USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
თბილისი
შორია გურჯისტანამდე
თარიღი:  1121

შესავალი

1969 წელს საქართველოს მოსახლეობამ გურამ პატარაიას დოკუმენტური ფილმი – „შორია გურჯისტანამდე“ იხილა. ფილმში აღწერილი იყო ეთნიკური ქართველების ყოფა-ცხოვრება ირანში, კერძოდ – ფერეიდანში. 

დოკუმენტური ფილმის გადაღებიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში ირანსა და საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა. ქვეყნებმა დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობა, დედაქალაქებში საელჩოები გახსნეს, მიმოსვლის წესები გაამარტივეს და პირდაპირი რეისებიც დანიშნეს. 

ამ ნახევარმა საუკუნემ მანძილიც გაანახევრა. მე მოგიყვებით ფერეიდნულ ოჯახზე, ორ დაზე და მათ მგზავრობაზე ირანიდან გურჯისტანამდე. ამბავს ფიზიკურ და გონებრივ მანძილზე.

2016 წელი, თეირანი

თბილისში გამომგზავრებამდე თეირანის ბაზარში შევიარე და შაქარყინული ვიყიდე. ქალაქს რაც შეიძლება მეტი ფოტო გადავუღე და ავტოსადგურისკენ გავემართე. 

ავტობუსის მძღოლმა გვთხოვა, ქალები და კაცები გვერდიგვერდ არ დავმსხდარიყავით; გამონაკლისს მხოლოდ დაქორწინებული წყვილი წარმოადგენდა. 

ცოტა ხანში გულიანად მოცინარი და მხიარული ორი გოგო ამოვიდა. ჩვენ წინ დასხდნენ. როცა ავტობუსი ადგილიდან დაიძრა, უფროსი და მოგვიბრუნდა და ქართულად მოგვესალმა. 

შარზადი და ნეგარი თეირანში ისპაჰანიდან ჩამოვიდნენ და თბილისისკენ მოემართებოდნენ. დები ისპაჰანში დაიბადნენ, ეთნიკურად ქართველი და ირანელი მამის ოჯახში. ბავშვობის დიდი ნაწილი ფერეიდანში ჰქონდათ გატარებული, პაპასთან და ბებიასთან, ქართულენოვან გარემოში.

ირანში მცხოვრები ქართველების შესახებ ოფიციალური მონაცემები არსად მოიძებნება, თუმცა ვარაუდობენ, რომ ქართულენოვანი მოსახლეობა 60 000-მდე ადამიანს მოიცავს. 21-ე საუკუნეში ხშირია შერეული ქორწინებები, თუმცა ფერეიდანსა და ისპაჰანში შენარჩუნებულია ძლიერი თემი. 

შარზადი და ნეგარი პირველად საქართველოში სრულწლოვან ასაკში ჩამოვიდნენ, თუმცა ყოველთვის იცოდნენ და ამაყობდნენ, რომ ქართველებიც იყვნენ და ირანელებიც. მათი საქართველო ფერეიდნის გასასვლელში მდებარე უბანი იყო, სადაც ნათესავები და მეგობრები ჩვეულებრივი ირანული ცხოვრებით ცხოვრობდნენ და ქართულად საუბრობდნენ.

სარწმუნოებაზე არასოდეს საუბრობდნენ. არც არაფერი იყო სალაპარაკო. 

საქართველოში დედ-მამასთან ერთად ჩამოვიდნენ. დედა ძალიან დიდ ემოციებში ჩავარდა, როცა გამვლელებს ქართულად ესაუბრებოდა, თავისი განსაკუთრებული ქართულით. ადამიანებს უკვირდათ მათი მეტყველების სპეციფიკა და წარმომავლობას ეკითხებოდნენ. 

შარზადისა და ნეგარის დედა იმდენად მოიხიბლა საქართველოთი, რომ გადაწყვიტა – მის ქალიშვილებს აქ უნდა ესწავლათ და ეცხოვრათ. 

შარზადი და ნეგარი სოციალურ ქსელებში დავიმატე და თბილისში ჩამოსვლისას გულიანად დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

2019 წელი, თბილისი

ნეგარის სამედიცინო უნივერსიტეტთან შევხვდი, სადაც ის ისე სწავლობდა, როგორც უცხოელი სტუდენტი, შესაბამისად, თანხასაც საკმაოდ მაღალს იხდიდა. 

იმ საღამოს ბევრი ვისაუბრეთ და მომიყვა, თუ რაოდენ შეიცვალა გურჯისტანამდე მანძილი მისთვის. 

ირანში დაბრუნების შემდეგ ნეგარის დედა მალევე გარდაიცვალა. ქალიშვილებმა დედის სურვილს გვერდი არ აქციეს და საქართველოში ჩამოვიდნენ სასწავლებლად. დაიწყეს ცხოვრება და ბევრი სიახლეც აღმოაჩინეს. შუბლთან მოხვეული თავშალი მხრებზე ჩამოიწიეს და სწავლას შეუდგნენ. 

აღმოჩნდა, რომ საქართველოში რთულად დგას ფერეიდნელთათვის მოქალაქეობის მიცემის საკითხი, რაც განპირობებულია ქართული წარმომავლობის დამტკიცების სირთულით. ქართული ენის ცოდნა არ არის საკმარისი ქვეყანასთან ძლიერი კავშირის დასამტკიცებლად. სწორედ ამიტომ, ბევრ ფერეიდნელს იმავე პროცესის გავლა უწევს, რაც საქართველოში რამდენიმე წლის წინ ჩამოსულ უცხოელს. აღნიშნული გარემოება ბევრს მოტივაციას უკარგავს და უკან აბრუნებს. 

რთულია ენის შესწავლა, რადგან ფერეიდნელებისთვის მხოლოდ რამდენიმე კურსი არსებობს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ იძლევა ენის შესწავლის მდგრად საფუძვლებს. 

დრო გადიოდა და მათთვის ერთი უცნაური ფაქტი ჩნდებოდა: შეკითხვები რელიგიაზე.

ისტორიული ცნობების თანახმად, მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში სპარსეთის იმპერიაში გადასახლებული ქართველები დაასახლეს დღევანდელი ირანის ქალაქ ფერეიდანში და მის მიმდებარედ მიმოფანტულ სოფლებში. ისინი შიიტი მუსლიმები არიან. 

შარზადისა და ნეგარის ქართულ ოჯახში არავინ საუბრობდა რელიგიაზე, გასაკუთრებით კი მის კავშირზე ქართულ იდენტობასთან. სწორედ ამიტომ, ვერც დებმა გაიგეს, თუ რა კავშირია რელიგიასა და ეროვნებას შორის. რატომ უნდა იყოს ქართველი აუცილებლად მართლმადიდებელი?

მათ გარემოცვაში არავინ საუბრობდა საქართველოს ქართველთა და ირანის ქართველთა სარწმუნოებაზე, მათ განსხვავებასა და სიახლოვეზე. მთავარი იყო ენა, რომელსაც სამშობლომდე მივყავართ და არა ის გზა, რომელსაც ღმერთამდე მისასვლელად ვირჩევთ.

… 

ცნობილი ებრაელი და იდიშურენოვანი მწერალი, შალომ ალეიხემი, ბევრს წერდა იდენტობასა და ამით გამოწვეულ სირთულეებზე. მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაშრომი – „ტევიე მერძევე და მისი ქალიშვილები“ გვიყვება იუდეველების გასაჭირზე რუსეთის იმპერიაში, პოგრომებსა და დევნაზე.

„ადამიანები ებრაელებად და არაებრაელებად რატომ დაიყვნენ, რატომ დაიყვნენ ბატონებად და მონებად, მდიდრებად და ღარიბებად?“ – წერს იგი და კითხვას უპასუხოდ ტოვებს.

რამდენიმე დღის წინ ვუყურებდი გურიაში, ბუკნარში, ადგილობრივ ქართველ ქრისტიანებსა და ქართველ მუსლიმებს შორის მიმდინარე დაპირისპირებას, სეირზე ჩასაფრებულ უბრალო ადამიანებს, მტრულად განწყობილ ძალებს და სულ შალომ ალეიხემის სიტყვები მახსენდებოდა. და მაინც, ვინ დაყო ბუკნარში ქართველები ორ მხარედ? ვინ გადაწყვიტა, რომელი იყო უფრო მეტად ქართველი მათ შორის?

ვიფიქრე და ისპაჰანელი დების პასუხი გამახსენდა – ადამიანი, რომლისთვისაც საქართველო სამშობლოა, უყვარს და პატივს სცემს მას, საუბრობს ქართულ ენაზე და აქ ყოფნა აბედნიერებს, არ უნდა განვსაჯოთ და „დავახარისხოთ“ სარწმუნოებისა და რელიგიიდან გამომდინარე.

მეც, ვეთანხმები, რომ საქართველოს სიყვარულთან ქართულ ენას და სამშობლოს აღქმას მივყავართ და არა იმ გზას, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ ღმერთამდე მისასვლელად. იერუსალიმში პირველად ყოფნისას აქტიურად მოვიარე სომხური, არაბული, ებრაული და ქრისტიანული უბნები. შემდეგ ერთ-ერთი სახლის სახურავზე ავედი და – იქიდან ზუსტად იგივე ცა ჩანდა, რომელი უბნიდანაც არ უნდა გაგეხედა. 

სისხლიც ერთია და მხოლოდ ოთხ ჯგუფად იყოფა, დანარჩენი დაყოფა კი ჩვენზე, ადამიანებზეა დამოკიდებული და სიფრთხილე გვმართებს, რათა დაყოფის დროს მტრის ხატი არ შევქმნათ.

ავტორი: ლაშა შაყულაშვილი

წყარო:  publika.ge

მასალა მომზადდა პროექტის “ნარატივების რადიკალიზაციის პრევენცია და მათზე რეაგირება საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი STRIVE Global program-ის ფარგლებში ახორციელებს.
საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.