USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
საზოგადოებრივი მაუწყებელის განცხადება - შეშფოთებას გამოვთქვამთ სისტემატური თავდასხმებისა და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობის გამო
თარიღი:  890

საზოგადოებრივი მაუწყებელი შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, სხვადასხვა მხარის მიერ, პირველი არხის მიმართ სისტემატური ხასიათის თავდასხმების, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევისა და დამოუკიდებელ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობის გამო.

საზოგადოებრივი მაუწყებელი თავის საქმიანობას ახორციელებს კანონით დადგენილი შინაარსობრივი ვალდებულებების შესაბამისად და ემსახურება მთელ საზოგადოებას, ჟურნალისტური ეთიკის ნორმების სრული დაცვით, ობიექტურად, გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების გათვალისწინებით, რაც დაადასტურა ეუთო/ოდირის დასკვნამაც. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ განსაკუთრებულ აგრესიას ავლენს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არხის დისკრედიტაციის მიზნით მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან სივრცეში, როგორიც მაგალითად, ევროპარლამენტია. აღარაფერს ვამბობთ მისი მხრიდან არხის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე და მოწოდებაზე არხის დასჯის შესახებ, რაც მედიასთან ურთიერთობის ყოველგვარ სტანდარტს მიღმა დგას.

პოლიტიკოსებისგან მსგავსი ტიპის თავდასხმები ახალისებს და აქეზებს გარკვეულ საზოგადოებრივ ჯგუფებს და კერძო პირებს, ლეგიტიმურად მიიჩნიონ მედიის საქმიანობაში ჩარევა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისა და თანამშრომლების შეურაცხყოფა, ბულინგი და მათი მისამართით სიძულვილის ენის გამოყენება.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსებს, ამ რთულ დროს შეინარჩუნონ პროფესიონალიზმი და პროფესიული სტანდარტი. შემაშფოთებელია დამოუკიდებელ მედიაზე დეზინფორმაციის საშუალებით წნეხის განხორციელებისა და ჟურნალისტების დაშინების მცდელობა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის მთელ საზოგადოებას, არც ერთ პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ ჯგუფს არა აქვს მისი მონოპოლიზებისა და სხვებისთვის ჩაკეტვის უფლება.

აქ ჟღერდება სხვადასხვა იდეა და მოსაზრება, მათ შორის ისეთი, რომელიც, ცხადია, ყველასთვის მისაღები და მოსაწონი ვერ იქნება, რასაც გაგებით უნდა მოეკიდოს ყველა, ვინაიდან სწორედ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის დანიშნულება და ამის გამო, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ბულინგი დაუშვებელია და ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს აზიანებს. განსხვავებულ აზრსა და იდეას აზრითა და იდეით უნდა დაუპირისპირდნენ და არა ჟურნალისტების ღირსების შელახვით.

აქვე გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 13 იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი განაახლებს პრაიმტაიმის ეთერს და იგი, როგორც ყოველთვის, დაეთმობა ყველა, მათ შორის სხვადასხვა პოზიციაზე მყოფ მხარეებს აზრის გამოთქმისა და დისკუსიისთვის. შეძლებისდაგვარად ვეცდებით, დრო დავუთმოთ ყველა მნიშვნელოვან თემას პოზიციების დაახლოებისთვის და არა რადიკალიზაციის გასაღრმავებლად.

 
 
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის