USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
სერგო ვარდოსანიძე - ედუარდ შევარდნაძის თვალით დანახული 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები
თარიღი:  2507
ედუარდ შევარდნაძის თვალით დანახული 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები (ჩანაწერი გავაკეთე 2008 წლის 10 ოქტომბერს მასთან კრწანისში შეხვედრისას)
 
"1977 წლის ნოემბერში თუ დეკემბერში მოსკოვში მიიღეს გადაწყვეტილება, საკავშირო კონსტიტუციის შეცვლის შემდეგ შეეცვალათ მოკავშირე რესპუბლიკების კონსტიტუციები. მოსკოვში დაგვიბარეს და მოგვცეს საქართველოს სსრ კონსტიტუციის პროექტი. როდესაც გულდასმით გადავათვალიერე, თავზარი დამეცა. კონსტიტუციის ახალი პროექტიდან გამქრალი იყო ის მუხლი, რომელიც ქართულ ენას სახელმწიფო ენად აცხადებდა... შევედი მიხაილ სუსლოვთან, რომელიც იყო ორთოდოქსი, მიუკარებელი კომუნისტი, რომელმაც მითხრა, რომ ერთი სიტყვაც არ შეიცვლებოდა კონსტიტუციის პროექტში. შევედი ბრეჟნევთან და მოვახსენე, რას ნიშნავდა ქართველი კაცისთვის დედა ენა - მშობლიური ენა. ბრეჟნევმა მითხრა მის თანაშემწეს - ჩერნენკოს დავლაპარაკებოდი. ჩერნენკოს უფრო ვრცლად ავუხსენი საქმის ვითარება. იგი დახმარებას შემპირდა. წამოვედი მოსკოვიდან და გამოვაქვეყნეთ კონსტიტუციის ახალი პროექტი ქართულ და რუსულ პრესაში. გადის დღეები. არავითარი რეაქცია...
 
მივხვდი, ხალხი მას არ კითხულობდა. დავიბარე შემოქმედებითი კავშირების ხელმძღვანელები და დავავალე, გულდასმით გაცნობოდნენ კონსტიტუციის ახალ პროექტს. სხვათა შორის, დავძინე, ქართული ენა ამიერიდან სახელმწიფო ენა აღარ იქნება-მეთქი.
 
მე: ბატონო ედუარდ! მახსენდება აკაკი ბაქრაძის მოგონება, რომელმაც გაილაშქრა ხელისუფლების წინააღმდეგ და მოითხოვა კონსტიტუციაში აღდგენილიყო ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი. ბატონი აკაკი აღნიშნავდა, თქვენს საამებლად როგორ დაესხნენ თავს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და უცხო ენების პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი, და როგორ დაიცავით თქვენ, როდესაც უთხარით მათ, ეს ამხანაგი ასე ფიქრობს (აკ. ბაქრაძე) და განსხვავებული აზრისათვის არ უნდა ჩავქოლოთო.
 
ე. შევარდნაძე: აკაკი ბაქრაძე იყო უნიჭიერესი, პატიოსანი კაცი. მართალია, ხშირად ვათავისუფლებდი სამსახურიდან, მაგრამ არასოდეს უყურადღებოდ, უმუშევრად არ დამიტოვებია. მას ყოველთვის ჰქონდა რაღაც სამსახური და საარსებო ხელფასი. ის სიმართლეს ლაპარაკობდა ყოველთვის და ყველგან. ამ ინცინდენტის შემდეგ ხალხმა გამოიღვიძა. დაიწყო კონსტიტუციის პროექტის ხმაურიანი განხილვები, რაც 14 აპრილს მშვიდობიან დემონსტრაციაში გადაიზარდა.
 
