USD 2.6978
EUR 2.9112
RUB 2.9177
თბილისი
სერგო ვარდოსანიძე - 12 (25)მარტი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა
თარიღი:  573
 
1917 წლის 12(25) მარტს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სამადლობელი პარაკლისის შემდეგ ამბიონზე გამოვიდნენ:გორის ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე),იმერეთის ეპისკოპოსი გიორგი (ალადაშვილი),ალავერდელი ეპისკოპოსი პიროსი (ოქროპირიძე), გურია -ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე),რომელმაც ხელში ეჭირა გასანთლული ეტრატი,მეუფემ დაიწყო კითხვა:
 
"1917 წელსა, მარტის 12 დღესა, მცხეთის წმიდათა ათორმეტთა მოციქულთა სრულიად საქართველოს საკათალიკოსო ტაძარსა შინა, დღესა კვირიაკესა, შემოვკრბით ჩვენ, სრულიად საქართველოს ეკლესიის მწყემსთ-მთავარნი, სამღვდელონი კრებულნი და ერისაგანთა წარმომადგენელნი და, შემდგომად ლიტურღიისა და კეთილდღეობისათვის ახლისა მთავრობისა სავედრებელის პარაკლისის შესრულებისა, გულისხმა ვყავთ სახელმწიფოსა შინა. რუსეთისასა მომხდარნი ძირითადნი ცვლილებანი და ახლისა მთავრობისა დაფუძნებაი, ეგრეთვე სახელმძღვანელონი დებულებანი ამა მთავრობისანი, საკუთრივ მის მიერ სინიდისისა და სარწმუნოების თავისუფლების აღსარებაი (მუხ. 3). ამასთანავე განვბჭეთ, ვითარმედ:
ა) ეკლესიასა ქართველთასა აქუნდა, თანახმად მსოფლიო კრაბათა კანონებისა, ავტოკეფალური არსებობაი, რომლისა მოსპობაი ანუ გაუქმებაი არავის ძალუდვა, თვინიერ მსოფლიო კრებისა, გარნა მას შინა სრულიად არაკანონიერად შეწყვეტილ იქმნა ავტოკეფალური მართვა-გამგეობაი;
ბ) რუსეთსა შინა დამყარდა ახალი სახე სახელმწიფოის მართვა-გამგეობისაი და მას აღარ შეესაბამების ქართველთა ეკლესიისა უფლებაშეჩერებულად ყოფნაი; ამისათვის უცილობელად ვსცანით და ერთხმად და ერთსულად განვაჩინეთ:
ა) ამიერითგან აღდგენილად ჩაითვალოს საქართველოსა შინა ავტოკეფალური საეკლესიო მართველობაი, ხოლო, ვიდრე კანონიურად აღირჩეოდეს კათალიკოსი საქართველოის ეკლესიისაი, მოსაყდრედ მისა დაინიშნოს ყოვლადსამღვდელო
ლეონიდე, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი, და მასთან, განსაგებელად ეკლესიისა, დაწესდეს დროებითი მმართველობაი საქართველოის ეკლესიისაი, სასულიეროთა და საეროთა პირთაგან შემდგარი.
ბ) ვინაითდან საქართველო ქვაკუთხედად თვისისა არსებობისა აღიარებს სრულსა სოლიდარობასა რუსეთისა ახალსა მთავრობასა თანა, განჩინებაი ესე ეცნობოს მთავრობის თავმჯდომარეს უფალს როძიანკოს, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს თავადს ლვოვს, სინოდის ობერპროკურორს უფალს ლვოვს და კავკასიის კომისარიატს ტფილისში“.
 
