USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
თბილისი
შავიზღვისპირა კურორტებზე, 150-მდე კვების ობიექტი შეამოწმეს, საიდანაც 10 ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა
თარიღი:  779

სურსათის ეროვნული სააგენტო შავიზღვისპირა კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს

 საკურორტო ზონებში, ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებლების ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით, საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები, როტაციის პრინციპით, ტურისტებით დატვირთულ რეგიონებში - გურიასა და აჭარაში - ურეკში, შეკვეთილში, ბათუმში, ქობულეთში, გონიოში, კვარიათში, სარფსა და მაღალმთიან აჭარაში კაფე-ბარებს, რესტორნებს, სასტუმროების კვების ბლოკებს, საცხობებსა და სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებენ.

სახელმწიფო კონტროლი უკვე განხორციელდა 150-მდე ბიზნესოპერატორთან.

ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა 10 ობიექტში, რის გამოც გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

შემოწმების დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სურსათის ვადებს, ეტიკეტირებას, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, მიკვლევადობას.

სურსათის ეროვნული სააგენტო, სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებით, ბიზნესსექტორის ინფორმირებისა და საწარმოო პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, მუდმივად გასცემს რეკომენდაციებს, ხვდება დაინტერესებულ მხარეებს და უახლეს ინფორმაციას აწვდის მათ.

შედეგად, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, წინა წლებთან შედარებით, მდგომარეობა მკვეთრად არის გაუმჯობესებული, რასაც მოწმობს მომხმარებელთა გამოკითხვა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ყოველწლიური სახელმწიფო კონტროლის შედეგები.

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლს ტურისტულ სეზონზე როტაციის პრინციპით 2018 წლიდან ახორციელებს.

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის