შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, 36 პირს ჯარიმა დაეკისრა, 34 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, 4 პირის მიმართ კი შენიშვნა გამოიყენეს.
„მსგავსად წინა დღეებისა მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, აქციის მიმდინარეობის დროს, აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან არაერთხელ ჰქონდა ადგილი პროვოკაციულ ქმედებებს.
საზოგადოება თვალს ადევნებდა მოძალადე ჯგუფები როგორ აზიანებდნენ პარლამენტის შენობას და რუსთაველის გამზირზე განთავსებულ ინფრასტრუქტურას.
გვიან ღამით აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე არსებული მუნიციპალური ქონება და კერძო პირთა საკუთრება დააზიანეს, დაზიანებული ნივთების მეშვეობით აღმართეს ბარიკადები და ცეცხლი წაუკიდეს გარკვეულ ნივთებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გვსურს საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით ორი პირი: 2007 წელს დაბადებული მ.გ. და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი - 2003 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს 9 აპრილის ქუჩაზე, ბრალდებულმა გ.მ.-მ პიროტექნიკის სროლის შედეგად სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. ხოლო, მ.გ.-მ იმავე დღეს, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ისროლა ცეცხლმოკიდებული ნივთი, რის შედეგადაც პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ოთახში ხანძარი გაჩნდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე ბრალდებული თბილისში დააკავეს.
ასევე, საზოგადოებას ვაცნობებთ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით სამი პირია დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცველების მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
აქვე, საზოგადოებას გვსურს მივაწოდოთ ინფორმაცია ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის, დაუმორჩილებლობის ფაქტზე დაკავებული პირების შესახებ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დაკავებულია ჯამში 224 პირი.
დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები, რომელთაგან საქმის წარმოება დასრულდა 74 პირის მიმართ.
დასრულებული 74 საქმიდან, 36 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ჯარიმა;
34 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა;
4 პირის მიმართ გამოყენებული იქნა შენიშვნა.
დანარჩენი პირების მიმართ სასამართლოებში გრძელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმის წარმოება“, - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/