13 მარტს ეპისკოპოსი ლეონიდე,ეპისკოპოს ანტონთან (გიორგაძე) ერთად მივიდნენ ეგაზრქოს პლატონთან (როჟდესტვენსკი) და გამოუცხადეს:"მცხეთაში მიღებული აქტის საფუძველზე თქვენ გადაყენებული ხართ საქართველოს ეგზარქოსის თანამდებობიდან"ეგზარქოსყოფილმა პლატონმა (როჟდესტვენსკი) ყურადღებით მოუსმინა მათ და უპასუხა:"ყოველივე ამის შესახებ დეპეშით ვაცნობებ პეტერბურგს,ამას რამდენიმე დღე დასჭირდება პასუხს,ძალა არ დამატანოთ,ეს არც თქვენთვის იქნება სასარგებლო,ქალაქი რუსის ჯარითაა სავსე ერთი თუ ვიყვირე მიშველეთქთო..." დაიმუქრა,თუმცა მას 1917 წლის აგვისტოში თბილისის დატოვება მაინც მოუხდა.
 
 
P.S.დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის სიტყვა, 1917 წლის 12 (25) მარტი
 
"არც ერთ კულტურულ-ისტორიულ ერს არ დასტეხია დესპოტურ რუსეთისაგან ისეთი უბედურება და სულიერად თუ ქონებრივად განიავება, როგორც ჩვენ, – ქართველობას! არ ვიცი, რომელი ერთი დავიჩივლო, რომელი ერთი: ჩვენი დამცირება თუ შეურაცხყოფა აღვნიშნო?! რა გვიყო დესპოტიის მომსახურე მოხელეებმა! რამდენჯერ აგვიწიოკეს რუსეთთან თავის ნებით, უფლებრივ ტრაქტატით შეკავშირებული სამშობლო! რამდენჯერ მანდილი მოჰხადეს ჩვენს უმანკო დედებს, დებს და შვილებს, ქვეყანას ნამუსი აჰხადეს!.. რამდენი ვაჟკაცნი გამხდარან მსხვერპლნი განუკითხავ თვითნებობისა! რამდენ მათგანს დაულევია სული დესპოტის ციხე-სატუსაღოებში, რამდენთა ძვლებით მოკენჭილა ციმბირის კატორღები და ტუნდრა-ჭაობები?! ოჰ, უსამართლოდ დასჯილნო, უმანკო მსხვერპლნო, ჩვენო მეცხრამეტე საუკუნის დიდო მოწმენო, ნეტარო ანტონ კათალიკოზო, ფილადელფოს კიკნაძენო, დოდაშვილნო, ისმინეთ ჩვენი თქვენდამი ოხვრა და სულთქმა! ეხლა მაინც გაიხარეთ სულით!
შემოგვისიეს სხვადასხვა ერნი!!! ჩამოგვისახლეს ვიგინდარები, გაამეფეს ერთა შორის სიძულვილი, შური და დამღუპავი ქიშპობა, რომ ერთმანეთი ამოგვეჭამა, რათა ჩვენი მზიანი, ტურფა და ტკბილი სამშობლო ხელიდგან გამოგვცლოდა და მათ დარჩენოდათ…
ესეც არ გვაკმარეს, შეეხნენ ადამიანის წმიდა-წმიდას, – სინდისი შეგვიბღალეს, ჩვენს მხცოვან სვეტიცხოველს გუმბათი გადაუმტვრიეს, ეკლესიას თავი მოსჭრეს; სამშობლოდან გაგვაძევეს, იქ ჩაგვკლეს, ჩაგვასამარეს. ივერიის სამოციქულო ეკლესიას გენერალ ტორმასოვის განკარგულებით რუსეთის სინოდი დაუდგინეს მმართველად ეგზარქოსების საშუალებით! რუსეთის ეკლესია, – ეს უმცროსი დაი ივერიის ეკლესიისა – ბატონად დაგვიდგინეს, რათა დები ერთმანეთისათვის შეეძულებინათ. შელახეს და დაარღვიეს ეკლესიური, მსოფლიო კრებათაგან დადგენილი კანონები.
ჩამოგვართვეს ჩვენი ძველისძველი სიწმინდე-სამლოცველოები, ტაძარ-მონასტრები, ჩვენი მოწამებრივი ერის სისხლით ათასჯერ მორწყულნი და მათ კედლებზე მისხმულ ტვინით გაპოხილნი. ჩვენ განმანათლებელ წმ. ნინოს სათაყვანებელი საფლავიც კი არ დაინდეს, ჩამოგვართვეს, ვიგინდარა მოლოზნებს გადაცეს და ჩვენი ერის გადაგვარების ბუდე-იარაღად დასახეს. გაძარცვეს ხატები, ძვირფასი სამკაულები, ფუთობით თვალ-მარგალიტი გაზიდეს, გაგვაღატაკეს 140 მილიონად შეფასებული ივერიის ეკლესიის ადგილ-მამული ჩამოგვართვეს და სახაზინოდ შერაცხეს, ეკლესიას და მის მსახურთ კი ლუკმა დაუძვირეს, გააჩანაგეს, ეკონომიურ მონობაში ჩაგვყარეს, რათა უფრო ადვილად გავენადგურებიეთ.
 
ესეც არ გვაკმარეს! ზნეობრივად იმზომ დაგვაქვეითეს ქართველი სამღვდელოება, რომ საკუთარი ხელით ჩვენ თვითონ ვსჩიჩქნიდით თვალებს უფლებააყრილ დედა-ეკლესიას…
 
წაგვკიდეს ერთმანეთს, დასთესეს ჩვენში ისეთი ღვარძლი, რომ დღესაც ამ განახლების და აღორძინების მომენტშიც კი ვერ ავმაღლებულვართ და თავი ვერ დაგვიღწევია გამანადგურებელ ინტრიგებისათვის! სამშობლოდან გაგვიძევეს სახელოვანი სწავლულნი, მხცოვანი იერარქი კირიონი, გულწრფელნი, ფაქიზნი და სიმართლისათვის წამებულნი – ეპისკოპოსნი დავითი და არქიმანდრიტი ამბროსი.
ჩვენი ძმანი და თანამწირველნი სვავებივით შესევიან ჩვენს მონასტრებს და დაურიდებლად ღრღნიან, კრეხავენ! ეს დაკნინებული მტაცებლები წითელ-ყვითელ ჯვარ-მენდლებით და ლენტბანტ- ორდენ-მიტრებით მორთულ-მოკაზმულნი სიცილ-ხარხახით და უდარდელად დროს ტარებით უფსკრულში მიაქანებენ მშობლიურ ქვეყანას და მის ეკლესიას.
 
მაგრამ… ჩვენთან არს ღმერთი! დაჰკრა განახლების, აღორძინების და ჩვენი ეკლესიის აღდგინების ჟამმა!.. ვუპატრონოთ მშობელ ეკლესიას, რომლის დედობრივ კალთაში აღიზარდა ქართველი ერის ცნობილი ძველი და ახალი ქრისტიანული კულტურა. ვუპატრონოთ სისხლში განბანილ, მოწამებრივ შარავანდედით მოსილ ივერიის ეკლესიას!..
 
ჩვენი ეკლესია მუდამ სინათლის, სიმართლის და სიხარულის მთესველი იყო, სანამ მის მაჯისცემას სხვა არ დაუდგა დარაჯად. ის არასოდეს არ ცდილობდა ერზე გაბატონებულიყო! ჩვენმა ეკლესიამ არ იცის რა არის ევროპული ანუ სინოდალური კლერიკალიზმი, დემოკრატიული ერის ეკლესია არ შეიძლება იყოს სხვა, თუ არა დევნილთა, მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა მზურველი დედა…
ისმინე, უფალო, შეგვეწიე ჩვენო სასო ღვთისმშობელო, კვართო უფლისაო, მირონო მცხეთისაო, გვიოხეთ წმინდანნო ნინო, მირიან და ნანა, ნეტარნო კათალიკოსნო, მღვდელთ-მთავარნო, მეფენო, დედოფალნო და მამულიშვილნო, აქ განსვენებულნო!.. ვფიცავთ, არასოდეს დაგაობლოთ, ჩვენო სვეტიცხოველო!…
 
გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს და ავტოკეფალურ, ჯვარის მტვირთველ ივერიის ეკლესიას!”
 
მიყევით ბმულს - სერგო ვარდოსანიძე
 
 
 
სპორტი
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.