით უმეტეს დემოკრატიისთვის აშკარაა სომხის შოვინისტთა ზრახვანი და მისწრაფებანი.
ერთა შორის ბრძოლაში აღიზარდა ეს პარტია – დაშნაკცუტუნი, ერთა შორის მტრობის და შუღლის გაღვივებას ემსახურება იგი დღესაც.
და სანამ ამას ბოლო არ მოეღება, სანამ დემოკრატია სომხისა არ შეაქცევს ზურგს ამ არა მკითხე ძალათ მაცხოვნეებს, მანამ გაჭირდება ძმობა-ერთობის განმტკიცება ამიერ-კავკასიის ხალხთა შორის.
ერთობის მოციქული დემოკრატიაა, ერთობის გზა – მუშათა კლასობრივი ბრძოლაა. აქეთკენ მოვუწოდებთ ჩვენ სომხის დემოკრატიას."
აბრიელ თამამშევის ქარვასლის შიდა ხედი. თბილისი. ფოტო: სერგეი მარგულოვი / წყარო - ეროვნული არქივი
აპოლონ ჯინჭარაძემ ხანმოკლე, მაგრამ ნაყოფიერი ცხოვრება განვლო. არ შეუშინდა გამოწვევებს, თავისი ნიჭისა და ცოდნის წყალობით მიაკვლია იმ დროისთვის უცნობ კანონზომიერებას და სამუდამოდ დაიმკვიდრა სახელი მსოფლიოს უდიდეს მეცნიერთა შორის. გენეტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი თეიმურაზ ლეჟავა მიიჩნევს, რომ მას თავისი აღმოჩენისთვის არა მარტო დოქტორის ხარისხი, არამედ ნობელის პრემიაც ეკუთვნოდა, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე კი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აპოლონ ჯინჭარაძე ერის სიამაყე და, სამწუხაროდ, ჯეროვნად დაუფასებელი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
დიდ მადლობას ვუხდით კარდიოლოგ ბადრი ჯინჭარაძეს, რომელმაც უფროს ძმასთან დაკავშირებული უამრავი საინტერესო მოგონება გაგვიზიარა. სწორედ ის გახლავთ ავტორი წიგნისა “აპოლონ ჯინჭარაძე და მისი ერთი აღმოჩენის ისტორია”.
ბავშვობა
აპოლონ ჯინჭარაძე 1961 წლის 6 იანვარს დაიბადა თბილისში. დედამისი, ტერეზა ჩხატარაიშვილი, ზოოინჟინერი და ინგლისური ენის მასწავლებელი იყო, მამა, გიზო ჯინჭარაძე – ეკონომისტი. აპოლონის მშობლები ოზურგეთის რაიონიდან იყვნენ. მამის მამა, უფროსი აპოლონ ჯინჭარაძე, სოფელ ცხემლის ხიდში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. მას იცნობდნენ როგორც შესანიშნავ პედაგოგს, განათლებულ პიროვნებას, არაერთი თაობის აღმზრდელს. ყველაზე ძვირფას საჩუქრად თურმე წიგნი მიაჩნდა და იმ დროისთვის საუკეთესო ბიბლიოთეკაც ჰქონია. მისი ნამოწაფარი, ცნობილი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი, ავტობიოგრაფიაში წერს: "რუსულ ენასა და ლიტერატურას გვასწავლიდა აპოლონ ჯინჭარაძე, რომელიც ნიკოლოზ II-ის ყოფილი ოფიცერი იყო. მისი შიში და რიდი ყველას გვქონდა“.
აპოლონის ვაჟი მშრომელი კაცი ყოფილა. ბატონი ბადრი იხსენებს, რომ მამა ყველაზე ადრე გადიოდა შინიდან და ყველაზე გვიან ბრუნდებოდა. არ ეშინოდა საკუთარი აზრის გამოთქმის და თუ რამეს ხელს მოჰკიდებდა, ბოლომდე მიიყვანდა. იზიდავდა სიახლეები და არც ფანტაზიის ნაკლებობას უჩიოდა, თუმცა იმდროინდელი წეს-წყობილების გამო ბევრი იდეა ხორცშეუსხმელი დარჩა.
მომავალი მეუღლე გიზო ჯინჭარაძემ მატარებელში გაიცნო. 38 წელი გაატარეს ერთად. აპოლონის დედამ წარჩინებით დაამთავრა ორი უმაღლესი სასწავლებელი, მაგრამ მთელი თავისი ნიჭი, ძალა და ენერგია შვილების აღზრდას მოახმარა. როცა ბავშვები წამოიზარდნენ, ტერეზამ ინგლისური ენის კერძო გაკვეთილების ჩატარება დაიწყო და მალევე გაითქვა სახელი როგორც საუკეთესო მასწავლებელმა.
– ბავშვობაში მე და ჩემი ძმა განებივრებულები ვიყავით დედის ძმის, ქველი ბიძიას ყურადღებით, – იხსენებს ბატონი ბადრი, – მიუხედავად მუდმისი მოუცლელობისა (ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მუშაობდა), მაინც ახერხებდა ჩვენს გართობასა და ინტელექტუალურ განვითარებაზე ზრუნვას. უქმეებზე ხშირად მოდიოდა ჩვენთან, მოჰქონდა შემეცნებითი წიგნები, შვილებთან ერთად დავყავდით კინოში, ზოოპარკში, საახალწლო ნაძვის ხეზე, რომელიც იმ დროს სპორტის სასახლეში იმართებოდა. კინოში წასვლა განსაკუთრებით გვიხაროდა.
ქველი ბიძიამ და მშობლებმა გვასწავლეს წიგნის, ენებისა და ბუნების სიყვარული.
ოჯახური ტრადიცია გახლდათ თეატრში სიარულიც. თავიდან მთელი ოჯახი დავდიოდით, მოგვიანებით – უფრო მამა და ჩვენ. აპოლონის საყვარელი გამოთქმა იყო ფრაზა "კავკასიური ცარცის წრიდან": "მე რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ლაზათიანად ვაკეთებ".
სტუდენტობა
1967 წელს აპოლონ ჯინჭარაძე მშობლებმა თბილისის 47-ე საშუალო სკოლაში შეიყვანეს. იქ ინგლისურ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ და დედის არჩევანიც ამან განაპირობა. სკოლა მთავრობის სახლის უკან, ჯინჭარაძეების სახლის ახლოს მდებარეობდა. ასე რომ, აპოლონის ბავშვობამ და ყრმობამ რუსთაველის გამზირზე და მთაწმინდის უბანში ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით ზაფხულის არდადეგებს, როდესაც მთელი ოჯახი კოჯორში მიდიოდა დასასვენებლად.
– კოჯორში, ჩვენი სახლის წინა მხარეს, ნაძვნარი იყო, უკან კი – ფოთლოვანი ტყე და წყარო. ამ ტყეში ხშირად დავდიოდით. გვქონდა პეპლების კოლექცია, ნაირგვარი ჰერბარიუმები. ტყეში უმეტესად ქველი ბიძია იყო ჩვენი მეგზური. გვაცნობდა მცენარეებს, გვასწავლიდა საკვებად ვარგისი სოკოების შხამიანისგან გარჩევას. აპოლონს განსაკუთრებულად უყვარდა ბუნება. ბაყაყის ან ხვლიკის ხელში აყვანა მისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა. მათზე რაღაც დაკვირვებებსაც კი აწარმოებდა. ვფიქრობ, მომავალში გამოადგა კიდეც ეს გამოცდილება. მახსოვს, სტუდენტობისას გენეტიკის რომელიღაც საკითხზე მუშაობდა და ექსპერიმენტებს ატარებდა თეთრ თაგვებზე. ერთხელ ლაბორატორიაში მეც გამიყოლა. ისე კოხტად იჭერდა ხელში თაგვებს და ისე ოსტატურად უკეთებდა ნემსს, რომ გაკვირვებული დავრჩი.
აპოლონს ძალიან დაკვირვებული თვალი ჰქონდა. ჩვენს საოჯახო არქივში უამრავი ფოტოა, რომლებზეც აპოლონი რაღაცას აკვირდება ხან ხეზე, ხან მიწაზე, ხან ბალახებში. მზერა სულ რაღაცისკენ ჰქონდა მიპყრობილი. მის თვალს არაფერი გამოეპარებოდა.
1978 წლის 26 მარტს, სასკოლო არდადეგების პერიოდში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღე მოეწყო. სწორედ მაშინ, პროფესორ თემურ ლეჟავას დამსახურებით, მიიღო აპოლონმა გადაწყვეტილება, მუშაობა გენეტიკის განხრით გაეგრძელებინა – მანამდე დიდი ივანე ბერიტაშვილის სიყვარულით ფიზიოლოგობას აპირებდა.
