სენატორი ჯინ შაჰინი: - მე განვაგრძობ მოვუწოდო პრემიერ-მინისტრ გახარიას და საქართველოს მთავრობას, სწრაფად შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით, უზრუნველყონ სასამართლო დამოუკიდებლობა, გადადგან ნაბიჯები შეპირებული საარჩევნო სისტემის უზრუნველსაყოფად და პატივი სცენ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სენატორებმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინმა და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის ხელმძღვანელმა ჯიმ რიშმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნეს.
„ჩვენი გახარიასადმი გაგზავნილი ბოლო წერილის შემდეგ, ჩვენ გავიმეორეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების გამო. ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხეთ ოსეთში არსებული მდგომარეობა. რუსეთის ფედერაცია კვლავ მართავს ღობეებს საქართველოს ტერიტორიებზე და ყოველ ჯერზე მათი მცირე ნაწილების ანექსირებას ახდენს. აშშ კვლავ რჩება ერთგული თავისი ვალდებულებისა, მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიულ გარდაქმნას, თუმცა ჩვენ პოზიტიური გაუმჯობესებებიც უნდა დავინახოთ. ჩვენ არ ვთხოვთ საქართველოს იყოს იდეალური, მაგრამ მთავრობამ უნდა გვაჩვენოს, რომ ის სერიოზულად უდგება ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს“, - ნათქვამია ჯიმ რიშის განცხადებაში.
„სენატორ რიშს და მე გვაქვს ისტორია საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნის ორპარტიული მხარდაჭერისადმი. 2012 წელს ჩვენ, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები მონაწილეობას ვიღებდით საქართველოს არჩევნებში და გამხნევებული ვიყავით მისი პროგრესით. როგორც ადრეც ვთქვი, დემოკრატია გრძელვადიანი მცდელობაა და საკუთრივ საქართველოს მოუწია ბევრი გამოწვევის წინაშე დგომა რუსეთის მხრიდან. მე განვაგრძობ მოვუწოდო პრემიერ-მინისტრ გახარიას და საქართველოს მთავრობას, სწრაფად შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით, უზრუნველყონ სასამართლო დამოუკიდებლობა, გადადგან ნაბიჯები შეპირებული საარჩევნო სისტემის უზრუნველსაყოფად და პატივი სცენ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას“, - აცხადებს ჯინ შაჰინი.
სენატორი ჯიმ რიში
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან მიიღეს გარანტიები, რომ „ვითარება შეიცვლება“.
ჯიმ რიში ერთ-ერთია იმ სენატორებიდან, რომლებმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი გამოუგზავნა და „საქართველოში დემოკრატიის განვითარების შეფერხების“ გამო შეშფოთება გამოთქვა. რიშთან ექსკლუზიური ინტერვიუ, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ, „ამერიკის ხმის“ ქართულმა რედაქციამ ჩაწერა.
“ქართველები ჩვენი მეგობრები არიან. ეს შესანიშნავი ქვეყანაა, რომელიც გვინდა, რომ წარმატებული იყოს. მე საქართველოში 2012 წელს ვიყავი არჩევნებზე, როგორც ამერიკის მხარის ოფიციალური დამკვირვებელი. ჩვენთვის შთამბეჭდავი იყო, თუ როგორ წარიმართა არჩევნები. ჩვენ გვჯეროდა, რომ მაშინ ხელისუფლება დემოკრატიული მმართველობისთვის საჭირო რეფორმებს გაატარებდა, რომლებიც ხალხს მოეწონებოდა.
თუმცა, ვიხილეთ შემაშფოთებელი ნიშნები. ჩვენ კარგი შეხვედრა გვქონდა, რომელზეც ამ საკითხებზე ვისაუბრეთ და მოგვცეს გარანტიები, რომ ვითარება შეიცვლება. ჩვენ მდგომარეობას დავაკვირდებით. ეს ქართველების ქვეყანაა და მე დარწმუნებული ვარ, ქართველებს სურთ თავისუფალი და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა. ამ საქმეში ჩვენ გვინდა მათ გვერდით ვიდგეთ”, - განუცხადა სენატორმა რიშმა „ამერიკის ხმას“, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკანიათან შეხვედრის შემდეგ.
სენატორმა აღნიშნა, რომ განსახილველ საკითხთა შორის მომავალი არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებაც იყო.
„ვისაუბრეთ არჩევნებზე, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში გაიმართება. ქართველი ხალხი გამოხატავს თავის პოზიციას. 2012 წელს, როცა მე საქართველოში ვიყავი, ყველა ფიქრობდა, რომ სააკაშვილი მოიგებდა და ივანიშვილმა გაიმარჯვა. ქართველი ხალხი თავად იღებს გადაწვეტილებას და ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერს უფრო ახლოდან აკვირდებიან, ვიდრე ჩვენ“, - აღნიშნა სენატორმა.