დილის 10 საათზე დაიწყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სესია, რომელსაც უნდა დაემტკიცებინა ახალი კონსტიტუცია. დავიწყე მოხსენების წაკითხვა. ამ დროს მომივიდა პატარა ბარათი - ხალხი უნივერსიტეტის ეზოში იკრიბება. მეორე ბარათი - ათასობით ადამიანმა გაარღვია მილიციის კორდონი ფილარმონიასთან და დემონსტრანტები რუსთაველის მოედანზე შემოვიდნენ. ამ დროს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი იყო გენადი კოლბინი, კარგი ადამიანი, ციმბირელი კაცი. ექსტრემალურ ვითარებაში რესპუბლიკაში მეორე მდივნის ხელში გადადიოდა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელობა. მან მითხრა, არაფრის შეგეშინდეს, უშენოდ ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამო. დემონსტრანტები მოვიდნენ მთავრობის სასახლესთან. თქვენც ხომ არ იყავით?
 
მე: დიახ.
 
ე. შევარდნაძე: ჰოდა, გემახსოვრებათ, როდესაც ვთქვი, თითქოს მოვითათბირეთ და ისე მივიღეთ გადაწყვეტილება ქართული ენა დარჩენილიყო, როგორც სახელმწიფო ენა კონსტიტუციის 75-ე მუხლის მიხედვით. არავითარი მოთათბირება არ ყოფილა. ამის გამოცხადების შემდეგ ჩავედი დემონსტრანტებთან, ოფლში ვცურავდი, თან ცხელოდა. ხალხი არ იშლებოდა. დემონსტრანტებს წინ გავუძეხი. ჩავედით კოლმეურნეობის მოედანზე. ხალხი ნელ-ნელა დაიშალა. როდესაც მთავრობის სასახლეში მოვედი, უკან ტანკები იყო. ვიკითხე, ვისი ბრძანება არის ეს-თქო. ინაურმა მითხრა, ჩემი ბრძანებაა და ამას თქვენთან არ ვათანხმებო. დიდი იყო სისხლისღვრის ალბათობა, მაგრამ გადავრჩით. ხელმძღვანელს უნდა შეეძლოს საჭიროების შემთხვევაში თავიც გადადოს საქმის ინტერესებისთვის.
 
ეს დღე მშვიდობიანად დასრულდა, მაგრამ წინ მოსკოვი იყო. დამიბარეს მოსკოვში მიხაილ სუსლოვთან, რომელმაც წამიკითხა დადგენილების პროექტი „რესპუბლიკაში იდეურ-პოლიტიკური მუშაობის გაუმჯობესების აქტუალურ ღონისძიებათა შესახებ“, რომელშიც მკაცრად იყო შეფასებული 14 აპრილის მოვლენები და დასკვნით ნაწილში აღნიშნული იყო ჩემი თანამდებობიდან გადაყენებისა და პარტიული სასჯელის აუცილებლობის საკითხი. სუსლოვმა ჩემი თანდასწრებით „ვეჩეთი“ დაურეკა ბრეჟნევს და მოახსენა, რომ პოლიტბიუროს სხდომის დღის წესრიგში შეეტანათ ეს საკითხი. მესმის ბრეჟნევის ხმა - შევარდნაძეს თუ ესაუბრეთო? სუსლოვმა უპასუხა, შევარდნაძე ახლა ჩემთან არისო. მერე რა თქვაო?.. ის თავს იმართლებსო, ჰოდა, ეს საკითხი ამოწურულად ჩავთვალოთო, - უთხრა ბრეჟნევმა. სუსლოვმა არაფერი თქვა, ნაძალადევად თავაზიანად დამიკრა თავი და კაბინეტიდან გამომისტუმრა. ასე გადავრჩი. საერთოდ, ბრეჟნევის ძალიან მადლიერი ვიყავი, გულწრფელად გვედგა მხარში და გვეხმარებოდა. ბოლოს 1981 წელს ჩამოვიდა საქართველოში, უკვე შერყეული ჰქონდა ჯანმრთელობა. სპორტის სასახლესთან გრანდიოზული აღლუმი ჩავატარეთ, უხაროდა, უცებ ჩემსკენ გადმოიხარა და მეკითხება: „გუმი“ (სავაჭრო ცენტრი მოსკოვში, წითელ მოედანზე, ს. ვ.) როდის აიღეს?
გავოგნდი...
მას მოსკოვში ეგონა თავი..."
 
მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის