USD 2.6974
EUR 3.1595
RUB 3.3298
თბილისი
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს, ბუტა რობაქიძის გარდაცვალების საქმეზე, სასჯელის ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
თარიღი:  

თბილისის საქალაქო სასამართლომ ამირან (ბუტა) რობაქიძის გარდაცვალების საქმეზე, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო, ხოლო ამავე საქმეზე სასამართლომ ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, რასაც პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს, - ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ამნისტიის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ 5 წელი და სამი თვე მიესაჯა.

 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს, გვიან ღამით, დაახლოებით 02:00 საათზე, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორების მიერ გაჩერებულ იქნა BMW-ს მარკის ავტომანქანა, მძღოლითა და ხუთი მგზავრით. მათი შეჩერებისა და პირადი შემოწმებისას პატრულ-ინსპექტორ გრიგოლ ბაშელეიშვილს შემთხვევით გაუვარდა ტყვია ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მძიმედ დაჭრა ავტომანქანიდან გადმოსული მგზავრი - ამირან (ბუტა) რობაქიძე, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

ხსენებული ფაქტის თობაზე, იმავე ღამით ინფორმაცია მიიღო შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც დავალება მისცა შემთხვევის ადგილზე მისულ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს, რომ გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და აღნიშნული ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებული დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე. ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, შემთხვევის ადგილზე მყოფმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა გარდაცვლილ ამირან (ბუტა) რობაქიძეს და ავტომანქანაში მასთან ერთად მსხდომ პირებს ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. აღნიშნულის შემდეგ იმჟამინდელი საქართველოს გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დავალებით, გამოძიება წარიმართა სამართლებრივად არასწორი მიმართულებით, რაც გამოიხატა გაყალბებული მტკიცებულებების საპროცესო წესით დამაგრებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ შემუშავებული ვერსიის გამყარებაში.

ყოველივე აღნიშნულის შედეგად, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემულ იქნენ ავტომანქანაში მსხდომი პირები, ხოლო გარდაცვლილი ამირან (ბუტა) რობაქიძე გამოცხადდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრად. ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფა გამოიწვია.

ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ამნისტიის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ 5 წელი და სამი თვე მიესაჯა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის