USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა” განცხადებას ავრცელებს
Date:  815

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა” განცხადებას ავრცელებს. პარლამენტის წევრების: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით საზოგადოება უნდა დაინტერესდეს, არის ის, თუ რა მიზნით გამოყოფდა ამერიკის ხელისუფლება საქართველოზე თანხებს და რა ინტერესის საპირწონედ გვახსენებენ დღეს ასე ხშირად ე.წ. 6-მილიარდიან დახმარებას.

„უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ამერიკის საელჩო ხშირად გვახსენებს, რომ მისი სახელმწიფო საქართველოს გასული 30 წლის მანძილზე 6 მილიარდი დოლარით დაეხმარა. არსებობს გამონათქვამი, რომ ნაჩუქარ ცხენს კბილი არ ესინჯება, ანუ როდესაც რაღაცას გჩუქნიან, ამ საჩუქრის რეალური ღირებულების განხილვაში, წესით, საერთოდ არ უნდა შეხვიდე. თუმცა, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქველმოქმედო ორგანიზაცია არაა, შესაბამისად, არავის არაფერს ჩუქნის და სხვა ქვეყნებისთვის თანხის გამოყოფისას, საკუთარი ინტერესების კარნახით მოქმედებს. აქედან გამომდინარე, მთავარი, რითაც საზოგადოება უნდა დაინტერესდეს, არის ის, თუ რა მიზნით გამოყოფდა ამერიკის ხელისუფლება საქართველოზე თანხებს და რა ინტერესის საპირწონედ გვახსენებენ დღეს ასე ხშირად ე.წ. 6-მილიარდიან დახმარებას.

მაგალითისათვის, თუ ამ დაფინანსებას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ინტერესის საპირწონედ გვახსენებენ, ცხადია, ვერავითარი 6 მილიარდი ვერ ჩაანაცვლებს იმ ზიანს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ რუსეთთან ომით შეიძლება მიიღოს. ყველას გვახსოვს, რომ 2008 წლის ომით საქართველომ, დაკარგულ ტერიტორიებთან და ადამიანურ მსხვერპლთან ერთად, რამდენიმე მილიარდი დოლარის ზარალი მიიღო.

თუ გვეტყვიან, რომ ქვეყანა რამდენიმე მილიარდით დემოკრატიის განსამტკიცებლად დააფინანსეს, ამაზე სერიოზულ კომენტარსაც კი ვერ გავაკეთებთ. დემოკრატიის ის მოდელი, რომელიც ამერიკელებმა სააკაშვილის რეჟიმის მაგალითზე ძალიან მძიმედ დაგვამახსოვრეს, თავისი შინაარსით სულ სხვა არსის მატარებელია, მაგრამ ამ მოდელზე დღეს არ შევჩერდებით და ამ თემას სამომავლოდ შემოვინახავთ.

საქართველო არის მოაზრებული გარკვეული როლისთვის, რომელიც მან საელჩოს კარნახით უნდა შეასრულოს და ყველაზე საინტერესო სწორედ ამ როლის გაანალიზებაა. ფაქტია, რომ მათთვის ჩვენი ერთადერთი ფუნქცია რუსეთის შეკავებაა. ამ ფუნქციისთვის ამზადებდნენ წლების მანძილზე ისინი უკრაინასა და საქართველოს, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის განადგურებაზე არ წავიდა, რასაც ამერიკელები ვერაფრით გვპატიობენ.

დაფინანსების კუთხით, რამდენიმე ფაქტორია განსაკუთრებით საინტერესო:

ამერიკელების მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 30 წლის მანძილზე საქართველოს ამერიკულმა დაფინანსებამ, ელჩის მიერ ნათქვამისგან განსხვავებით, არა 6 მილიარდ დოლარზე მეტი, არამედ 4,5 მილიარდი შეადგინა, საიდანაც საქართველოში რეალურად მხოლოდ 3,5 მილიარდი გადმოირიცხა;
- 2013-2021 წლებში, ანუ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ამერიკულმა დაფინანსებამ მხოლოდ 1,15 მილიარდი დოლარი შეადგინა, საიდანაც 200 მილიონზე მეტი 2008 წლის ომის მძიმე შედეგების ნაწილობრივი ლიკვიდაციისთვის გამოყოფილი სპეციალური დაფინანსების ნარჩენი თანხა იყო. შედარებისთვის, სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის პერიოდში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება 2,23 მილიარდი დოლარით, ანუ ორჯერ მეტი თანხით დააფინანსა. აქედან, ყველაზე დიდი თანხები 2006 წელს (411 მილიონი) და 2009 წელს (625 მილიონი) იქნა გამოყოფილი;

ამერიკული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი - 700 მილიონ დოლარზე მეტი ენჯეოების საქმიანობას, მათ შორის სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს მოხმარდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკული დაფინანსების ყველაზე დიდი წილი სწორედ ენჯეოებზე, ანუ, არსებითად, ამერიკული აგენტურის შენახვაზე მოდის, რაც, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს დახმარებად ვერაფრით ჩაითვლება;

გასული წლების განმავლობაში, ამერიკელების მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება თავდაცვაზე სახელმწიფო ბიუჯეტის 2 პროცენტს გამოყოფდა, რაც ქვეყანას, ბუნებრივია, სერიოზულ ტვირთად აწვება. რაც მთავარია, ერაყისა და ავღანეთის მისიებში 30 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრომ იმსახურა, რითაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსგან ზუსტად 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების მხარდაჭერა მიიღო (ამერიკელების მიერ ერთ ამერიკელ სამხედროზე დახარჯულ თანხას ქართველი სამხედროების რაოდენობაზე თუ გავამრავლებთ, სწორედ 2,5 მილიარდ დოლარს მივიღებთ).

საქართველოს მიერ გაღებულ ადამიანურ მსხვერპლზე, რომელიც შეუფასებელია, ბუნებრივია, აღარაფერს ვამბობთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საკითხავია, 2013 წლიდან დღემდე საქართველომ უფრო მეტი მატერიალური სარგებელი მიიღო ამერიკისგან თუ ამერიკამ საქართველოსგან.

თუ ჩვენს მიერ მოყვანილი რომელიმე მონაცემი არაზუსტია, მოვუწოდებთ საელჩოს, გამოაქვეყნოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პრინციპით და რა მიზნობრიობით გამოიყოფოდა ამერიკული დაფინანსება საქართველოზე გასული წლების განმავლობაში, მათ შორის, გამოყოფილი დაფინანსებიდან, რეალურად რა თანხა დარჩა საქართველოში და რა თანხა დაბრუნდა ამერიკაში. სამწუხაროდ, საელჩოს მიერ დღემდე გამოქვეყნებული ინფორმაცია ძალზე მწირია და ქართულ საზოგადოებას დაფინანსების დეტალების შესახებ მკაფიო წარმოდგენას არ უქმნის, რაც ჩვენს უარყოფით ეჭვებს კიდევ უფრო აღრმავებს.

საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ აშანტაჟებდნენ საქართველოს ხელისუფლებას შარშან ევროკავშირის 75-მილიონიანი სესხის არგამოყოფით. ამერიკული დაფინანსება სახელმწიფოსთვის და მისი ეკონომიკური გაძლიერებისთვის რაიმე სერიოზული შედეგის მომტანი რომ იყოს, ბუნებრივია, მისი გაჩერებით დღემდე არაერთხელ დაგვემუქრებოდნენ. ეს რომ ასე არ ხდება, ჩვენთვის იმის დამატებითი მტკიცებულებაა, რომ დაფინანსების უდიდესი ნაწილი არც ქვეყნის განვითარებისთვის და არც სახელისუფლო სისტემის გამყარებისთვის არ არის განკუთვნილი და ის, უმეტესწილად, სწორედ საქართველოში ამერიკული ინტერესების გატარებას ხმარდება. აქედან გამონაკლისი იყო დაფინანსების რამდენიმე კომპონენტი - მაგალითად, მცირე მასშტაბის ეკონომიკური პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილი თანხები, ამერიკის შეერთებულ შტატებში სტუდენტების სწავლის დაფინანსება, აგრეთვე ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხაზით გამოყოფილი დაფინანსება, რომელიც განათლების სფეროს მოხმარდა (თუმცა, განათლების სფეროში ამერიკულმა ინტერვენციამ ჩვენს ქვეყანას, ზოგადად, რა მოუტანა, ამაზე დღეს არ შევჩერდებით და ამ თემას ყველაზე გვიან გავშლით).

ჩვენს მიერ განმარტებული ყველა გარემოება იმაზე მიანიშნებს, რომ ამერიკელები საქართველოს განვითარებაში რეალურ ინვესტიციას არ დებენ და მეტიც, მათ საქართველოდან მიიღეს 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების მატერიალური სარგებელი. ამერიკული დაფინანსება საქართველოში არა დემოკრატიული სისტემის განმტკიცებისკენ, არამედ სწორედ მისი შერყევისკენ რომ არის მიმართული, ეს უკვე ვთქვით და ამაზე მოგვიანებით საზოგადოებას ბევრად მეტ ინფორმაციას მივაწვდით.

ბოლოს, კიდევ ერთხელ გვსურს დავუსვათ საელჩოს შეკითხვა, რა არის მისი მთავარი სტრატეგიული ამოცანა, როდესაც საქართველოზე ფინანსებს გამოყოფს და ამ დაფინანსების დანიშნულებას განსაზღვრავს. საინტერესო იქნება, საელჩომ თავისი სტრატეგიული ამოცანის ჭრილში წარუდგინოს ქართულ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია გამოყოფილი თანხების დანიშნულების შესახებ. დარწმუნებული ვართ, ამგვარი დეტალური ინფორმაცია საზოგადოებამ რომ მიიღოს, მისთვის ნათელი გახდება, რომ დაფინანსების გამოყოფისას, ამერიკელებს არა ქველმოქმედებისა და საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის ხელშეწყობის მოტივი, არამედ საკუთარი აგენტების გავლენის გაფართოების ინტერესი ამოძრავებთ, რომლებმაც საქართველო, უკრაინასთან ერთად, გლობალური ამერიკული სცენარის თვალდახუჭულ თანააღმსრულებლად უნდა აქციონ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამერიკის საელჩოს მეტი გამჭვირვალობისა და დაფინანსებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებისკენ. თუმცა, ოპტიმიზმის საფუძველი ნაკლებად გვაქვს, რადგან ზუსტად ვიცით, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროება ქართული საზოგადოების აღქმაში სწორედ ჩვენს მიერ გამოტანილ შემაშფოთებელ დასკვნებს გაამყარებს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way