მეცნიერის გზა
1983 წელს აპოლონ ჯინჭარაძემ წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი გენეტიკის სპეციალიზაციით.
გიზო ჯინჭარაძე შვილებს ყოველგვარ პირობას უქმნიდა სწავლისთვის და წასახალისებლად არც კინოსა და თეატრში სიარულს უკრძალავდა.
აპოლონი ხშირად ინტერესდებოდა უმცროსი ძმის ინსტიტუტის ამბებით და რჩევა-დარიგებასაც აძლევდა, თუმცა დიდხანს საუბარი და ბევრი კითხვის დასმა არ უყვარდა. ყველა, ვინც აპოლონ ჯინჭარაძეს იცნობდა, აღნიშნავდა მის კეთილშობილებას, ახლობლებისადმი კეთილგანწყობას, მეგობრებისადმი ყურადღებას. მისი დღიურის გამჭვირვალე ყდას ჟურნალიდან ამოჭრილი ილიას ცნობილი სტროფი ამშვენებდა:
„კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე,
ყოველს დღესა შენს თავს ჰკითხო,
აბა, დღეს მე ვის რა ვარგე?“
– აპოლონი სერიოზულად იყო გატაცებული ფოტოგრაფიით. ეს ინტერესი მამისგან გამოჰყვა, რომელიც მთელი ცხოვრება იღებდა სურათებს და თვითონვე ბეჭდავდა შინ მოწყობილ ლაბორატორიაში. თავად აპოლონსაც თითქმის მთელი საქართველო ჰქონდა მოვლილი და ფოტოაპარატი მუდამ თან დაჰქონდა.
ფოტოგადაღებისა და ენების ცოდნა აპოლონს სამეცნიერო საქმიანობაშიც გამოადგა. ის მუდამ ფეხდაფეხ მიჰყვებოდა მსოფლიო მეცნიერებაში მიმდინარე მოვლენებს, რაშიც ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნაც უწყობდა ხელს, მისი სადისერტაციო ნაშრომი კი სავსეა მის მიერვე გადაღებული ფოტოებით.
პოეზიაც უყვარდა. თვითონაც ცდილობდა წერას. საერთოდ, უნდოდა, ყველაფერში მოესინჯა ძალა. უყვარდა ფანქრით ჩანახატების გაკეთება. ხშირად ხატავდა პორტრეტებს.
ძალიან უყვარდა მუსიკაც. თავისუფალ დროს, ტრანზისტორს ჩართავდა ხოლმე და სიმღერებს უსმენდა. უმეტესად – "რადიო მონტე-კარლოს“. აგროვებდა ბრძნულ გამონათქვამებს და პატარა ალბომებად კინძავდა.
აღმოჩენა
სტუდენტობის წლებში აპოლონ ჯინჭარაძემ არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი დაწერა, თუმცა მისი ინტერესი გენეტიკით არ შემოიფარგლებოდა. IV კურსზე რუსულენოვანი ნაშრომისთვის "ეკონომიკურ-ეკოლოგიური პრობლემები XXVI ყრილობის მასალებში" სტუდენტთა ნამუშევრების საკავშირო კონკურსზე პირველი ხარისხის დიპლომი მიიღო, მერე კი კიევში დიპლომითა და მედლით დააჯილდოეს. წარმატება თითქოს დაებედა ახალგაზრდა მეცნიერს. ერთხელ, ცოტა არ იყოს, გაკვირვებულს უთქვამს ძმისთვის, ხალხი "ნახვამდის, აპოლონ!" – კი აღარ მეუბნება, არამედ: "მომავალ წარმატებებს გისურვებ", – ასე მემშვიდობებაო.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის გენეტიკის კათედრის გამგემ, პროფესორმა თეიმურაზ ლეჟავამ, აპოლონში მეცნიერი დაინახა და ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მიავლინა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ნუკლეინის მჟავების ლაბორატორიაში მოლეკულურ ბიოლოგიასა და მოლეკულურ გენეტიკაში მოსამზადებლად. ლაბორატოორიის ხელმძღვანელმა, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა თენგიზ ბერიძემაც ირწმუნა ახალგაზრდა მეცნიერის წარმატებული მომავლის და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აპოლონ ჯინჭარაძის ნიჭს ფრთები გაეშალა. შეგირდიც განსაკუთრებულად აფასებდა თავის აღმზრდელებს და თავს არ ზოგავდა მათი იმედების გასამართლებლად. მოგვიანებით, მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ სხდომაზე, როცა თენგიზ ბერიძე აპოლონის გამორჩეულობაზე საუბრობდა, აღნიშნა, რომ პროფესორ ლეჟავას არც მანამდე და არც მის შემდეგ აღარავინ მიუვლენია ბიოქიმიის ინსტიტუტში.
1988 წელს აპოლონ ჯინჭარაძემ მუშაობა გააგრძელა მოსკოვში, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვ. ენგელჰარტის სახელობის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "დნმ-ს ევოლუციურად კონსერვატიული განმეორებადი თანმიმდევრობები და მათი გამოყენება გენომურ დაქტილოსკოპიაში". სწორედ საკანდიდატო დისერტაციაზე მუშაობისას აღმოაჩინა და სრულყოფილად დაამუშავა გენეტიკური დაქტილოსკოპიის მეთოდი (ე.წ. დნმ-ს ტესტი).
აღსანიშნავია, რომ აპოლონ ჯინჭარაძე თავდაპირველად სულ სხვა სამეცნიერო თემაზე მუშაობდა, მაგრამ მისი აღმოჩენა იმდენად მოულოდნელი და განსაცვიფრებელი იყო, რომ მკვლევარმა შეაჩერა ძირითადი სამუშაო და, ხელმძღვანელის დაჟინებული თხოვნით, გადამოწმების ექსპერიმენტებს მიჰყო ხელი.
აპოლონს შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა თანამშრომლებსა და სამეცნიერო ხელმძღვანელებთან. როდესაც სადისერტაციო ნაშრომი დაასრულა და სამშობლოში დასაბრუნებლად ემზადებოდა, აკადემიკოსმა გეორგიევმა უთხრა: თუ ოდესმე რაიმე მიზეზით გადაწყვეტ ჩვენთან დაბრუნებას, იცოდე, რომ შენ აქ ადგილი ყოველთვის გექნებაო. ხელმძღვანელის დაჟინებული რჩევის მიუხედავად, აპოლონ ჯინჭარაძემ უარყო წინადადება მოსკოვში, დოქტორანტურაში დარჩენის თაობაზე, საქართველოში დაბრუნდა და მუშაობა განაგრძო ს. დურმიშიძის სახელობის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში, რომელსაც იმხანად აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე ედგა სათავეში.
როგორც ცნობილია, ყოველი ცოცხალი ორგანიზმი გენების სახით ატარებს მემკვიდრეობით ინფორმაციას. გენები განაპირობებს ცოცხალი ორგანიზმისთვის დამახასიათებელ ყოველ ნიშან-თვისებას და თაობიდან თაობას გადაეცემა. გენების რაოდენობა სხვადასხვა ორგანიზმში სხვადასხვაა. ადამიანს დაახლოებით 50-100 ათასი გენი აქვს. ცალკეული ინდივიდუმები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან გენების თანმიმდევრობით, ე. წ. ალელებით. გენის ქიმიური საფუძველი დეზოქსირიბონუკლეინის მჟავაა. გენომური დაქტილოსკოპიის მეთოდი დაფუძნებულია ცალკეული ინდივიდუუმების დნმ-ს მოლეკულებში არსებულ ამ განსხვავებათა გამოვლენაზე. ჩვეულებრივი დაქტილოსკოპიის მეთოდი ადამიანის იდენტიფიცირებას ხელის თითების კანის ქარგების აღნაგობით ახდენს, ხოლო გენომური დაქტილოსკოპიით შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია მის უჯრედებში არსებული დნმ-ს მოლეკულების ანალიზის საფუძველზე.
მსოფლიოში გენომური დაქტილოსკოპიის ფუძემდებლად ინგლისელი მეცნიერი ალეკ ჯეფრისი ითვლება, ხოლო მეთოდის დაბადების თარიღად მიჩნეულია 1987 წლის იანვარი. ჯეფრისის დამსახურება ის არის, რომ მან აღმოაჩინა სპეციფიკური მოლეკულური ზონდი, რომლითაც შესაძლებელი გახდა ადამიანების დნმ-ებს შორის განსხვავებათა იდენტიფიცირება, თუმცა აღნიშნული კვლევა კრიმინალისტებს მხოლოდ თხევადი ბიოლოგიური მასალის ანალიზის საშუალებას აძლევდა, მაშინ როდესაც ამა თუ იმ საქმის გამოსაძიებლად ხშირად საჭიროა გამხმარი სისხლის, სპერმის თუ სხვა გენეტიკური მასალის შესწავლა.
აპოლონ ჯინჭარაძემ ერთ-ერთი ბაქტერიოფაგის საფუძველზე მიაგნო ახალ ზონდს, რომელიც ცოცხალი სამყაროს მიმართ უნივერსალური აღმოჩნდა. ამ ზონდის საშუალებით შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ ადამიანებში, ცხოველებსა და მცენარეებში ცალკეული ინდივიდუუმების იდენტიფიცირება მათი გენების უნიკალური თანმიმდევრობის საფუძველზე, არამედ მიკროორგანიზმების ცალკეულ შტამებს შორის განსხვავებათა დადგენაც. სწორედ ა. ჯინჭარაძის მიერ აღმოჩენილი ზონდის წყალობით მოხერხდა 1918 წელს დახვრეტილი ნიკოლოზ მეორის ნეშტის იდენტიფიცირება, რისთვისაც იაპონიაში შემონახული მეფის სისხლით გაჟღენთილი დოლბანდი გამოიყენეს.
– აპოლონს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაურეკეს და ამცნეს, რომ მისი ნაშრომის სახელმწიფო პრემიაზე წარდგენას აპირებდნენ, თანაც ჰკითხეს, წინააღმდეგი ხომ არ იქნებოდა, ლაურეატთა სიაში კიდევ რამდენიმე კაცი რომ შეეყვანათ. იმხანად ბორჯომში ვმუშაობდი. დედაჩემი იხსენებს, რომ აპოლონი დათანხმდა, ხოლო როცა საუბარი დაასრულა, აგვიხსნა: მათ წინადადებაზე უარი რომ ვთქვა, საერთოდ არაფერი იქნებაო. ბუნებრივია, ჩემმა ძმამ კარგად იცოდა, რომ მხოლოდ მისთვის ასეთ აღიარებას არავინ გაიმეტებდა.
გენომური დაქტილოსკოპიის მეთოდით შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილი სისხლის ერთი წვეთის, თმის რამდენიმე ბოლქვის ანალიზის საფუძველზე. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, დადგენილ იქნეს უტყუარი კავშირი დაკარგულ მშობლებსა და შვილებს შორის ან საუკუნეების წინათ გარდაცვლილი ადამიანების ვინაობა.
აპოლონ ჯინჭარაძის სიცოცხლეშივე მისი აღმოჩენით დაინტერესდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალური სამმართველოს მაშინდელი უფროსი დორიან როსტიაშვილი. გარკვეული ხნის შემდეგ კვლევის აღნიშნული მეთოდი საქართველოშიც დაინერგა.
1989 წლის 4 მარტს ახალგაზრდა მეცნიერი მოულოდნელად გარდაიცვალა, სწორედ იმ დროს, როდესაც უნივერსიტეტში ლექციის წასაკითხად ემზადებოდა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
1996 წელს, რუსეთის ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტის ბრძანებით, აპოლონ ჯინჭარაძეს, რამდენიმე რუს კოლეგასთან ერთად, მიენიჭა რუსეთის სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში გენეტიკური დაქტოლოსკოპიის თეორიული და გამოყენებითი პრობლემების დამუშავებისთვის. ის ერთადერთი ქართველი ბიოლოგია, ვინც რუსეთის ხელისუფლებამ ამ ჯილდოს ღირსად ცნო.
როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს არის მსოფლიო დონის აღმოჩენა, მაგრამ აპოლონ ჯინჭარაძეს კვლევების დროულად გამოქვეყნების საშუალება არ მიეცა. მან მხოლოდ მას შემდეგ შეძლო თავისი მასალების გამომზეურება, რაც დაიბეჭდა უცხოელ მეცნიერთა ნაშრომები მსგავსი აღმოჩენის შესახებ.
აპოლონ ჯინჭარაძის ნაშრომებმა საფუძველი ჩაუყარა ახალ სამეცნიერო მიმართულებებს ბიოლოგიასა და მედიცინის მომიჯნავე სფეროებში – სოფლის მეურნეობაში, ბიოტექნოლოგიაში, ეკოლოგიაში, კრიმინალისტიკასა და სასამართლო მედიცინაში.
მარი მარღანია
წყარო: ჟურნალი ავერსი